QronikaPlus
ვანო წერეთელი: „ბიძინა ივანიშვილს სურს, დაპირისპირების საფუძველზე შეინარჩუნოს ძალაუფლება“

ვანო წერეთელი: „ბიძინა ივანიშვილს სურს, დაპირისპირების საფუძველზე შეინარჩუნოს ძალაუფლება“

2025-01-23 08:31:52

ირინა მაკარიძე

ერთის მხრივ, გვაქვს ხელისუფლება ლეგიტიმაციის პრობლემით, რომელიც აცხადებს, რომ ოპოზიცია ვერ ამტკიცებს არჩევნების გაყალბებას. ფაქტია, დასავლური სამყარო ამ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციას არ აძლევს. მეორე მხრივ, გვაქვს უწყვეტი სამოქალაქო პროტესტი, რომლის დამსახურებაცაა, მათ შორის, ის, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას დასავლური სამყარო არ ცნობს.

უპრეცედენტო პროტესტი ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, აგერ უკვე, 50 დღეზე მეტია, გრძელდება, _ ქვეყანაში შექმნილი ვითარების, არსებული გამოწვებებისა და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გზების შესაახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ისტორიკოსი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ვანო წერეთელი:

_ ეს არის ე. წ. ხელისუფლება, რადგან თვითაღიარებული ხელისუფლებაა. ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლებას არ აქვს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ პროტესტია. ეს პროტესტი იმიტომ არის, რომ ამ ადამიანებმა მოიპარეს, გააყალბეს არჩევნები. ამის მტკიცებულებები ჩვენმა კოალიციამ წარმოუდგინა საზოგადოებას, 4-საათიანი პრეზენტაცია გვქონდა, რომელიც გადაიცემოდა პირდაპირი ეთერით.

_ „ოცნება“ მიიჩნევს, რომ არ არის ეს საკმარისი მტკიცებულება...

_ რა თქმა უნდა, ასე იტყვის. დაგეგმილი, წინასწარ გაყალბებული არჩევნების შესახებ, აბა, რას იტყვის? მაგრამ ეს არ არის აქ მთავარი. მთავარი არის, თუ რას ამბობს ქართველი ხალხი და რას ამბობს საერთაშორისო თანამეგობრობა. პირველ რიგში, ვგულისხმობ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დამკვირვებლების სახით იყვნენ საქართველოში ჩამოსულები. ისინი არიან ობიექტურები, მათ შორის, ეუთო/ოდირი, რომლის ანგარიშიც მკაფიოდ ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა. ეუთო/ოდირი შეფასებას არ აკეთებს, ყვება და აღწერს იმ მოვლენებს, რაც საქართველოში იყო და აქედან ადამიანებს დასკვნა უნდა გამოჰქონდეთ. წაკითხულის გააზრების პრობლემა, არ მგონია, რომ ან ჩვენ გვაქვს, ან კიდევ იქ, დასავლეთში მაღალი რანგის პოლიტიკოსებს. ამიტომ ძალიან კარგად იკითხება, რას ამბობს ეუთო/ოდირი _ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, ეს არ იყო თავისუფალი გარემო, არ ჰქონდა ყველას თანაბარი უფლება, არ იყო არჩევნები გამჭვირვალე და რაც ყველაზე მთავარია, არ იყო დაცული ფარულობა. ვგულისხმობ, ჩვენს პოლიტიკურ სლენგზე რომ ვთქვა, _ გაჟონვას. ადამიანი როდესაც მიდიოდა საარჩევნო უბანში, ძალიან კარგად ჩანდა, ვის აძლევდა ხმას. ეს იცის ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ, ეს არის სწორედ არალეგიტიმაციის საფუძველი. ოპოზიციურმა ფლანგმა არჩევნები მოიგო, ანუ პროდასავლურმა ხაზმა გაიმარჯვა. ამას ლოგიკური ახსნაც აქვს, 90 პროცენტმა  საქართველოში თავის დროზე ხმა მისცა ევროპისკენ მიმავალ გზას. ახლა როგორ შეიძლება, აბა, სხვაგვარად იყოს? ესეც არის ძალიან ლოგიკური არგუმენტი. მას შემდეგ, რაც მკაფიო გახდა, რომ „ქართული ოცნება“ კონსტიტუციას არღვევს, გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან, ვგულისხმობ 78-ე მუხლს, სადაც მკაფიოდ წერია, რომ ევროპული გზიდან არც ერთმა  ხელისუფლებამ არ უნდა გადაუხვიოს, ამას, რა თქმა უნდა, პროტესტი მოჰყვებოდა. ეს პროტესტი დგას სწორედ იმაზე, რომ პროდასავლურმა ოპოზიციამ მოახერხა, ხალხი დააჯერა, რომ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის დამარცხება იყო შესაძლებელი, ადამიანები მივიდნენ უბნებამდე და საკუთარ არჩევანს მისცეს ხმა. პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლები ისე იყვნენ გაშლილები ამ ბრძოლის ხაზე, საარჩევნო კომბინაცია ისე დალაგდა, რომ ყველას ჰქონდა საშუალება, მისი გემოვნებისთვის მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი პარტია მოეძებნა. რეალურად, ეს ხალხი ხმას აძლევდა ევროპულ განვითარებას. ამაზე დგას დღევანდელი პროტესტი, რომელიც, ალბათ, მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. მე ისტორიკოსი ვარ, კარგად ვიცი, მით უმეტეს, საქართველოს დამოუკიდებლობის წლები. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პერიოდი გავიარეთ, ასეთი მასშტაბური პროტესტი არ ყოფილა, გეოგრაფიულად ასე განფენილი _ ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ხაშური, შემიძლია ისეთი ქალაქების ჩამოთვლა, სადაც არასდროს ყოფილა საპროტესტო მოძრაობა.

_ ფაქტია, რომ უწყვეტი პროტესტი დაიწყო 28 ნოემბრის კობახიძის განცხადების შემდეგ და არა არჩევნების შედეგების გამოცხადებისას, ამაზე რას იტყვით? 

_ არჩევნების გამოცხადებისთანავე  პოლიტიკურმა პარტიებმა დავიწყეთ შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც პირველ რიგში იყო გასაკეთებელი. მაშინ, ვისაუბროთ იმაზე, თუ ვის მისცა ამ ხალხმა ხმა. ამ ადამიანებმა ხმა მისცეს პროდასავლურ განვითარებას. ახლა პროტესტის ავანგარდში ეს ხალხი დგას. ეს პროტესტის ტალღა არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც მართვა არ სჭირდება, თავის თავს მართავს პროტესტი. დილით ადამიანები რომ მიდიან სამსახურში, ყველამ იცის, რომ რაღაც დრო, რამდენიმე საათი უნდა გამოყოს რუსთაველზე მისასვლელად და ამის მიხედვით ალაგებს საკუთარ ცხოვრებას. ეს განსხვავდება იმ პროტესტებისგან, რაც აქამდე გვინახავს, როდესაც პროცესები პოლიტიკური ელიტების მიერ იყო მართული. გამოკვეთილი ლიდერები ჰყავდა ყველა პროტესტს, ზვიადისა და მერაბით დაწყებული, მოყოლებული ბოლო დრომდე, ვიდრე ხალხმა არ აიღო პროტესტის მართვის სადავეები ხელში. რა თქმა უნდა, ეს პროტესტი აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით.

_ ამ პროცესში ჩვენ ვნახეთ კიდევ უფრო გაშიშვლებული სახე „ქართული ოცნების“. ვხედავთ ძალადობების სერიას მოქალაქეების მიმართ, ანგარიშწორებებს პოლიტიკოსებისა და ჟურნალისების წინააღმდეგ. ვნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გაფიცულ ადამიანებს თავს დაესხნენ და გაირკვა, რომ ისინი იყვნენ მერიის თანამშრომლები, ამ ორკესტრირებული ძალადობების შესახებ რას იტყვით?

_ არ გაგიკვირდეთ, ეს არის ძალიან ლოგიკური და ბუნებრივი, როგორც იქცევა ახლა „ქართული ოცნება“. მას ამიტომაც დაერქვა „ქართული კოშმარი“, თუ დავაზუსტებთ _ „რუსული კოშმარი“. ეს არის აბსოლუტურად რუსული შინაარსის მართვის ფორმა და მიდგომები. ანუ „ქართული ოცნება“ ახლა   თვითგანადგურების გზაზეა. თავის ბოლო ჟამს ითვლიან და „კუდის მოქნევას“ ცდილობენ ამ ძალადობებით. გახსოვთ, ზაფხულშიც რას აკეთებდნენ? _ იყო სატელეფონო ზარები და მუქარები, ადამიანებზე დახვედრები და თავდასხმები, მაგრამ არაფერმა საქართველოში არ იმუშავა. გამოჩნდა, რომ ამ ხალხს არაფრის შეეშინდა. არ მინდა გადაჭარბებით ვილაპარაკო, მაგრამ ეს არის ფაქტი. ეს ხალხი საკუთარი თავისუფლებისთვის, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობისთვის, საკუთარი შვილების მომავლისთვის იბრძვის. მათ რა შეაშინებს? რომელი ზონდერი, მერიაში დასაქმებული, ან კიდევ ნარკოტიკზე ჩამოკიდებული „ტიტუშკა“ დააშინებს? კადრებს თუ შეხედავთ, ჩხუბიც კი არ იციან, იმიტომ რომ მათ მხარეს არ არის სიმართლე. მათ იციან, რომ ეს არის ვალდებულება, რომელიც უნდა აჩვენონ დამკვეთს, რომელიც, საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილია. ჩანს, რომ ძალადობის მექანიზმებით ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას. ამის გამოხატულება იყო აბუდაბიში მომხდარი ამბავიც, ამის გამოხატულება იყო მათ ყოფილ თანაგუნდელსა და ახლა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმა. ეს არის აბსოლუტურად ბინძური, უკანონო მეთოდები. კანონი და სამართალი მათთვის არ არსებობს, ასე ცდილობენ მიტაცებული, უზურპირებული ძალაუფლება შეინარჩუნონ. აქ ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილს უნდა ისეთი მმართველობის დამყარება, როგორიც არის ბელარუსში, რაც გამორიცხულია. ეს თავისუფალი ქვეყანაა, სადაც 90-იანი წლების შემდეგ ამ დამოუკიდებლობისა და თავისულფების შენარჩუნებისთვის ვიბრძვით...

_ რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს, რომ საქართველოში ვერ მოხდება ისეთი რეჟიმის დამყარება, როგორიც არის რუსეთსა და ბელარუსში? ჩვენ ვიცით, რომ იქაც იბრძოდნენ ადამიანები, იყო მასობრივი გამოსვლები, ასევე მასობრივი დაჭერები, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს, რა გვაძლევს იმის იმედს, რომ ანალოგიური არ მოხდება საქართველოში?

_ კარგი კითხვაა, თუმცა დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ თვისობრივად განსხვავებული ერი და საზოგადოება ვართ ბელარუსთან შედარებით. ამ გამოსვლებისა და პროტესტების შინაარსობრივი მხარე აბსოლუტურად სხვაგვარი იყო. პროტესტის შინაარსი ბელარუსში გულისხმობდა ერთი კონკრეტული ლიდერის წინააღმდეგ ბრძოლას, ანუ წმინდად პოლიტიკური ამბავი იყო, საქართველოში ეს ბრძოლა, პოლიტიკის გარდა, იდენტობასთან არის დაკავშირებული. ახლა ჩვენ ვიბრძვით ჩვენი იდენტობის გადასარჩენად, რაც გამოხატულია „ვინ ვარ მე?“ ამ მთავარ კითხვაზე პასუხით: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე _ ევროპელი“. ჩვენ ვართ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი საზოგადოება. ისტორიასაც რომ გადავხედოთ, საქართველოს იდენტობა დამყარებული არის ერთ ძალიან კარგ წინადადებაზე, რომლის ფორმულირება ილია ჭვაჭავაძემ შემოგვთავაზა: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“. ეს არის ქვეყნის გადარჩენის, არსებობის ქვაკუთხედი. მთელი ისტორიის განმავლობაში ამისთვის ვიბრძოდით და ამისთვის ვიბრძვით ახლა _ ეს არის ბრძოლა იდენტობის შესანარჩუნებლად.

_ ჩვენ თავისუფლება გვინდოდა წინა საუკუნის 20-იან წლებში, მაგრამ მაშინ ვერ შევძელით, რატომ შევძლებთ ახლა?

_ ხშირად ამბობენ ადამიანები, რომ ისტორია მეორდება და რაღაც პარალელების გავლება გვიყვარს, მაგრამ აკადემიური გაგებით, ისტორია არასდროს მეორდება. კითხვა დავსვათ, _ ის ხალხი, რომელსაც მაშინ, 1918 წელს, ერგო დამოუკიდებლობის გამოცხადება, იყო თუ არა მზად ამისთვის, თუ ეს გარემო პირობებმა შექმნა? მეორე _ რაც შეეხება ევროპის მხარდაჭერას, მაშინ მხარდაჭერა იმ მასშტაბის რომ ყოფილიყო, როგორიც თუნდაც ახლა გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, მაშინაც შევინარჩუნებდით თუნდაც იმ „თავსმოხვეულ“ დამოუკიდებლობას. ახლა გაცილებით მომგებიან მდგომარეობაში ვართ, ეს დიდწილად, რა თქმა უნდა, არის ჩვენი დამსახურება, იმ ბრძოლის დამსახურება, რომელსაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, გავდივართ, რამდენიმე ომი იყო მათ შორის. არც ერთ ხელისუფლებას არ გადაუხვევია ამ გზიდან, რაღაცებზე შეიძლება ვიღაცებს მოედავო, მაგრამ არც ერთ ხელისუფალს, ზვიად გამსახურდიადან დაწყებული, გარდა ივანიშვილის ხელისუფლებისა, არ გადაუხვევია ამ გზიდან, რომ მთავარი მიზანი დამოუკიდებლობა და დასავლურ ინსტიტუციებში გაწევრიანება იყო. ახლა ჩვენ მოცემულობა გვაქვს ასეთი: თავად ევროპა არის მზად იმისთვის, რომ, მათ შორის, რაღაცებზე თვალის დახუჭვით, მიგვიღოს იმ სტრუქტურებში, რომლისთვისაც ამდენი ხანი ვიბრძვით. ასეთი ღია ევროკავშირი არასდროს ყოფილა. ასეთი ღია, მათ შორის, ნატო-ც არასდროს ყოფილა. ამას მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი უკრაინაში წარმოებულმა რუსეთის ომმა. ამ ომმა მოახერხა დანახვება ევროკავშირისა და დასავლეთისთვის რეალობის, რაც ვერ მოვახერხეთ ჩვენ 2008 წლის ომის დროს. ახლა აღიარებენ ამას, რომ 2008 წელს რომ ეგრძნოთ ის საფრთხე, რის შესახებაც ჩვენ აქედან ვეუბნებოდით, გაცილებით უკეთესს  მდგომარეობაში იქნებოდა თანამედროვე სამყარო ახლა. იმის დაშვებაც შეიძლება, რომ შესაძლოა, უკრაინის ომი აღარ მომხდარიყო. ახლა უკრაინის ომისა და კიდევ ბევრი მიზეზის გამო მკაფიო ხაზგასმაა, შუა აღარ არსებობს, უნდა იყო რომელიმე სივრცის ნაწილი. ჩვენ ვართ დასავლეთი, თვითაღქმაც ასეთი გვაქვს, რომ ვართ ევროპა. ევროპაც აღიარებს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ევროპის ნაწილი იმაზე უფრო სწრაფად გავხდებით, ვიდრე ოდესმე. ამდენად, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას თუ ჩამოვიცილებთ, მაშინ გაიხსნება ის გზა, რომელზეც ჩვენ ამდენი წელია, ვდგავართ.

_ თუკი ვაღიარებთ, რომ ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელსაც, იდეაში, მხარს დაუჭერს რუსეთი, მაშინ ბრძოლა უფრო რთულდება. რა იტყვით ამ კუთხით ოპოზიციის სტრატეგიაზე? როგორი უნდა იყოს ბრძოლა დიქტატორის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერს, ჯერჯერობით მაინც, ძლიერი დიქტატორული სახელმწიფო?

_ არ მინდა ზედმეტად გავაუბრალოო რუსეთის ძალა, მაგრამ ახლა რუსეთი ისეთი ძლიერი ვეღარ არის. 20 იანვრის მოლოდინი ბიძინა ივანიშვილსა და მის ხელქვეითებს რატომ აქვთ? ამბობენ, ტრამპი მოვა და ყველაფერი შეიცვლებაო. იმიტომ, რომ თავად რუსეთსა და პუტინს ჰქონდა ამის მოლოდინი, რომ ტრამპის ხელისუფლებასთან რაღაცას „დაალაგებდა“ უკრაინასთან მიმართებით, მაგრამ გაირკვა, რომ ეს ასე არ მოხდება. ამიტომაც დაიწყო საქართველოსა და რუსეთშიც იმაზე ლაპარაკი, რომ თუ დაამარცხებს ტრამპი „დიფ სტეიტს“, მაშინ გადაიტვირთება ყველაფერი. რატომ გაჩნდა „თუ“? იმიტომ, რომ იციან, _ ძლიერი ამერიკა ნიშნავს მის სუსტ მტრებს. აშშ-ის მტრების სიაში რუსეთი პირველი აღარ არის, რადგან რუსეთი არის დაღმავლობის გზაზე მდგარი იმპერია. ის არის წარსულის გადმონაშთი. ამიტომ ვფიქრობ, რომ რუსეთი ახლა არის იმაზე სუსტი, ვიდრე ოდესმე.

_ რაც შეეხება ოპოზიციის სტრატეგიას ამ ვითარებაში, ამაზე რას იტყვით?

_ ეს არის შიდაკავკასიური პარტნიორობის გაძლიერება, ვგულისხმობ, მუდმივ საუბრებს ჩვენს მეზობლებთან _ სომხეთთან, აზერბაიჯანთან. ახლა სომხეთში დასავლეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით ძალიან კარგი პროცესები მიმდინარეობს. მეორე _ ეს არის პარტნიორობის გაძლიერება და კონტაქტზე ყოფნა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ამის დადასტურება არის ახლა აშშ-ში ერთ-ერთი ოპოზიციური კოალიციის („ძლიერი საქართველოს“) სტუმრობა, რომელიც ახმოვანებს არა მხოლოდ ერთი კოალიციის, არამედ ოპოზიციური პარტიების შეხვედრების შედეგად მიღწეულ, შეთანხმებულ პოზიციას. ეს არის მთავარი საყრდენი _ ჩვენს პარტნიორებს კიდევ უფრო მეტად უნდა გავუღრმავოთ ის პოზიცია, რაც აქვთ, რომ მათი მხარდაჭერა იყოს ძალიან ქმედითი.

_ თქვენ აშშ-ის მტრებზე საუბრობდით და საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას „აშშ-ის თვითგამოცხადებული მტრები“ უწოდეს. რამდენად იქნება საკმარისი დასავლეთის ეს დამოკიდებულება, მხედველობაში მაქვს სანქციები, განცხადებები, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ბრძოლასთან ერთად, რომ რეჟიმმა უკან დაიხიოს და დანიშნოს ახალი არჩევნები, ასევე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები?

_ აქ მთავრია ქართველი ხალხის ბრძოლა _ ამაზე დგას ყველაფერი, ქართული საზოგადოება ქუჩაში, _ ეს არის მთავარი საყრდენი, ამას დამატებული ჩვენი დასავლელი პარტნიორების დიდი მხარდაჭერა, რაც აუცილებლად იმუშავებს. ამ ძალადობის სირთულე და სიმარტივე რა არის? ერთ კაცზე, ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული ყველაფერი. ამიტომ „ქართულ ოცნებას“ ახლა აქვს ძალიან დიდი შიში, _ შიში ქართველი ხალხის და შიში ბიძინა ივანიშვილის, რომ ის ისე არ გაურიგდეს დასავლეთს, რომ ის, როგორც ინდივიდი, დარჩეს მომგებიან პოზიციაში, დანარჩენი კი გაწიროს. ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი არის თავისი ფული და ქონება. თუ მის ფულსა და ქონებას არ შეექმნება პრობლემა, ხვალვე დათმობს იმას, რის დათმობასაც ჩვენ ვითხოვთ და საერთოდ არ გაითვალისწინებს არც ერთ მის ქვეშევრდომს. ჩვენ მოვისმინეთ, როგორ საუბრობს ის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, „რაც გინდათ, ის დაუძახეთო“, ანუ რაც გინდათ, ის გაუკეთეთ, რაც ერთგვარი წინასწარმეტყველება შეიძლება აღმოჩნდეს „ქართული ოცნებისთვის“. ყველამ კარგად იცის და მათ შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმაც, ხვალ თუ აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუწია დათმობა, და ეს აუცილებლად მოხდება, ის ერთი წამითაც არ გაითვალისწინებს არც ერთ მის ქვეშ მდგომს. ეს შიში აზანზარებთ, ეს ზანზარი, შიგნით არსებული რყევა იგრძნობა, ვიცით, საქართველო პატარა ქვეყანაა და არაფერი იმალება. ტელევიზორში რომ უნდათ აჩვენონ, თითქოს რაღაც ძალა აქვთ და ხელ-ფეხს იქნევენ, ეს პირიქით, მათი სისუსტისა და რყევების მაჩვენებელია. არ ვიცი, კონკრეტულად, როდის ან რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა უკან დაიხიოს, მაგრამ ვიცი, რომ ეს აუცილებლად მოხდება.

_ მინდა გკითხოთ ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის მოლაპარაკებებსა და საერთო სტრატეგიაზე. სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილი ხშირად ამბობს მოქალაქეებთან, რომ „თუ არ მოგწონთ არსებული პარტიები, თვითონ შექმენით. რას იტყვით ამ ყველაფერზე?

_ ძალიან სწორი ნათქვამია, თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, მაშინ თვითონ უნდა გააკეთოს, მეც პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება ამან მიმაღებინა, _ თუ გინდა, რომ ეს ქვეყანა იყოს ისეთი, როგორიც წარმოგიდგენია, მაშინ თუ არ მოგწონს ვიღაცის ნაკეთები, მიდი და შენ მოსინჯე! ეს ძალიან სწორი განცხადებაა, _ თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, მაშინ თავად სცადოს. ეს არის ძალიან სწორი მიდგომა, ზოგადად, თავად სალომე ზურაბიშვილიც ასე იქცევა, ის არ მიმართავს სხვებს, ის თავად აკეთებს, რასაც საჭიროდ მიიჩნევს.

_ ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მან თავად შექმნას პარტია, კონკურენტი გახდეს და არა ოპოზიციის გამაერთიანებელი?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით, ეს, ალბათ, თავად სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ. კონკურენცია, ალბათ, იქნება, მაგრამ მთავარია, ჩვენ ვთანხმდებით ბრძოლისა და მიზნების გენერალურ ხაზებზე. ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა შეხვედრებმა ეს დაგვანახა, რომ მთავარი ხაზი არის პოლიტპატიმრების გამოშვება და ახალი არჩევნების დანიშვნა, ეს არის გამოსავალი ამ მდგომარეობიდან. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ის არის დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე და პარტია უნდა ჩამოაყალიბოს, მე მხოლოდ მივესალმები ამას, თუკი ეს ბრძოლას გააძლიერებს. სხვა შემთხვევაში, პრეზიდენტი არის ძალაუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წყარო ახლა საქართველოში, ეს აღიარებულია, როგორც საქართველოში მოქალაქეების მხრიდან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. საგარეო მიმართულებით მასზე იქნება ძალიან ბევრი რამ დამყარებული და საქართველოშიც გამაერთიანებლის როლის თამაშიც, ვფიქრობ, რომ მას შეუძლია.

_ მან ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებაში ან იმგვარი ვითარების შექმნაში, რომ ამ დაპირისპირების შიში გაჩნდეს. ამის შესახებ რას იტყვით, რამდენად არის ახლა სიტუაცია ისე მოჭიმული, რომ არსებობდეს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე?

_ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნამდვილად სწორად არის მიმართული ეს ბრალდება, რომ მას სურს სწორედ ამ დაპირისპირების საფუძველზე შეინარჩუნოს ძალაუფლება. ეს არის სწორედ რუსული მეთოდები _ ნებისმიერი საშუალებით, ადამიანების ერთმანეთზე გადაკიდებით, დიდხანს იარსებოს. სწორედ 15 იანვარს დოლიძის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბიც ამის გამოხატულება იყო, სადაც თითქოს მოქალაქეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაგრამ მეორე დღესვე გახდა ცნობილი, რომ სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი მოქალაქეები კი არ ჩხუბობდნენ, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული მერიის თანამშრომლები მიზანმიმართულად მოვიდნენ და თავს დაესხნენ გაფიცულ, თავისუფალ მოქალაქეებს. ცხადია, რომ ისინი ვალდებულები იყვნენ, რადგან ხელფასს იღებენ არა თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის, არამედ ზონდერობისთვის. ამას ძალა არ აქვს. სამოქალაქო დაპირისპირებას სჭირდება ორი იდეოლოგიური მძლავრი ცენტრი ერთმანეთის პირისპირ. 90-იან წლებში ამიტომაც მოხერხდა ამ დაპირისპირების პროვოცირება, ახლა საქართველოში მოქალაქეების 90 პროცენტი არის ერთ პოზიციაზე, დანარჩენი რეჟიმის მხარესაა, არიან ფულზე დამოკიდებულები, მარტივად რომ ვთქვათ, ბიძინა აჭმევს ამ ხალხს. ამდენად, საქართველოში არ არსებობს მეორე მხარე. არსებობს ერთი მხარე, რომელსაც უნდა დასავლეთი და ამის გამო უნდა ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გამოშვება, მეორე მხარესაა ბიძინა ივანიშვილი და მისი მონები. ამიტომ სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას ისინი ვერ შეძლებენ.

გაზიარება