სამშაბათი, 11 მარტი, 2025
2025-02-27 09:14:50
გიორგი საკარული
მიმდინარე მწვავე პროცესების ირგვლივ „ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე:
_ ბევრი სიძნელის მიუხედავად, ქართულ სახელმწიფოს ჰქონდა პერსპექტივა და ეს სიძნელეები ადრე თუ გვიან დაიძლეოდა, ხელისუფლებების შეცდომები გამოსწორდებოდა, ახალი არჩევნებითა და ხელისუფლების ცვლილებით ქვეყანა წინ წავიდოდა. სამწუხაროდ, ის, რაც მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლითა და შემდეგ უკვე მიტაცებით, რამდენიმე არჩევნების განმავლობაში, არის უკიდურესად მძიმე ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის. განადგურდა მთელი ის ისტორიულად განსაზღვრული გეზი განვითარებისა, ისტორიული არჩევანი, რისთვისაც თაობები იბრძოდნენ, ეწირებოდნენ. ის, რაც ერთი საუკუნის წინ გათამაშდა ქართული სახელმწიფოს რეალობაში, ოკუპაცია,
პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ამ ყველაფრის მომსწრე ვართ და მომსწრე ვართ ქართული სახელმწიფოს მიტაცებისა ამ წუთში არალეგიტიმური, მაგრამ წინა წლებში ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ. ეს ყველაფერი არის ძალიან მძიმედ აღსაქმელი და შესაფასებელი. თავად არასოდეს ვყოფილვარ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მომხრე, მათთვის არასოდეს მიმიცია ხმა და პირიქით, მათი გამოჩენიდანვე გამოვთქვი ეჭვი, რომ, დიდი ალბათობით, ის ვერ იქნებოდა თავისუფალი რუსული გავლენებისგან, მაგრამ ჩემი დამოკიდებულებების მიუხედავად, ასეთი მძიმე შედეგის მიღება მეც კი ვერ წარმომედგინა.
_ მახსოვს, 2012 წელს რამდენი ადამიანი შეჰყურებდა ივანიშვილის „ოცნებას“ იმედის თვალით, თუმცა რას წარმოიდგენდნენ, რომ სამუდამო ოცნებაში ჩარჩებოდნენ?
_ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც იმედის თვალით უყურებდნენ ამ ცვლილებას, ამ ყველაფერს და მერე თავზე ჩამოემხო ყველას ყველანაირი იმედი. ძალიან ბევრი ადამიანი გვიან პერიოდამდე ცდილობდა, რომ რაღაც პოზიტიური მოეძებნა „ოცნებისა“ და ივანიშვილის ნაბიჯებში, მაგრამ ჩვენ დღეს შიშველი რეალობის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას აქვს ძალიან მძაფრი სურვილი და მოლოდინი იმისა, რომ მსოფლიოს ახალ გადანაწილებაში ისე განვითარდება პროცესები, რომ საქართველო დარჩება რუსეთის გავლენის სფეროდ.
ჩვენ ვიცით, რომ „ოცნება“, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ტრამპისტობდა და ტრამპის იდეებს იყო ამოფარებული, ვითომ ტრამპს გულშემატკივრობდა. სინამდვილეში, ისინი ტრამპს კი არ გულშემატკივრობენ, არამედ ტრამპის მხარდამჭერები არიან იმ მიმართულებით, რომ ტრამპმა დათმოს ჩვენს რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატებისა და დემოკრატიული სამყაროს ინტერესები და რუსულ არადემოკრატიულ სივრცეს მიათვალოს საქართველო. ესაა მათი სურვილი და ამოცანა. რუსულ სივრცეში ყოფნა ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაფრის გარანტიაა, რომ მას არც დემოკრატიას მოსთხოვენ, არც სასამართლოს დამოუკიდებლობას და არც მედიისა და სხვა ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, არც ფულთან დაკავშირებით შეექმნება პრობლემები. ის ყველაფერს აკეთებს საკუთარი ფინანსური ინტერესიდან გამომდინარე და ამ ფინანსურ ინტერესს, რაოდენ ტრაგიკულიც არ უნდა იყოს, ეწირება ქვეყნის სახელმწიფოებრიობა.
_ ქართული სახელმწიფოს გეზი უკვე მიდის რუსული მიმართულებით და ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ კანონები, სასამართლო, პოლიცია, ყველაფერი „ოცნების“ საკეთილდღეოდ მუშაობს. სულ ახლახან მდინარაძემ სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები დააანონსა და თქვა, რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უნდა ავამოქმედოთო. როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება კონკრეტულად ამ მუხლის აღდგენა და მათ მიერ გაჟღერებული გაუგონარი, მათზე მორგებული კანონები? რისი დამტკიცება სურს ბიძინა ივანიშვილს?
_ ეს ემსახურება საგარეო ფიასკოს გადაფარვას, რაც მათ ამ თვეების განმავლებაში მიიღეს. ივანიშვილი შეიძლება ფინანსურ და შავი ფულის გათვლებში საკმაოდ გამოცდილია და ჩვენ ვნახეთ საკუთარი თვალით იმ ნახატების შემოტანის თემა საქართველოში, რომლის თაობაზეც გვეუბნებოდნენ, რომ ეს საქართველოს სიკეთე იქნებაო, ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული ძალიან მნიშვნელოვანი ნახატებიო, მაგრამ, საქართველოს იმ დონეზეც კი არ გამოადგა ეს ყველაფერი, რომ ბიუჯეტში განსაზღვრული თანხაც რომ შეეტანათ. ანუ ასეული მილიონობით დოლარის ღირებულების ნახატები შემოვიდა ქვეყანაში. ბიუჯეტში გადასახდელი თანხაც კი ივანიშვილმა ისე მოახერხა, რომ კანონში ცვლილებები შეატანინა და ერთი თეთრის გადახდაც არ მოუწია. ამ ხნის განმავლობაში ვხედავთ, რომ მიუხედავად მრავალი დავისა, მისი ქონება იზრდება და იზრდება, სამწუხაროდ, საქართველოს ხარჯზე, ჩვენს ქვეყანაში არსებული კორუფციის ხარჯზე. მან ვეღარ გათვალა თავისი ქმედებები და ნაბიჯები, რაც მანამდე შენიღბული ჰქონდა რუსული ნაბიჯებით. ივანიშვილისთვის და „ოცნებისთვის“ უდიდესი დარტყმაა, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა, პროტესტი რომ უშეღავათოდ გრძელდება, საერთაშორისო მასშტაბით რომ სერიოზული კოორდინებული სამუშაო ჩატარდა, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა მიიღო სრული არაღიარება და აბსოლუტურად დელეგიტიმირებულია საერთაშორისო სამყაროსგან. მას დარჩენია ის, რომ საქართველოში მისი მომხრეები შემოიმტკიცოს. ასევე ის ხალხი, ვისაც უსაბუთებდა, რომ ეს პრობლემები მოგვარდებოდა, რომ სანქციებსაც გაუძლებდნენ, რომ ფინანსური პრობლემები არ ექნებოდათ და რომ სხვადასხვა წყაროები არსებობს საამისოდ. და კიდევ სასიცოცხლოდ სჭირდება, რომ პროტესტი მოკვდეს. თავიდან იყო ბრუტალური ხასიათის დარბევები, რამდენი ადამიანი დაასახიჩრეს საგანგებოდ, არც ამ ძალადობამ გაჭრა და ხალხის პროტესტმა არ იკლო. ახლა ახალი ამოცანა აქვთ: დიდ ფინანსურ წნეხს ახორციელებენ საქართველოს ღატაკ, ღარიბ მოსახლეობაზე, რაც მძიმე ტვირთად აწვება ადამიანს, ჯარიმას უწერენ აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, გაუგებრად, რომელიც მთელი მათი ერთი წლის შემოსავლის ტოლფასიც კი არ არის. ბევრისთვის ჯარიმის ოდენობა შეიძლება მათი ერთი წლის შემოსავალს აღემატებოდეს კიდეც. ეს არის აბსოლუტურად არაადამიანური, არაჰუმანური, ჰუმანიზმისაან დაცლილი მიდგომები. მათ ადამიანები არ აინტერესებთ, მათ აინტერესებთ ივანიშვილის ფინანსები და ბიძინა ივანიშვილის გარშემო შემოკრებილი დამნაშავეების ფინანსური კეთილდღეობა. მზად არიან, რომ ამისთვის საქვეყნო ინტერესიც გაწირონ, ადამიანებიც გაწირონ და საერთოდ ყველაფერს გადაუარონ, რაც კი აქამდე საქართველოში შექმნილა და პოზიტიური გაგებით იყო დამკვიდრებული.
_ როგორ ფიქრობთ, აშინებს ეს სანქციები ივანიშვილს?
_ ივანიშვილი თვითსანქცირებული ადამიანია. თუ გადაადგილების თვალსაზრისით შევხედავთ, ის მოძრაობს ჭორვილა-ურეკი-აბასთუმნის სამკუთხედში და პერიოდულად თბილისში. ფინანსური სანქციები მისთვის ძალიან მძიმეა, ამაზე მეტყველებს ის ნახატების მიგრაცია, სასწრაფო გადაფორმებები ქონებისა და სხვა მიმართულებით. არ არსებობს, რომ მას სანქციები არ ადარდებდეს, რომელიც „ქართული ოცნების“ გარშემო შემოკრებილ ხალხს ეხება, რადგან ისინი ფულზე გაგიჟებული ადამიანები არიან და ასეთ ხალხს პერიოდულად სჭირდება, რომ წავიდეს სხვადასხვა ქვეყანაში, იშოპინგოს, დაისვენოს, იმოგზაუროს... ცოლები ამშობიარონ უცხოეთში, პრესტიჟულ უნივერსიტეტებში მოაწყონ თავიანთი შვილები, ოღონდ ქვეყანა დატოვონ რუსულ ჭაობში. ესაა ყველაზე ამაზრზენი ამ ადამიანების ქმედებებსა და მათ მიღებულ გადაწყვეტილებებში. ამიტომ ისინი სანქციებზე ძალიან ნერვიულობენ. უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილის წინაშე უნდათ თქვან პერიოდულად, რომ ეს არ ადარდებთ, თორემ როგორ შეიძლება, გომელაურს არ ადარდებდეს სანქციები და მაგნიტსკის სიაში ყოფნა, რომელიც არის არა მხოლოდ მისი, არამედ მისი ოჯახის საშვილიშვილო ტვირთი, რომლისგან თავის დახსნას ვერასოდეს მოახერხებს. რა კომპენსაცია უნდა მიიღოს მან ამის სანაცვლოდ, მაგრამ საკომპენსაციოდ მათ მისცეს ორდენები, ვითომ რაღაცებით უნდათ დაამშვიდონ ეს ხალხი და კიდევ ერთხელ აჩვენონ მოსახლეობას, რომ გარედან მოსული წნეხი ვითომ არაფერია და შიგნით არსებული პროტესტიც არ უნდათ დაინახონ.
_ ეს ქვეყანა ასეთ კრიზისში არასდროს ყოფილა. ამასთან, საერთოდ დაკარგეს „ოცნების“ მომხრეებმა სახე. ბოლო თავდასხმაზე მინდა გკითხოთ, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტზე _ სალომე ზურაბიშვილს კვერცხები დაუშინეს. რა პოლიტიკურ შეფასებას მისცემთ ამ ფაქტს?
_ ეს არის პოლიტიკური ხრწნის მაჩვენებელი. წარმოუდგენელია, რომ ქვეყნის ინსტიტუცია ასე დაამცირო და გათელო. ეს კონკრეტულად ერთ ადამიანზე თავდასხმა არ არის და თუნდაც ერთ ადამიანზე თავდასხმაც ძალიან მძიმეა. ერთია თმენის ვალდებულება, რომელიც მათ არ გააჩნიათ, ხან ქუჩაში მიუვარდებიან და სცემენ ვინმეს, ხან ძალოვან უწყებებს იყენებენ ანგარიშსწორებისთვის, მაგრამ თვითონ ამ „დაკრიშულ“, მაპატიეთ გამოთქმაზე, პირებს, აძლევენ შესაძლებლობას, რომ ანგარიში გაუსწორონ ადამიანებს. ამაზრზენი სანახავი იყო ქვეყნის პრეზიდენტზე თავდასხმა. ამის გამკეთებლები აბსოლუტურად დაცლილები არიან მორალისგან. ვინც ახორციელებს ამ ყველაფერს, ისინი საერთოდ არაფერს წარმოადგენენ. ვინც ამას გეგმავს და ამის უფლებას აძლევს ამ ტიპის ჯგუფებს, ისინი აბსოლუტურად ფეხქვეშ თელავენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ისევე როგორც პოლიცია გათელეს ფეხქვეშ და სრულიად დაუკარგეს მუნდირის ღირსება და კრიმინალების დავალებების შემსრულებლებად აქციეს. ასევე ძალიან მძიმე იყო გახარიაზე თავდასხმაც როდესაც პოლიტიკური სხეული ასე იხრწნება, აღსასრული მოახლოებულია. კრიზისი რომ ნამდვილად მძიმეა, ამაზე ყოველდღიური საპროტესტო აქციები და კანონმდებლობაში მათ მიერ განხორციელებული ცვლილებები მეტყველებს. ამაზე მეტყველებს ის ბოლო გამოკითხვაც, რომელიც ძალიან წარმომადგენლობითი იყო, 2500 კაცს მოიცავდა და ამ გამოკითხვაში პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობდა 82%. ეს ხალხი არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების მომხრეებიც არის. ამიტომ როდესაც არსებობს კრიზისი, მისი განმუხტვის გზა არჩევნებია.
მათ ახალი არჩევნების დანიშვნა აუცილებლად მოუწევთ. რაც უფრო გაჯიუტდებიან, მით უფრო დამძიმდება სიტუაცია. რაც უფრო მეტ დანაშაულს ჩაიდენენ, მით უფრო დამძიმდება მათი ბედი. თუ ნორმალურ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება, ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების უპირობო განთავისუფლებაა გამოსავალი. თუ ჩვენ რუსეთის გზით მივდივართ და რუსული სახელმწიფოს ჩამოყალიბება უნდა ივანიშვილს, არც თავისუფალი მედია იარსებებს, არც არასამთავრობოები, არც განსხვავებული აზრი იქნება და შეეცდება, რომ ყველაფერს ფარდა ჩამოაფაროს, ასე ვერ გამოვა. 21-ე საუკუნეში ადამიანები სამყაროსთან პირდაპირ კავშირში არიან და ვირტუალური სამყარო ადამიანს კონკურენციას უწევს აზროვნებაში, ლამის შემოქმედებით უნარებში. ამ დროს ივანიშვილმა ტროლებისა და ბოტების საშუალებით მართოს ქვეყანა და რკინის ფარდა ჩამოაფაროს საქართველოს, ეს არ გამოვა. უბრალოდ დასანანია, რომ ამდენი ადამიანი ზარალდება, ბევრის ცხოვრება იფლანგება. საოცარი ახალგაზრდები გვყავს, რომლებიც ყოველდღიურად თავიანთი ქვეყნისთვის ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს უნდა ქმნიდნენ, მათ ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ, დრო იკარგება.
ყველა ვხვდებით, რომ გლობალური რყევებია და ძალიან ბევრი ქვეყანაა ჩართული ამ ახალი წესრიგის ჩამოყალიბებაში. ჩვენ ამ დროს ჩავრჩეთ პოლიტიკური თვალსაზრისით წუმპეში, რასაც რუსული გავლენა ჰქვია და რუსეთის მოკავშირე ქვეყნების პარტნიორობა ჰქვია, ესაა საუკუნის დანაშაული, რომელიც ერთი საუკუნის წინანდელ ჩადენილ დანაშაულს არ ჩამოუვარდება, რომლებიც რუსმა და ქართველმა ბოლშევიკებმა ჩაიდინეს.
_ ივანიშვილმა სერიოზული ნაბიჯები გადადგა რუსეთისკენ, რუსული პრაქტიკა გადმოიღო საქართველოში. არის მეორე და მთავარი, მუდმივად ხომ არ იქნება „ოცნება“ ხელისუფლებაში? სად ხედავთ გამოსავალს? ხალხის სიმრავლეში? რევოლუციაში? რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისკენ, რომ რეალური ცვლილებები განხორციელდეს?
_ ბევრჯერ მინახავს საქართველოშიც და საქართველოს მიღმაც, ბევრჯერ ყოფილა ასეთი ამბები, რომ კანონების მორგება ხდება კონკრეტულ სიტუაციაზე და საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე და მერე ამ კანონებს იყენებენ სწორედ მათ წინააღმდეგ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, სახელმწიფო ღალატის მუხლის შემოტანა რომ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინტერესების ღალატზე ძალიან ბევრი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არსებობს ჩვენს კანონმდებლობაში, მაგრამ ძალიან ბევრ მათგანს მოუწევს ამ მიმართულებით პასუხისგება, ოღონდ იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი სამართლიანი სასამართლოს პირობებში მოხდება. რა უნდა მოხდეს? ამ მომენტში ძალიან ძნელია, რომ ვინმემ რაიმე ჩამოყალიბებული რეცეპტი თქვას, მაგრამ ის, რაც არის უეჭველი და რასაც ყველანი ვგრძნობთ, პროტესტი, რომელიც უნდა გაგრძელდეს ინტენსიურად, რეგიონებშიც უფრო მეტად უნდა გამოცოცხლდეს სიტუაცია, იმის მიუხედავად, რომ ბევრ ადგილას სერიოზული პროტესტია და საერთაშორისო წნეხიც.
შეიძლება ძალიან უნდა ბიძინა ივანიშვილს, რომ ზუსტად პუტინისნარად მოიქცეს საქართველოში ან ლუკაშენკოსავით, მაგრამ რუსეთსაც და ბელარუსსაც სხვა პოლიტიკური, ეკონომიკური და სისტემური საყრდენი ჰქონდათ წლების განმავლობაში. საქართველოში არ არსებობს ასეთი საყრდენი, საბედნიეროდ, რადგან სხვა შემთხვევაში მართლაც ჩამოყალიბებულ დიქტატურას მივიღებდით.
ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც თეთრის გადახდაც არ უნდა ქვეყნის ბიუჯეტში და ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე სურს ცხოვრება, ამას ძალიან მალე დაინახავს და ბევრი რამე უკვე ჩანს: ეკონომიკური სიდუხჭირე, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილების დაკარგვა. ეს ძალიან მძიმე ტვირთია საქართველოს მოსახლეობისთვის. არავინ აპატიებს ბიძინა ივანიშვილს იმას, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა მისი მომხრეები, რომ მან მხოლოდ საკუთარი კლანი გააძლიეროს ფინანსურად და მოსახლეობა მძიმე ეკონომიკურ სიდუხჭირეში ჩააგდოს.