QronikaPlus
კოტე კემულარია: „თითოეულ ხმას ჯერარნახულად დავიცავთ!“

კოტე კემულარია: „თითოეულ ხმას ჯერარნახულად დავიცავთ!“

2020-06-12 09:50:07

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ რამდენიმე კვირის წინ შეწყალებული ირაკლი ოქრუაშვილი არ გამორიცხავს, რომ 20 ივნისის საქმეზე, რომელზედაც ის ერთხელ უკვე გაასამართლეს და 5 წელიც მიუსაჯეს, ხელმეორედ დაიჭირონ და ამჯერად საპყრობილეში 9 წლით გაუშვან.
იმის ალბათობას, რომ მოვლენები სწორედ ამ სცენარით განვითარდეს, ოქრუაშვილის თანაგუნდელი კოტე კემულარიაც უშვებს, რომელიც „ქრონიკა+“-სთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მსოფლიო პანდემიის კონტექსტში განიხილავს და, პრაქტიკულად, დარწმუნებულია, რომ შემოდგომაზე ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება.

_ ბატონო კოტე, როგორ ხართ, კორონობა როგორ გადაიტანეთ?
_ ყოჩაღად!
_ ანუ „უხილავი მტრის“ არ გეშინოდათ?
_ არა, პირიქით, ყველას ვამხნევებდი და ვცდილობდი, ეს პერიოდი შიშისა და განსაკუთრებული დანაკარგების გარეშე გამევლო.
_ ისე, ლოკდაუნმა ხელისუფლება უფრო დააზარალა თუ ოპოზიცია?
_ სხვათა შორის, „ლიბერასიონში“ ძალიან საინტერესო სტატია წავიკითხე, სადაც ცნობილი ფრანგი ფსიქოლოგები და ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ პანდემიისგან ბენეფიტის მიღების შესაძლებლობა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რადგან ყველაფერი ეს თითოეული მოქალაქის ცუდი მოგონებაა და, მიუხედავად იმისა, მენეჯერებმა ეს პერიოდი კარგად გაიარეს თუ ცუდად, ლოკდაუნის გახსენება არავის მოუნდებაო. პანდემიის დანაკარგებს მსოფლიო და, მათ შორის, საქართველოც შემოდგომაზე უფრო იგრძნობს, ანუ გართულებულ ცხოვრებას ვგულისხმობ. აქედან გამომდინარე, ჩვენი მმართველების განცხადება, პანდემიიდან სასწაული შედეგი მივიღეთო, ძალიან წინდაუხედავია.
_ „სასწაული შედეგები“ იქით იყოს და „ოცნება“ დარწმუნებულია, რომ კორონავირუსი ქვეყანას წარმატების შესაძლებლობას აძლევს. იქნებ, ეს გადაჭარბებული წარმოდგენაა, მაგრამ, ბატონო კოტე, საქართველო განვითარებული მსოფლიოს ნაწილი არაა, ანუ ჩვენ განვითარებადი ქვეყანა ვართ და აღიარეთ, რომ პანდემიამ მმართველ გუნდს იდეალური საარჩევნო სტარტი „მისცა“.
_ ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ, რასაც იგივე ევროპარლამენტარების ყოველდღიური ყურადღებაც მოწმობს. ევროპის ლიდერები საქართველოს ძალიან კარგად იცნობენ და აქ მიმდინარე პროცესებს თვალს ადევნებენ. ასე რომ, ჩვენს ხელისუფლებას ტყუილის გამოგონება არ გამოუვა, მით უმეტეს, რომ ჩვენი ახალგაზრდობაც ყველაფერს ადევნებს თვალს. მათ განათლება ევროპაში მიიღეს და ვერავინ მოატყუებს.
სხვათა შორის, კიდევ ერთი საინტერესო უცხოური სტატია წავიკითხე, რომელიც ნორვეგიის პრეზიდენტს ეხებოდა. ეს ქალბატონი დღეს ევროპაში ძალიან პოპულარულია. ნორვეგიაში ლოკდაუნი, როგორც ჩვენთან, ძალიან მკაცრი იყო და შედეგიც საუკეთესო მიიღეს.
_ უკაცრავად, საქართველოზე გკითხეთ და ნორვეგია რა შუაშია?
_ მოკლედ, ნორვეგიის პრეზიდენტი ამბობს, რომ ლოკდაუნი შეცდომა იყო და თუ კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება, აღარაფერს დაკეტავს. კარგი შედეგის მიუხედავად, ნორვეგიის პრეზიდენტი მკაცრი შეზღუდვებისგან განხიბლული იმიტომაა, რომ ყველაფერმა ამან მოსახლეობა, მათ შორის, ახალგაზრდებიც, იმუნიტეტის გარეშე დატოვა, ანუ კორონავირუსი ძალიან ცოტამ გადაიტანა და ახლა, როცა საზღვრები იხსნება, ნორვეგია გაცილებით მეტი საფრთხის წინაშე დგას, ვიდრე ის ქვეყნები, სადაც ე. წ. კოლექტიური იმუნიტეტი გამომუშავდა.
ერთი სიტყვით, ლოკდაუნები, რომლითაც ახლა თავს იწონებენ, ხშირ შემთხვევაში, გადაჭარბებული იყო, განსაკუთრებით მცირე ბიზნესსა თუ ავტომობილებით გადაადგილებასთან მიმართებით.
_ ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა რომ გადამეტებული იყო, გეთანხმებით, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება და, ამასთან, ექიმებიც კორონის მეორე ტალღას შემოდგომაზე, ანუ ზუსტად მაშინ ელოდებიან, როცა ქვეყანაში არჩევნები უნდა ჩატარდეს. ე. ი., პირდაპირ თუ ირიბად, საქართველოში პანდემიას პოლიტიკური შეფერილობა აქვს. ვცდები?
_ ჩვენი მოსახლეობა ძალიან გონიერია!
_ ანუ?
_ ხელისუფლებას იმდენი ჭკუა უნდა ჰქონდეს, რომ ამ სისულელეზე კიდევ არ წავიდეს და თუ წავა, ამას ხალხი არ დაუშვებს! კი ბატონო, თავიდან უზარმაზარი შიში არსებობდა, მაგრამ ჭკვიანი ცხოველის, ძაღლის ბიოლოგიური თვისება გავიხსენოთ _ ძვალს ერთხელ რომ გადაუგდებთ, გაიქცევა, მაგრამ მეორედ _ აღარ. მოკლედ, შიშის გამო ისეთ დამორჩილებას, რომელიც მცირე ბიზნესს ძალიან მძიმე დარტყმას მოუტანს, აღარავინ დაუშვებს, მით უმეტეს, რომ საქართველოს ეკონომიკას სწორედ ეს მცირე ბიზნესი კვებავს.
ხელისუფლებამ ჩაკეტვაზე კი არა, თანხმობაზე უნდა იფიქროს, რადგან პანდემიის შედეგებს შეიძლება, გავუმკლავდეთ, მაგრამ პოლარიზაციას ვერ გავუმკლავდებით. გაიძახიან, ოპოზიცია სუსტია და უკეთესსაც ვინატრებდითო, მაგრამ ამის თქმა სისულელე და უცოდინარობაა! ხელისუფლება იმას კი არ უნდა ამბობდეს, აი, მე მეტი ფული მაქვსო, არამედ უნდა დამშვიდდეს.
_ „დამშვიდება“ რას ნიშნავს?
_ სიფრთხილე ყოველთვის საჭიროა და თუ გართულება ისევ გველოდება, მაშინ მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა იმოქმედოს. საერთოდ, გაჭირვების დროს ხელისუფლება ან პოლარიზაციას ცდილობს, ან თანხმობისკენ მიდის. ჩვენი ხელისუფლება ოქტომბერში შედეგს იმის მიხედვით მიიღებს, ამ ორი გზიდან რომელს აირჩევს.
_ შეთანხმება მხოლოდ მმართველ გუნდს კი არა, ოპოზიციასაც სჭირდება. მესმის, რომ „გამარჯვებული საქართველო“ პრემიერობისა თუ მაჟორიტარობის კანდიდატებზე დაწყებულ ბატალიებში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, მაგრამ ფაქტია: ოპოზიცია პოლარიზებულია. ისე, თქვენს პარტიას თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები ეყოლება?
_ შეიძლება, სხვებისგან ცოტა განსხვავებული ვიყო, მაგრამ პირდაპირ გეტყვით: ოპოზიცია ძალიან სწორად იქცევა!
_ ოპოზიცია მრავალფეროვანია და ამას რომელ დაჯგუფებაზე ამბობთ?
_ ყველაზე! შეიძლება, მხოლოდ გამოუცდელ ადამიანებს ჰქონდათ განცდა, რომ ერთიანი სია იქნებოდა. ყველას თავისი ინტერესი აქვს და მრავალფეროვნება, ცხადია, უნდა დარჩეს, მაგრამ იმ ფონზე, რაც ბოლო დღეებში ხდება, „ოცნება“ ნირწამხდარია.
ოპოზიციაში პრობლემები არაა! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პროპორციულზე შეთანხმება მიღწეულია. არადა, სწორედ ეს ხელისუფლება იყო, რომელიც ამბობდა, პროპორციული არჩევნები ქვეყნისთვის სახიფათოაო.
_ თუ გიორგი რურუა ციხიდან არ გამოვა, ოპოზიცია საარჩევნო ცვლილებებს მხარს დაუჭერს?
_ ჩვენ პრინციპებს არ ვიცვლით, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უხერხულ მდგომარეობაში დასავლელი პარტნიორების წინაშე აღმოვჩნდებით!
_ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად „ოცნებას“ ოპოზიციის მხარდაჭერა არ სჭირდება _ საარჩევნო კოდექსის შესაცვლელად უმრავლესობის ხმებიც საკმარისია, მით უმეტეს, რომ დამოუკიდებელი მაჟორიტარები ამ ცვლილებებისთვის მხარდაჭერას აპირებენ.
_ თუ ასე მოხდება, ძალიან კარგი იქნება.
_ კარგი რატომ იქნება?
_ ამით ხელისუფლებას ჩირქი და ტალახი ოდნავ მაინც ჩამოერეცხება.
_ შეიძლება, მაგრამ გიორგი რურუა ისევ ციხეში დარჩება. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა კი, როგორც მახსოვს, ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლება იყო.
_ ციხის გასაღები, სამწუხაროდ, ჩვენ კი არა, ბიძინა ივანიშვილს აქვს და თუ გონიერება არ ეყოფათ და რურუას არ გაათავისუფლებენ, ოქტომბერში ძალიან მძიმე შედეგს მიიღებენ!
დიახ, საკონსტიტუციო ცვლილებები ხელისუფლებას ჯიბეში უდევს, მაგრამ მხოლოდ ამ ცვლილებებით „გადაგდების“ სირცხვილს ვერ მოიცილებს!
_ სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ირაკლი ოქრუაშვილმა არ გამორიცხა, რომ 20 ივნისის მოვლენებზე ხელმეორედ დაიჭირონ და ამჯერად უკვე 9 წელი მიუსაჯონ. ბატონო კოტე, მოვლენების ამ სცენარით განვითარებას თქვენც ელოდებით?
_ ასეთი სურვილი მხოლოდ ოქრუაშვილის მიმართ არ აქვთ, ანუ წინ სააპელაციო სასამართლოა და თუ გონიერებიდან საბოლოოდ გამოვიდნენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეუძლიათ.
_ ელოდებით, რომ „ოცნება“, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „გონიერებიდან გამოვა“?
_ არ მგონია.
_ რატომ არ გგონიათ?
_ „ოცნების“ თავზე, როგორც საზოგადოებრივი აზრი, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება, დამოკლეს მახვილივით კიდია. გასაგებია, რომ დასავლეთის დემოკრატიული ღირებულებების მიმართ ივანიშვილს განსაკუთრებული დამოკიდებულება არ აქვს, მაგრამ აშშ-ში მისი ფულია და აი, სწორედ ამის ეშინია, მით უმეტეს, რომ სანქციების კანონპროექტს უკვე 11 სენატორი შეუერთდა და ეს 11 შეიძლება, 111 გახდეს!
_ ბატონო კოტე, თეთრი სახლის საქართველოსადმი ინტერესზე, მგონი, გადაჭარბებული წარმოდგენა გაქვთ, ანუ ბოლო დროს აშშ-ში დიდი არეულობაა და ზოგი ფიქრობს, რომ ოკეანისგაღმელები ჩვენთვის ვეღარ მოიცლიან.
_ ამ პრობლემებში ამერიკელების სოლიდარული ვარ და ეჭვიც არ მეპარება, რომ აშშ ყველაფერ ამას გადალახავს!
სხვათა შორის, პანდემიის დროსაც ასე ეგონათ, რომ საქართველოსთვის ვერ მოიცლიდა, მაგრამ ზუსტად მაშინ, როცა აშშ-ში პანდემიური შოკი იყო, სენატორებსა და კონგრესმენებს არ დაეზარათ და საქართველოზე განცხადებები გააკეთეს!
_ ის სენატორები და კონგრესმენები, რომლებიც პანდემიის დროს ქართულ პოლიტიკაზე ფიქრობდნენ, როგორც კობახიძე და „ოცნების“ სხვა „ფეისები“ ამბობენ, პირწავარდნილი „ნაციონალები“ არიან.
_ დიახ, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში, რომელსაც მთელი მსოფლიო უწევს ანგარიშს, ბავშვობიდან „ნაციონალია“!
საერთოდ, ასეთი განცხადებები „ოცნების“ კომპეტენციაზე მიუთითებს.
_ ბატონო კოტე, წეღან გკითხეთ და არ მიპასუხეთ: თბილისის იმ ექვს რაიონში, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ დათმო, რომელიმეში მაჟორიტარობის კანდიდატი „გამარჯვებული საქართველოდან“ იქნება თუ არა?
_ წინ კონსულტაციები გველოდება და ყველაფერი ძალიან მალე გახდება ცნობილი.
_ ამ კონსულტაციებზე თქვენი პარტია ოპოზიციას მაჟორიტარობის საკუთარ კანდიდატებს არ შესთავაზებს?
_ ეს საერთო გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
_ ანუ?
_ თუ ჩვენთან მყოფი ადამიანებიდან ისეთი ვინმე მოიძებნა, რომელსაც გამარჯვების რეალური პოტენცია აქვს და მისი კომპეტენცია თუ რეპუტაციაც კოლეგებისთვის მისაღები იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენს კანდიდატს შევთავაზებთ.
_ ისე, რატომ ფიქრობთ, რომ ძირძველი პარტიები თბილისის რომელიმე რაიონს ახლად შექმნილ „გამარჯვებულ საქართველოს“ დაუთმობენ?
_ ჩვენ ძალიან ახალგაზრდა პოლიტიკური ორგანიზაცია ვართ და ამის პრეტენზია არ გაგვაჩნია, მაგრამ ძალიან გამოცდილი ადამიანები გვყავს. პარტნიორებთან კონსულტაციები მშვიდად, კორექტულად გვექნება, მათ აზრს გავითვალისწინებთ და ჩვენს აზრს, რა თქმა უნდა, ისინიც გაუწევენ ანგარიშს!
_ პირდაპირ გკითხავთ და პირდაპირ მიპასუხეთ: პრემიერად გიორგი ვაშაძის კანდიდატურის დასახელება „გამარჯვებული საქართველოსთვის“ მიუღებელი იყო?
_ არ განგვიხილავს.
_ მესმის, მაგრამ, აი, მაგალითად, გიგა ბოკერიამ განაცხადა, კოალიციური მთავრობის შემთხვევაში პრემიერი „ევროპული საქართველოდან“ უნდა იყოსო.
_ ბოკერიას მთლად ასე არ უთქვამს.
_ მაშ, როგორ თქვა?
_ მან თქვა, თუ ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, მაშინ მომავალი პრემიერი „ევროპული საქართველოდან“ უნდა იყოსო და ეს სხვა განცხადებაა.
საერთოდ, ჯერ ამ თემაზე საუბრის დრო არ დამდგარა.
_ შეიძლება, მაგრამ 2012 წლის შემოდგომა გახსოვთ? _ არჩევნების მოგების შემდეგ „ოცნებამ“ არ იცოდა, მთავრობა ვისგან უნდა დაეკომპლექტებინა. ამის გათვალისწინებით, მგონი, უკეთესია, თუ ოპოზიცია მომავალი მინისტრთა კაბინეტის წევრებს წინასწარ შეარჩევს, თან ხალხსაც ეცოდინება, არჩევნებში ხმას ვის აძლევს. აქვე, იმასაც გაგახსენებთ, რომ საქართველოში პარტიების პროგრამებს თითქმის არავინ კითხულობს და ყველაფერს პიროვნებები წყვეტენ.
_ გაერთიანებულ ოპოზიციაში, მგონი, ბევრია ისეთი პირი, რომლითაც მინისტრთა კაბინეტის კომპეტენტური დაკომპლექტება შეიძლება, თუმცა ამაზე საუბრის დრო არჩევნების შემდეგ დადგება. მანამდე უამრავი პრობლემაა, პირველ რიგში, ეკონომიკური, რომლის მოგვარებაზეც უნდა ვიფიქროთ.
_ ეკონომიკურ პრობლემებს ოპოზიცია ვერ მოაგვარებს, რადგან ბერკეტები არ გააჩნია.
_ დიახ, მაგრამ ხალხს პროგრამები უნდა შევთავაზოთ.
სხვათა შორის, პანდემიის დროს მთელმა მსოფლიომ ხალხს რაღაც დაურიგა, ჩვენმა ხელისუფლებამ კი პროგრამაც ვერ წარმოადგინა.
_ ბატონო კოტე, „ქოცი“ არ ვარ, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, შეგახსენოთ, რომ მოსახლეობას 200 თუ 300-ლარიანი დახმარება ჩვენმა მთავრობამაც მისცა.
_ თავის მომხრეებს რაღაც რომ მისცეს, ეს რა არის? მილიონები შეაგროვეს და ვიღაცას 200 ლარი მისცეს! _ ეს რას ჰგავს?
_ ვიღაცისთვის 200 ლარიც დიდი შვებაა.
_ ამაზე საუბარი არ მინდა.
_ კეთილი, არ ვისაუბროთ. მაშინ, ის მითხარით, თუ არჩევნები გაყალბდა, ოპოზიცია ხმებს როგორ დაიცავს, ანუ ლეიბორისტების მაგიდასთან ამაზე თუ მსჯელობთ ხოლმე?
_ როცა 8 მარტის შეთანხმებაზე ვსაუბრობდით და ჩვენი კოლეგები, მათ შორის, დიპლომატები, რომელთაც საქართველო ძალიან უყვართ, აქცენტს სწორედ ამაზე აკეთებდნენ, ლეიბორისტების ოფისში მოვამზადეთ წინადადებები, რომ ცვლილებები შევიდეს მთლიანად საარჩევნო კოდექსში და ასევე საარჩევნო ადმინისტრაციაში. ამ თემაზე სხვადასხვა ვარიანტი არსებობდა.
სხვათა შორის, გახსოვთ, რომ ეუთომ და ოდირმა ხელისუფლებას წარუდგინეს წინადადებები, რათა არჩევნებზე ხმები დაიცვან.
იმედი მაქვს, კონსტიტუციური ცვლილებები განხორციელდება და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტული იქნება საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებები. ხმების დაცვის პირობაც სწორედ ეს არის.
_ ქაღალდზე დაცული ხმები გასაგებია, მაგრამ მეც კარგად ვიცი და თქვენც, რომ საქართველოში არჩევნები ქვების სროლითა და ცემა-ტყეპით ტარდება ხოლმე. სხვათა შორის, საარჩევნო მუშტი-კრივი უკვე გახსნილია _ რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა მოქალაქეს, რომელიც კონკრეტულ საკითხს აპროტესტებდა, მაისური შემოახია. ჰოდა, ოპოზიცია ასეთი შემთხვევებისთვის თუ ემზადება, ანუ როგორ აპირებთ, რომ, მაგალითად, უბნებიდან საარჩევნო ყუთები არ გაიტაცონ?
_ ოპოზიციის ერთიანობა მშვიდობიანი სპეციალისტების არმიას ქმნის, რომლის დატრენინგებას ვაპირებთ. საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაგვეხმარებიან, რომ ადამიანებმა იცოდნენ, არჩევნები რა არის, ანუ არჩევნების დღეს ვთქვათ, სად უნდა დადგნენ და საარჩევნო უბნები არ მიატოვონ. ასეთი ათასობით ადამიანის გარდა, საერთაშორისო დამკვირვებლების ძალიან დიდი, თითქმის გაორმაგებული რაოდენობა იქნება.
ერთი სიტყვით, წლევანდელ არჩევნებზე სრულიად განსხვავებულ ვითარებას იხილავთ. ზოგადად, ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ესმის, ხელისუფლების ცვლილებას ქვეყნისთვის რა მნიშვნელობა აქვს.
_ მაინც, რა მნიშვნელობა აქვს?
_ ხელისუფლების ცვლილება იმიტომაა აუცილებელი, რომ გაღარიბებული მოსახლეობა ამ ვითარებიდან გამოვიდეს. ასევე ინვესტორები დაბრუნდნენ. ჰოდა, თითოეულ ხმას ჯერარნახულად დავიცავთ, თუმცა ისიც ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება.
_ ადვილი, რა თქმა უნდა, არ იქნება, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქრთამი მხოლოდ ჯოჯოხეთს კი არა, არჩევნებსაც „ანათებს“. შესაბამისად, ისიც გვახსოვს, რომ ოპოზიციის დამკვირვებლებსა თუ კომისიის წევრებს ოპოზიციისთვის უღალატიათ. ასე რომ, თქვენმა ოპტიმიზმმა ღიმილი მომგვარა.
_ რა თქმა უნდა, გაქვთ უფლება, რომ გაგეღიმოთ, მაგრამ ვიმეორებ: ახლა ყველა თავის ინტერესებს იცავს!
_ ეს რა შუაშია?
_ ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ, ყველას ოჯახები გვყავს და მომავალზე ვფიქრობთ. აქამდე, თუნდაც, 2016 წელს, დაქსაქსულობა იყო _ ის საზიზღარი პროცესი მახსოვს. დაქსაქსულობის დროს მოსყიდვაც მოქმედებს და დაშინებაც, მაგრამ ახლა ყველა დაინტერესებულია, რომ საერთო გამარჯვება მოიპოვოს, ანუ დარწმუნებული ვარ, კოალიციაში ბურჯანაძეც იქნება, ლეიბორისტებიც, „გირჩიც“ და „ლელოც“.
_ „გირჩმა“ განაცხადა, რომ მაჟორიტარ კანდიდატებს საერთოდ არ დაასახელებს; „ლელომ“ კი თქვა, რომ ოცდაათივე მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატი ეყოლება.
_ არჩევნებზე კი არა, მომავალ კოალიციურ პარლამენტსა და მთავრობაზე ვსაუბრობ.
_ კარგ თემას შეეხეთ: ამას წინათ სოციალურ ქსელში ე. წ. ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა გავრცელდა, რომელიც, უმთავრესად, „ნაციონალებით“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. ნამდვილად არ ვიცი, ვინ „დააკომპლექტა“, მაგრამ ამ „კაბინეტში“ „გამარჯვებული საქართველოს“ წევრები არ შემხვედრიან. ამაზე რას მეტყვით?
_ ეს „ჩრდილოვანი კაბინეტი“ ლაშა ნაცვლიშვილის შემოქმედებაა და ამიტომ ნუ დაუჯერებთ!
_ ე. ი., თქვენი პარტია კოალიციურ მთავრობაში რომელიმე მინისტრის პორტფელს მიიღებს?
_ არ ვიცი, ამას კოალიცია გადაწყვეტს. ასეთი პრეტენზია არ გვაქვს, თუმცა კოალიციაში ყველას თავისი ინტერესი აქვს და ამიტომ ეს ინტერესები არჩევნებზე ვინმემ რატომ უნდა გაყიდოს? ასეთი შესაძლებლობა 2016-ში არ ყოფილა. არის რაღაცები, რომელთა ფასიც გაცილებით მეტია, ვიდრე _ 30 ვერცხლის! დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინტერესებს წლევანდელ არჩევნებში 30 ვერცხლად არავინ გაყიდის!
_ ოპოზიცია 2008 წლის ვადამდელი არჩევნების დროსაც ასე საუბრობდა, მაგრამ, როგორც მერე გაირკვა, მაშინდელი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე, შავნაბადაზე, თურმე, მიშასთან დადიოდა და მას რაღაცებზე ევაჭრებოდა. ასე რომ, ფულით, მით უმეტეს, დიდი ფულით, ნებისმიერის ყიდვა შეიძლება!
_ ეს თქვენი აზრია, მაგრამ მე იმ მაგიდასთან ვზივარ და ყველას სულისკვეთება ვიცი. ამას უპრეცედენტო შეთანხმება ამიტომაც დაარქვეს. სხვათა შორის, თბილისის მაჟორიტარებზე „ნაციონალების“ გადაწყვეტილებაც პრეცედენტია _ ასეთი ნაბიჯი რომელიმე დიდი პარტიიდან არასოდეს გვახსოვს. ყველაფერი ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბრძოლა ერთ ადგილზე, ან ორ პროცენტზე არ იქნება. კომპრომისზე ყველა წავა, რადგან ხელისუფებას არ ჰქონდეს განცდა, თითქოს ამ შეთანხმების გაცვლა ფულსა და ოქროზე შეიძლება!
ვისაც უნდა, იცინოს და ვისაც უნდა _ გაიღიმოს, მაგრამ პოლიტიკაში ყოფნის 30-წლიანი გამოცდილება მაქვს და მერწმუნეთ, ასეთი რამ არასოდეს ყოფილა, ანუ კოალიციაზე პირველად ავლაპარაკდით. ეს საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯი საზოგადოების გამარჯვებაა და არ მგონია, შეგნებული ადამიანები ამას არ აფასებდნენ.
_ ე. ი., დარწმუნებული ხართ, რომ „ოცნება“ არჩევნებს აგებს?
_ დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და ამით ყველაფერი ვთქვი!
_ კეთილი, წარმატებას გისურვებთ, ბატონო კოტე და, როგორც პრემიერი გახარია იტყოდა, შემოდგომაზე წიწილების დათვლას დაველოდოთ!
_ თუ გახარია შემოდგომამდე მივიდა, წიწილებს ერთად დავითვლით. თუ არადა, სხვასთან ერთად დავითვლით, რა პრობლემაა!

გიორგი აბაშიძე

გაზიარება