QronikaPlus
დავით ჭიჭინაძე: „როცა ყოფილ პრემიერს ურტყამენ, ცოტა ხანში ბიზნესმენებსაც გაუსწორდებიან“

დავით ჭიჭინაძე: „როცა ყოფილ პრემიერს ურტყამენ, ცოტა ხანში ბიზნესმენებსაც გაუსწორდებიან“

2025-01-23 07:25:37

თამარ სანაძე

კრიზისი საქართველოში და მზარდი იზოლაცია დასავლეთთან. ბიზნესმენებმა, რომლებიც შეუერთდნენ პლატფორმა Freebusiness.ge -ს, პირველი შეხვედრა გამართეს და ქვეყანაში შექმნილ კრიზისსა და მისი თავიდან აცილების მეთოდებზე ისაუბრეს.

ბიზნესმენებმა აღნიშნეს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა არის მინიმუმამდე დაყვანილი, ტურიზმი ურთულეს დღეშია. შეხვედრაზე განიხილეს სანქციების ეფექტი და აღნიშნეს, რომ ამას ქვეყანა ვერ გაუძლებს, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი კი ახალი არჩევნებია.

საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, დიდი ბრიტანეთის მხრიდან ივანიშვილის მოსალოდნელ დასანქცირებასა და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „ტრიბუნის“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე:

_ ბატონო დავით, ბიზნესმენებმა გამართეს შეხვედრა, ისინი აცხადებენ, რომ ქვეყანა მიდის საერთაშორისო იზოლაციისკენ, ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა არის მინიმუმამდე დაყვანილი, ტურიზმი თითქმის დასამარებულია. ამ მდგომარეობას მოჰყვება ყველანაირი კრიზისი, რომელიც ელის ქვეყანას, უამრავი ბიზნესმენი შეიკრიბა და ისაუბრა ურთულეს მდგომარეობაზე. თქვენ როგორ შეაფასებთ ეკონომიკისა და ბიზნესის კუთხით არსებულ ვითარებას?

_ უამრავი ბიზნესმენი არ არის შეკრებილი. სად გვყავს ბიზნესმენები, მითხარით?~ რომელია ბიზნესმენი?~ მთავრობას იყვნენ ამოფარებულები. გაიხსენეთ და გადახედეთ: შევარდნაძესთან დალაგებულები იყვნენ, სააკაშვილის ხელისუფლებასთან დალაგებულები იყვნენ, მერე „ოცნებას“ მოერგნენ. მაქსიმალურად ცდილობენ, ყველაფერი გადაკეტონ, მონოპოლიები აქვთ დამყარებული.  შეხედეთ, თუნდაც, განვითარებას იწყებდნენ და როცა დალაგდებოდნენ ხელისუფლებასთან, მადა ეხსნებოდათ. ზოგადად რომ ვთქვათ, ქვეყანაში სტაბილურობა მთავრობას არ მოაქვს. ქვეყნისთვის სტაბილურობა მოაქვს საშუალო ფენას, რომელსაც საქართველოში ვერ მივაღწიეთ, რადგან გვყავს კვაზიბიზნესმენები, რომლებიც ყველანაირად აცდენილები არიან იმ გზას, რასაც კლასიკური გაგებით ბიზნესმენი ჰქვია. რომელი მათგანია ბიზნესმენი, რომელი ანტიმონოპოლიური სამსახური მუშაობს მათთან მიმართებით? უბრალოდ, ახლა შეშფოდნენ, მიხვდნენ, რომ ხელისუფლებასთან გარიგებულები, გარკვეულწილად, უცხოური ბრენდებისა და მომსახურებების გამყიდველები არ არიან. რამეს აწარმოებენ ისინი, სასარგებლო რაიმე შექმნეს ქვეყანაში თუ რა?! წარმოებები ჩვენ არ გვაქვს, არაფერი გვაქვს, რაც გვქონდა, ისიც ძველია, იმასაც მომსხდრები არიან, ძარცვავენ და ყვლეფენ. ჩვენ ვხედავთ, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, რაც კი არსებობდა ძველი საწარმო, როგორ გადადის ერთი მეპატრონიდან მეორის ხელში, იმის ხელში, ვინც უფრო კარგადაა დაახლოებული ხელისუფლებასთან. ამიტომ მე მათ შეშფოთებას ახლა ვხვდები, რასაც ნიშნავს და რასაც არიან ამოფარებულები, რომ მათ ხელისუფლება უნდათ იმიტომ, რომ, გარკვეულწილად, საბიუჯეტო თანხებთან ჰქონდეთ წვდომა. შეხედეთ, საავტომობილო ბიზნესი იქნება ეს, ანუ მანქანების შეძენა, შესყიდვა, მომსახურება, ყველაზე დიდი დამკვეთი სახელმწიფოა და ნახეთ, უბრალოდ, რა ფასები ადევს. მათაც აწყობთ, რა თქმა უდა, ძვირად გაყიდული თავიანთი პროდუქტი. ბანკებსაც აწყობთ, რომლებიც პირდაპირ ინტეგრირებულები არიან ხელისუფლებასთან. რაც არ უნდა იძახონ, რომ ვითომ ოპოზიციონერები არიან, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ მათი წარსული, როდესაც ხალხს ატერორებდა მათი გაცემული სესხები, მათი წარსული არ არის? ეს ის ხალხი არ არის, რომელიც ადამიანებს თავის შექმნილ ბიზნესებს ართმევდა? აქედან გამომდინარე, ვფიქრობ,  მათი დღევანდელი ვიშვიში ჰგავს იმას, რომ უბრალოდ უცხოელი პარტნიორები ეუბნებიან, ვისგანაც ისინი პროდუქციას ღებულობენ, იმათ აშფოთებთ და ისინი ფრთხილობენ, თორემ ამათ ცხოვრებაში არაფერი შეაშფოთებთ. მათ კეთილდღეობას ექმნება საფრთხე და ვფიქრობ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია ეს ჩვენს ცხოვრებაში, რომ ის ძარცვა, რაც ამ ქვეყანაში 30 წლის განმავლობაში მოხდა, ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი რევიზიის ქვეშ დადგება. ხალხი რეალურად დაიბრუნებს ამ ქვეყანაში ძალაუფლებას და ყველაფერი ერთი და ორი ადამიანის გადასაწყვეტი არ იქნება.

სამწუხაროდ, სულ ასე იყო, ხან ედუარდ შევარდნაძე წყვეტდა ყველაფერს, ხან _ მიხეილ სააკაშვილი, ახლა კი ბიძინა ივანიშვილი და არც მალავდნენ ამას, თავის მაგიდასთან სვამდნენ ბიზნესმენებს და იქ არჩევნდნენ საქმეებს. ამით ამაყობდა ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ, ეს ის ბიზნესმენი არიან, რომლებიც თავის დროზე საქმეებს ალაგებდნენ ივანიშვილთან, სააკაშვილთან და ა. შ. იმ კეზერაშვილებს და ვიღაცებს რომ დასდევენ, ვინ ჩააბარა იმათ ბიზნესები, ვინ უყვებოდა სქემებს, ერთმანეთის ჩაშვებასა და დაბეზღებაზე ვინ იყო გადასული? შესაბამისად, ბანკირებს რატომ აქვთ არაპროფილური საქმიანობები, რომელიც კანონით აკრძალულია, არავინ მათ პასუხს რომ არ სთხოვს? რომელი ბიზნესმენი აპროტესტებსნ, რომელი მათგანი გამოდის ამ ქვეყანაში? ძირითადად სულ ბიუჯეტსა და სახელმწიფო ფულის ხარჯვაზე არიან ორიენტირებულები. ამიტომ ძალიან კარგია ის, რომ შეშფოთდნენ, მაგრამ კიდევ უფრო ძლიერი და მძაფრი უნდა იყოს მათი შეშფოთება. ის, რაც ამ ქვეყანაში მიტაცებულია, თავის ადგილს უდა დაუბრუნდეს, ჩვენი უცხოელი პარტნიორები ტყუილად კი არ წერენ პოტენციურ  დასასანქცირებელთა სიაში მათ სახელებსა და გვარებს. ისინი ხვდებიან, რომ ადამიანთა ეს კატეგორია არის ყველაზე დიდი შემაფერხებელი საქართველოში დემოკრატიის განვითარების იმიტომ, რომ ისინი აფინანსებენ ყოველთვის ქართველი ხალხის მტერ რეჟიმებს.

_ ბრიტანეთმა შესაძლოა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს. როგორც ვნახეთ, ძალიან შეშინდა „ქართული ოცნება“ და ვრცელი განცხადებაც მიუძღვნა ამას. რამდენად საშიშია ივანიშვილისთვის ბრიტანეთის მხრიდან სანქციების დაწესება?

_ დიდი ბრიტანეთი არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე მეტი ოფშორული ზონა აქვს დღეს. ეს ე. წ. ლონდონი სითის მონოპოლიებია, სისტემაა, რომელიც ლონდონში არსებობს, რომელსაც „ლონდონი სითი“ ქვია. ეს არის დამოუკიდებელი იურისდიქციის მქონე ტერიტორია, სადაც მოთავსებულია სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტი. სწორედ იქიდან კონტროლდება, პრაქტიკულად, ყველა ბრიტანული ოფშორული კომპანია და დღეს

სწორედ ბრიტანული ოფშორული კომპანიებია ერთადერთი დარჩენილი, სადაც მეტ-ნაკლებად არის დაცული ფარულობა. კვიპროსი და სხვა ქვეყნები, რომლებიც აქამდე იყვნენ ოფშორული ზონები, მათთან მიმართებითაც სერიოზულად დიდი ლუსტრაცია მოხდა, ამიტომ გავიდნენ ის ადამიანები. დღეს კი ივანიშვილს ყველაზე დიდი შიში, შფოთი იმიტომ აქვს, რომ თუ ბრიტანეთში დასანქცირდა, დიდ თანხას კარგავს. პრაქტიკულად, ოფშორებში რომ ფული აქვთ დამალული, ბრიტანეთმა ძალიან კარგად იცის, ვის ეკუთვნის და რა ფულია. ამიტომ ესაა „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილისთვის ყველაზე დიდი შფოთი, რომ იქ მათ დაასანქცირებენ. სანამ ოფშორები ხელშეუხებელი იყო, ისინი ნაკლებად ნერვიულობდნენ ამ ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით, მაგრამ თუკი დიდი ბრიტანეთი დაასანქცირებს მათ, ეს ადამიანები დაკარგავენ უზარმაზარ თანხებს, საქართველოში მოპარულს, სხვათა შორის.

_ რა ბედი ელის „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის კომპანიებს, თუკი დიდი ბრიტანეთი ივანიშვილს დაასანქცირებს?

_ რაც კი აქვს ოფშორებში, სხვადასხვა რთული სქემაა, რომ კვალი გააქრონ მფლობელობის. ეს შეიძლება მე და თქვენ დაგვიმალონ, მაგრამ ბრიტანეთს ამას ვერ დაუმალავენ. რომ დარდობენ კანონებია შექმნილიო, როდესაც იმ კანონებზე მუშაობდნენ, მაშინაც ითვალისწინებდნენ იმას, ვისთვის მიეცათ შესაძლებლობა თავისუფალი მოქმედების და ვისთვის ხელში ჩაერტყათ. ბრიტანული ელიტის მიერ გამოტანილი განაჩენი ეს ძალიან რთული განაჩენია. „ქართული ოცნების“ ზოგიერთმა წევრმა მაღალ იერარქიაში ძალიან კარგად იცის მისი სიმკაცრე. ეს არ არის ევროკავშირის მიერ გამოცხადებული შეზღუდვა ან რაიმე მსგავსი. თუკი ბრიტანულმა ელიტამ დაგაკისრა სანქციები, საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვება ამას. მიმაჩნია, ეს ლაზღანდარა და დამცინავი საუბრები, რაც აქვთ ხოლმე „ქართული ოცნების“ ახალგამოჩეკილ ლიდერებს, საკმაოდ ძვირად დაუჯდება თავად ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს ნათესაურ გარემოცვას.

_ „სანქციების დაწესების შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესი და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს, ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს“, _ ესაა სანქციების დაწესებაზე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, როგორ შეაფასებთ მას?

_ როდესაც რაღაცას აფასებ, შენს აზრს, შეფასებას, უნდა ჰქონდეს გარკვეული წონა. არსებობს სხვადასხვა სარეიტინგო კომპანია, რომელიც აკეთებს შეფასებებს, რის მიხედვითაც ქვეყნებს ენიჭებათ რეიტინგები და ადამიანები დარდობენ, რომ გაიუმჯობესონ რეიტინგი, გააუმჯობესონ გარკვეული მიმართულებები, დემოკრატია იქნება, პრესის თავისუფლება თუ ფინანსური თავისუფლება, ჩამონათვალი ძალიან დიდია. ისინი ცდილობენ, რომ კომპანიების შეფასებებში გაიუმჯობესონ ადგილი და წაიწიონ წინ. კობახიძისა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შეფასება მითხარით, ვის აინტერესებს დედამიწაზე? მგონია, თვითონ „ოცნების“ წევრებსაც კი არ აინტერესებთ. ეს, ალბათ, იმიტომ დაიწერა, რომ კიდევ ერთი დასაცინი ტექსტი შედგენილიყო მათი მხრიდან. რაზე უნდა ვისაუბროთ? ეს იცით, რისი მსგავსია? ნებისმიერი ქართველი რომ დაემუქროს ჩინეთს ომის გამოცხადებით, ეს შეიძლება უფრო ახლოს იყოს რეალობასთან, ვიდრე „ქართული ოცნების“ მხრიდან განცხადებები, რომ დიდი ბრიტანეთის რეპუტაცია განადგურდება და ისინი ამ მხრივ ზიანს მიაყენებენ ბრიტანეთსა და ამ ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას.

_ საქართველო არ მიიწვიეს დავოსის ეკონომიკურ ფორუმსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. პირველად ისტორიაში თავდაცვის სამინისტრო არ იქნება იქ. „ოცნების“ ლიდერები ამბობენ, მოსაწვევი არ მიგვიღიაო. რას ნიშნავს ეს და რით უნდა იმართლოს თავი „ქართულმა ოცნებამ“?

_ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ეს არის ზოგადად ორგანიზაცია, სადაც არმოწვევაზე „ოცნებას“ შეუძლია თავი იმართლოს, რადგან ტრამპს არ მოსწონდა ეს ფორუმი და „ოცნება“ ტრამპს ეთანხმება თითქოს. მიუნხენის კონფერენციაზე კიდევ რა ვთქვათ, ხომ ხვდებით? ესენი ცდილობენ, დააკნინონ ყველა ფორუმი, ყველა კონფერენცია და ვითომ ეს არაფერია. ჩრდილოეთ კორეასავით არიან და მათი საფეხბურთო ნაკრების ისტორიაც ყველამ ვიცით. „ქართულ ოცნებას“ რაში აინტერესებს ეს ღონისძიებები, მთავარი ყოფილა აზერბაიჯანში ვიზიტი, თურმე, და ორჯერ რომ მიულოცა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა კობახიძეს. საკუთარი ხალხი უნდა გილოცავდეს, გაღიარებდეს და გენდობოდეს, თორემ აზერბაიჯანსაც, ირანსაც, რუსეთსაც, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, სომხეთსაც საკუთარი ინტერესები აქვთ. აქ ზუსტად ამაზეა საუბარი, ქართველი ხალხის ინტერესებს საერთოდ არავინ იცავს. ეკონომიკურ ფორუმებზე, უსაფრთხოების სამიტებზე იმიტომ კი არ უნდა დადიოდე, რომ შენი ინტერესები დაიკმაყოფილო, როგორც ამას აკეთებდნენ, როცა იწვევდნენ ხოლმე, სახელმწიფოს რა შეჰმატო ამისთვის უნდა წახვიდე და ამაზე იზრუნო. საქართველოს მოსახლეობას არასოდეს სიკეთე არ უგრძნია და იმიტომაა, საქართველოს მოსახლეობისთვის, მილიონობით ადამიანისათვის, არაფერს ნიშნავს მათი მონაწილეობა, რადგან ხალხს არაფერი არგო მთავრობამ ფორუმებში მონაწილეობით. როდესაც „ოცნება“ დადიოდა ეკონომიკურ ფორუმებზე, ქართველი ხალხის სასიკეთოდ მათ არაფერი გადაუწყვეტიათ. ყველა თავის ინდივიდუალურ საკითხს წყვეტდა თავისდა სასიკეთოდ. იქ არიან ჩამოსულები მსოფლიო დონის ბიზნესმენები, ალბათ ესენიც სთავაზობდნენ პოლიტიკურ კორუფციას, რომ ჩამოდით საქართველოში და აქ ამას გაგაკეთებინებთ, იქ იმასო, მაგრამ ხალხს ამისგან არავითარი სარგებელი არ მიუღია. ერთი მითხარით, წლების განმავლობაში, როცა „ოცნების“ ლიდერები დადიოდნენ, რა გააკეთეს საქართველოსთვის და რა სიკეთე მიიღო ჩვენმა ქვეყანამ მასშტაბურად? იქ თუ ამათ პირადად ვიღაც ნახეს და კონტრაქტი გააფორმეს სახელმწიფოს ხარჯზე, ისინი როგორც ბიზნესმენი არ არიან მიწვეულები, იქ იწვევენ სახელმწიფო მოხელეებს. იმის ნაცვლად, რომ ხალხს ემსახურონ, საკუთარ თავს ემსახურებიან. ხალხში ამას არ მოჰყვება დიდი შფოთი, თუმცა რეალურად ძალიან დიდი დანაკარგია, იმიტომ რომ დავოსის ეკონომიკური ფორუმიც და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაც არის ისეთი მოედანი, სადაც შეიძლება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე კარგი ხელშეკრულებები გააფორმო.

_ იმის მიუხედავად, რომ, ერთი მხრივ, სანქციები წესდება ადამიანების უფლებების დარღვევისთვის, ძალადობისთვის, მეორე მხრივ, რეპრესიები გრძელდება „ოცნების“ მხრიდან: გიორგი გახარიას თავს დაესნენ. რამდენად დაამძიმა „ოცნების“ მდგომარეობა ამ ფაქტმა? თან რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ისინი ამართლებენ ძალადობას და ამბობენ, რომ ღალატისთვის მიიღო ასეთი პასუხიო?

_ ყველა ხვდება ქვეყნის შიგნითაც, გარეთაც, რომ ის, რასაც „ოცნება“ სჩადის, არის ქუჩის სამართალი. ამაზე უნდა შეშფოთდნენ ბიზნესმენები, ძალადობის ამგვარ ფაქტებზე უნდა ჰქონდეთ რეაქცია. როცა ყოფილ პრემიერს ურტყამენ, ძალიან ცოტა ხანში მოვა დრო, ბიზნესმენებსაც გაუსწორდებიან და წაართმევენ ყველაფერს, ყველა მათ მიადგება. აღარ იმუშავებს პირველი მილიონი არ მკითხო და დანარჩენზე წესიერად მოგიყვებიო. ეს გამონათქვამი ყველამ ვიცით. როდესაც ქუჩაში ცემა-ტყეპაა გაჩაღებული, იქ უკვე ერთი ნაბიჯია იარაღამდე. დაიმახსოვრეთ ეს ყველამ! მივექანებით ძალიან ცუდად! „ქართული ოცნება“ ცეცხლს ეთამაშება, პირდაპირ გეუბნებით. ბიზნესი კიდევ ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რა ხდება, რამდენად მძიმე ვითარებაა ქვეყანაში და ფულზე დარდობენ, რომ დაკარგავენ. ზვიად გამსახურდია სწორედ ამიტომ დაამხეს, რომ მერე ქვეყანა გაეძარცვათ. სულ იმ დამამხობლების მონაწილეები და შთამომავლები არიან ბიზნესებში გარეულები და გადახედეთ მათ, ვინც ესროლა გამსახურდიას ტყვია. მერე რაღაც პერიოდში მთავრობაში იყვნენ იმათთან ლაქიებად. იქ გაზულუქდნენ, იქ მოიპარეს. ამიტომ კარგად დაიმახსოვრეთ, გიორგი გახარიაზე დარტყმული მუშტი, სწორედ მათზე, ბიზნესმენებზე დარტყმული მუშტიცაა პოტენციურად. ეს კიდევ მარტივია, შეიძლება სხვა რამეც მოარტყას „ოცნებამ“ ბიზნესს. ამიტომ კარგად მოიფიქრონ, როგორ შეცვალონ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტა. დააფინანსონ ისინი, ვინც ამ ქვეყანაში ბინძურ თამაშებში არ არის გახვეული, თორემ მოუწევთ ძალიან მძიმე ფასის გადახდა. საკუთარ თავზე იზრუნონ. კიდევ ვამბობ, გახარიაზე მორტყმული მუშტი სწორედ ბიზნესმენებისთვის გამზადებული მუშტია, რადგან ისინი ახალისებდნენ სწორედ პოლიტიკოსებს. როდესაც გახარია იყო ბიზნესომბუდსმენი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გაიხსენონ პანკისის ხეობაში ბიზნესმენის გამო შეიყვანა ჯარი და პოლიცია გახარიამ. ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრი რომ იყო, ვანო ჩხარტიშვილის ინტერესებს რომ ემსახურებოდნენ, როგორ არის ეს ამბავი, დაავიწყდათ? იქ ქართული პოლიცია გაიხალა, შემდეგ ამას მოყვა იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გალახვა, ახლა მოხდება ბიზნესმენების გალახვა. როცა ერთ უმსგავსობას გაატარებ, იმას მოყვება მეორე უმსგავსობა. ეს შეიძლება იმ მომენტშივე არ მოხდეს, მაგრამ გავა დრო და ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესმა ამაზე უნდა იდარდოს და მხოლოდ ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში გამოსავალი არ არის. როგორ გგონიათ, „ქართული ოცნება“ შეელევა ხელისუფლებას არჩევნებით? თუ ოპოზიცია გვიშველის, რომელსაც ისევ „ქართულმა ოცნებამ“ დაუწერა პროცენტები. გადახედეთ მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს, ის პროცენტები არ უწერიათ, რასაც იღებენ? უბრალოდ, „ქართულმა ოცნებამ“ დაიწერა თავისთვის ბევრი. ესაა, როცა გარიგებულები არიან. თან ოპოზიციის უმეტესი ნაწილი რას წარმოადგენს ქართველი ხალხის თვალში? _ არაფერს. თუ მათ კარგად შევხედავთ, დავინახავთ, რომ კუდები გადაბმული აქვთ „ქართულ ოცნებასთან“. საიდან აქვთ ფული? ვინც „ქართულ ოცნებასთან“ არ არის შეკრული, იმას ფული არ აქვს, რესურსი არ აქვს. ეგ კარგად ვიცით. „ოცნებაში“ ყველაფერი იგეგმებოდა ისე, რომ მაქსიმალური კონტროლი სწორედ ამაზე ყოფილიყო. ირაკლი კობახიძე ყველა კანონს ზუსტად ამ მიდგომით აინიცირებდა. ბლოკებიც იმიტომ გააუქმეს. რად უნდა გახსენება, მაგათი ქმედებით პირდაპირ ამბობდნენ, რომ მარტო „ნაცები“ დავტოვოთ და არაფერი ვაკეთოთო. ნაცები უნდა იყვნენ, რომ ჩვენ ხელისუფლებაში ვიყოთო, ეს იყო „ოცნების“ დოქტრინა, კობახიძისა და მისი გარემოცვის, რასაც ბიძინა ივანიშვილი დიდი სიამოვნებით უჭერდა მხარს. ჯანსაღი ადამიანებიც იყვნენ „ქართულ ოცნებაში“, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამას და ხვდებოდნენ, თუ საით მიდიოდა ქვეყანა. სწორედ ეს ადამიანები გაისტუმრეს „ქართული ოცნებიდან“. მხოლოდ და მხოლოდ მონების ხროვაა დატოვებული.

_ ბატონო დავით, „ოცნებამ“ ზურგი აქცია დასავლეთს, ამ დროს კი სომხეთი და ამერიკა სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან. ექსპერტთა შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რას ცვლის ეს ფაქტი რეგიონში?

_ სომხეთი დღეს არის ისეთი რგოლი ამერიკელებისთვის, რომელიც ირანს უნდა გამოგლიჯონ, რადგან სომხეთსა და ირანს შორის არსებობს დიდი ხნის კულტურული ურთიერთობები. შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული პარტნიორი საქართველო ვერ გამოდგა. ხომ ვხედავთ ვითარებას, რაც მოხდა და ხდება „ოცნების“ პირობებში. ამიტომ მათ დაიწყეს ახალი გეგმის განხორციელება. ირან-რუსეთის შეხვედრა შედგა, სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა და ეს საპირწონეა სწორედ ამ გზაზე. აზერბაიჯანი თავისი არსით არასოდეს იქნება ირანის სტრატეგიული პარტნიორი, იმიტომ რომ ის თურქეთზეა მიბმული და რეგიონში რუსეთი, თურქეთი, ირანი დომინანტობისთვის ერთმანეთს ყოველთვის ებრძვის. როდესაც დღეს ვხედავთ, რომ, ფაქტობრივად, რუსეთი თურქეთს სირიასთან მოღალატეობრივ პოლიტიკაში ადანაშაულებს, ამის საპირწონედ აქტიური თანამშრომლობა დაიწყო რუსეთმა ირანთან. ამაში ძალიან დიდი როლი ეკავა სომხეთს, რადგან ამ გზით გადიოდა რუსეთი ირანში. რუსეთი-საქართველო-სომხეთი-ირანი _ ეს იყო გზა, თუმცა არსებობს მეორე გზაც, ე. წ. ზანგეზურის დერეფანი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია აზერბაიჯან-თურქეთისთვის. ახლა ვხედავთ იმას, რომ ამერიკისა და სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში, აშშ სომხეთის მეშვეობით კიდევ ერთ მოქმედ ბერკეტს მიიღებს თურქეთზე. ვფიქრობ, ეს ახალი ტრანზიტული გზა აღმოჩნდება სწორედ სომხეთის მეშვეობით. ხოლო საქართველოს ტრანზიტული პოტენციალი, რომლითაც ამდენი ხანი ვამაყობდით, საკმაოდ დიდი დარტყმის ქვეშ დადგება.

 

გაზიარება