სამშაბათი, 11 მარტი, 2025
2025-02-27 09:07:04
ირინა მაკარიძე
კვერცხების იმედად დარჩენილი ივანიშვილის „უხეირო დიქტატურა“ „ტიტუშკებს“ ახვედრებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც „ქართული ოცნებიდან“ არავინ იყო მიწვეული, ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტის სტატუსით წარდგა, სამშობლოში დაბრუნებულს კი თავს ესხმიან დაქირავებული ადამიანები და „მოღალატის“ ძახილით კვერცხებს ესვრიან.
ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებენ იქ მყოფი სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები. იგივე სცენა იყო აეროპორტში წინა დღითაც, როდესაც ასევე მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნდნენ ექსპრემიერი და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გიორგი გახარია და მისი თანაგუნდელი, გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, ელგუჯა ხოკრიშვილი. მათაც შეურაცხმყოფელი შეძახილების თანხლებით კვერცხები დაუშინეს. მათი თქმით, პოლიცია არათუ აღკვეთდა თავდამსხმელთა ქმედებებს, პირიქით, ხელს უწყობდა მათ. ფაქტი მოიწონეს ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა: „აბა, რა ეგონათ, ხომ ვეუბნებოდით, თავისუფლად ვერ გაივლიანო?“
ამ თავდასხმებით ხომ არ ცდილობდა ივანიშვილის რეჟიმი, გადაეფარა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა, თუნდაც, საერთაშორისო იზოლაციისა და სანქცირების საფრთხე? რას უკავშირდება რეჟიმის გააფთრება და მოქალაქეების მიმართ ფიზიკური და ფინანსური ტერორი? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, დიპლომატი გია ჯაფარიძე:
_ ნებისმიერ პოლიტიკოსზე თავდასხმა, ვისაც ივანიშვილის ფაშისტური რეჟიმი ერჩის, ერთნაირად უნდა შეფასდეს _ ეს არის ტერორი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ. ფიზიკური ანგარიშსწორება, დაშინება, შანტაჟი, ფინანსური ჯარიმები, უკანონო დაკავებები _ ტერორის ფორმებია, რომელსაც „ქართული ოცნება“ იყენებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ. ამ მეთოდების უბრალოდ კოპირება კი არ ხდება, არამედ სიახლეებიც შეაქვთ სისასტიკის, არაადამიანურობის, მოქალაქეთა დამცირების კუთხით.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო თავყრილობაა, სადაც მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერები, საზოგადოებრივი აზრის შემქმნელები, საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტები, ბიზნესლიდერები ყოველი წლის თებერვალში ერთმანეთს ხვდებიან და არის მსჯელობა იმ პრობლემურ საკითხებზე, რაც საერთაშორისო უსაფრთხოებას უკავშირდება. ეს კონფერენცია წლის დასაწყისში იმართება და ერთგვარი ტონის მიმცემია მთელი შემდეგი პერიოდისთვის, აქ ლიდერები ხშირად საპროგრამო განცხადებებს აკეთებენ. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია არის ის საერთაშორისო ტრიბუნა, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების სამსახურისთვის უნდა იყოს გამოყენებული. კონფერენცია იძლევა საშუალებას არაფორმალური თუ ფორმალური შეხვედრების და კომუნიკაციის. ის, რომ ამ საერთაშორისო ფორუმს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ კონფერენციაზეც და განსაკუთრებით მის ფარგლებში და შემდეგ განვითარებულ მოვლენებშიც. „ქართული ოცნება“ მიუნხენში არ მიიწვიეს. ეს ნიშნავს, რომ ისინი არ იყვნენ სასურველი სტუმრები. ფაქტი მიუთითებს „ქართული ოცნების“ საერთაშორისო იზოლაციაზე. საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი რეჟიმი, რომელსაც მართავს პირი, ვინც რუსეთის სასარგებლოდ მოქმედების გამოა სანქცირებული, ბუნებრივია, არ ჩაითვალა სასურველად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დასწრებოდა.
_ რეჟიმი ფიზიკური ანგარიშსწორებიდან ფინანსურ რეკეტზე გადავიდა. რას იტყვით ამ არაადეკვატურად მაღალ ჯარიმებსა და ოლიგარქის სტრატეგიაზე, ფინანსური მოხრჩობის გზით შეანელოს წინააღმდეგობა?
_ ესაა საქართველოს მოქალაქეებზე განხორციელებული ტერორისა და ანგარიშსწორების მაგალითი. ივანიშვილს უზომოდ აღიზიანებს უწყვეტი სახალხო პროტესტი. ამ პროტესტს ხედავს ყველა, მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ ეგუებიან, არ იღებენ გაყალბებული არჩევნების შედეგებსა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას. ივანიშვილმა სცადა პროტესტის ფიზიკური ძალადობით ჩაკვლა, ჩვენ ვნახეთ ადამიანების წამების, დასახიჩრების, დევნის, ცემის, არაჰუმანური მოპყრობის, ქალებისა და ბავშვების ცემისა და შეურაცხყობის ისეთი ფაქტები, რაც საქართველოში ბოლოს 1937 წელს, საბჭოთა რუსული ტერორის დროს მოხდა. ამან ვერ მოიტანა შედეგი. ხალხი არ იშლება, პროტესტი არ კვდება. ახლა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ფინანსურად მოახრჩოს პროტესტი. ადამიანების ქუჩაში დგომის გამო დაჯარიმება არაკონსტიტუციურია, ჩვენ გვაქვს პროტესტის გამოხატვის უფლება, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ვერცერთი კანონი ვერ იქნება საქართველოს კონსტიტუციაზე მეტი და მაღლა. თავად ჯარიმის მოცულობა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მისი მიზანი პროტესტის ამ გზით მოგუდვაა. 5000 ლარი გაცილებით აღემატება საქართველოში ადამიანების შემოსავალს. ჯარიმის ჩაბარების ფორმაც ძალიან ჰგავს 1937 წლის ტერორს. მისი მიზანია ადამიანების დაშინება. სახლებში გვიან ღამით ადგებიან უკანონოდ დაჯარიმებულთა მხცოვან მშობლებს და მცირეწლოვან ბავშვებს. ესაა ჩვეულებრივი ფაშიზმი.
_ ხშირად კეთდება შეფასებები, რომ ივანიშვილმა უკვე გააფორმა დიქტატურა. როგორია თქვენი შეფასება?
_ ივანიშვილმა დიდი ხანია, დიქტატურა გააფორმა, უბრალოდ, ბევრი, შინ და გარეთ, ამას ვერ ხედავდა ან მაინც ჰქონდა გადაჭარბებული ოპტიმიზმი „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით. რატომღაც, არავის ახსენდება, რომ დეპუტატებს ფიზიკურად გაუსწორდნენ 2013 წლის თებერვალშიც, ძალადობას ვხედავდით ყოველ წელს საქართველოში, რაც „ქართული ოცნება“ ამ ქვეყნის ფაქტობრივი ხელისუფალია. კარგია, თუ სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ ივანიშვილის დიქტატურის პირობებში საქართველოს ემუქრება დამოუკიდებლობის, თავისუფლების, სუვერენიტეტის სრული დაკარგვა და ქვეყნის დეზინტეგრაცია. მით უმეტეს, კარგია, როცა ამას აცნობიერებს ბევრი ის ადამიანი, რომელიც სხვადასხვა დროს ამ რეჟიმის ჩამოყალიბებას ნებსით თუ უნებლიეთ, ცნობიერად თუ გაუაზრებლად შეუწყო ხელი. ახლა საერთო-სახალხო პროტესტის დროა, ამ პროტესტში ნებისმიერი „მეთერთმეტე ჟამის მუშაკის“ შემოერთება მხოლოდ მისასალმებელია. ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ, მომავალი უნდა შევქმნათ ერთად, თანაც შეცვლილ საერთაშორისო გარემოში.
_ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, ჩიხში შესულმა „ქართულმა ოცნებამ“ „სცადოს არჩევნები“, მან ასევე ისაუბრა რეჟიმის საყრდენ ბიზნესმენებზე, რომლებიც უკვე წუხან მოსალოდნელ შედეგებზე. მისი თქმით, სანქციების ეფექტი უკვე მოქმედებს. რას იტყვით ამ საკითხზე?
_ სანქციებს აუცილებლად ექნება ეფექტი. ვერ ვიტყვი, რას გულისხმობდა სალომე ზურაბიშვილი ან მას თუ აქვს რამე დამატებითი ინფორმაცია, მაგრამ რა ინფორმაციაც ზოგადად მოდის, მიანიშნებს, რომ ბიზნესის წარმომადგენლები, რომელთაც მართლა აქვთ ბიზნესი, შეწუხებული არიან ქვეყანაში ეკონომიკის მდგომარეობის პოტენციური გაუარესებითა და პერსონალური ფინანსური სანქციებით. ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა გზით ცდილობს, დასანქცირებულთა სიაში არ მოხვდეს.
_ სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ „3+3 ფორმატში“ საქართველოსთვის კარი ღია იქნება. მისივე თქმით, „ამან შური გაუჩინა აშშ-ის ყოფილ ადმინისტრაციას“. რას იტყვით ამის შესახებ?
_ ზოგადად არ მგონია „3+3“ სიცოცხლისუნარიანი პროექტი. „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტად სურს, რომ ეს ფორმატი ცოცხალი იყოს, ვიდრე ის სინამდვილეში არის. ივანიშვილის ინტერესშია საქართველოდან დასავლეთის გაძევება და აქ მეტი რუსეთი. ამ მიზნის მისაღწევად ის ყველა გზას იყენებს, მათ შორის, ძალიან სარფიანად ყიდის „3+3 ფორმატს“. ის გამოყენებულია პროპაგანდისტული მიზნებისთვის. ივანიშვილის ინტერესი საქართველოს რამე ფორმატში ხილვა კი არ არის, არამედ მისი ინტერესია საკუთარი სიმდიდრის მოვლა და ამ მიზნის მისაღწევად ის მზად არის, მოსკოვს ლანგარზე მიართვას საქართველოს დამოუკიდებლობა.
_ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ რიტორიკას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ მხოლოდ კრემლი იწონებს. ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინას შეეძლო ომი არ დაეწყო, „ქართულ ოცნებაში“ გამოცოცხლება მოყვა. მაგალითად, მამუკა მდინარაძე აცხადებს, მათ შეძლეს ომის თავიდან აცილება, ხოლო პროევროპული აქტივისტები ომისკენ უბიძგებდნენ. რას იტყვით ამ საკითხებზე?
_ მგონია, ჯერ ადრეა ტრამპის პოლიტიკის შეფასება. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქვა შეიძლება, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა გარკვეული ცვლილების პროცესშია. რამდენად ფუნდამენტური იქნება ეს ცვლილება, ამის დანახვას ჯერ დრო უნდა. ჩემი ხედვით, „ქართულ ოცნებას“ ძალიან ეშინია ტრამპის ადმინისტრაციის, მაგრამ ის სარგებლობს ქართული საზოგადოების ჩაუხედაობით საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში და ყიდის ტყუილებსა და პროპაგანდას.