QronikaPlus
გიორგი ვაშაძე: „თვითმარქვია რეჟიმში შიდა რღვევის პროცესები დაწყებულია“

გიორგი ვაშაძე: „თვითმარქვია რეჟიმში შიდა რღვევის პროცესები დაწყებულია“

2025-01-23 07:30:00

გიგა გელხვიიძე

უკვე 54 დღეა, რაც საქართველო მასობრივმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა, რომელიც მიუხედავად მრავალმხრივი მცდელობისა, ვერ ჩაახშო და გაანელა „ქართულმა ოცნებამ“.

ასობით დაკავებული და ნაცემი სამოქალაქო აქტივისტი, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელი, ჟურნალისტი და სინდისის პატიმრებით გადავსებული ციხეები, _ ეს არის ის რეალობა, რომელშიც „ქართული ოცნება“ 28 ნოემბრის შემდგომ ამყოფებს ქართველ ხალხს, პარალელურად კი აცხადებს, რომ ის მიდის ევროპისკენ და არ შეუცვლია კურსი, რომელიც ქვეყანას ჰქონდა აღებული.

„ქართული ოცნების“ განცხადებების პარალელურად, არ წყდება ქვეყნის პარტნიორების მხრიდან ყოველდღიური კრიტიკა და საუბარი მძიმე ფინანსურ სანქციებზე, რომელთა ნაწილი უკვე ამოქმედდა „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის წარმომადგენლების მისამართით.

ამ აქტუალური საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეს:

_ ბატონო გიორგი, რა ეტაპზე გადავიდა პროცესები ქვეყანაში, იქიდან გამომდინარე, რაც ბოლო პერიოდში ხდება?

_ ძალადობა არის სისტემური, კარგად ვხედავთ ამას ქვეყანაში. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს, რომ თვითმარქვია რეჟიმში შიდა რღვევის პროცესები დაწყებულია და უნდათ, აჩვენონ, თითქოს რაღაც ძალა კიდევ აქვთ. ამიტომ არის ეს კოლექტიური გასამართლებები, ძალადობები, რათა შიდა წრეს აჩვენონ, რაზედაც დგანან, თითქოს ძალა აქვთ. იციან, რომ ამ ძალადობას ხალხსა და საერთაშორისო პარტნიორებში ნეგატიური რეაქცია აქვს. მაგრამ მათი ამოცანა გახლავთ, არ ჩამოეშალოთ მედიაპროპაგანდის მექანიზმები და ძალოვანი უწყებები, რაზედაც დგანან. ყველა თანხმდება, რომ ივანიშვილმა დაპირებული მშვიდობის ნაცვლად არეულობა და ქაოსი მოიტანა ქვეყანაში და ამ არეულობას არაფერი დააწყნარებს ახალი არჩევნების გარდა. ამას თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ აღიარების რესურსი მათ ხელისუფლებას არ გააჩნია. საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენმა ძალიან სერიოზულმა მუშაობამ, ხალხის პროტესტმა და ხალხის სიტყვის მიტანამ პარტნიორებში იმუშავა და არავინ არ აღიარებს „ოცნებას“, არსად შეხვედრები არ აქვთ და ტექნიკურ ჯგუფსაც კი ვეღარ იყენებენ ლეგიტიმაციის აღიარებისთვის, რადგანაც ამის მაგალითია ევროსაბჭოს მონიტორინგის ფაქტების შემსწავლელი ჯგუფი, რომელმაც წინასწარ დაწერა, რომ არავის გამოეყენებინა ლეგიტიმაციისთვის და არჩევნების ცნობისთვის ეს შეხვედრა. ძალიან მძიმე დღეში არიან. ახლა მათი ერთ-ერთი ამოცანაა, დიდხანს შეინარჩუნონ ძალოვანი უწყებები, რომლებზედაც ახლა დგანან და მაგიტომ ძალადობენ ყველგან, სხვა ახსნა ამას აქ აქვს.

_ ბოლო პერიოდში უპრეცედენტო თავდასხმა განხორციელდა კრიტიკულ მედიაზე. თუ ამ დრომდე ვხედავდით „ტიტუშკების“ თავდასხმებსა და ნიღბიანებს, ახლა პირდაპირ ეთერში აკავებენ ჟურნალისტებს და მათ აყენებენ შეურაცხყოფას სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები _ რა გათვლა აქვს „ქართულ ოცნებას“ ამ ქმედებებზე, რისკენ არის ეს მიმართული?

_ ამას ვამბობ, რომ ეს ძალადობა არის სისტემური, რომლის შინაარსი არის მათი ძალისა და არსებობის დემონსტრირება. შიდა აუდიტორიაზეა ეს ყველაფერი გათვლილი, რომ ისინი არ აპირებენ უკან დახევას. უპრეცედენტოა ჟურნალისტების დაჭერა, ციხეში ჩასმა. რაც არ უნდა თქვან ნებისმიერ წინა პერიოდზე, ასეთი პრაქტიკები საქართველოში არასდროს ყოფილა და არათუ საქართველოში, ეს ხელწერა უფრო რუსული ტიპის რეჟიმების დამახასიათებელია. ქალბატონი მზია ამაღლობელის შემთხვევაც ანალოგიურია. მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს დაკავებისას და შემდგომ კიდევ ირაკლი დგებუაძემ, ბათუმის ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელიმა, რომელიც, როგორც ამბობენ, ქურდული სამყაროს მიერ არის გამწესებული პოლიციის უფროსად, მათი ლობისტია. მზია ამაღლობელის ბუნებრივი რეაქცია გამოიწვია მორიგმა შეურაცხყოფამ. ეს არის სასტიკი პასუხი რეჟიმის მხრიდან. ჟურნალისტების ცემა არ ეყოთ, ახლა ციხეში უნდათ, რომ ჩასვან, მაგრამ პირდაპირ ვამბობ, რომ ამას რესურსი არ გააჩნია. მეტი ერთიანობითა და პროტესტით უნდა დავუპირისპირდეთ ძალადობას; სანქციებისა თუ სხვა მექანიზმების გამოყენებით საერთაშორისო კუთხით.

_ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიალზე მიწვეულია საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა ხაზგასმით აღნიშნა მიწვევის ტექსტში, რომ ის მიწვეულია არა როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, არამედ როგორც ამ დროისთვის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი. განსხვავებით ზურაბიშვილისგან, ინაუგურაციის ცერემონიალზე არ არიან მიწვეულები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ან თუნდაც ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. რა გზავნილი გააკეთა აშშ-მ ამ ქმედებით საქართველოს მისამართით?

_ პირდაპირი გზავნილია, რომ ლეგიტიმაციას არ ცნობს. ეს ილუზიები ტრამპის ინაუგურაციასთან, მის პრეზიდენტობის ვადის დაწყებასთან დაკავშირებით ჩამოიმსხვრა. მეც მიწვეული ვარ ინაუგურაციაზე და დავესწრები. ეს ნიშნავს, რომ ნულოვანი შანსი აქვს „ოცნებას“. ბოლოს დაიწყეს საუბარი ფასიან მოსაწვევებზე, ფულის მეტი რა აქვს ივანიშვილსა და „ოცნებას“, მაგრამ ვერც ფასით და ვერც უფასოდ ვერსად ხვდებიან, ეს არის შინაარსი. უკვე შემდგარი რეალობაა, რომ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ლეგიტიმურ წარმომადგენელს, ასე აღიქვამს ამერიკული მხარე. დასავლელი პარტნიორები ჩვენ აღგვიქვამს, როგორც პროევროპულ ძალებს, როგორც ლეგიტიმურ წარმომადგენლებს საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების. მეც გამიკვირდა, სიმართლე გითხრათ, რადგანაც თავად გამომიგზავნეს მოწვევა ინაუგურაციაზე. ჩავდივარ ზუსტად ერთი დღით, რომ ვნახო მეგობრები, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს. გვექნება დახურული შეხვედრები და ეს არის რეალობა, რაც ხდება. რეალობა არის ის, რომ ხალხს აქვს მხარდაჭერა, ხოლო „ქართულ ოცნებას“ ყოველდღე, სულ უფრო და უფრო მძიმე სიტუაცია ექმნება. ეს არის სისხლის სამართლის საქმეები, სანქციები, არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ აგერ უკვე ბრიტანეთშიც კი დაიწყო სანქციების სიის გაფართოებაზე საუბარი.

_ სანქციები, ეს არის ის საკითხი, რომელიც ყველზე მეტად აღელვებს „ქართულ ოცნებას“ და პირველ რიგში მის საპატიო ლიდერ ბიძინა ივანიშვილს. უკვე ამოქმედდა ევროკავშირის რიგი ქვეყნების მიერ დაწესებული ინდივიდუალური სანქციები, შს მინისტრ გომელაურის მიმართ დაწესებული სანქცია და მისი შეყვანა „მაგნიტსკის სიაში“, ასევე ამერიკის ხაზინის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც საკმაოდ დიდი ფინანსური დარტყმა აღმოჩნდა მისთვის. ახლა უკვე საუბარია დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების არეალის გაფართოებაზე და თუ ისინი ივანიშვილს დაასანქცირებენ, მას, ფაქტობრივად, ეკეტება ყველა ფინანსური შემოსავალი, რომელზედაც დგას მისი კაპიტალი. აღნიშნული პროცესები პოლიტიკურად რომ შევაფასოთ.

_ ივანიშვილს ძალიან მძიმე დღე ელის. თუ ვინმესთვის პრობლემურია სანქციები, მათ შორის, ფინანსური, პირველ რიგში, ივანიშვილისთვის. ივანიშვილის ფიქრობდა, რომ თავს დააღწევდა ამ ყველაფერს, მაგრამ წითელი ხაზი გადალახულია და რაც უფრო გაწელავს დროს, რომ დათანხმდეს ხალხის მოთხოვნას ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, მით უფრო დაუმძიმდება ვითარება. ამერიკის შემთხვევაში საუბარი არის არა მხოლოდ ივანიშვილის, არამედ მისი ოჯახის წევრების სანქცირებაზე, საუბარი არის ბიზნესპარტნიორების სანქცირებაზე, მედია რესურსების სანქცირებაზე და მმართველებზე? ყველა კომპონენტია თავმოყრილი ამ სანქციების, სადაც ყველა მიმართულებაზე არის საუბარი. ის, რომ ამ ყველაფერს ამერიკაც და ევროპაც ძალიან სისტემურად უდგება ფაქტია. ახლა სერიოზული რყევები მიდის ივანიშვილის გარემოცვაში, გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. ჩვენ უნდა ვიყოთ მედგრად, გავაფართოოთ პროტესტის არეალი, ძალიან კარგი იყო ეს გაფიცვა, როგორც პირველი მცდელობა, რომელიც არ მომხდარა საქართველოში და ამ ყველაფრის ფონზე ძალიან კარგ შედეგებზე გავალთ.

_ პროტესტი ახსენეთ და უნდა გკითხოთ ოპოზიციის გეგმაზე, რომელსაც ხშირად ითხოვენ ხოლმე პოლიტიკური პარტიებისგან. ამ პროცესების პარალელურად რა გეგმა უნდა ჰქონდეს ოპოზიციას?

_ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი: მესმის, რომ ოპოზიციისგან ითხოვენ ჯადოსნურ ჯოხს, რომ ერთ დღეში დაასრულოს ხელისუფლება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის და რეალობას ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ. მეორე, რა არის ოპოზიციის პირველი როლი? _ იყოს ხალხის ხმის მიმტანი საერთაშორისო ასპარეზზე. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენს ერთობლივ წერილებს, მთლიანად პოლიტიკური სპექტრის მუშაობას ძალიან სერიოზული შედეგები აქვს. მაგალითად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი გაუქმდა. ქალმა პირდაპირ თქვა, რომ ეს ყველაფერი მოხდა ჩვენი წერილის საფუძველზე. სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმი ამოქმედებულის, აქ ჩვენ ძალიან სერიოზული შედეგი გვაქვს. ევროსაბჭოს სხდომაზე მიწვეული ვართ, პირადად მეც და გვექნება „ალდეს“ ფრაქციებთან შეხვედრა. ყველა ქვეყნის წარმომადგენელია იქ და მათთან ვიმუშავებთ. ეს არის ერთი მიმართულება და მეორე მიმართულება არის ხალხთან ერთად დგომა. დღე და ღამე აქციაზე ვართ, ყველგან ვართ, ვამხნევებთ, ვესაუბრებით ადამიანებს. პირადად ერთი დღეც კი არ გამიცდენია მთელი ამ აქციების პერიოდიდან და ასე არის ყველა პოლიტიკური ლიდერი. უკვე შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს მეტი ერთიანობისკენ სვლა, რაშიც ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილსაც გადამწყვეტი როლი აქვს და ამას ელოდება საზოგადოება. ჩვენი ფუნქცია არის, გზა გავუხსნათ ახლად აღმოცენებულ ადამიანებს პოლიტიკისკენ, ვისაც პოლიტიკა უნდა. საკმაოდ ბევრი საქმე გვაქვს. რომ გითხრათ, თვითკმაყოფილი ვარ-მეთქი, რა თქმა უნდა, არა, მეტს ვითხოვთ ჩვენი თავისგანაც. ყველა ვმუშაობთ ამ მოძალადის გამოვლინებაზე და დიდ ბაზას ვაკეთებთ, რომ მორალური წნეხი გავზარდოთ ამ ადამიანებზე.

_ რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას. ერთ-ერთი აქციის დროს თავდასხმა განხორციელდა თქვენზე. თუ ხელისუფლება აცხადებს, რომ არ აქვს ძალა ოპოზიციას, მაშინ რატომ გესხმიან თავს მათი „ტიტუშკები“?

_ ეს ყველაფერი გამიზნულია დასაშინებლად. მეც თავდამსხმელი სახრახნისს ყელში მირტყამდა და იმ კაცს მანქანა აჩუქეს, ახალი მანქანით დადის და არავის დაუკავებია, მიუხედავად იმისა, რომ ეს პიროვნება ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულია. მსგავსი მოქმედებები არის რეჟიმის მახასიათებელი. ნაცვლად უკან დახევისა, უფრო და უფრო წინ მივიწევთ.    

გაზიარება