სამშაბათი, 11 მარტი, 2025
2025-02-27 09:28:48
თამარ სანაძე
საქართველოში პროტესტი გრძელდება. ძალადობის, დაკავებების მიუხედვად ხალხი არ ნებდება, „ქართული ოცნება“ კი ჩვეულ რიტორიკას ინარჩუნებს _ ამკაცრებს კანონებს და ზრდის წნეხს საზოგადოებაზე.
„ოცნების“ ხელისუფლება აბრუნებს მუხლს „სამშობლოს ღალატის“ შესახებ. ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ამით ცდილობს ქვეყანაში საპროტესტო აქტივობის ჩახშობას, ზოგს მოლოდინი აქვს, რომ სწორედ ამ მუხლით გასამართლდებიან „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები.
ქვეყანაში არსებულ მოვლენებზე, მსოფლიო ახალი გადალაგებების ფონზე საქართველოს როლსა და მდგომარეობაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი:
_ ბატონო გია, გრძელდება აქციის მონაწილეების დევნა, ცემა, ვიხილეთ კადრები, სადაც ბიტით და მაჩეტეთი დაესხნენ თავს ახალგაზრდებს, არ ჩერდება დაკავებები, არაპროპორციული 5-ათასიანი ჯარიმების დაწესება და აქტიური ხალხის დაჯარიმება. სხვადასხვა მიზეზით მიმდინარე სასამართლო პროცესები, რომლებზეც მოწმეებად პოლიციელები გვევლინებიან. როგორ ფიქრობთ, სადამდე შეიძლება გაგრძელდეს „ოცნების“ ხელისუფლების ამგვარი ქმედებები?
_ კი ბატონო, ამ ყველაფერს არ უნდა განსაკუთრებული დაფიქრება, დიდი ექსპერტობა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ამოცანაა არა ის, რომ მოელაპარაკოს საზოგადოებას და რაღაც გამოსავლის გზები ეძებოს, არამედ გადატეხოს ნებისმიერი საშუალებით და ამისთვის იყენებს ყველანაირ მეთოდს. ხელისუფლება მიმართავს ეკონომიკური წნეხის მეთოდს, შანტაჟი, დაშინება, ცემა-ტყეპა, მათ შორის, მაროდიორობა, ქურდობა, ბოტასებიც კი გახადეს ვიღაცას. ხელისუფლება ყველაფერზე მიდის. მათ ხომ არ აქვთ მორალური ჩარჩოები, ამიტომაც იყენებენ ყველა მეთოდს, რასაც ჩათვლიან, რომ საზოგადოების გადატეხვისთვისაა საჭირო. ასე რომ, მათთვის კანონზომიერია ყველაფერი. ხელისუფლება თუ შუბლის ძარღვს გაიწყვეტს, მერე იქცევა ისე, როგორც იქცევა დღეს.
_ ვიხილეთ თავდასხმები პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე, აეროპორტში კვერცხები დაუშინეს გიორგი გახარიას, შემდეგ სალომე ზურაბიშვილს. როგორ შეაფასებთ ამ ქმედებებს და კიდევ რას უნდა ველოდოთ „ოცნებისგან“?
_ ეს არის „ქოცური“ ესთეტიკა. როგორ შეიძლება, ქართული ტრადიციების დამცველად ასაღებდეს ადამიანი თავს და ქართველ ქალს კვერცხებს ესროდეს?! ეს ხომ ანომალიაა, ეს ხომ ყველაფერს სცდება და მერე ხატები აქვთ თან. ამ ადამიანების გვერდებზე რომ შეხვიდეთ, ვინც იწონებს მსგავსს საქციელს, ხატები აქვთ გამოფენილი, მართლმადიდებლებად და მორწმუნეებად ასაღებენ თავს. ისინი არანაირი მორწმუნეები არ არიან. ეს ყველაფერი ცრურწმენაშია შესული, ყალბი, მებრძოლი ათეისტები არიან, ასე ვთქვათ, და მხოლოდ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ, ქალს კვერცხი ესროლონ.
_ ბოლო არ უჩანს პროტესტს, ხალხი ქუჩაშია დედაქალაქსა თუ რაიონებში. როგორც ვხედავთ, საზოგადოება არ აპირებს დანებებას, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლებაც არ აპირებს უკან დახევას, უცვლელია მათი რიტორიკაც. როგორ ფიქრობთ, საზოგადოების ბრძოლა რომ შედეგამდე მივიდეს, რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია?
_ ამ კრიზისის დასრულება ძირითადად ორკომპონენტიანია. ბუნებრივია, როდესაც ხელისუფლების არჩევანია ძალადობრივი ჩახშობა, მას მეტი კუნთი აქვს და ცხადია, ფიზიკურად ყოველთვის დაგჩაგრავს.
ერთადერთი წამალი ამისა არის ის, რომ ამ ძალას კიდევ უფრო დიდი ძალა დაუპირისპირდეს, რაც, საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ამ კუნთებს, ძალადობრივ ინსტრუმენტებს დაასუსტებს. რა არის ეს ძალა? ესაა, ერთი მხრივ, უწყვეტი წინააღმდეგობის მოძრაობა ქვეყნის შიგნით და, ამასთანავე, უნდა მოხდეს ამ ყველაფრის სინქრონიზაცია საგარეო ფაქტორებთან. საგარეო ზეწოლის გაძლიერებაა საჭირო, რომელიც, ჯერჯერობით, არასაკმარისია იმისთვის, რომ ეს სისტემა ჩამოიშალოს.
რაზე დგას სისტემა? ბიძინა ივანიშვილი ხმლით თვითონ ხომ არ დარბის? ის გარკვეულწილად ეყრდნობა ამ ძალისმიერ ელემენტებს, რასაც აკეთებენ ეს ადამიანები. თუკი მათ მუდმივი კვება არ ექნებათ და საკვები წყარო გადაეკეტებათ, მერე, ასე ვთქვათ, იწყება რყევები შიგნით. თუკი ეს რყევები დაიწყო, ძალიან მარტივად გადაწყდება ყველაფერი. საერთოდ, ავტორიტარული სისტემა რას ნიშნავს? _ როდესაც ვიღაცა ურჩხულს ზრდის და მერე ამ გაზრდილი ურჩხულით ჩაგრავ სხვებს, მაგრამ მას აქვს ერთი რამ, თუკი ურჩხულზე დაკარგავ კონტროლს, თუ მას შემოაკლდება საზრდო, საკვები, მერე საკუთარი მშობელიც შეიძლება შეახრამუნოს მშვენივრად. ასე რომ, ესაა მნიშვნელოვანი. როგორ უნდა შემოაკლდეს ურჩხულს საკვები? _ სასანქციო პოლიტიკა აუცილებლად უნდა გამკაცრდეს და ფაქტობრივად რეჟიმს კვების წყაროები გადაეკეტოს, რათა შიგნით დაიწყოს გარკვეული რყევები. გარდა ამისა, სასურველია და მნიშვნელოვანიც, რომ ამ პროტესტს გაუჩნდეს ლიდერი, ეს აუცილებელია.
თქვენ გინახავთ მოგებული ომი მხედართმთავრის გარეშე? არ არსებობს ასეთი რაღაც, შეუძლებელია. ბრძოლას სჭირდება მხედართმთავარი. რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენი ოპოზიციური კლასი ამ როლზე არ ვარგა. ყოველ შემთხვევაში, პროტესტი არ იღებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, არ აღიარებს მათ ლიდერებად. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომლითაც ხელისუფალი სარგებლობს.
ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი, რათა პოლიტიკური გონის ინტეგრირება მოხდეს პროტესტში, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ის ხომ არ არის მთავარი, ჩვენ დავღლით თუ ისინი უფრო დაგვღლიან, ვინ უფრო დიდხანს გაუძლებს? გაძლების ომი ხომ არ არის ეს? აქ სტრატეგია და ტაქტიკაა საჭირო და ერთიანი სტრატეგია რომ შემუშავდეს, ამას სჭირდება ვიღაც, რომელიც იქნება ფრონტის წინა ხაზზე და ვისაც ენდობა საზოგადოება, ვინც მოახდენს ამ დიდი და მასშტაბური პროტესტის კაპიტალიზაციას და მას მისცემს გარკვეულ, შედეგზე ორიენტირებულ მიმართულებას.
ამ მოცემულობასა და ამ ეტაპზე, მე სალომე ზურაბიშვილის გარდა სხვა ფიგურას, ვისაც პროტესტი ენდობა და ვისაც შეუძლია კონსოლიდაცია ამ ყველაფრის, ვერ ვხედავ. სწორედ მასთან უნდა მოხდეს კონსოლიდაცია სხვადასხვა ფორმით და რა ფორმით, ეს კიდევ სხვა საკითხია. პირველ ეტაპზე კონსულტაციები გაიმართოს და ამის შედეგად სტრუქტურირება დაიწყონ იმ სოციალურმა თუ პროფესიულმა ჯგუფებმა, რომელთა მარშებიც ვიხილეთ, ეს უზარმაზარი ძალაა. ამ ყველაფერს სჭირდება სწორი კოორდინაცია და მიმდინარე პროტესტის სისტემაში მოყვანა.
ერთადერთი ადამიანი, რომლის დაძახილზეც ამდენი ხალხი, ყველა ეს მიმართულება მაგიდასთან დასხდება, დღეის მდგომარეობით, არის სალომე ზურაბიშვილი. შეიძლება ეს არ არის იდეალური ვარიანტი, მაგრამ სხვა კანდიდატი, უბრალოდ, არ არსებობს.
_ როგორ ფიქრობთ, აიღებს სალომე ზურაბიშვილი ამ პასუხისმგებლობას?
_ ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს აქამდეც უნდა აეღო პროცესის მართვის სადავეები. ძალიან მიკვირს, რომ ასე არ მოიქცა. ახლა ის ერთჯერად, ეპიზოდურ შეხვედრებს აწარმოებს ჯგუფებთან, რასაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ამას თვითონაც ხომ ხედავს. კი ბატონო, შეხვდეს, მაგრამ ეს რას ცვლის? შეხვდა _ დაისვენა, შეხვდა _ დაისვენა. ამას სისტემაში მოყვანა სჭირდება, მუდმივმოქმედი მაგიდა უნდა შეიქმნას, სადაც დაიწყება კოორდინაცია და შესამაბისად ამ პროტესტს ექნება შედეგი. მარგი ქმედების კოეფიციეტი გაიზრდება და თუ რატომ არ აკეთებს ამას სალომე ზურაბიშვილი, არ მაქვს ამაზე პასუხი. პროცესების ლოგიკა მეტყველებს, რომ ის ამას უნდა აკეთებდეს და, რატომღაც, არ აკეთებს, არ მოქმედებს ასე. კი ბატონო, ის ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას აწარმოებს საერთაშორისო არენაზე, მე არ მინდა, რომ მას ეს დავუკარგო, მაგრამ მარტო ეს არ არის შედეგის მიღებისთვის საკმარისი. ძალიან ბევრი რამე ქვეყნის შიგნითაც არის საკეთებელი.
ფაქტობრივად, რა გამოდის, ვერც პოლიტიკური ელიტა და ვერც პრეზიდენტი ამ პროტესტში პრდაპირ ინტეგრირებას ვერ ახერხებენ ან არ აკეთებენ ამას და რაღაც ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სეირს უყურებენო.
საერთაშორისო არენაზე რაღაცას მუშაობენ და ამის შედეგებიც არის, მაგრამ ძირითადი სცენა თბილისშია. აქტორი ქათველი ხალხია, საზოგადოებასთან მუდმივი კომუნიკაციის გარეშე როგორ უნდა დადგეს შედეგი? ეს მუდმივი კომუნიკაციაა, ლიდერის პოზიაზე ვსაუბრობ და არა იმ ადამიანებზე, იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც მიდიან აქციაზე და მერე კამერებთან ჩნდებიან.
ამ ხალხს სჭირდება ლიდერი, პროტესტი ითხოვს ლიდერს, რომელიც ეტყვის მას, რა იქნება ხვალ, ზეგ, როგორ მივაღწევთ შედეგს საბოლოო ჯამში. საჭიროა ადამიანი, რომელსაც ენდობა საზოგადოება და გაჰყვება ეს ხალხი. უნდობლობის გამო ამას ვიღაც ვერ ახერხებს და ვიღაც ამას არ აკეთებს.
_ „ქართული ოცნება“ იღებს იმ კანონებს, რაც მას სურს. მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ დაბრუნდება სამშოლოს ღალატის მუხლი. ვისთვის არის ეს და ვინ შეიძლება იყოს მოღალატე?
_ არ ვარ ამის წინააღმდეგი, იმიტომ რომ თუკი სამშობლოს ღალატის მუხლი დაბრუნდება კონსტიტუციაში, პირველები, ვინც ამ მუხლით გასამართლდებიან, იქნებიან თვითონ. ეს იქნება კობახიძე. რატომ? რას ნიშნავს სამშობლოს ღალატი? _ მათ ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესები დაზიანეს. ამას აკეთებს ვინ? _ ირაკლი კობახიძე, პირდაპირ კონსტიტუცია დაარღვია, როდესაც შეაჩერა ქვეყნის ევროპულ გზაზე სიარული და ეს არის ღალატი, სხვა არაფერი. ვურჩევდი მას, რომ მაინცდამაინც დახვრეტის მუხლსაც ნუ შემოიღებს, თორემ პირველი ადამიანი, ვისაც ამ მუხლის მიუსჯიან და კედელთან დააყენებენ, სწორედ ირაკლი კობახიძე აღმოჩნდება. სიცოცხლე ხომ უყვარს?
_ დონალდ ტრამპის პოლიტიკასა და მის განცხადებებზე მინდა გკითხოთ, მან ჯერ უკრაინის პრეზიდენტი დაადანაშაულა და ომის დაწყებაში პასუხისმგებლობა დააკისრა, შემდეგ კი თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის 9 მაისს რუსეთს აღარ ეწვევა. როგორ შეაფასებთ მის ამ ქმედებებს და „ქართული ოცნების“ სიხარულს ტრამპის ამგვარი განცხადებების გამო?
_ საერთოდ, დონალდ ტრამპისთვის დამახასიათებელია ასეთი უცნაური, ოდიოზური განცხადებები. ხშირ შემთხვევებში წინა ვადის დროსაც ის აკეთებდა ამ ტიპის უცნაურ განცხადებებს გარკვეულწილად და ასეთი გამოსვლებით ძაბავდა სამყაროს. ახლაც, რა თქმა უნდა, ასე იქცვეა. რა არის ამაში სასიამოვნო? _ არაფერი. მისი განცხადებები, ფაქტობრივად, სიტყვა-სიტყვით იმეორებდა რუსულ ნარატივს. ეს ყოველივე, რასაკვირველია, ძაბავს ყველაფერს, მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ მაინც, რადგან ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ არა რიტორიკით, არამედ შედეგებით. რა შედეგები მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ამ ქმედებებს? _ ევროპა გამოცოცხლდა, რასაც ჰქვია, უფრო და უფრო აქტიური ხდება. როგორც ჩვენ ვხედავთ, საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურაზე დაიწყეს ფიქრი. ევროპა ამ პროცესებში ცოცხლდება, მეტ დამოუკიდებლობას იძენს და ეს ძალიან კარგია, პოზიტიური შედეგია.
რაც შეეხება ტრამპის განცხადებებს, ჩვენ ჩვენივე უბედურებას რომ ვართ შეჩვეული გვგონია, ბიძინა ივანიშვილი რომ იტყვის და ყველაფერი ისე მოხდება ამერიკაში, ასე იქნება. არა _ აშშ-ში ასე არ არის. ამერიკული დემოკრატია არის ინსტიტუტების ურთიერთკონტროლზე დამყარებული. იქ ყველა ასპექტი მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ძალიან სერიოზული ფიგურაა, მაგრამ მას არ აქვს აბსოლუტური თავისუფლება გადაწყვეტილებებში. ამიტომ ამერიკულ დემოკრატიულ სისტემას შეუძლია ის ისე გაკოჭოს, თუ ასე გააგრძელა, რომ ბევრი ვერაფერი გადაწყვეტილება ვერ მიიღოს. ჩვენ ვიცით კონგრესში, სენატში, მართლმსაჯულების სისტემაში რა განწყობებია და არავის მოსწონს მისი ეს განცხადებები. თუკი ტრამპი ასე გააგრძელებს, შესაძლოა, იმპიჩმენტამდე მივიდეს საქმე და მას საერთოდ განძრევის საშუალება არ მისცენ, მაგრამ უკვე ბოლო ორი-სამი დღეა ვხედავთ, რომ ის ძალიან სერიოზულად აკორექტირებს თავის პოზიციებსა და თავის განცხადებებს, რაც ჩემთვის ნამდვილად არ იყო გასაკვირი. ასე რომ, მიმაჩნია, დღეს ევროპაც აბარებს გამოცდას. დიდი იმედი მაქვს და პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოცდა წარმატებული იქნება მისთვის. ევროპა გაიღვიძებს და ბევრად უფრო ძლიერი მოგვევლინება, უფრო გაძლიერებული და გამყარებული იქნება დემოკრატიის სადარაჯოზე და ამერიკული სისტემის დამცავი მექანიზმებიც ამუშავდება, ხოლო დონალდ ტრამპს ან გაკოჭავენ, ან თვითონ მოვა ჭკუაზე. აი, ეს მოხდება და ორივე კარგია. არსებობს სიტუაციები, სამედიცინო დონეზე რომ ვთქვათ, რადგან ამგვარი ახსნა კარგი მაგალითი შეიძლება იყოს ქრონიკული დაავადებების მურნალობის პროცეში, ჯერ პროვოცირებას ახდენენ, რომ მაქსიმალურად ამოიყაროს, გამწვავდეს ეს დაავადება და შემდგომი დარტყმით მკურნალობას ნიშნავენ. სამყაროც დაავადებულია გარკვეულწილად და ტრამპი გახდა პირველი ეტაპი, ახლა სწორედ საწყისს ეტაპს გავდივართ. მაქსიმალურად უნდა გაამწვავონ დაავადება და მერე დარტყმითი მეთოდით უმკურნალონ. ამიტომ ოპტიმისტურად ვუყურებ ამ ვითარებას და მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
_ მნიშვნელოვანი მოვლენების წინაშეა მსოფლიო. თქვენ აღნიშნეთ, რომ ევროპა გამოცოცხლდა, აბარებს სერიოზულ გამოცდას და სად არის საქართველო ამ პროცესებში?
_ სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გამო საქართველო ერთგვარი ხურდა გახდა, რომელიც ან იქით ან აქეთ უნდა გადააყოლონ ამ გლობალურ გადანაწილებას. მოგეხსენებათ, ახლა ახალი მსოფლიო წესრიგი ლაგდება, საქართველო, ხელისუფლების დონეზე რომ ვთქვათ, თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა ამ პროცესებში. შესაბამისად, როგორც განვითარდება სიტუაცია, საქართველოც ისე იქნება.
სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც დიდი იმედი აქვს, რომ ტრამპი და პუტინი გარიგდებიან. ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების გარიგება რაზე უნდა შედგეს რეალური პოლიტიკის ფარგლებში? _ ესაა გავლენის სფეროების გადანაწილება. არამგონია, ასე განვითარდეს მოვლენები, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ სწორედ მისი იმედი აქვს. რას ნიშნავს გავლენის სფეროების გადანაწილება? _ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რეალური პოლიტიკის მტკიცებებით იხელმძღვანელეს, ჩვენ უცილობლად აღმოვჩნდებით მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში, რადგან ამ გაყოფაში „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ჩვენ აღმოვჩნდებით რუსეთის იმპერიის კურატოროის ქვეშ. ეს არის მთავარი ღალატი, რასაც „ოცნება“ ქართული სახელმწიფოს წინაშე სჩადის. სწორედ ამიტომ გულშემატკივრობენ ისინი ამ მოლაპარაკებებს და თუ ტრამპი წავიდა გავლენის სფეროების გადანაწილებაზე, სქართველო ლოგიკურად ხვდება რუსეთის გავლენის სფეროში. ეს უხარიათ და ესაა ღალატი, მათი ეს ემოცია და სიხარული უკვე არის ღლატი. ფაქტობრივად, ამ ქვეყნის ინტერესების ღალატია და ეს ხდება დღეს.
დარწმუნებული ვარ, ტრამპი და ამერიკული პოლიტიკა ამაზე არ წავა და ამას არც ევროპა დათანხმდება.
იმპერიების მხრიდან გავლენის სფეროებად სამყაროს გადანაწილება გასული საუკუნეების ისტორიაა. მე-19 მე-20 საუკუნეებში ასე ხდებოდა, რეალური პოლიტიკა ტარდებოდა. 21-ე საუკუნეში ასეთი რაღაცები აღარ ხდება. „ქართულ ოცნებს“ კი აქვს იმედი, რომ ეს ასე იქნება, ჩვენც თავს დავანებებთ, რადგან სათქმელი ექნებათ, რომ, აი, თვითონ ამერიკამ გაგვყიდა და ჩვენ მეტი რა გზა გვაქვს? ამის იმედზე არიან. ისინი მენტალური ღალატის მდგომარეობაში არიან და ფიზიკური ღალატისთვის ემზადებიან.