QronikaPlus
ცოტნე კობერიძე: „ახალგაზრდების მჯერა, მათზე უფროსების _ ნაკლებად“

ცოტნე კობერიძე: „ახალგაზრდების მჯერა, მათზე უფროსების _ ნაკლებად“

2025-01-23 07:08:32

ირინა მაკარიძე

რეჟიმმა მაქსიმალურად გამოავლინა თავისი სახე, ზრდის პოლიტპატიმართა რაოდენობას და, ამავე დროს, ფიზიკურად უსწორდება პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს.

მიმდინარე რეპრესიების პირობებში რეჟიმის წინაააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მოსალოდნელ შედეგებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერი, ცოტნე კობერიძე. ჩვენი საუბარი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შედგა:

_ თუ გავიხსენებთ ბიძინა ივანიშვილის ბოლო საჯარო გამოსვლას, მან კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საკმაოდ გააგრესიულებულია მისი გუნდი და რომ აქამდე ასე არ იყო. ამით მაშინ მან გასცა ასეთი ტიპის ბრძანება, მიუთითა, რომ მოსწონს და ახალისებს ისეთი ტიპის ხალხს, როგორიც დიტო სამხარაძეა. ამ ფორმატში ვიმყოფებით, რომ ძალადობა არის პოლიციის მხრიდან, პოლიტიკოსების მხრიდან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასე ქვეყნის გარეთ, ვხედავთ ამ ამბავს. ხიბლში არიან, რომ რაღაც მასკულინური ესთეტიკა ჰქონდეთ, რომელთან მიმართებით ოპოზიცია თითქოს უფრო ნაზია. უნგრულ ფილოსოფიას მიჰყვებიან, რომ დასავლეთი არის სუსტი და  უნდათ, რომ თავის მხარეს მეტად მკაცრი ხედვა ჰქონდეთ, ძალაზე გათვლილი. ამ ფილოსოფიას ამყარებენ თავისთან, თუმცა საკმაოდ უხარისხოდ. ის ხალხი, ვინც ამ ძალადობაზე მიდის, არის დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობების _ ვინც მოქალაქეებს თავს ესხმის, პოლიტიკოსებს უსაფრდება. მე პირადად ვინც დამხვდა, მეტადონის პროგრამიდან მოხსნილი ადამიანები იყვნენ, ყველანაირად გასაცოდავებულები, ასეთები თანხმდებიან ამ ტიპის დავალების შესრულებაზე. სიტუაცია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ კომიკურად გვეჩვენება, მაინც ძალიან მძიმეა, რადგან ასეთ მომენტში ვინმემ ვინმეს რომ ესროლოს ან თავდაცვის მიზნით, ან თავდასხმის მიზნით, რამე ტრაგედია დატრიალდეს, მერე რას ვშვრებით? სამოქალაქო ომები, დაპირისპირებები, კონფლიქტები ასე ჩნდება. ზოგჯერ კინოში რომ ვუყურებთ ხოლმე, გვიკვირს, _ ასე უცებ ხალხს რა დაემართა? დიახ, ასე ხდება ხოლმე, როდესაც სიტუაცია მოჭიმულია, დაძაბულია, მსგავსად რადიკალიზებულია და ადამიანზე თავდასხმა და ცემა უკვე ნორმალიზებულია. მართლა რომ ვინმე დაიღუპოს, სულ სხვა ქაოსი დატრიალდება, შეიძლება ისე მარტივმა ქმედებამ გადაგვიყვანოს სულ სხვა ფაზაში და ახალ პროცესში, რომ ვერც კი წარმოგვიდგენია.

_ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი ღიად დაადანაშაულა  სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებაში ან იმგვარი სიტუაციის შექმნაში, როდესაც ამ დაპირისპირების საფრთხეა. ამაზე რას იტყვით?

_ ცხადია, ეს დამოკიდებულება არა მარტო ქალბატონ სალომეს, არამედ ყველას გვაქვს. პარტია, რომელიც მშვიდობის მესიჯით მოდის, გვიქმნის ყველაზე რთულ პერიოდს, რომლის მსგავსიც ჩვენ არ გვქონია. _ როდესაც თანაქალაქელი გვერდით მოგყვება ან სადარბაზოში შემოგყვება, გიჩნდება განცდა, რომ შეიძლება შენთან კონფლიქტში შემოვიდეს. ასეთი ტიპის დაპირისპირება აქამდე არ ყოფილა, შეიძლება იყო სისტემის მხრიდან ძალადობა, მაგრამ ასე, სამოქალაქო დონეზე გადატანილი, ალბათ, მხოლოდ 90-იან წლებში ხდებოდა. ცხადია, ეს ბრალდება, რასაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, მართალია _ ხდება სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება.

_ სწორედ ეს ხომ არ არის მიზანი, რომ ასეთი შიში იყოს დათესილი ადამიანებში?

_ ვა ბანკზე მიდიან, რომ ასეთი მესიჯი გასცენ: „ასე თუ გაგრძელდება პროცესი, დანდობა არ იქნება“. ის, რომ შეიძლება ქვეყანა დაიღუპოს და ჩაჰყვეს ამ ამბავს, ამაზე წამსვლელები არიან. უსაფრთხოების განცდა უნდა იყოს მაქსიმალურად მოკლული, რათა ადამიანი დაფიქრდეს, რომ აპირებს თუ არა აქ ცხოვრებას, თუ ურჩევნია წავიდეს სხვა ქვეყანაში. არ არის კარგი გრძნობა, როდესაც დილით იღვიძებ და სანამ მობილურს გახსნი და „დასქროლავ“, უსიამოვნო განცდა გაქვს, რომ რაღაც ცუდ ამბავს გაიგებ. ადამიანს შეიძლება ტელევიზორის ჩართვა აღარ უნდოდეს, რადგან იქიდან ცუდ ამბებს იგებს. ასეთ ყოველდღიურ ცუდ ამბებში ყოფნა მოსახლეობას ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ამყოფებს. ამის დიდხანს გაძლება, ცხადია, მარტივი არ არის.

_ არსებობს აზრი, რომ ივანიშვილის უკან რუსეთი დგას, ხოლო თუ რუსეთს ვებრძვით, მაშინ შანსი არ გვაქვს. ამის შესახებ რას იტყვით?

_ თუ რუსეთია, მაშინ რუსეთში ცხოვრებას აპირებ? თუ კი, მაშინ გასაგებია გადაწყვეტილება, მაგრამ ამით იმ ადამიანის დამუნათება, რომელიც იბრძვის და ეუბნები, რომ ვერ იაზრებს, რომ რუსეთს ებრძვის, მიუღებლად მიმაჩნია. ეს პირიქით, მოტივატორი უნდა იყოს, _ რუსეთი რომ არ გვინდა, მაგაშია მთელი ამბავი. თუ გჯერა, რომ რუსეთს ებრძვი და ფიქრობ, რომ რუსეთი ძალიან ძლიერია და ვერ მოერევი, მაშინ იმის შნოც უნდა გქონდეს, რომ  თქვა, _ კი, მე დავთმე თავისუფლება უსაფრთხოების გამო. ეს თქვას ყველამ, ბიძინაც გამოვიდეს და თქვას, რომ რუსია და თქვას, რომ ახლა გერჩივნოთ, რუსი გყავდეთ და რუსეთი აღარ დაგიპყრობთ, რადგან უკვე დაპყრობილი ჰყავხართ. _ ამ რეალობაში ვიმყოფებით? _ მაშინ, ეს უნდა თქვას ყველა „ქოცმა“, რომ „ქოცი“ კი არა, რუსია, ეს მოსწონთ და ეს უყვართ.  ცხოვრებაში ადამიანს არაფრის გარანტია არ აქვს საერთოდ _ ან ასე იქნება, ან ისე. არის რაღაც პროცესი, სადაც თავს თუ გრძნობ ამაყად და თუ გსიამოვნებს, მაშინ იმ პროცესის ნაწილი იქნები, მიუხედავად იმისა, რა შედეგს ელოდები. ამ პროცესში ბრძოლა არის, უბრალოდ, სწორი.

_ უწყვეტ პროტესტში პოლიტიკოსების როლის უფრო გამოკვეთის საკითხს როგორ უყურებთ? არის თუ არა ამის საჭიროება?

_ ეს ვერ მოხდება. ამდენ ხანსაც ამიტომაც გაგრძელდა, ალბათ, ეს პროტესტი, რომ არ არის კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიერ ორგანიზებული. მე იმ აქციაზეც ვიყავი, რომელიც პარტიისა და კოალიციის გაკეთებული იყო, სადაც ახლა ვდგავართ (რუსთაველზე) აქ კარვები იყო და მთელი ღამე აქ ვიყავით. კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება რომ არა, ალბათ, ათასი კაციც აღარ ვიქნებოდით ბოლოს, მკვდარი იყო მთელი პროტესტი, ამას თვალი უნდა გავუსწოროთ.

_ ე. ი. ოპოზიციას არ აქვს ისეთი მხარდაჭერა, როგორიც საჭიროა, რომ ჰქონდეს, ასეა?

_ მეც ასე მგონია, ჩემთვის ტრაგედია არის არჩევნებზე მიღებული ხმების ის რაოდებობა. ცხადია, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, ამაზე არ ვდაობ, მაგრამ მე მაღელვებს ის, თუ ჩვენ რამდენი ადამიანის მობილიზება შევძელით. ის, რომ ამომრჩევლის რაღაც ნაწილი გაიყიდა, ჩამოიშალა სისტემები, მესმის და არ იყო ეს კარგი, მაგრამ ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ჩვენ ის იდეა ვერ დავბადეთ,  ის ერთობა ვერ გავაჩინეთ, რომლის გამოც ადამიანი მზად იქნებოდა, თავისი ხმა დაეცვა და მოსულიყო არჩევნებზე? უფრო მეტი ხმა უნდა მიეღო ოპოზიციას არჩევნებზე! ჩვენ თუ ამაზე თვალს დავხუჭავთ, იმიტომ რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, მაშინ ვერც შემდეგი არჩევნებისთვის ვერ იქნება ოპოზიცია მზად. იმის გააზრების გარეშე, თუ რა შეიძლებოდა უკეთესად გაგვეკეთებინა, წინ ვერ წავალთ. ახლა ფეისბუკზე იყო საუბარი იმაზე, რომ სწორი იყო თუ არა, როდესაც ომის საკითხზე გავჩუმდით, რომ პროპაგანდას არ გავეშავებინეთ. მერე იყო არგუმენტი _ ჩვენ ხომ გვჯერა, რომ მოვიგეთ და გაგვიყალბეს, შესაბამისად, ამ პროპაგანდას არ უმუშავია. მე ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ! მგონია, რომ გაცილებით მეტი მხარდაჭერა უნდა გვქონდეს ამ პროცესში, განსაკუთრებით პოლიტიკოსებსა და პარტიებს. თუ ასე არ იქნება, ვიქნებით ასე რთულ სიტუაციაში. მესმის, რომ მეც პოლიტიკოსი ვარ და ჩემი პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ ჩვენ თუ ასე ვიარეთ, რომ აი, მოვიგეთ, ასე არ გამოვა. ეს ადამიანები აქციაზე პირველ რიგში არიან კონსტიტუციური წესრიგის დასაბრუნებლად. მერე არჩევნების დრო რომ მოვა და პარტიებისთვის ხმის მიცემის საკითხი დადგება, ისევ დაიწყება, რომ აი, რეფერენდუმია და უნდა მისცენ ამ პარტიებს ხმა, ვიღაცები ერთად უნდა დადგეთ და ა. შ., რაც ვიხილეთ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, როცა „გახარიას“ და „ლელოს“ გასაერთიანებლად რაღაც პროცესი იყო, მერე პრემიერობის კანდიდატი უნდა დასახელებულიყო, აღარ დასახელდა. მგონია, რომ ასე ვერასდროს, ვერასდროს მოვიგებთ! ზეგ რომ ჩატარდეს არჩევნები ისევ ამ ფორმით, წავაგებთ, მე ასე მგონია. ასე რომ არ მოხდეს, რაღაცები ჩვენ თავში გვაქვს შესაცვლელი, ახალი კონფიგურაციები უნდა ჩამოყალიბდეს. 

_ არჩევნები თუ დაინიშნა, ალბათ, მოახერხებთ ახალი კონფიგურაციების შექმნას, არა?

_ არ ვიცი. ეჭვი მეპარება. რასაც ვუყურებ, მგონია, რომ პრეზიდენტი შეეცდება თავისი პარტიის შექმნას. ვერ დავინახე, რომ გაერთიანებისკენ მიდის სიტუაცია.

_ არის თუ არა სანქციები, ქართველი ხალხის ბრძოლასთან ერთად, იმის გარანტი, რომ რეჟიმი უკან დაიხევს და ახალი არჩევნები დაინიშნება?

_ მე მხოლოდ სანქციების იმედზე არ ვარ, სანქციების მთელი მოტივაცია ის არის, რომ, ერთი მხრივ, გაურთულდეს „ქოცს“ თავისი პირადი ცხოვრება და, მეორე მხრივ, აქ მყოფმა ადამიანმა გაიაზროს, დასანქცირებულ ქვეყანაში ყოფნა რა არის. თუ ამან საკმარისი ტემპერატურა არ მოიტანა და ზეწოლა ქვეყნის შინგით არ გახდა კიდევ უფრო დიდი და მასშტაბური, არ მგონია, ეს იყოს გამოსავალი. როდესაც ბევრი ბერკეტი არ გაქვს და ყველა ინსტიტუცია ხელისუფლების ხელშია, ცხადია, ჩვენ ვართ იმ ინსტიტუციების იმედად, რაც „ქოცებისგან“ დამოუკიდებლად არსებობს, _ ეს არის ჩვენთვის დასავლური ინსტიტუციები.

ამ ახალგაზრდების მჯერა, მათზე უფროსების _ ნაკლებად. ერთი კრიტიკული გამოცდა ელოდება წინ ოპოზიციას, ეს არის ადგილობრივი არჩევნები.  ოპოზიციურ პარტიებს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, აპირებენ თუ არა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. მე ვიცი, რომ ზოგი აპირებს. ამ საკითხზე  ერთიანი პოზიცია არის მისაღები.

  

გაზიარება