QronikaPlus
შოთა მალაშხია: „ტრამპმა ასე თუ გააგრძელა, იმპიჩმენტი არ ასცდება“

შოთა მალაშხია: „ტრამპმა ასე თუ გააგრძელა, იმპიჩმენტი არ ასცდება“

2025-02-27 09:32:07

შორენა მარსაგიშვილი

რას უქადის მსოფლიოს ტრამპის უცნაური პოლიტიკა? აღმოჩნდება თუ არა ამერიკა იზოლაციაში? რატომ ვერ ქმნიან ქართველი ოპოზიციონერები საქართველოში პოლიტიკურ დღის წესრიგს? რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნა ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგ? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, შოთა მალაშხია:

_ ბატონო შოთა, შეერთებული შტატების პრეზიდენტის რუსეთთან დაახლოების სურვილმა ბევრი ეჭვი და შიში გააჩინა. იმის ნაცვლად, რომ რუსეთი გაეკრიტიკებინა, ის თავს დაესხა უკრაინის პრეზიდენტს და ზელენსკი დაადანაშაულა ომის დაწყებაში, ამის გარდა, მას უწოდა დიქტატორი. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე, რა ხდება?

_ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წინ ტელევზიაში ვიყავი და ვთქვი ასეთი რაღაც, რომ უკრაინისთვის კარგია, რომ ამერიკის ხელისუფლებაში ახლა არიან დემოკრატები. მეორე დადებით მომენტად დავასახელე ის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი არის ეთნიკური ებრალი და უკრაინული ფაშიზმის თემას ვერავინ ააგორებდა. ამერიკელი დემოკრატების პრობლემა არის ის, რომ მუდმივ კოალიციებს აყალიბებენ, შეხვედრებს მართავენ გაუთავებლად და გადაწყვეტილებებს ღებულობენ გაწელილად ან ძალიან გვიან. უკრაინასაც გვიან გაუწიეს დახმარება. დაიწყეს ჯაველინებით და მივიდნენ ფ-16-მდე, მაგრამ ამაზე დახარჯეს სამი წელი. თავის დროზე რომ მიეწოდებინათ უკრაინისთვის ეს იარაღი, ფრონტზე ასეთი მძიმე მდგომარეობა არ იქნებოდა. ასე მოვედით დღევანდელ დღემდე.

დღეს უკრაინაში ომი შესულია ისეთ ფაზაში, იმდენი სამხედრო დანაშაული აქვს რუსეთს ჩადენილი, რომ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ტრამპი რას იტყვის და რას გააკეთებს. არსებობს რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ტრამპი შცვლის რიტირიკას და მიხვდება, რომ ამ ომის შეჩერება შეუძლებელია, თუ სანქციები არ გაუმკაცრა რუსეთს და ევროპასთან ერთად არ იმოქმედა და ა. შ. თუ ტრამპი ამას ვერ მიხვდება ან ამას არ გააკეთებს, ასეთ შემთხვევაში რესპუბლიკური პარტიის უმეტესი ნაწილი მის წინააღმდეგ წავა. ტრამპს კონგრესსა და სენატში ყველა საკითხის გატანა გაუჭირდება.

_ რესპუბლიკელი სენატორები და კონგრესმენები უკრაინაზე გაკეთებული გაცხადებების გამო უკვე ღიად დაუპირისპირდნენ ტრამპს.

_ ეს მოსალოდნელიც იყო. სიმართლე გითხრათ, ტრამპთან დაკავშირებით დიდი იმედი არ მაქვს. ეს ადამიანი სტიქიურად მოქმედებს და პროგნოზს არ ექვემდებარება, მაგრამ ყველა ვარიანტის განხილვა შესაძლებელია. ტრამპის ქმედებები თუ იმდენად გასცდა საზღვრებს, რომ მისი მოწესრიგება შეუძლებელი იქნება, ასეთ შემთხვევაში საქმე შესაძლოა, იმპიჩმენტამდეც მივიდეს. ეს უკვე ამერიკელების პრობლემაა და მათზეა დამოკიდებული, როგორ გადაწყვეტენ. ტრამპმა თუ ასე გააგრძელა, იმპიჩმენტს ვერ ასცდება.

_ თუ ტრამპი არ შეიცვალა და მისი პრობლემა ვერ გადაწყვიტეს ამერიკელებმა, მაშინ რა ხდება?

_ თუ ვერ გადაწყვიტეს, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები პოლიტიკური პროცესებიდან ამოვარდება, რაც იმას სულაც არ ნიშნავს, რომ უკრაინის საკითხი არ გადაწყდება. ასეთ შემთხვევაში ევროკავშირი აიღებს საკუთარ თავზე პროცესების მართვას. ევროკავშირის მოსახლეობა ამერიკის მოსახლეობას 100 მილიონით აღემატება. ევროკავშირის ბიუჯეტი არ არის ამერიკის ბიუჯეტზე ნაკლები იმ თვლსაზრისით, რომ უკრაინას დაეხმაროს. თუ გადავხედავთ, თანაბარი თანხები აქვთ გამოყოფილი ევროკავშირსა და ამერიკას უკრაინის დასახმარებლად. ამის გარდა, ევროკავშირში არის თანხები, რომლის მობილიზება შეუძლია თავად ევროკავშირს. რუსული აქტივები, 300 მილიარდი, სწორედ ევროკავშირშია დატყვევებული. მისი გამოყენება შეუძლია ევროპას უკრაინის ეკონომიკის ასაღორძინებლად. ამასთან ერთად პრობლემას იქმნის ამერიკა საერთაშორისო დონეზე. პრობლემას იქმნის იმ თვალსაზრისით, რომ ამ მოლაპარაკებებში თავისუფლად შეიძლება ჩაერთოს ჩინეთი. თუ ჩინეთი ჩაერთვება ამ მოლაპარაკებებში, ასეთ შემთხვევაში პეკინი დარჩება მოგებული. ცნობილია, რომ ჩინეთს ევროკავშირის ბაზარი უფრო აინტერესებს, ვიდრე _ ამერიკის. და ეს დაამსხვრევს მითს, რომ ტრამპი ჩინეთს ბრძოლას გამოუცხადებს და დაამარცხებს. მოხდება პირიქით, ჩინეთი ახალ ბაზრებს აითვისებს.

ამ თემებზე, რაზედაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ამერიკაშიც ხომ საუბრობენ? ამერიკაში ხომ არიან ექსპერტები და ისინი აკეთებენ დასკვნებს. მათ ჩვენზე უკეთ იციან, რა მოჰყვება იმას, თუ ტრამპი პოზიციას არ შეცვლის. ევროპას პრობლემა არ აქვს, გახსნას ბაზარი ჩინეთისთვის. უკრაინასაც არ ექნება პრობლემა, რომ მოელაპარაკოს ჩინეთს იგივე წიაღისეულთან დაკავშირებით ნაკლები პროცენტით და უსაფრთხოების მეტი გარანტიებით. ეს იქნება სრული კატასტროფა ამერიკისთვის. ამიტომ ვამბობ, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ და მთლიანად ამერიკამ სხვა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუ მას სურს გლობალურ მოთამაშედ დარჩეს და არ გადაყვეს პუტინს. დღეს ეს სურათია რეალურად. რა განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს, ომთან დაკავშირებით პრობლემა არ წყდება. რუსეთის ჩადენილი ომის დანაშაულები საერთაშორისო ნორმებს გასცდა. ასე რომ, ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა, ტრამპი ზელენსკის დიქტატორს უწოდებს თუ აგრესორს. თავში ვთქვი, რომ შესაძლოა ტრამპმა შეცვალოს რიტორიკა. ეს ზელენსკისგანაც გამომდინარეობს. თავიდან ზელენსკიც სხვანაირად აზროვნებდა ომთან და რუსეთთან დაკავშირებით. ის ასევე სხვანაირად უყურებდა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომს.

_ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ზელენსკის მაშინდელი პოზიცია საქართველოში დღემდე მწარედ ახსოვთ, მაგრამ ივიწყებენ, რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთს აქვს ოკუპირებული. დაავიწყდათ, რა ჯოჯოხეთი მოუწყვეს რუსებმა ქართველებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

_ ეს, სამწუხაროდ, დაავიწყდათ. აღსანიშნავია, რომ ზელენსკი მარტო საქართველოსთან დაკავშირებით არ იყო ასე. 2014 წელსაც ვერ ხვდებოდა რეალობის სიმძიმეს. მაშინ რუსეთმა ყირიმი, დონბასისა და ლუგანსკის ნაწილი წაართვა უკრაინას. ვერც მაშინ ხვდებოდა, როცა პრეზიდენტად ირჩევდნენ. ვერც მაშინ, სრულმასშტაბიანი ომი რომ იწყებოდა. მერე გაიაზრა ყველაფერი და დღეისთვის ის ჩამოყალიბდა ისეთ პოლიტიკოსად, რომელიც ყველაფერს ხედავს. მათ შორის, 2008 წლის ომსაც ხედავს, 2014 წლის ომსაც და 2022 წელსაც. მან ისიც კარგად იცის, ტრამპს როგორ უნდა ელაპარაკოს. ამ შემთხვევაში ტრამპს ეშლება. და თუ როგორ უნდა ელაპარაკოს ტრამპს, ამის გარანტიები ზელენსკის ხელში უჭირავს.

რთული ვითარებაა, მაგრამ ეს მაინც ღირებულებების სასარგებლოდ გადაწყდება. ამერიკაში პატივს სცემენ ღირებულებებს. მსოფლიოც ასე მიიჩნევს, რომ ამერიკა დემოკრატიის ფლაგმანია, პატივს სცემს ადამიანის უფლებებს. ამას გადაესმევა ხაზი, თუ ტრამპი რიტორიკას არ შეცვლის და რიტორიკის არშეცვლის შემთხვევაში რესპუბლიკურმა პარტიამ ტრამპს შესაძლოა, იმპიჩმენტი გამოუცხადოს. ამიტომ ამ ომს აუცილებლად ეშველება.

_ და ეს ომი აუცილებლად უკრაინის გამარჯვებით დასრულდება. სხვა შემთხვევაში ძალიან უსამართლო იქნება სამყარო.

_ ცალსახად უკრაინის გამარჯვებით დასრულდება. მეორე მიუნხენის გარიგება ვერ შედგება, გამორიცხულია ასეთი რამის განმეორება. ჩვენ ოკუპაციის თემაზე გავაკეთეთ 17 ფილმი. ეს ფილმები უკრაინაშიც გაუშვეს და უკრაინის ტვ5-ის იუთუბ-არხზე დევს. ყველა ფილმს ერთად ჯამურად უყურა 35-მა მილიონმა ადამიანმა. აქედან ყველაზე მეტი ყურება აქვს გაწირულ ჩეხოსლოვაკიას, ანუ მიუნხენის გარიგებას _ ამ ფილმს უყურა 10-მა მილიონმა ადამიანმა. მსოფლიო დონეზე ყველაფერი გააზრებულია. ევროკავშირის ლიდერების ყველა განცხადება ამაზე მეტყველებს. უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპა არის ერთიანი. მას აქვს ფინანსური რესურსი. თუ ევროპამ გადაწყვიტა, რომ მშპ-ს 5% დახარჯოს თავდაცვაზე, მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, რისთვის სჭირდებათ მათ ამერიკული ბაზები, რომლებიც იქ იმყოფება? ყველაფერი დადგება თავდაყირა, თუ ამერიკამ თავისი ადგილი არ დაიკავა. ისიც ცხადია, რომ ამერიკის პოლიტიკა და ეკონომიკა მოითხოვს რეფორმირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკელები ტრამპისნაირ ადამიანს პრეზიდენტად არ აირჩევდნენ. ამერიკაში ბევრი რაღაც არის შესაცვლელი. მოსახლეობას ეგონა, რომ ტრამპი შეცვლიდა ამ ყველაფერს. მალე მიხვდებიან, რომ ტრამპი და მისი გარემოცვა, განსაკუთრებით ეხება ეს მასკს, ვერ გადაწყვეტენ ამერიკისა და მსოფლიოს ბედს.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს დემოკრატებმა. მე პირადად ვარ ნევროლოგი და ნათლად ვხედავდი, რომ ბაიდენის სიარული იყო ტიპური დემენციანი ადამიანის სიარული. და არ შეიძლება, რომ მსოფლიოს წამყვან ქვეყანას შესთავაზო პრეზიდეტად ადამიანი, რომელსაც დემენცია აქვს. ის უბრალოდ ვერ გაუძლებს იმ საარჩევნო კაპანიას, რომელიც უნდა წარიმართოს. ის ფიზიკურად მოისპობოდა. მთავარი ის არის, რომ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ამერიკა მიხვდება, რომ ბევრი რაღაც გამოსაცვლელი აქვთ და ახლებურად უნდა შეხედონ მთელ რიგ საკითხებს.

_ ამერიკიდან ჩვენს სამშობლოში დავბრუნდეთ. „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლს 12 წლის შემდეგ შექმნა წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია. „ოცნება“ აგვისტოს ომის შესწავლასაც აპირებს. თქვენი აზრით, რატომ გახდა ეს საჭირო?

_ ამაზე საუბარს აზრი არ აქვს და ამიტომ ბევრი ლაპარაკი არ ღირს. ხშირად გაგვიგია, რომ „ქოცები“ არიან რუსები. ისინი რეალურად არიან მანქურთები, ანუ რუსეთის მონები. მანქურთებს, მოგეხსენებათ, არც სამშობლო გააჩნიათ, არც არანაირი ღირებულება. მანქურთი ასრულებს ყველა იმ დავალებას, რაც მოდის მისი მბრძანებლისგან. როდესაც აკავებენ ადამიანს, ეუბნებიან, _ თქვენ გაქვთ დუმილის უფლება. თქვენ მიერ ნათქვამი ყველა სიტყვა შესაძლოა, გამოყენებულ იქნას თქვენ წინააღმდეგ. აი, ასე მოუწევთ „ქოცებს“. ისინი მიიღებენ ისეთ კანონებს, რომელიც მათ საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.

ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, რომ „ოცნებამ“ რაღაც კომისია შექმნა, არამედ ისაა, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ არანაირი დღის წესრიგი. როდესაც ლაპარაკობ, რომ ხელისუფალი არის რუსი, ჩემთვის მანქურთია, მაგრამ შენთვის ხომ რუსია, თან რომ მიმტკიცებ, არჩევნები არ გაყალბდებაო და მიგყავს ლაითი საარჩევნო კამპანია, ეს ცოტა უცნაურია. ამავე დროს მეუბნები, რომ პენსიას გაგიზრდი და ამის სათქმელად კიდევ დაქირავებული ექსპერტები გყავს, რომლებსაც ფულს უხდი, სულ ცოტა, შენი ადგილი პოლიტიკაში არის. თუ ხელისუფლებაში რუსია, სხვანაირად უნდა იმოქმედო. ხალხს უნდა უთხრა, რომ ეს ასეა და ხალხის მობილიზება უნდა გამოიწვიო. არჩევნების შედეგები რომ გამოცხადდა, მაშინ პოლიტიკურმა ძალებმა ხალხს დაუძახეს, _ გამოდით, არჩევნები გაყალბდაო! ხალხი არ გამოვიდა მათ დაძახილზე. ხალხმა როცა გაიაზრა, რა მოხდა, თქვა, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი და დაასწო პოლიტიკურ ძალებს გამოსვლა. ახლა მოთხოვნაა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა შექმნან რეალურად დღის წესრიგი. თუ პოლიტიკოსები არ შექმნიან დღის წესრიგს, ნუ ჰგონია ვინმეს, რომ საქართველო დაიღუპება. საზოგადოება თავად შექმნის დღის წესრიგს. ასეთი თვითორგანიზებული საზოგადოება, როგორც ბოლო პერიოდში ჩამოყალიობდა, საქართველოს არ ჰყოლია. წარმოუდგენელია, რომ ამდენი ხნის მანძილზე მიდის აქციები და ჩვენი საზოგადოება ყოველდღე ამტკიცებს თავის პოლიტიკურ სიმწიფეს. აქციებზე ხალხი არავის გულისთვის არ დგას. ადამიანები გამოსულები არიან თავისი თავისთვის და ქვეყნისთვის.

ბოლო პერიოდში წარმოუდგენელი რაღაცა მოხდა: ვთქვათ, რომ ჩვენ აქამდე საზოგადოება არ გვყავდა. საზოგადოება ჩამოყალიბდა ახლა. აქამდე ჩვენი ხალხი არჩევნებზე სტიქიურად და გაუგებრად მიდიოდა. არჩევანსაც ხათრის თუ მოვალეობის მოხდის გამო აკეთებდა. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. ეს საზოგადოება რომ გაიმარჯვებს, მერე აღარ დაუშვებს, რომ ვინმემ ელემენტარული შეცდომა დაუშვას და მას სათანადო დონეზე არ ელაპარაკოს. ან როგორც ვიღაცა პოლიტიკოსებმა გადმოხედონ ზემოდან.

ისევ საარჩევნო კამპანიას დავუბრუნდები, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, ლაითად აწარმოა ოპოზიციამ. „ქოცებმა“ მოიფიქრეს ლოზუნგი: აბა, ომი გინდათ? და ოპოზიციას ამაზე პასუხი არ ჰქონდა. ეს ხომ სრული იდიოტობაა, პოლიტიკოსს ამაზე პასუხი რომ არ გაქვს. თუ ასეთ რამეებზე პასუხი არ გაქვს, მაშინ რა გინდა საერთოდ პოლიტიკაში? ან რაში გჭირდებოდათ ის დაქირავებული პიარის სპეციალისტები? ახლა ამბობენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ ჩვენ ომის თემას გვერდი ავუარეთო. იმდენი ხომ უნდა გესმოდეს, რომ რამდენიც შენ ამ ომის თემას გვერდს აუვლი, იმდენი „ქოცი“ ამაზე მეტ პედალირებას გააკეთებს. ამ თემას ვერსად გაექცევი. როდესაც „ქოცი“ გეუბნება, _ აბა, ომი გინდა? უნდა უთხრა, _ ომი შენ გინდა! იმიტომ გინდა ომი, რომ ევროკავშირზე უარს ამბობ. ომი გინდა იმიტომ, რომ ნატო არ გინდა და რუსებთან ერთად მოქმედებ. ომი იმიტომ გინდა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში ქართველების გენოციდზე თვალებს ხუჭავ და ომის დაწყებას საქართველოს აბრალებ. ომი გინდა იმიტომ, რომ კრიმინალებთან ხარ შეკრული. ეს ყველაფერი რომ ეთქვა ოპოზიციას, მერე ვნახავდით, რომელ თემაზე წამოყვებოდნენ „ქოცები“ სამსჯელოდ.

გამოაკრეს ბანერები, სადაც უკრაინის დანგრეული ქალაქები იყო გამოსახული. ამის შებრუნება შეიძლებოდა მსუბუქად და მარტივად. ოპოზიციის ადგილზე ამის გვერდით გავაკრავდი რუსების მიერ გაუპატიურებული და დახოცილი ბავშვების ფოტოებს და ხელისუფლებას ვეტყოდი, ომი შენ გინდა, რადგან აპირებ, ქართველი ბიჭები წაიყვანო რუსის ჯარში, რომ შემდეგ უკრაინელი ბავშვები და ქალები ახოცინო. ამ ბანერებს მოხსნიდა ხელისუფლება.

ეს თემები უნდა ყოფილიყო დღის წესრიგში და არა იმის ძახილი, ხელისუფლებაში რომ მოვალ, პენსიას გაგიხდი 1200 ლარს. თან რას ნიშნავს, ასე რომ ელაპარაკები მოსახლეობას, პენსიას ამდენს გაგიხდიო? გაგიხდი, რა, შენი ჯიბიდან იღებ ამ ფულს? წესით, ასე უნდა თქვას პოლიტიკოსმა, _ ბიუჯეტი რამდენის საშუალებასაც მომცემს, იმდენით გაგიზრდი პენსიას. ესაა სწორი მიდგომა და არა იმის თქმა, რომ 1200 ლარს გაგიხდი. იმას რატომ არ მეუბნები, იქვე 1200 ლარს რომ მომცემ პენსიას, მერე ინფლაციას რა დაემართება? შენც იგივე პოპულისტურ ენაზე მელაპარაკები, როგორც „ქოცი“ და ამიტომ მე არ მჯერა. მოჩვენებითი პოლიტკორექტულობა დღის წესრიგიდან გავიდა. სამხედრო მაისურით დარბის ზელენსკი, არსად პიჯაკი არ აცვია, მაგრამ ნომერ პირველი პოლიტიკოსია მსოფლიოს თვალსაზრისით, რომელსაც შეუძლია ტრამპს უთხრას, რომ რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ ხარო. წარმოიდგინეთ, რამხელა დონეს მიაღწია ამ ადამიანმა და როგორ შეიცვალა 2008 წლიდან. ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრეც კი ამბობდა, რომ რუსეთს უკრაინაში შემოჭრა არ უნდაო. ახლა სულ სხვანაირია.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ პოლიტიკოსებს დღის წესრიგი არ გააჩნიათ და, სავარაუდოდ, არც ექნებათ. ეს დღის წესრიგი ვინ უნდა შექმნას, საზოგადოებამ? რომელიც, როგორც ბრძანეთ, ძალიან გაიზარდა.

_ ამ სიტუაციიდან გამოსავალი ისაა, რომ ვიღაცები კარგად უნდა დაფიქრდნენ და დაიწყონ პოლიტიკური ცხოვრება. საზოგადოება ძალიან თვითორგანიზებულია ახლა, მაგრამ მასაც აქვს შეცდომები. ხშირად გვესმოდა, რომ პოლიტიკოსები არ გვინდა. ბოლო დროს ეს მოწოდება უკვე ნაკლებად ისმის. როცა ასეთ პროცესში ხარ, გინდა თუ არა, პოლიტიკოსი საჭირო იქნება. პოლიტიკოსი იმიტომ გინდა, არჩევნები რომ დაინიშნოს, ახალი ვიღაც უნდა აირჩიო. შემთხვევითი ადამიანების არჩევისას ხომ ისევ დომხალი გვექნება ქვეყანაში. საზოგადოებამ პოლიტიკოსებს უნდა მოსთხოვოს ახსნა, ხვალ და ზეგ არჩევნები რომ იქნება, რატომ უნდა დაგიჭირო მხარი. ასეთი მიდგომაა საჭირო.

ბევრი პოლიტიკური პარტიაა საქართველოში, ზოგს აქვს დაფინანსება, ზოგს _ არა. პარლამენტზე ვამბობთ, რომ ის არის გაყალბებული არჩევნების გზით არჩეული და, შესაბამისად, უკანონოა. ამ პარლამენტმა მიიღო დადგენილება და აჯარიმებს 5000 ლარებით მოსახლეობას. უკანონო პარლამენტის მიღებულ დადგენილებას ხვალ და ზეგ გავასაჩივრებთ. ორი მიმართულებით შეიძლება გასაჩივრება. ერთი ის, რომ უკანონო პარლამენტმა მიიღო და მეორე ის, რომ თანხა არის შეუსაბამო. ახელა ჯარიმის დაწესება უკანონოა. საზოგადოებას ისიც უნდა უთხრა, ხელისუფლებას რომ შევცვლი და ამ სარჩელს მოვიგებ, ეს თანხა თქვენთვის ისევ ჩვენი დასაბრუნებული იქნება. უნდა უთხრა, რომ ამას გააკეთებ უკანონო დეპუტატების ხარჯზე, რომლებიც უკანონოდ იღებენ ხელფასს. ამის თქმა მაინც ხომ შეუძლიათ. კიდევ უამრავი საინტერესო ინიციატივის წარმოდგენა შეუძლიათ. აი, ეს იქნება პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა.

ცოტა ხნის წინ რუსეთმა ფრენები დაიწყო მის მიერ დროებით ოკუპირებული სოხუმის მიმართულებთ. როდესაც ხელისუფლებაში ვიყავით, ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა არ ყოფილიყო. დღეს ამაზე ხელისუფლება საერთოდ არ იღებს ხმას. არც ოპოზიცია ლაპარაკობს. ამ თემაზეც შეიძლებოდა პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა, მაგრამ არა.  

_ ხალხისთვის საინტერესო იქნება ეს თემა?

_ ხალხი მზად არის, რომ მოისმინოს პოლიტიკოსების მოსაზრებები სხვადასხვა თემის შესახებ. უბრალოდ, უნდა თქვა, რისი გაკთების შესაძლებლობა და უფლება გაქვს. პოლიტიკოსი თუ ხარ, უნდა იცოდე კიდევაც, რა და როგორ უნდა გააკეთო. მთავარია, არ უნდა მოიტყუო. ხალხს არ უყვარს, როცა ატყუებენ. 2024 წლის არჩევნები გაყალბდა. არჩევნებამდე ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ არჩევნები ვერ გაყალბდებოდა. როცა ცხადი გახდა გაყალბება, ოპოზიციამ მერე დაიწყო ამაზე ლაპარაკი. თან თქვეს, ვიცოდით, არჩევნები რომ ყალბდებოდა, მაგრამ არ გეუბნებოდითო. ეს ხომ მეორე ტყუილია! თუ არ იცი და არ მეუბნებოდი, ეს ძალიან ცუდია. წინასწარ რეკლამას რაზე უწევდი იმას, რომ არჩევნები არ გაყალბდებოდა? რაზე დაატარებდი იმ აპარატს და ეუბნებოდი ხალხს, ეს აპარატი გაყალბების შესაძლებლობას არ იძლევაო?

პოლიტიკოსი როცა ხარ, უნდა იცოდე, რას წარმოადგენს ეს აპარატი. ის ხომ მაინც უნდა გცოდნოდა, რომ ასეთი აპარატები შემოიღეს რუსეთსა და ვენესუელაში?! ის ხომ მაინც უნდა იცოდე, როგორ იქცევა ხელისუფლება კრიზისის დროს?! როცა ხელისუფლება კრიზისის დროს ცვლის საარჩევნო კანონმდებლობას ან ტექნოლოგიებს, ეს იმისთვის სჭირდება, რომ უკეთესად გააყალბოს არჩევნები. ეს პოლიტეკონომიკაში არის ელემენტარული ცოდნა.

_ იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ახლა მაინც გააკეთებენ დასკვნებს და რაღაცას ისწავლიან. ზემოთ ახსენეთ ზელენსკი და მისი მსგავსი  ტრანსფორმაცია იქნებ, აქაც ვიხილოთ.

_ ზელენსკიმ საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა. ჩვენმა პოლიტიკოსებმა თუნდაც მისი მაგალითიდან უნდა ისწავლონ ბევრი რამე. ცვლილებებია საჭირო. თუ არ ისწავლიან და არ შეიცვლებიან, მათთვისვე იქნება ცუდი. შეუცვლელი არავინ არის. რუსებს აქვთ ასეთი გამოთქმა, რომ წმინდა ადგილი ცარიელი დიდხანს არ დარჩება და მათ ადგილსაც დაიკავებს ვინმე. ჩვენს საზოგადოებაში ბევრია ისეთი, ვისაც შეუძლია მათი ადგილის დაკავება. თავიდან არც ზელენსკი იყო პოლიტიკოსი, მაგრამ ისწავლა და დღეს ნომერ პირველი პოლიტიკოსია მსოფლიოში.

ოპოზიციას ბევრი რამე აქვს სასწავლი და გასაკეთებელი. უნდა შეიქმნას პოლიტიკური დღის წესრიგი და ხალხს ზემოდან არ უნდა ელაპარაკონ. ეს საზოგადოება აღარც ტყუილს და აღარც ზემოდან ყურებას არავის აპატიებს. პოლიტიკოსები, გვინდა თუ არა, მაინც საჭიროა. არჩევნების შემთხვევაში ვიღაც ხომ უნდა აირჩიონ? პოლიტიკოსებმა ხალხი არ უნდა მოატყუონ და ხელისუფლების პროპაგანდასთან არგუმენტებით დაპირისპირება უნდა ისწავლონ.

გაზიარება