კვირაპერი, 15 ივნისი, 2025
2020-10-02 07:28:22
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პოლიტიკური არა, მაგრამ ეკონომიკური პროცესები დრამატულად ვითარდება, ანუ ეროვნული ვალუტა თითქმის ყოველდღე უფასურდება და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ 31 ოქტომბერს, ანუ არჩევნების დღეს, ერთი ამერიკული დოლარი 4.1 ლარიც კი ღირდეს.
ამის პარალელურად, ქვეყანაში ეპიდვითარებაც რთულდება და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს კორონარუკაზე საქართველომ მწვანე სტატუსი დაკარგა და ე. წ. ყვითელ ზონაში გადავიდა. სხვათა შორის, ხელისუფლება ამბობს, რომ კოვიდინფიცირებულთა მატების მიუხედავად, საგანგაშო არაფერია, მაგრამ ნებისმიერი ჩვენგანი ხვდება, რომ ის საყოველთაო აღტაცება, რაც კორონობის პირველ ტალღას ახლდა, თითიდან იყო გამოწოვილი, ანუ კორონას მეორე ტალღამ დაგვანახა, რომ ხელისუფლების კარგი კრიზისმენეჯერობა ჩვეულებრივი საპნის ბუშტი ყოფილა და მეტი არაფერი.
რატომ გაექცა „ოცნებას“ კორონას მართვის სადავეები? _ ალბათ, მოვა დრო და ამ თემაზე კომპეტენტური ადამიანები უფრო არგუმენტირებულად ისაუბრებენ. მანამდე კი პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნის“ წარმომადგენელი, კოტე კემულარია, ამბობს, რომ კორონავირუსი, რომელიც, თავის დროზე, „ოცნების“ მოკავშირედ მიიჩნეოდა, ახლა ხელისუფლებისთვის ჭირად იქცა.
სხვათა შორის, ჩვენი რესპონდენტი ერთ სკანდალურ განცხადებასაც აკეთებს, ანუ კოტე კემულარია „ქრონიკა+“-ს ეუბნება, რომ რამდენიმე დღეში „ოცნების“ რეგიონული ლიდერების მხილებას დაიწყებს და საზოგადოებას მათზე ხმაურიან მასალებს გააცნობს.
ვისზე და რა მასალებს გამოაქვეყნებს „ტრიბუნის“ წარმომადგენელი? _ ამას რამდენიმე დღეში გავიგებთ, მანამდე კი კოტე კემულარია ჩვენს გამოცემასთან ინტერვიუში სხვადასხვა სოციოლოგიურ კვლევას აფასებს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩენას მესამე ვადითაც დააპირებს, მაშინ მოვლენები შესაძლოა, 2003 წლის ნოემბრის ან უკრაინის „მეიდნის“ სცენარით განვითარდეს.
ვინ გაჯორა კობახიძე და რა მოხდება 31 ოქტომბერს? _ „ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს კოტე კემულარიასთან:
_ ბატონო კოტე, არჩევნებამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი. სხვადასხვა ორგანიზაცია კვლევას კვლევაზე აქვეყნებს, მაგრამ მითხარით, თქვენი პროგნოზი როგორია _ 31 ოქტომბერს რა მოხდება?
_ პროგნოზამდე მოცემულობაზე ვისაუბროთ, ანუ გარკვეული სიახლეებია.
_ რას გულისხმობთ?
_ „ოცნებაც“ და „ნაციონალებიც“, რომლებიც არჩევნების მთავარ მონაწილეებს ეძახიან თავს, 31 ოქტომბერს საკმაოდ დაძაბულები ხვდებიან, რადგან ორივე გუნდის შიგნით რაღაც ისეთი ვითარებაა.
_ კერძოდ?
_ რეგიონებში ხალხთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს და „ოცნების“ ყოფილი წევრები ძალიან უკმაყოფილონი არიან. ისინი ჩვენთან, ანუ „ტრიბუნაში“ არცთუ ცოტა რაოდენობით გადმოვიდნენ.
ამ ადამიანებს ღირსება შენარჩუნებული აქვთ და ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ისეთი ვითარება არაა, რასაც უფლებების დაცვა, პროგრესი და განვითარება ჰქვია. მოკლედ, ეს ხალხი ცდილობს, ურთიერთობა იმ პოლიტიკურ ძალებთან დაამყაროს, რომელსაც მხოლოდ საზოგადოებასთან მისასვლელი პირი კი არა, იმის რესურსიც აქვს, რომ ქვეყანა განავითაროს. მოკლედ, ხალხი ძველ პარტიებს ტოვებს.
_ ანუ, ბატონო კოტე, იმას ამბობთ, რომ ხალხი „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ტოვებს?
_ დიახ. სხვათა შორის, ახლა რაღაცებს ვაზუსტებ და რამდენიმე დღეში პრესასთან კონკრეტული ფაქტებით ვილაპარაკებ, თუ რა მდგომარეობაა, მაგალითად, სამეგრელოში.
_ მაინც, რა ვითარებაა?
_ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ისე პოზიციონირებენ, როგორც „ოცნების“ წევრები. მეტიც, მმართველი პარტია ცდილობს, ეს ადამიანები მამა აბრაამის ბატკნებად წარმოაჩინოს, მაგრამ ორი-სამი დღე მაცადეთ და ამ ვითომ მამა აბრაამის ბატკნებზე სრულ სიმართლეს წარმოგიდგენთ!
_ ადამიანები, რომელთა მხილებასაც გეგმავთ, „ოცნების“ რიგითი წევრები არიან?
_ არა, ძალიან მაღალი რანგის პოზიციები უკავიათ.
_ საინტერესოა, თუმცა ამის მიუხედავად, ყველა კვლევით, „ოცნება“ არჩევნებს იგებს, „ტრიბუნა“ კი რეიტინგებში საერთოდ არაა.
_ „ტრიბუნა“ რეიტინგებში ვერც იქნება, რადგან ყველამ ვიცით, ეს რეიტინგები როგორც ტარდება, თუმცა გამოკითხვებს ჩვენც ვატარებთ და ძალიან კარგად ვიცით, რა ვითარებაცაა. ისე, არ ვამბობ, ყოფილ და ახლანდელ სახელისუფლებო პარტიებს რეიტინგი საერთოდ არ აქვთ-მეთქი, მაგრამ, მაგალითად, „ოცნების“ რეიტინგი, თუ გახსოვთ, 70-ზე მეტი იყო, ახლა კი 21-25 პროცენტია.
_ შეიძლება, თუმცა მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ოცნება“ არჩევნებში ხმების 60 პროცენტზე მეტს აიღებს…
_ მდინარაძეზე დროსაც არ დავკარგავ და რასაც ამბობს, მის სინდის-ნამუსზე იყოს. სხვათა შორის, კობახიძემ, თავის დროზე, დავით ნარმანიას გამარჯვება მიულოცა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეორე ტური იყო და ამის გამო უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. მდინარაძეები, კობახიძეები და ხაინდრავები სალომესაც თაიგულებით მიადგნენ, მაგრამ აქაც აღმოჩნდა, რომ ეს გამარჯვებაც ბლეფი იყო და საპრეზიდენტო არჩევნებშიც მეორე ტური დაინიშნა.
წესით, საზოგადოებას ისიც უნდა ახსოვდეს, კობახიძემ რომ თქვა, 50 პროცენტსაც ვერ მოვაგროვებთო, მაგრამ მერე სცემეს _ სახეზე რაღაცები ეტყობოდა და ზუსტად ერთ დღეში საკუთარი ნათქვამი გადათქვა.
_ კობახიძეს ვინ სცემა?
_ ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა ცემას გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ, ანუ კობახიძე სერიოზულად გაჯორეს და ეს უნამუსო კაცი მეორე დღეს გამოვარდა, _ რას ლაპარაკობთ, „ოცნებას“ 62-პროცენტი აქვსო… „ოცნების“ წარმომადგენლებს არც ნამუსი აქვთ და საზოგადოების წინაშე არც პასუხისმგებლობას გრძნობენ. ერთ დღეს ერთს ამბობენ, მეორე დღეს კი _ მეორეს, რადგან ასე ავალებენ. ამიტომ მათზე საუბარში დრო არ დავკარგოთ…
სხვათა შორის, იგივე გამოკითხვებიდან ჩანს, რომ საზოგადოების 58 პროცენტი არ ამბობს, ხმას ვის აძლევს. ეს ადამიანები „ოცნების“ მხარდამჭერები რომ იყვნენ, ამის შესახებ, ცხადია, იყვირებდნენ და ხელისუფლების წინაშე თავს მოიწონებდნენ, მაგრამ ფაქტია, საზოგადოების ეს ნაწილი „ოცნებას“ ხმას არ აძლევს.
_ შეიძლება, მაგრამ ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიას ხმამაღლა არ აფიქსირებს, რატომ გგონიათ, რომ მაინცდამაინც „ტრიბუნას“ მისცემს ხმას?
_ ეს არც მე მგონია. უბრალოდ, იმას ვამბობ, რომ ეს ამომრჩეველი ოპოზიციის მხარდამჭერია და სწორედ არჩევნებამდე დარჩენილ ერთ თვეში გადაწყდება, ეს ადამიანები რომელ ოპოზიციურ პარტიას მისცემენ ხმას. საერთოდ, ნამდვილი საარჩევნო კამპანია ახლა იწყება და 31 ოქტომბრამდე დარჩენილ ერთ თვეში პოლიტიკოსებმა ხელებდაკაპიწებულებმა უნდა ვიშრომოთ _ ამომრჩევლებს შევხვდეთ, მათი მოთხოვნები თუ სურვილები მოვისმინოთ და ჩვენი სამოქმედო გეგმაც სწორედ ამის მიხედვით შევადგინოთ!
ისე, პოლიტიკოსები ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ, რაც მხოლოდ ლოგიკაში კი არა, საარჩევნო სამართალშიც არ ჯდება.
აი, მაგალითად, ამბობენ, ერთიანები უნდა ვიყოთო, მაგრამ ჩვენ კონკურენტები ვართ და აზრი არ აქვს, ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას ვცდილობდეთ, ანუ იმის დამალვას, თუ ვინმე არ მოგვწონს, მათ შორის, ოპოზიციიდანაც. თუ ამას დავმალავთ, არაგულწრფელი თამაში გამოვა, რაც ხალხისთვის ძალიან ადვილი შესამჩნევია. ასეთ არაგულწრფელობაზე წასვლა კი პოლიტიკაში თვითმკვლელობის ტოლფასია.
ერთი სიტყვით, პოლიტიკოსები გულწრფელები უნდა ვიყოთ და ხალხს ჩვენი პროფესიონალიზმი თუ გამოცდილება დავანახოთ. დიახ, მოსახლეობას არ უნდა დავუმალოთ, რომ მისი ფული მევახშეეებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და მათ უკან მდგარ ბანკებს აქვთ მითვისებული და ეს ფული უკან უნდა დაბრუნდეს! ხალხს ისიც უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, საკონტროლო პაკეტი რამდენიმე კომერციული ბანკის ხელშია, მაგრამ მათი სოციალური პასუხისმგებლობა, პრაქტიკულად, ნულია, ანუ კომერციული ბანკები ხალხზე კი არა, მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ზრუნავენ. ჩვენ სწორედ ეს უსამართლობა უნდა გავასწოროთ! თუ ასე არ მოხდება, მაშინ სახელმწიფო აღარ გვექნება, რადგან ხაზინაში აარაფერია, ეროვნული ბანკი მხოლოდ კომერციულ ბანკებზე მუშაობს _ ერთმანეთთან გარიგებული არიან. შესაბამისად, გარედან შემოსული ნასესხები ფულიც კომერციულ ბანკებში იდება და ხალხი, მაპატიეთ და, ხახამშრალი რჩება!
_ ბატონო კოტე, კომერციული ბანკების მხილება „ტრიბუნის“, როგორც იტყვიან, მთავარი საარჩევნო „ფიშკაა“, მაგრამ მხოლოდ ამ თემით ხალხს როგორ დაარწმუნებთ, რომ ხელისუფლება შესაცვლელია?
_ ნორმალურ ვითარებაში ქვეყნის ეკონომიკის, მაქსიმუმ, 25 პროცენტი ორი კომერციული ბანკის ხელში უნდა იყოს, მაგრამ დღეს ამ კომერციულ ბანკებს ქვეყნის ეკონომიკის ლამის 65 პროცენტზე მეტი უკანონოდ აქვს მითვისებული, რაც პათოლოგიაა _ როგორ შეიძლება, ქვეყნისა და ხალხის ამხელა ქონება და კაპიტალი კომერციული ბანკების ხელში იყოს?! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხალხისგან ამოღებული ფული, ე. წ. დაგროვებითი პენსია, რომელიც 560 მილიონია, კომერციულ ბანკებში დევს, რაც არაჯანსაღია. ქვეყანას სახელმწიფო სადაზღვეო კომპანიაც კი არ გააჩნია, რომ პენსიები დააზღვიოს და კომერციულმა ბანკმა მოხუცები არ გაღლიტოს. მოკლედ, ჩვენ ბალანსს სასამართლოს მეშვეობით გავათანაბრებთ და სახელმწიფო ქონების, მინიმუმ, 55 პროცენტი სახელმწიფოსვე დაუბრუნდება. საერთოდ, სახელმწიფოს პოლიტიკური მოვალეობა ხალხზე ზრუნვაა. ამის შემდეგ ლაპარაკი პენსიების გარომაგებაზეც შეიძლება და მოსახლეობის დარღვეული უფლებების აღდგენაც!
_ ბატონო კოტე, ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ სხვა რამეს გეკითხებით, ანუ 2012 წლის მსგავსად, საზოგადოებას დღესაც აქვს განწყობა, რომ ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს? სხვათა შორის, ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, თუკი ოპოზიცია ერთმანეთთან კინკლაობას გააგრძელებს, „ოცნებას“ საფრთხე არ ემქურება და ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩებაო…
_ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ამის თქმა რომელ ანალიტიკოსს მოუვიდა აზრად. იგივე უცხოური ორგანიზაციების გამოკითხვებით, მოსახლეობის 76 პროცენტი ხელისუფლების შეცვლას არათუ ელოდება, არამედ, ითხოვს! ამასთან, 70 პროცენტზე მეტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არასწორი გზით ვითარდება. აქედან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არაა, ხალხის განწყობა როგორია, მაგრამ წეღანდელი თქმისა არ იყოს, ოპოზიციამ არჩევნები რაღაც ერთიანი სიით კი არ უნდა მოიგოს, არამედ თითოეული ოპოზიციური ძალა, და ასეთი ბევრნი ვართ, ამომრჩეველთან უნდა მივიდეს და დაარწმუნოს, რომ სხვადასხვა ოპოზიციური ძალისთვის მიცემულ ხმებს, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების შეცვლა მოჰყვება! აი, ეს გზაა სწორი და ის, ვინც ამბობს, რომ „ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩება, ანალიტიკოსი კი არა, ბიძინას დაქირავებულია! პოლიტიკაში საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს და, მე თუ მკითხავთ, ოპოზიცია ახლა სწორ გზაზე დგას, ანუ იმას კი არ უნდა ველოდოთ, რომ რაღაც ჯგუფური აღლუმები გვექნება, არამედ პასუხისმგებლობა თითოეულმა უნდა ავიღოთ და ადამიანები დავარწმუნოთ, რომ ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რის შემდეგაც ისეთი მთავრობა და ხელისუფლება გვეყოლება, რომელიც ხალხის წინაშე პასუხისმგებელი იქნება.
_ სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილიც, პრაქტიკულად, ამას ამბობს, ანუ ერთ-ერთი ბოლო გამოსვლისას ექსპრეზიდენტმა განაცხადა, არანაირი კოალიცია, ახალი მთავრობა მთლიანად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დააკომპლექტოსო.
_ მე ამას არ ვამბობ.
_ აბა, რას ამბობთ, ბატონო კოტე?
_ ყველაფერი არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
_ დიახ, მესმის, თუმცა ისიც ცნობილია, რომ „ტრიბუნა“ არ აპირებს, კოალიციური მთავრობა „ნაცებს“ ან „ქოცებს“ შეუქმნას…
_ კი ბატონო, ასეა.
_ ჰოდა, თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, კოალიციისთვის ხმები რომელ პოლიტიკურ ძალას დააკლდება?
_ ახლა ყველა პარტია იმისთვის იბრძვის, რომ ხმების მაქსიმალური რაოდენობა მიიღოს. სხვა რამეზე კი არჩევნების დამთავრების შემდეგ ვილაპარაკოთ…
_ კეთილი, ეს თემა არჩევნების შემდეგ განვავრცოთ, მაგრამ იზიარებთ თუ არა მოსაზრებას, რომ „ნაციონალებისა“ და თუნდაც „ევროსაქების“ კინკლაობა „ოცნების“ საარჩევნო წისქვილზე ასხამს წყალს?
_ ჩემი მხრიდან სხვა პარტიების სურვილების კომენტირება არც კორექტული იქნება და არც _ შედეგის მომტანი, მაგრამ როცა ერთიც და მეორეც ამტკიცებს, მთავარი ვარო, ეს „შუას გაკრეფის“ პოზიცია და, ვფიქრობ, ფუჭი მცდელობაა.
_ რატომ?
_ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ახლა პოლიტიკაში სამი ველია.
_ ანუ?
_ 1. ხელისუფლება, 2. ე. წ. მთავარი ოპოზიცია, როგორც ზემოხსენებული პარტიები საკუთარ თავს ეძახიან და 3. ოპოზიცია, რომელიც, რეალურად, ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის და საკუთარ თავს არც „ნაცებში“ ხედავს და არც _ „ოცნებაში“.
_ ბატონო კოტე, ჩამიზუსტეთ: „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ჯოხის ერთ ბოლოდ მიგაჩნიათ თუ არა?
_ ამაზე ვერაფერს გეტყვით. ჯობია, ამის თაობაზე მათ ჰკითხოთ, თუმცა ინფორმაციამ გამოჟონა, რომ პარლამენტის მომავალ თავმჯდომარეზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და აქედან დასკვნას ამომრჩეველი გააკეთებს.
_ და მაინც, ბატონო კოტე, თუკი ისე მოხდა, რომ „ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩენას მესამე ვადითაც გადაწყვეტს და 31 ოქტომბერს თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს, თქვენი აზრით, პირველ ოქტომბერს, ანუ არჩევნების მეორე დღეს, რა მოხდება?
_ ვხედავთ, რომ ისეთი ავტორიტეტული და მიუკერძოებელი საერთაშორისო ორგანიზაციების გამოკითხვით, როგორიც, მაგალითად, „ენდიაი“ თუ „აირაია“, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 30-პროცენტის ფარგლებშია.
სხვათა შორის, ეს კვლევები მაშინაა ჩატარებული, როცა პანდემიის შედეგები გართულებული არ იყო. ახლა კი ჯანდაცვა, პრაქტიკულად, ჩამოშლილია და „ოცნებას“ კორონა ჭირად ექცა. ჩემი ინფორმაციით, გამოკვლევების საველე სამუშაოები ახლაც ტარდება.
_ სხვა რამე გკითხეთ და, უკაცრავად, ეს რა შუაშია?
_ მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თუ რეალურად ვიმსჯელებთ, „ოცნების“ რეიტინგი, მაქსიმუმ, 26-27 პროცენტია. ეს ციფრი კი არ მოიმატებს, პირიქით, დაიკლებს, მაგრამ მმართველი პარტიის რეიტინგი 30-ის ფარგლებშიც რომ დარჩეს, ერთი ანალიტიკოსიც კი, სულ რომ ჭორვილიდან ბიძინას ბიძაშვილი იყოს, ვერ იტყვის, ეს რეიტინგი „ოცნებას“ საპარლამენტო უმრავლესობისთვის, ანუ 76 მანდატისთვის ეყოფაო.
არც ის დაგვავიწყდეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით პროპორციულ არჩევნებში, ასე ვთქვათ, საკონტროლო პაკეტი 40 პროცენტია. ჰოდა, „ოცნება“ ამ 40 პროცენტს ვერ მოაგროვებს.
_ ეს თეორიულად, მაგრამ, დავუშვათ, მმართველმა გუნდმა არჩევნები ტოტალურად გააყალბა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. აი, ამის შემდეგ რა ხდება?
_ ამის შემდეგ ის მოხდება, რაც 2003 წელს საქართველოში ან, თავის დროზე, უკრაინასა და მეზობელ სომხეთში მოხდა.
_ ანუ რევოლუცია?
_ როცა საკუთარ ხალხს კონსტუტუციას, სტრატეგიულ პარტნიორებს, მათ შორის, აშშ-ს მის მიერ ჩატარებულ კვლევებს თავზე ახევ, იმას მიიღებ, რასაც ასეთ დროს ღებულობენ ხოლმე _ სანქციები იქნება!
_ მოვლენების ამ სცენარით განვითარება რეალურია?
_ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ამბობს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ტესტი იქნება, საქართველოში დემოკრატია გაგრძელდება თუ არა. იმ შემთხვევაში, თუ ამ ტესტს ვერ ჩააბარებს, ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ ამ ხელისუფლებას ძალიან მძიმე მომავალი ელის!
_ ვნახოთ, რა და როგორ იქნება, მაგრამ იმ ფონზე, როცა ლარი რეკორდულად უფასურდება და სოციალური ფონიც მძიმდება, 31 ოქტომბრამდე ხალხი როგორ მიაღწევს?
_ იმის შესახებ, რა გამოსავალიც 31 ოქტომბრის შემდეგაა, უკვე ვისაუბრეთ _ სახელმწიფომ ის სახსრები, რომელიც გაფლანგულია, უნდა დაიბრუნოს და საკუთარ მოქალაქეებზე ფიქრი დაიწყოს.
რაც შეეხება იმ ნაბიჯებს, რომლებიც 31-მდე უნდა გადაიდგას, თუ „ოცნებაში“ ვინმე ჭკვიანი მაინც არის, იმაზე უნდა იფიქროს, რომ ამ ერთ თვეში სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება დაიწყოს.
დღეს ჩვენ თავიდან ბოლომდე იმაზე ვართ დამოკიდებული, რომ საჭმელი უცხოეთიდან შემოვიტანოთ. ხორბლის შემოტანაც მთლიანად რუსეთს მიაბეს…
პანდემია მხოლოდ ჩვენთან კი არა, მთელ მსოფლიოშია და, შესაბამისად, პროდუქტები ყველაგან ძვირდება. ჩვენ კი მხოლოდ მუშახელი კი არ გყავს, არამედ მიწაც გვაქვს და წყალიც, რომ საჭმელი ვაწარმოოთ. ამიტომ საკვები პრდუქტების წარმოება ხვალიდანვე უნდა დაიწყოს, მაგრამ მთელი პარლამენტი და მთავრობა _ შს მინისტრის მოადგილე ხანიშვილიდან დაწყებული თურნავათი დამთავრებული, იმპორტის ლობისტებითაა სავსე და არ უნდათ, რომ კიტრი, კარტოფილი თუ პომიდორი საქართველოში მოდიოდეს.
აი, სწორედ ამის გამოსწორება უნდა დავიწყოთ და მარაგები შევქმნათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ამათ თავში არ შედის და ამ ეკონომიკური კრიზისის დაძლევას ხალხისთვის 200 ლარის დარიგებით ცდილობენ. არადა, ყველა ვხვდებით, რომ ეს კრიზისი ფულის დარიგებით ვერ დაიძლევა!
გიორგი აბაშიძე