სამშაბათი, 11 მარტი, 2025
2025-02-27 09:37:36
მიხეილ ხაჩიძე
მთელი ისრაელი სუნთქვაშეკრული და განადგურებულია. ქვეყანამ ტერორისტებისგან 4 მძევლის ცხედარი მიიღო. მათ შორის ქფირის, არიელისა და შირ ბიბასების. დედა და მისი ორი პატარა შვილი ბარბაროსმა ტერორისტებმა ღაზაში წამებით მოკლეს.
შირი ბიბასის ფოტო, რომელსაც ხელში უჭირავს მისი მცირეწლოვანი ვაჟები, კფირი და არიელი, რომელიც 7 ოქტომბრის ტრაგედიის სიმბოლოდ იქცა, „ჰამასმა“ ცინიკურად გამოიყენა მორიგი პროპაგანდისტული შოუსთვის. ოთხი მოკლული მძევლის ცხედრების ისრაელისთვის გადაცემის პროცედურა 20 თებერვალს ჩატადა ბენი სუშეილას სასაფლაოს მახლობლად (ხან იუნესის გარეუბანი სამხრეთ ღაზის სექტორში) და სწორედ იმ გვირაბთან ახლოს, რომელშიც გატაცებული ისრაელელები ჰაყვდათ გამომწყვდეული.
ამავე გვირაბში ასევე იყო ბრიგადის მეთაურის, ხან იუნესის ოფისი, საიდანაც ის ხელმძღვანელობდა 7 ოქტომბრის თავდასხმას. იქ იყო ასევე ოპერაციებისა და საბრძოლო კონტროლის ოთახები და „ჰამასის“ მაღალჩინოსნების საძინებლები.
გვირაბი, რომელიც მოგვიანებით „ცაჰალმა“ ააფეთქა, იყო „ჰამასის“ მებრძოლების მიერ აშენებული უზარმაზარი მიწისქვეშა ლაბირინთის ნაწილი, რომელიც გადაჭიმული იყო 1 კმ-ზე მეტ მანძილზე. ახლა ტერორისტებმა გადაწყვიტეს ამ სტრუქტურის გამოყენება პროპაგანდისტული მიზნებისთვის.
„ჰამასმა“ მოამზადა თავისი ტრადიციული „სიძულვილის შოუ“, რომელიც ამჯერად კიდევ უფრო ცინიკურად გამოიყურებოდა. ადგილზე აღმართეს სცენა, სადაც ნაჩვენები იყო დახოცილი მძევლების ფოტოები და მათ ზემოთ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც გამოსახული იყო, როგორც სისხლისმსმელი ვამპირი.
მძიმე დღე ისრაელისთვის
ხუთშაბათი. 20 თებერვალი. ეს დღე ურთულესი იყო ისრაელისთვის და მსოფლიოსთვის. ღაზის სექტორიდან დაბრუნდა ტყვეობაში დახოცილი ოთხი მძევლის ცხედარი _ ოდედ ლიფშიცი, შირი ბიბასი და მისი შვილები კფირი და არიელი, რომლებიც გახდნენ 7 ოქტომბრის ტრაგედიისა და გატაცებულთა გათავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოები. წითელი ჯვრის კოლონამ ცხედრები ღაზის სექტორში IDF (იდიეფი) კომპლექსში გადაიყვანა, სადაც რაბინმა რიტუალი ჩაატარა, შემდეგ კი ცხედრები მედიცინის ინსტიტუტში წაიღეს. ექსპერტიზის პასუხებმაც არ დააყოვნა. მალევე გაირკვა, რომ 84 წლის ოდედ ლიფშიცი ტერორისტების მიერ იყო მოკლული. ასევე პატარა წითური ბავშვები: 9 თვის ქფირი და 4 წლის არიელი ორივე ტერორისტებმა დახოცეს, თანაც შიშველი ხელებით _ გაგუდეს. ბავშვები ხმამაღლა ტიროდნენ, „ჰამასის“ ტერორისტებს კი შეეშინდათ, ხმაზე „ცაჰალის“ ჯარისკაცებს არ მიეგნოთ და დახოცეს. ამის შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ჩვილი ბავშვების ცხედრებზე იძალადეს, თავის ქალა ჩაუმტვრიეს, რათა შეექმნათ ეფექტი, რომ ისინი „ცაჰალის“ დაბომბვას შეეწირნენ.
რაც შეეხება ბავშვების დედას, შირ ბიბასს, ექსპერტიზაზე დადგინდა, რომ ცხედარი, რომელიც ტერორისტებმა ისრაელს მისცეს, ღაზელი ქალისაა. ამის შემდეგ „ჰამასმა“ მეორე დღეს კიდევ ერთი ცხედარი გაგზავნა ისრაელში, ამჯერად საფუძვლიანი შემოწმების შემდეგ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ის შირ ბიბასია და ისიც ტერორისტებმა წამებით მოკლეს _ დახვრიტეს.
► ბიბასების ოჯახი
ბიბასების ოჯახი კიბუც ნირ ოზიდან (სოფლის მსგავსი დასახლება) 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცეს. გატაცების დღეს გადაღებულ კადრებში ჩანს არა მხოლოდ შირისა და მისი შვილების გატაცება, არამედ ტერორისტების მიერ ბავშვების მამის – იარდენის ცემაც. იარდენისა და შირი ბიბასების წითური შვილები მძევლების განთავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოებად იქცნენ. კფირი გაიტაცეს, როდესაც ის 9 თვის იყო, არიელი კი _ 4 წლის.
ბავშვების მამა იარდენ ბიბასი გაათავისუფლეს 2025 წლის პირველ თებერვალს ორ სხვა ტყვესთან, შმუელ სიგალთან და ოფერ კალდერონთან ერთად, რომლებსაც „ჰამასი“ ღაზის სექტორში 484 დღის განმავლობაში ატყვევებდა. 12 თებერვალს იარდენი საავადმყოფოდან გაწერეს, მას მისი მეუღლე და შვილები ამ დრომდე ცოცხლები ეგონა.
► ოდედ ლიფშიცი _ სიკეთის სიმბოლო
ბიბასების გარდა, 20 თებერვალს ასევე დააბრუნეს ოდედ ლიფშიცის ცხედარიც. ისიც გატაცებული იყო კიბუც ნირ ოზიდან. იგი მძევლებს შორის ერთ-ერთი უხუცესი გახლდათ _ 82 წლის, ტყვეობაში კი 84 წელი შეუსრულდა. ოდედი იყო მშვიდობის მაგალითი. მთელი მისი ცხოვრება იგი ემსახურებოდა სიკეთესა და სიყვარულს _ მისთვის მთავარი იყო სხვების დახმარება, სამართლიანობისკენ სწრაფვა და სიძულვილის უარყოფა.
მან მოაწყო სამშვიდობო კონფერენციები და ავადმყოფი ბავშვები ღაზიდან ისრაელის საავადმყოფოებში ჩაიყვანა. აგროვებდა დახმარებებს და ღაზაში მოსახლეობისთვის გზავნიდა. ეხმარებოდა ღაზელებს, მათ კი მადლობა ასე გადაუხადეს. გაიტაცეს და წამებით მოკლეს.
გარიგების პირველი ფაზა დასრულდა
შაბათს, 22 თებერვალს კი გაცვლითი გარიგების საბოლოო ეტაპის ფარგლებში დანარჩენი 6 ცოცხალი მძევალიც გაათავისუფლეს. ისინი ღაზის სექტორიდან წითელმა ჯვარმა „ცაჰალის“ საგუშაგომდე გადაიყვანა, იქიდან კი რეიმის ბაზაზე ჩავიდნენ.
„ჰამასმა“ ტრადიციისამებრ ექვსი ისრაელელი მძევლის მორიგი „განთავისუფლების ცერემონია“ გამართა. რაფაში ამ დღესასწაულთან დაკავშირებით პროპაგანდისტული პლაკატებით სპეციალური სცენა დაიდგა, სადაც მძევლების პირველი ჯგუფი წითელ ჯვარს გადასცეს. მძევლების მეორე ჯგუფი ღაზის სექტორში, ნუსეირატში გადასცეს.
მეშვიდე რაუნდის ფარგლებში გაათავისუფლეს 2023 წლის 7 ოქტომბერს ტყვედ ჩავარდნილი ოთხი მძევალი და ჰუმანიტარული შემთხვევების კატეგორიაში შეყვანილი ომერ ვენკერტი, ტალ შოჰამი, ელია კოენი და ომერ შემ-ტოვი, ასევე ისრაელის ორი მოქალაქე, რომლებიც დაახლოებით 10 წელია, ტყვეობაში იმყოფებოდნენ _ ავერა მენგისტუ და ჰიშამ ალ-საიდი.
505 დღის განმავლობაში პირველად ომერ ვენკერტმა შეძლო ჩახუტებოდა მშობლებს, ნივასა და შაის, რომლებმაც ცრემლები ვერ შეიკავეს. „ნამდვილი გმირი ხარ!“ _ თქვა ნივა ვენკერტმა და შვილს მოეხვია.
ომერ ვენკერტი 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცეს ნოვას ფესტივალიდან, სადაც ის და მისი მეგობრები ტერაქტამდე ერთი საათით ადრე მივიდნენ. 07:01 საათზე მან ოჯახს ბოლო მესიჯი გაუგზავნა: „შიშისგან ვკვდები“. ის ცდილობდა, ბეტონის ნაგებობაში ეპოვა თავშესაფარი, მაგრამ მას ტერორისტები დაესხნენ თავს. ომერი ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვანთაგან, ვინც გადარჩა. მისი შეყვარებული კიმი მოკლეს.
მშობლებსა და შეყვარებულთან დაბრუნდა ნოვას ფესტივალიდან გატაცებული ელია კოენიც.
ისრაელში დაბრუნდა ომერ შემ ტოვიც. ჰერცლიის 22 წლის მკვიდრი გაიტაცეს ნოვას ფესტივალიდან და დაატყვევეს იტაი რეგევთან ერთად, რომელიც გაათავისუფლეს თავის დასთან, მაიასთან ერთად, მძევლების გარიგების ეგიდით 2023 წლის ნოემბერში.
ტალ შოჰამმა საბოლოოდ შეძლო ენახა თავისი შვილები და ცოლი, რომლებიც ასევე გაიტაცეს 2023 წლის 7 ოქტომბერს. წყვილს ორი შვილი ჰყავს, ნავე და იაგელი.
ჰიშამ ალ-საიდი „ჰამასმა“ 2015 წელს დაატყვევა. ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო და თვითონ წავიდა ღაზის სექტორში. იქ დაიჭირეს და მძევლად აიყვანეს.
და ბოლო, მეექვსე მძევალი, ვინც ამ ფაზის ფარგლებში სახლში დაბრუნდა, არის ავერა მენგისტუსი. მისი ოჯახი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იბრძოდა შვილის განთავისუფლებისთვის. ბიჭი გაიტაცეს 2014 წლის 7 სექტემბერს, ოპერაცია Protective Edge-ის დასრულებიდან სამი კვირის შემდეგ. მან თავად გაიარა სასაზღვრო ღობე ჰოფ ზიკიმის რაიონში და შევიდა ღაზის სექტორში, სადაც დაატყვევეს და მძევლად აიყვანეს.
ეს არის ცოცხალი პატიმრების ბოლო პარტია, რომელიც ისრაელს გადაეცემა „ჰამასთან“ შეთანხმების ამ ეტაპზე.
ამ დროისთვის ღაზის სექტორში კიდევ 63 მძევალი (მკვდარი და ცოცხალი) რჩება. 4 მძევლის ცხედარს მომავალ შაბათს, 28 თებერვალს დაუბრუნებენ ისრაელს. ამით ტრანზაქციის პირველი ეტაპი დასრულდება. გარიგების მეორე ეტაპზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.