QronikaPlus
ირაკლი შაიშმელაშვილი: „ეს მოვლენები ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიის ფურცლებზე“

ირაკლი შაიშმელაშვილი: „ეს მოვლენები ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიის ფურცლებზე“

2025-01-23 07:47:17

მიხეილ ხაჩიძე

მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი თანამდებობიდან გადადგა.

პოსტის დატოვების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის გაგზავნილი პატაკი შაიშმელაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

სამინისტროდან წასვლიდან მალევე, 23 დეკემბერს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა, ოჯახთან ერთად ქვეყანაც დატოვა. მან ფოტო აეროპორტიდან სოციალურ ქსელში გაავრცელა და დაწერა:

„ამ ეტაპზე მინდა შემოვიფარგლო მხოლოდ მადლობით. გიორგი ჩიკვაიძე, სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ის საელჩო საქართველოში.

განსაკუთრებული მადლობა იმ უცხო ადამიანებს, რომლებმაც წარმოუდგენელი მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს. იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა, ეს პატივისცემა ღირსეულად გადავიხადო. P. S. მალე დაგიბრუნდებით“.

ამის შემდეგ კი გაჩნდა უამრავი კითხვა, პასუხებიც კი მალევე თავად ირაკლი შაიშმელაშვილმა გასცა. ის მედიასთან კარგ ურთიერთობაშია, კონტაქტურია და ინტერვიუებზე ყოველთვის თანახმაა. კარგი მოსაუბრეა და ღიაა. „ქრონიკა+“-მა მასთან ინტერვიუ დისტანციურად ჩაწერა.

ირაკლი შაიშმელაშვილი ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებშია ოჯახთან ერთად და ახალ ცხოვრებას იწყებს ემიგრაციაში. ამბობს, რომ ეს პროცესი რთულია, რადგან 22 წელი ფორმა ეცვა და ამ რეჟიმით ცხოვრობდა, მისი ნაწილი იყო. „შესაბამისად, ძალიან რთულია ადაპტაციის პროცესი და ეს გარდამავალი ეტაპი შესაძლოა, წლები გაგრძელდეს. ბუნებრივია, მენატრება არა მარტო საქმიანობა, მენატრება ქვეყანა“, _ ამბობს პოლკოვნიკი.

როგორც ინტერვიუდან ხდება ცნობილი, მას არცერთი ყოფილი თანამშრომელი არ შეხმიანებია. იცის, რომ ყველა მათგანი ეყოლებათ კონტროლზე ზეწოლის ქვეშ, რაც, მისივე თქმით, რეჟიმის ხელწერაა.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი აცხადებს, რომ საზოგადოებამ უნდა შეძლოს ეროვნულ ინტერესებზე კონსოლიდაცია და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ბელადომანია საქართველოში. „ის მუხტი, ის სტიმული, რაც დღეს არსებობს, წარმოუდგენელია ჩააქრონ, ამიტომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ახალგაზრდები აუცილებლად გაიმარჯვებენ და საქართველო, როგორც ქვეყანა, გადარჩება“, _ აცახდებს ირაკლი შაიშმელაშვილი.

_ ბატონო ირაკლი, პირველ რიგში, როგორ ხართ, როგორ დაბინავდით და როგორ მოეწყვეთ?

_ გმადლობთ, ახლა უკვე, შეიძლება ითქვას, კარგად და ნელ-ნელა დავიწყე იმ გზის გავლა, რასაც ემიგრაციაში მცხოვრები მოქალაქეები გადიან. მთავარია, უსაფრთხოდ ვართ და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ცალკეულ ადამიანებს, რომლებმაც წარმოუდგენელი მხარდაჭერა გამიწიეს. ალბათ მომეცემა ამის შესაძლებლობა, ხმამაღლა და საჯაროდ ვთქვა მათი სახელები და გვარები.

_ მგონი, ერთგვარი ახალი თავია თქვენს ცხოვრებაში, როგორია ამერიკული რეალობა?

_ კი, ნამდვილად ასეა. ფაქტობრივად, სამ დღეში მივიღეთ გადაწყვეტილება, ოჯახით დაგვეტოვებინა ქვეყანა და ეს არ იყო მარტივი გზა ამერიკამდე და არც დაგეგმილი, რომ მარტივად შეგვძლებოდა ცვლილებებთან გამკლავება. თუმცა აშშ არის ქვეყანა, სადაც ადამიანის ფუნდამენტური ღირებულებები დაცულია, პატივს სცემენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კანონიერების უმაღლესი სტანდარტები არსებობს, რითაც გრძნობ შენს როლსა და ფუნქციას ამ სამყაროში.

ამერიკული ცხოვრება ისეთი ნამდვილად არ არის, რაც ბავშვობაში ფილმებში მაქვს ნანახი, თუმცა აქ არის უსაზღვრო შესაძლებლობები, ისწავლო, იმუშაო და განვითარდე. ამ ეტაპზე ჩვენი ოჯახის გამოწვევა ბავშვები არიან (მათი სასწავლო პროცესში ინტერგირების საკითხების მოგვარება) და მჯერა, რომ სხვა სირთულეებიც დაიძლევა.

_ თქვენი საქმიანობა, სამსახური ხომ არ გენატრებათ, საქართველოში?

_ 22 წელი როდესაც ფორმა გაცვია და რთული რეჟიმით ცხოვრობ, კი არ ეჩვევი, მისი ნაწილი ხდები. შესაბამისად, ძალიან რთულია ადაპტაციის პროცესი და ეს გარდამავალი ეტაპი შესაძლოა, წლები გაგრძელდეს. ბუნებრივია, მენატრება არა მარტო საქმიანობა, მენატრება ქვეყანა, გარემო და ის სოციალური წრე, სადაც ვცხოვრობდი. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მჯერა, ეს სიგიჟე, რაც დღეს საქართველოში ხდება, მალე დასრულდება და დავბრუნდები.

_ აწ უკვე ყოფილი კოლეგები ხომ არ შეგეხმიანნენ საქართველოდან? როგორია მათი რეაქცია და დამოკიდებულება თქვენი ამ გამბედავი გადაწყვეტილების შესახებ?

_ სამწუხაროდ, არავინ შემხმმიანებია და, შესაბამისად, არ ვიცი მათი რეალური განწყობა, თუმცა ვიცი, რომ ისინი ეყოლებათ კონტროლზე ზეწოლის ქვეშ, რაც ამ რეჟიმის ხელწერაა.

_ როგორ შეაფასებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს? უკვე 50 დღეა, უწყვეტი აქციები მიმდინარეობს.

_ ჩემი აზრით, დღეს რაც საქართველოში ხდება (უწყვეტ საპროტესტო აქციებს ვგულისხმობ), ერთვარად მგონია, რომ ეს ერის თვითგამორკვევის პროცესია და ალბათ ახლა უნდა გაიაროს ქვეყანამ ეს ურთულესი გზა. საზოგადოებამ უნდა შეძლოს ეროვნულ ინტერესებზე კონსოლიდაცია და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ბელადომანია საქართველოში. ის მუხტი, ის სტიმული, რაც დღეს არსებობს, წარმოუდგენელია ჩააქრონ. ამიტომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ახალგაზრდები აუცილებლად გაიმარჯვებენ და საქართველო, როგორც ქვეყანა, გადარჩება.

_ აქციებზე თქვენც იყავით და თქვით, რომ აღფრთოვანდით იქ მყოფი ახალგაზრდობით, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის ციტატებით საუბრობენ და პარალელი გაავლეთ ჩინოვნიკებთან, რომლებმაც შეიძლება ჯავახიშვილი არც კი იციან, ვინ არის. 

_ სამწუხაროდ, დღეს მაღალ თანამდებობაზე დანიშნულნი არიან გაუნათლებელი ადამიანები, რომლებმაც თანამდებობები მიიღეს ან ახლობლობით, ან უპირობო მორჩილების გამოხატვით. შეიძლება ითქვას, რომ ე. წ. ლუზერები, რომლებსაც არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ და შესაბამისად, არსებული პოზიციების შესანარჩუნებლად ყველაფერს იკადრებენ. საქართველოს გარუსებას ტაშს უკარავენ, ამაზე უარესი რაღა უნდა იაკდრონ?!

რაც შეეხება აქციაზე მყოფ მოქალაქეებს, იქ არიან სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები: პედაგოგები, პროფესორები, ხელოვანები, სტუდენტები, ასაკიანი ადამიანები, უბრალოდ, გულანთებული მოქალაქეები, რომელთა მიმართ გაუგონარი შეურაცხყოფა მოდის სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან. განსაკუთრებით ახალგაზრდებზე, სტუდენტებზე, რომელებსაც სამშობლოს ცნება უმაღლეს რანგში ჰყავთ აყვანილი. საქართველოს ისტორიაში მხოლოდ დავით აღმაშენებელი კი არ იციან, არამედ აბსოლუტურად ესმით, რა ჩაიდანა რუსეთმა გასული 224 წლის განმავლობაში. საპირწონედ კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაღალ თანამდებობზე დანიშნულმა ადამიანებმა არათუ ისტორია, წერა-კითხვა შეიძლება არ იცოდნენ. აი, ეს სხვაობაა მათ შორის.

_ მოგვიყევით იმ პროვოკატორებზე, რომლებსაც ე. წ. ხელისუფლება აგზავნის აქციებზე პროვოკაციების მოსაწყობად. ადრეც ისაუბრეთ სხვა მედიასთან, ჩვენც რომ გვითხრათ ცოტა მეტი, თუ შეიძლება.

_ ესენი არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მართული ჯგუფები, რომლებიც შესაძლოა დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურასა და ა(ა)იპებში. მათ დავალებული აქვთ აქციის მსვლელობისას პროვოკაციების მოწყობა (თუკი ექნებათ მსგავსი მითითება). მაგალითად: დააიდენტიფიცირონ აქტიური მოქალაქეები, რომლებიც არიან აჟიტირებულები და მათ მოუწოდონ სამართალდარღვევისკენ (ასეთი ადამიანები მარტივად ებმებიან მათ მახეში), შესაძლოა პირველი ქმედება მათაც განახორციელონ (ნივთის სროლა, გინება, შეურაცხყოფა, რამის ბლოკირება ან ჩაკეტვა და ა. შ.) და ცდილობენ აიყოლიონ ადამიანები. ამით ახდენენ მშვიდობიანი აქციების დამახინჯებას, რათა შეიქმნას დაშლის საფუძველი.

_ რას იტყოდით რეჟიმის პოლიციაზე, მათ ქცევებზე, დამოკიდებულებაზე მოქალაქეების მიმართ? ისინი იგინებიან, სცემენ, თავს ესხმიან მოქალაქეებს, უსწორდებიან სასტიკად, რაც არაერთგზის ვიხილეთ. რაში ჯდება ყოველივე ეს?

_ დღევანდელმა რეჟიმმა პოლიცია აქცია მხარედ, მას დაუკარგა როლი და ფუნქცია, რაც კანონმდებლობით ჰქონდა მინიჭებული. აგრეთვე ის სიყვარული და საპტივისცემა, რომლითაც საზოგადებაში სარგებლობდა გაუნადგურეს. მათი პარტიული და ერთი კაცის ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილებით მთლიანი ინსტიტუცია მოსპეს და დაანგრიეს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თანამდებობაზე ჩამოკიდებული ლუზერებით ცდილობენ მართონ სისტემა.

რაც დეკემბერში ვიხილეთ, ეს იყო არა სამართალდამცველების მოქმედება, რომლებიც იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, არამედ საზოგადოებაზე მიზანმიმართული შტურმი, რათა შეექმნათ შიში შემდგომი აქციების დასრულების მიზნით.

ეს აგრესია, შეურაცხყოფა, ზიზღი არ არის ცალკეული პოლიციელების მიერ გამოვლენილი ქმედება. მსგავსი დამოკიდებულება აქვთ სამინისტროში მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც იგივე ნარატივს ავრცელებენ დაქვემდებარებულ თანამშრომლებში. პრპოგანდის უმაღლესი სტანდარტებით მოქმედებენ.

_ თქვენ ერთგან თქვით, რომ ყველა შეკვეთა მოსკოვიდან მოდის. რას ნიშავს ეს? სად და ვისთან მოდის ეს შეკვეთები და რით ამყარებთ ამ სიტყვებს?

_ ეს არის ძალიან ვრცელი და სენსიტიური საკითხი, რომელიც ერთ კითხვაში ვერ შემოიფარგლება, არამედ ამ საკითხს ცალკე დრო უნდა დაეთმოს, რომ ფართო სპექტრში გამოჩნდეს, სად იკვეთება რუსეთის ინტერესები, როლი და ფუნქცია, ხოლო საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე როგორ ხორციელდება იგი პრაქტიკაში. კონკრეტულად ვისგან და ვისთან მიდის ეს შეკვეთები, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, ვინ არიან ის მაღალი თანამდებობის პირები, რომელებიც პირდაპირ და ირიბად არიან ჩართულები საქართველოს კურსის ცვლილებაში.

_ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა არსებობდეს თუ არა ზოგადად? ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გააუქმებს ამ დაწესებულებას. თქვენი აზრით, უნდა იყოს ის თუ არა და რას ემსახურება კერძოდ მათი საქმიანობა მოსმენებისა და დასმენების გარდა?

_ ამ ეტაპზე რით არის დაკავებული ეს უწყება, მართლა არ ვიცი, თუმცა ის, რომ გასატარებელია მთელი რიგი რეფორმები, ცხადია. არ ვეთანხმები აგრესიულ მიდგომებსა და ხისტ გადაწყვეტილებებს სახელმწიფო ინსტიტუციებთან მიმართებით. ასე მარტივი არ არის, რამე გააუქმო და ახალი შექმნა. საწყის ეტაპზე გაჯანსაღება და ცვლილება უმნიშვნელოვანესია, თუმცა სამომავლოდ რა და როგორ უნდა იყოს, ამას სჭირდება მუშაობა, განხილვები, გეგმები და სტრატეგიები. ჩვენი თვითმიზანია, სახელმწიფოს შექმნა ინსტიტუციების განვითარებით განოხრციელდეს. ეს იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შსს თუ ნებისმიერი სხვა. მე ვიცნობ ადამიანებს და საქართველოს აქვს ამის რესურსი, ვგულისხმობ ინტელექტუალურ რესურსს, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ახალი, სამართლიანი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოს მშენებლობის პროცესში.

_ ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე „ხარებამ“, თქვენ შესახებ ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ის არავინ არის, არაფერს წარმოადგენს, სად წავიდა და მსგავსი რაღაცები _ ირაკლი, თქვენ როგორ უპასუხებთ მას?

_ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა თქვა და არ მომისმენია მისი კომენტარი. გულწრფელად გითხრათ, არც მაინტერესებს ან რას ფიქრობს ან რას იტყვის იგი. ხარებასგან და მისნაირებისგან მე და ჩემნაირი ადამიანები იმით განვსხვავდებით, რომ ჩვენ განათლებული, თავისუფალი, მიუკერძოებელი და სამშობლოზე გულწრფელად შეყვარებულები ვართ. ის და მისნაირები არიან გაუნათლებლები, ყველა ხელისუფლების დროს ბრძანების უყოყმანოდ შემსრულებლები (ახლა თუ ბიძინას სადღეგრძელოს სვამენ ყანწით, 2012 წლამდე მიშას სადღეგრძელოს სვამდნენ და ბიძინას აგინებდნენ). მათთვის სამშობლოს სიყვარული კუჭსა და საფულის სისქეზე გადის.

_ ხარება-შინჯიკაშვილის დაჯგუფებების დაპირისპირების მიზეზები რა იყო, თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია?

_ გიორგი შინჯიკაშვილის მეგობარმა სასტიკად სცემა ხარებას თანამშრომელი (კონფლიქტი დაიწყო სუფრაზე), რასაც შემდგომ მოყვა ჩხუბი. ის ფაქტი, რომ შინჯიკაშვილი თავის დაჯგუფებასთან ერთად გაქცეული იყო ხარებას გამო, სიმართლეა. რაც ვიცი, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შეარიგეს, რადგან „ორივე ქვეყანას სჭირდებოდა“... შინჯიკაშვილი დღემდე ესკორტით გადაადგილდება და კბილებამდე შეიარაღებული ჯგუფი იცავს.

_ თქვენ თქვით, რომ იყო მუქარები თქვენდამი, თქვენი ოჯახისადმი მას შემდეგ, რაც პოსტიდან წასვლის შესახებ განაცხადეთ. რა ტიპის მუქარები იყო და რაში გამოიხატებოდა, უფრო ვრცლად რომ გვითხრათ?

_ შუამავლების მეშვეობით მითვლიდნენ მუქარებს, რომ თუ რაიმე განცხადებას გავაკეთებდი ან რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან ვითანამშრომლებდი, მე ან ჩემი ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაანადგურებდნენ. ხომ იცის, რა შეგვიძლია, რამხელა „ვლასტი“ გვაქვს და მსგავსი საუბრები.

_ ვისგან მოდიოდა ეს მუქარები, ამაზეც ვისაუბროთ.

_ პირდაპირი მუქარები მოდიოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ხოლო „მეგობრული რჩევები“, _ არ დავუპირისპირდე მთავრობას, _ ყველგან, სადაც ვინმე მომინახეს, რომ მოეგზავნათ ან შემოეთვალათ.

_ რას ეტყოდით მკითხველს, საზოგადოებას?

_ დავამატებ მხოლოდ ერთს: მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს ქუჩაში არათუ ჩვენს ევროპულ მომავალს, არამედ საქართველოს იცავს. ამ ბრძოლას აუცილებლებლად ექნება პოზიტიური დასასრული და ეს მოვლენები ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიის ფურცლებზე.

დაბოლოს, მინდა მივმართო ყველა ადამიანს, ვინც დღეს მუნდირს ატარებს საქართველოს დროშით: არასოდეს დაგავიწყდეთ ფიცი, რომელიც სამშობლოს წინაშე გაქვთ დადებული და არა _ პიროვნებების მიმართ. ფორმა შესაძლოა დაისვაროს ტალახით, სისხლით, მაგრამ არასოდეს სირცხვილით! ემსახურეთ ქვეყანას და დაიცავით თქვენი ქვენის მოქალქეთა მშვიდობა და უსაფრთხოება.

 

 

 

გაზიარება