QronikaPlus
ნინო ჩხობაძე: „გრანტების ფონდი“ კორუფციის ბუდედ იქცევა“

ნინო ჩხობაძე: „გრანტების ფონდი“ კორუფციის ბუდედ იქცევა“

2025-02-27 09:11:05

თამუნა მჭედლიშვილი

რამდენიმე დღეა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ბიუჯეტიდან ენჯეო სექტორის დასაფინანსებლად სპეციალური სააგენტო შექმნა და „გრანტების სააგენტო“ დაარქვა სახელმწიფო სსიპ-ს, რომლის მიზანიც აშკარად იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაა, რომელთა საქმიანობაც „ოცნების“ ფასეულობებს ემთხვევა.

„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები ერთპარტიულმა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო ფუნქციონირებას მარტიდან დაიწყებს. სააგენტოს წლევანდელი ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება. როგორც კანონპროექტის განხილვების დროს ითქვა, გაზაფხულზე „გრანტების სააგენტოს“ უკვე ექნება შესაძლებლობა, კონკურსები გამოაცხადოს და არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცეს გრანტები.

როგორი სამოქალაქო სექტორის შექმნას ცდილობს „ქართული ოცნება“? რა ჩაიწერა და რომელი პარტნიორი ქვეყნების დახმარებას გულისხმობს კანონი? არის თუ არა გრანტების სააგენტო კორუფციისა და ნეპოტიზმის ახალი მექანიზმი? _ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები _ დედამიწის მეგობრების“ ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე:

_ ქალბატონო ნინო, რამდენად მისაღებია თქვენთვის და ზოგადად ქვეყნისთვის „გრანტების სააგენტოს“ ის ფორმა და შინაარსი, როგორიც შექმნა და მიიღო იგი ერთპარტიულმა პარლამენტმა?

_ დავიწყოთ იქიდან, რომ გრანტების შესახებ ფონდის შექმნა და, ზოგადად, განვითარების ფონდის შექმნა განსხვავებული რაღაცაა. ამას დიდი ხანია ითხოვს არასამთავრობო სექტორი, _ ასეთი ფონდი სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს. დიახ, ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოს ასეთი სახის ფონდი აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ, არა მარტო ცივილიზებულს, მათ შორის, ლიბიასაც კი ჰქონდა ასეთი ფონდი არასამთავრობო სექტორისთვის. ეს ფონდი აფინანსებდა სპეციალურად არასამთავრობო სექტორს იმისთვის, რომ ყოფილიყო საზოგადოებრივი მონიტორინგი, ანუ შინაარსობრივად საზოგადოებრივი მონიტორინგი, რომელიც კრიტიკულად უყურებდა ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თან კონსტრუქციულად, ოპოზიციურად ცდილობდა რაღაცების გამოსწორებას, დაფიქსირებას და პარალელურად მონიტორინგს აწარმოებდა. ეს არის აუცილებელი ფუნქცია სახელმწიფოსთვის, რომ მას ასეთი ხედვები ჰქონდეს.

ჩვენ რადგან ასეთი ფონდი არ გაგვაჩნია, საერთოდ „გრანტების ფონდის“ შექმნა ჩემთვის აბსურდია, რადგან მიმაჩნია, რომ „გრანტების ფონდი“ ისევ და ისევ კორუფციის ბუდე იქნება. არაფერი გასაგები ამ კანონში არ არის.

_ რას გულისხმობთ?

_ ჯერ ერთი, ბევრი რამ არ არის გასაგები, რადგან ლაპარაკია საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე. ჩვენ რომ იურიდიულად მივუდგეთ, საზოგადოებრივი ორგანიზციების, როგორც ასეთის, მსგავსი იურიდიული ფორმა არ გვაქვს საქართველოში. ჩვენ გვაქვს ა(ა)იპი-ები _ არაკომერციული, არაპოლიტიკური ორგანიზაციები. ე. წ. გამჭვირვალობის კანონმა ჩვენ გაგვიმიჯნა, თუ ა(ა)იპი დაფუძნებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მათ ეს კანონი არ ეხებათ, მათ შორის, არ ეხება სპორტულ საზოგადოებებსაც და ა. შ. ამ კანონში ასეთი დაკორექტირება არ ხდება, ანუ ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუ მხოლოდ გრანტის ფონდზე ვილაპარაკებთ. აქ არ ხდება მსგავსი გამიჯვნები ა(ა)იპ-ებს შორის. მაშინ რისთვის კეთდება ეს ფონდი? ვერ გავიგე.

_ ე. ი., რა ხდება?

_ ეს არის საკუთარ ადმინისტრაციულ რესურზე დაფუძნებული ა(ა)იპ-ები, რომლებიც თავისუფლად მიიღებენ მონაწილეობას კონკურსში, თუ კონკურსი საერთოდ ჩატარდა.

_ მარტში აპირებენ.

_ კონკურსი უნდა იყოს დამოუკიდებელი, უნდა ჰყავდეს ექსპერტრები, აბსოლუტურად განსხვავებული და მკაფიოდ ჩამოწერილი, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები. არაფერი მსგავსი ამ კანონში არ წერია. წერია ერთი რამ, რომ ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს დავეხმარებით. აქვე რას და რომელ პარტნიორ ქვეყნებს დავეხმარებით, ესეც გასარკვევია. მე, მაგალითად, ვიცი, რომ მარტივი ნამდვილად არ არის გარეთ გატანა ამ თანხების ამ ნაწილში. ჯერაც ვერ წარმომიდგენია, ვის ვეხმარებით.

_ თქვენი აზრით, რა მიზანი ჰქონდა „გრანტების ფონდის სააგენტოს“ შექმნას?

_ იყო რაღაც მცდელობა იმისა, რომ ვითომ ჩვენ გავაკეთებთ კომპენსირებას იმისას, რომ აი, ნახეთ, საგრანტო პროგრამები გვექნება საზოგადოების მონაწილეობით. ნუ იდარდებთ იმას, რომ არ იქნება დონორებისგან დახმარებები ქვეყანაში...

მიმაჩნია, რომ ეს არის აბსურდული კანონი თავიდან ბოლომდე, რადგან კანონში ცოტა მეტად უნდა შეეწუხებინათ თავი და კარგად უნდა გაეწერათ ყველა ქმედება. ამით თავს დაიზღვევდნენ კორუფციიგან, ნეპოტიზმისგან, _ ამის ნიშნები აშკარად ჩანს!

_ რა გაძლევთ ამის თქმის საბაბს?

_ ეს სააგენტო არ იქნება დამოუკიდებელი, ეს იქნება სახელმწიფოს მიერ დანიშნული!

_ ვინ მუშაობდა ამ კანონზე?

_ არ ვიცი და მართლა მაინტერესებს, ვინ ფიქრობდა, ვინ წერდა და საიდან გადმოთარგმნეს? რატომ დაწერეს ასე უსუსურად? საერთოდ არაფერია ნათელი აქ და ამ სიტუაციაში ისიც კი არ ვიცით, კონკრეტულად რომელ თემატიკებზეა საუბარი. თითქოს თემატიკები ჩამოწერილია, მაგრამ ძალიან გაურკვეველი და ბუნდოვანია მაშინ, როცა თემატიკები ანალოგიურ განვითარების ფონდებში ყველგან მკაფიოდ არის დაფიქსირებული. დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ კი განსაზღვრულია, თუ რა უნდა გაკეთდეს, რა უნდა დაფინანსდეს და რა მიმართულებებით. განვითარების სააგენტო აბსოლუტურად სხვა მოდელზე მუშაობს. ეხმარება, როგორც საკუთარ სამოქალაქო სექტორს თითონ შიგნით, ქვეყანაში, ასევე გარე არასამთავრობო სექტორს კონკრეტულ საკითხებში. წარმოიდგინეთ, ერთი წლით ადრე წინასწარ განისაზღვრება სტრატეგია, მიზნები, მოვალეობები... ამის მსგავსი არაფერი წერია ამ კანონში, არანაირი მსგავსი მექანიზმი შემოთავაზებული არ არის.

_ ალბათ „ქართული ოცნების“ „პრიორიტეტებთან“ იქნებიან თანხვედრაში ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ გრანტების სააგენტოდან მიიღებენ დაფინანსებას...

_ ეს საერთოდ წარმოუდგენელია! ერთპარტიული სისტემით ნაკარნახევი განვითარების ფონდები არ არის განვითარებულ ქვეყნებში. ყველგან არის ისეთი, როგორი საჭიროებანიც აუცილებელია ქვეყნისთვის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას მსოფლიო გლობალურ პოლიტიკასთან მიმართებით. კლიმატის ცვლილებებს აფინანსებს, მაგალითად, ძალიან ბევრი დონორი, რატომ? იმიტომ, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც ვერ ერევა ერთი ქვეყანა ცალკე აღებული, განვითარებული ქვეყნებიც კი ვერ ერევიან, ამიტომ ცდილობენ ერთმანეთის დახმარებას.

_ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ამ კანონზე მომუშავე ჯგუფმა თუ გაიარა კონსულტაცია ან მოისმინა კომპეტენტური ადამიანების-ორგანიზაციების რეკომენდაციები, როგორც ადგილობრივის, ისე უცხოურის? 

_ არ მაქვს მსგავსი ინფორმაცია. გამჭვირვალობის შესახებ კანონზეც ვისმენდი რიტორიკას, რომ ჩვენ აქ ვართ და მოვუსმენთ ყველას. არავის უთხოვია აზრი, მცდელობაც კი არ ყოფილა, რომ განგვეხილა სამოქალაქო სექტორში ეს თემა, მით უმეტეს, რომ სამოქალაქო სექტორი ამ საკითხებზე უკვე ნამუშევარია, იცის, ასეთი ფონდების ქონა ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. მაგრამ არა ასეთი სახელწოდებით:  „გრანტების სააგენტო“! ეს რას ნიშნავს, საერთოდ ვერ ვხვდები, „განვითარების სააგენტო“ მაინც დაერქმიათ.

_ საინტერესოა ვიცოდეთ, რომელი ქვეყნის მოდელი დაუდეს საფუძვლად „გრანტების სააგენტოს“ შექმნას?

_ ვერ გეტყვით... გერმანიაში, ინგლისში, ნიდერლანდებში, შვედეთში განვითარების სააგენტოებს ვიცნობ. იგივე „იუესაიდი“ რა იყო? _ განვითარების სააგენტო იყო! პარტნიორ ქვეყნებს ვეხმარებითო და ჩინეთს ვეხმარებით, ირანს თუ ვის? ჩემთვის გაუგებარია!

_ რა პერსპექტივა აქვს ამ სააგენტოს, ვის ხელს „დაბანს“ რეალურად იგი?

_ „ვითომ“ არის ნასროლი და გაკეთებული კომპენსაციის მიზნით, _ აი, ჩვენ დავეხმარებით არასამთავრობო სექტორს ზოგადად განვითარებაში და, მეორე მხრივ, მეუბნებიან, რომ ის უფლება, რაც აქვს სამოქალაქო სექტორს, მიიღოს გადაწყვეტილებაში მონაწილეობა, შევზღუდოთ, არ გვინდა! მაშინ, რისთვის ვავითარებთ და ვქმნით ფონდებს?

_ „გრანტების სააგენტოს“ შექმნით „ქართულმა ოცნებამ“ დანარჩენი ენჯეოებისგან ხომ არ გამიჯნა ის არასამთავრობო სექტორი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტზე მიიბა და „ქოცია“?

_ ეს არ ჩანს კანონპროექტში. ძალიან ბუნდოვანია, გარდა იმისა, რომ ამ სააგენტოში იმუშავებს ათი კაცი!

_ და 20 მლნ ლარი იქნება წელს სააგენტოს ბიუჯეტი...

_ დიახ, ამიტომაც მაქვს დიდი ეჭვი, რომ კორუფციულად კეთდება რაღაც მექანიზმი, სადაც ნეპოტიზმიც იქნება და ყველაფერი ერთად. მე ვამბობ, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, თუნდაც ის, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ, შემოვიტანოთ ახალი ტექნოლოგიები, უფრო მეტი შეღავათი მივცეთ მოსახლეობას. ერთი, რაც შიგნით მკაფიოდ წერია, არის ის, რომ დაფინანსებას მისცემენ სტუდენტებს, უცხოეთში რომ ისწავლონ. ხვდებით, რამდენად ამორფულია?

_ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, რა მოლოდინები გაქვთ, როგორ განვითარდება და გადალაგდება საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგი?

_ ზოგადად ვარ ოპტიმისტი. ვამბობ, რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი სიტუაციებიდან. საზოგადოების ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვართ ამომრჩევლები. ჩვენ ვკარნახობთ, როგორი ქვეყანა გვინდა, როგორი ქვეყანა მინდა მე!

_ არ უნდათ მათ ამის გაგება.

_ უკაცრავად, მაგრამ ეს მაინც დგას საკითხად! ჩემი ხმა უნდა ისმოდეს! არ შეიძლება სხვანაირად. ავტოკრატიულ და დიქტატორულ ქვეყნებშიც კი სხვანაირად წყდებოდა ეს საკითხები და წყდება! აი, ჩვენ საით მივდივართ, არ ვიცი. მე ვამბობ, რომ აღარაფერი გვაქვს დარჩენილი, დარჩა _ ავაშენოთ ჩინური კედელი ქვეყნის გარშემო და ვთქვათ, რომ ჩვენ მარტო ვართ!

მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ყველაფრის გასაღები არის მოსახლეობა! ნურავის ექნება მოლოდინი, რომ დღეს თუ მილიონ ორასმა მისცა ხმა, ეს მილიონ ორასი არ გადავა სხვა ხმაზე! იმიტომ, რომ ისინი ხედავენ _ ნებისმიერი ამომრჩევლის ხმა საერთოდ არ არის გაგონილი! ეს არ შეიძლება!

 

გაზიარება