QronikaPlus
ვინ არის ქართველი გამომგონებელი, რომელსაც დონალდ ტრამპმა  შეხვედრა სთხოვა?

ვინ არის ქართველი გამომგონებელი, რომელსაც დონალდ ტრამპმა შეხვედრა სთხოვა?

2016-12-10 10:13:21

თავის დროზე არავის ეგონა, რომ დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდებოდა. კაპიტალი ჯერ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით, შემდეგ კი მისი სამშენებლო ბიზნესში დაბანდებით დააგროვა. მომავალმა პრეზიდენტმა სახელი იმით გაითქვა, რომ ბიზნესში ინოვაციურ პროექტებს ნერგავდა. მილიარდები სწორედ ამან მოუტანა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ 2012 წელს იგი ქართველი გამომგონებლის ერთ-ერთი პროექტით დაინტერესდა, რომელიც, საქართველოს გარდა, ამერიკაშიც იყო დაპატენტებული.   ტრამპის საქართველოში ვიზიტის დროს მისი წარმომადგენელი  ქართველ გამომგონებელს, თემურ მაისურაძეს დაუკავშირდა და ბათუმში ჩასვლა სთხოვა. არ დაუმალავს, რომ მისი პროექტი განიხილებოდა და დეტალები, ჯერ კიდევ, ამერიკაში შეისწავლეს.       „ქრონიკა+“-ს თემურ მაისურაძე ესაუბრება:   _ 2012 წელი იყო, მე გახლდით „ეროვნული ფორუმის“ წევრი, პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში შევდიოდი. ჩვენ ოპოზიციური პარტია ვიყავით, რომელიც დაპირისპირებული იყო მაშინდელ ხელისუფლებასთან. გახსოვთ, ალბათ, ტრამპი მიხეილ სააკაშვილმა ჩამოიყვანა.   _ საიდან ჰქონდა ტრამპს ინფორმაცია თქვენი გამოგონების შესახებ?   _ სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია მას აშშ-ში დარეგისტრირებული ჩვენი პატენტიდან ჰქონდა. გამოგონება საქართველოს გარდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დავაპატენტეთ. ეს გახლავთ ჰაიტექნოლოგიების მიმართულება, რომელიც მთელ მსოფლიოში ძალიან სწრაფად ვითარდება. როგორც სჩანს, ტრამპმა, საქართველოში ჩამოსვლამდე, საქართველოს ინტელექტუალური პოტენციალი შეისწავლა და წარმომადგენლის საშუალებით ცდილობდა ჩემს ჩაყვანას ბათუმში. სამწუხაროდ, იმ მომენტში ჩემთვის ამ ნაბიჯის გადადგმა არ შეიძლებოდა. ეს ყოვლად გაუგებარი იქნებოდა, პირველ რიგში, პოლიტიკური თვალსაზრისით. არც არსად გამიჟღერებია ეს ინფორმაცია. ძალიან ვიწრო წრემ იცოდა ამის შესახებ.   _ რატომ? გამოგონების ავტორი თქვენ და თქვენი ძმა იყავით. თქვენს ძმას ხომ შეეძლო, შეხვედროდა?   _ არა მგონია, ეს მორალურად სწორი ყოფილიყო. მე ვიყავი პოლიტსაბჭოს წევრი, ამ პარტიის დამფუძნებელი და, ზოგადად, აქტიური წევრი. თან იმ დროს კარგი წინანადება გვქონდა გერმანიიდან. ეს იყო 16-მილიონიანი პროექტი. 12 მილიონ დოლარს  გერმანია აფინანსებდა. აქედან 6 მილიონი იყო ჰელბერშტატის გუბერნატორის წინადადება, რომ ეს ქარხანა მათ ტერიტორიაზე გაკეთებულიყო და ისინი მზად იყვნენ, რომ 12 მილიონიდან ნახევარი ჩაედოთ გრანტად. 4 მილიონის პარტნიორიც ამ დროისთვის იყო ჩვენი, ანუ ქართული მხრიდან. ასე რომ, ის პრობლემა, რომ ვიღაცას შევხვედროდი და რაღაც კავშირი მქონოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, როგორც „ეროვნული ფორუმის“ წევრს, შეუძლებლად მიმაჩნდა. ტრამპის წარმომადგენელს უარი ვუთხარი. მომთხოვეს, რომ ბათუმში ჩავსულიყავი, სადაც იმ მომენტში ბატონი ტრამპი იმყოფებოდა. უნდა შევხვედროდი ერთ-ერთ გამოგონებაზე. გამოგონების სახელი ნათქვამი არ ყოფილა, მაგრამ ჩემთვის გასაგები იყო _  მართვად მინებზე იყო საუბარი.   _ ტრამპისგან გზავნილის ტექსტი როგორი იყო?   _ ძალიან გთხოვთ, ჩამობრძანდეთ ბათუმში. კონკრეტული წინადადება გვაქვს თქვენს ერთ-ერთ გამოგონებასთან დაკავშირებით. ქალმა დამირეკა და ქართულად მელაპარაკა. უარი ვუთხარი, რადგან ეს პროექტი უკვე რეალიზებული მქონდა და სხვა პარტნიორთან თანამშრომლობის დაწყება არ შემეძლო.   _ ეს პროექტი ძალაში ისევ არის?   _ ეს პროექტი ძალაშია, სანამ ჩვენი მხრიდან არ ვნახავთ პარტნიორს, რომელიც 4 მილიონ დოლარს ჩადებს. 2012 წელს ჩვენმა მხარემ, რომელიც 4 მილიონ დოლარს დებდა, ბოლო მომენტში მოითხოვა პატენტის მფლობელობის 50%. ეს იყო სრულიად გაუგებარი, იმიტომ რომ თუ გერმანელები 12 მილიონს დებდნენ და პატენტში შემოსვლა არანაირად არ მოუთხოვიათ, გაუგებარი იყო, ამ პიროვნებამ რაშიც მოითხოვა 50% არა ბიზნესის, არამედ პატენტმფლობელობის წილი. წილები ასე იყო გადანაწებული: მე და ჩემს ძმას 25%, ქართულ მხარეს _ 25% და გერმანულ მხარეს _ 50%, მაგრამ აქ პატენტმფლობელები ისევ ჩვენ ვრჩებოდით. ანუ ქართველი პარტნიორი ისედაც იღებდა ამ საქმიდან უზარმაზარ მოგებას. ზუსტად იმდენივეს, რამდენსაც ამ შემთხვევაში მე და ჩემი ძმა. ეს ქარხანა რომ ამუშავებულიყო, ასობით მილიონზე და მილიარდზე გავიდოდა, იმდენად დიდი იქნება მოთხოვნა მსოფლიოში ამ მინებზე. მაგრამ, მოულოდნელად, მან მოითხოვა გარანტია, რომელიც პატენტის მფლობელობას გულისხმობდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ, გამოგონების ავტორები, პატენტს ერთპიროვნულად ვეღარ განვკარგავდით და სამართლიანი იქნებოდა, თუ გერმანია 50%-ზე მეტს მოითხოვდა, რადგან მათი დაბანდება გაცილებით აღემატებოდა ქართული მხარის ფინანსებს.   _ გერმანელები სადაც დებდნენ 12 მილიონ დოლარს, ის 4 მილიონიც ჩაედოთ...   _ არსად მთელ მსოფლიოში ასეთი ბიზნესი არ არსებობს. თანამონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ შენც იღებ საკუთარ თავზე  პასუხისმგებლობას, რომ შენ შემოდიხარ კონკრეტული კაპიტალით და მეორე: ამ ქვეყანაში სხვაც არის დაინტერესებული მისი წინ წაწევით. თან ეს არის სრულიად ახალი მოდელი _ მზის ენერგიაზე მომუშავე მართვადი გამჭვირვალობის მინა.   _ ანუ ეს საკითხი დღეს ღიად რჩება და თუ გამოჩნდება ვინმე 4 მილიონის ჩამდები, გერმანიის მხარე მზად არის, 12 მილიონი გასცეს?   _ დიახ, ჩვენ შეგვიძლია განვაახლოთ მოლაპარაკება. ჩვენ იქ გვყავს ჩვენი პარტნიორი. რაც შეეხება ხსენებულ გუბერნატორს, იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში ერევა, თუ ამ ქარხანას მის რეგიონში _ ჰელბერშტატში ავაშენებთ.   _ თქვენს გამოგონებას დავუბრუნდეთ: რა გამოგონებაა ეს და კონკრეტულად რით შეიძლება დაინტერესებულიყო ტრამპი?   _ ეს არის, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი მინა, რომელიც მზის ენერგიით იკვებება და პულტის საშუალებით შეგიძლიათ გაამუქოთ, ან გააღიავოთ, რამდენზეც გნებავთ. თუ მას ავტომატურ რეჟიმზე დააყენებთ, რამდენჯერაც მზე ამოვა და მინაზე მოაჭერს, ეს უკანასკნელი გამუქდება, დაბინდებისას, მზე რომ ჩასვლას დაიწყებს, მინა თვითონ დაიწყებს გაღიავებას. შედარებისთვის: ვისაც სახლში დაბურული მინები აქვს, იმას საათანხევრით ადრე უწევს დილით  ნათურის ჩართვა და საღამოთიც ანალოგიურად. ამ შემთხვევაში ამისგან დაზღვეულები ხართ. ამ მინით თქვენ შეგიძლიათ როგორც ე. წ. ვირტუალური ფარდა „გაწიოთ“, ანუ „ჩამოაფაროთ“.   _ მსოფლიოში ამის ანალოგი თუ არსებობს?   _ არსებობს მხოლოდ სენტგობეინის მინა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს გამოყენებული თავის რეზიდენციაში და რომლის ღირებულება შეადგენს 1500 დოლარს ერთ კვ.მ.-ზე. სენტგობეინის მინა ელექტროენერგიაზეა მიერთებული და  მოიხმარს 110 ვოლტ  ელექტროენერგიას და 70 ვატს. ანუ დღეს რომ მსოფლიოში სენტგობეინის მინების ინტენსიური გამოყენება დაიწყოს, ამას დედამიწაზე კიდევ ორი იმდენი ელექტროსადგურის აშენება დასჭირდება, რაც არის. გარდა ამისა, სენტგობეინს აქვს  მხოლოდ ორი პოზიცია, დააწვები _ რძესავით  გახდება, დააწვები _ და გამჭვირვალეა.   _ ე. ი. თქვენსას ანალოგი არ აქვს, იმიტომ რომ ელექტროკვებას არ მოითხოვს?   _ ჩვენსას ანალოგი არ აქვს. ღირებულება თავისი მოგებით იქნება. მაქსიმუმ, 250 დოლარი კვ.მ.-ზე, ექნება ორი კი არა, ყველა პოზიცია (აბსოლუტური გაუმჭვირვალეობიდან, სრულ გამჭვირვალობამდე). გარდა ამისა, ჩვენი მინა ირეკლავს 70% ინფრაწითელ სხივებს.   _ ტრამპს უარი უთხარით, გერმანელების შემთხვევაში ქართველმა პარტნიორმა გიღალატათ. ამის შემდეგ არავისთვის შეგითავაზებიათ თქვენი პროექტი?   _ წინა მოწვევის პარლამენტის წევრი ვიყავი და კანონი მზღუდავდა ჩემს ქმედებებში. ჩემი ძმა ცდილობდა მის რეალიზებას. ორჯერ იყო ისრაელში წასული, მათ შორის, ახლაც. შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ მათ ცოტა უცნაური პირობა აქვთ: ებრაელები ამბობენ, რომ დიდ თანხას ვერ ჩავდებთ, მაგრამ მოდი, ორასი ათასი დოლარის ფარგლებში დავამზადოთ დიდი მინა, მაგალითად, ორი მეტრი ერთ მეტრზე. ეს მინა შემდეგ გავიტანოთ გამოფენებზე, მივიღოთ დაკვეთები და დაკვეთებს რომ მოვაგროვებთ, მერე ჩავდოთ დიდი ფულიო.   _ ვერაფერს იტყვი, ებრაელებს რისკები მინიმუმამდე დაჰყავთ.   _ ეს მიდგომაც შეიძლება განვახორციელოთ, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ინერციულია. პრინციპში, არც ეს არის ცუდი ვარიანტი. 250-300 ათასი დოლარი ჩადო იმაში, რომ დარწმუნდე რაღაცაში, გაიტანო და მოძებნო დამკვეთები, ესეც პოზიციაა. პირველ რიგში, ცუდი ის არის, რომ საქართველოში არ კეთდება, მაგრამ არც ეს არის პრობლემა. შესაძლებელია, დავეთანხმოთ კიდეც, მაგრამ გერმანელ პარტნიორებს დავკარგავთ.   _ გერმანელების შემთხვევაშიც ხომ არ კეთდებოდა საქართველოში?   _ გერმანელები ამაზე მოდიოდნენ, ებრაელები არ მოდიან. გერმანელები ამბობდნენ, რომ პირველი ქარხანა ჩვენთან ჰერბერშტატში გაკეთდება, მეორე ქარხანა კი თქვენთან გავხსნათო; ებრაელები კი ასეთ რაღაცას ამბობენ: ჩვენ თუ დავიწყეთ ამის გაკეთება, დავიწყებთ იქ, სადაც ერთად გადავწყვეტთ და რადგანაც მე ვარ თავიდანვე ფულის ჩამდები ამაში, მმართველობაში მეტი ხმის უფლება მინდაო.   _ პატენტის ნახევარი მოითხოვეს?   _ პატენტზე ჯერ არაფერი უთქვამთ, მაგრამ არ ვიცი, ბოლო მომენტში რას იტყვიან. თუმცა იმის გაჟღერება, რომ მე მინდა მეტი ხმის უფლება, ეს იგივე გადაწყვეტილების უფლებაა. ეს მოცემულობა რომ დაამტკიცონ, მაშინ პატენტი უნდა გავუყოთ, შეიძლება 51%-იც მოითხოვონ.   _ მასე, თქვენი ქართველი პარტნიორიც პატენტის გაყოფას მოითხოვდა და არ დასთანხმდით.   _ ქართულ მხარეს მთელი თანხა რომ ჩაედო, აუცილებლად გავუყოფდით პატენტს. ჩვენთვის, უბრალოდ, ის იყო გაუგებარი, რომ 12 მილიონ დოლარს გერმანელები დებდნენ და პატენტის გაყოფას არ ითხოვდნენ და ეს 4 მილიონში ითხოვდა. თორემ მივცემდით, ბუნებრვია, იმიტომ რომ კარგად გვესმის, ფულს ისე არავინ დებს.   _ ბატონო თემურ, რაღაც, უცნაურად ეწყობა თქვენი ცხოვრება. მსოფლიოს, შეიძლება ითქვას, გამორჩეული გამომგონებელი ხართ და იქ ვერ „ემთხვევით“, სადაც უნდა იყოთ. მაგალითად, თავის დროზე, თქვენ მიგიწვიათ ამერიკის ტექნოლოგიების ინსტიტუტმა სათანამშრომლოდ. ამაზე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და გამომგონებლები ოცნებობენ. თქვენ ოფიციალურად მიგიწვიათ სათანამშრომლოდ და ამაზეც უარი თქვით.   _ უარი არ მითქვამს. რას ლაპარაკობთ, მაგაზე უარს როგორ ვიტყოდი? მოწვევა რომ მომივიდა, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. 1999 წელს მე უნდა წავსულიყავი თანამედროვე ტექნოლოგიების ინსტიტუტში აშშ-ში უმსხვილესი გერმანული კომპანია „კრუპის“ მიწვევით. კომპანია „კრუპი“ იყო აქ, ჩემი პროექტები გაიცნო და ამერიკაში თავისი ოფისის მეშვეობით ნუსხაში შეიტანა. ვერ წავედი, იმიტომ რომ სადამ ჰუსეინთან ჩავრჩი ერაყში.   _ მოიცადეთ, სადამ ჰუსეინმაც მიგიწვიათ თავისთან?   _ დიახ, მანამდე ჰუსეინთან ვიყავით. ჩვენ მაშინ აღებული გვქონდა   კონკრეტული დაკვეთა ავიაციის ხაზით და ერაყში გვიწევდა მუშაობა. კონტრაქტის თანახმად ერაყიდან უფრო ადრე უნდა დავბრუნებულიყავი და თავისუფლად ვასწრებდი ვიზიტით აშშ-ში წასვლას, მაგრამ იმის გამო, რომ ერაყში არეულობა დაიწყო, ვეღარ გამოვაღწიე. მერე კიდევ ამერიკაში აღარ მიშვებდნენ. სანამ დიპლომატიური პასპორტი არ ავიღე, აშშ-ი ფეხი არ შემადგმევინეს.   _ როგორც ვიცი, ახლა რუსეთის ფედერაცია აფინანსებს თქვენს მრავალმილიონიან ახალ გამოგონებას, რომელშიც საქართველოს რკინიგზაც არის ჩართული. მოგვიყევით ამის შესახებ...   _ ეს ისრული გადამყვანების პროექტია. თავის დროზე, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტში წარვადგინე. საბჭომ პერსპექტიულ პროექტად მიიჩნია, მაგრამ ერთი პრობლემა გაჩნდა: საქართველო არის რუსული სტანდარტის ლიანდაგებზე მორგებული. საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში ყველა ლიანდაგი არის რუსეთის სტანდარტი ე. წ. ოსტი, რომელიც ახლა რუსეთს გადაჰყავს სახელმწიფო სტანდარტ „გოსტში“. აქედან გამომდინარე, საქართველოში რაიმე ცვლილების გაკეთება ლიანდაგზე არ შეიძლება, იმიტომ რომ ამ ყველაფრის უსაფრთხოებას ვერავინ აიღებს თავის თავზე. ამ მიზეზმა გამოიწვია ის, რომ რკინიგზის დეპარტამენტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ეს პროექტი ექსპერტიზაზე გადააგზავნა სანკტ-პეტერბურგის ალექსანდრე პირველის სახელობის რკინიგზის მაუწყებლობის უნივერსიტეტში, რომელიც ფედერალური რკინიგზის სისტემაში შედის. ველოდით, რომ იქიდან ჩამოვიდოდა პასუხი - არავითარ შემთხვევაში და კარგად ბრძანდებოდეთო, მაგრამ წამოვიდა ძალინ დიდი დაინტერესება. იქ იყო ერთ-ერთი კვანძი, რომელიც პატენტშივე გახსნილი არ გვქონდა. აქედან გამომდინარე, იმ ერთი კვანძის გაკეთება მოგვიწია. სამი თვის წინ განაცხადი შევიტანეთ იმ ცალკე კვანძზე და პრორიტეტის მიღების შემდეგ სანკტ-პეტერბურგთან მოლაპარაკება განვაახლეთ. ახლა მიწვეული ვართ. მინდა, ახალ წლამდე მოვასწრო ამ ხელშეკრულების დეტალების განხილვა და 13-18 დეკემბერს ვიზიტს ვგეგმავთ. ამ ყველაფერს, სულ რაღაც, ერთი წელი დასჭირდება. ეს მოიცავს დოკუმენტაციისა და ისრული გადამყვანის ახალი ნიმუშის დამზადებას, პოლიგონზე გამოსაცდელად გატანას. ამისათვის მათ საკუთრებაში აქვთ 300-კილომეტრიანი მანძილის მქონე პოლიგონი, რომელიც ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ რუსეთს აქვს. უკრაინაშიც არ არის. იქ მატარებლები სხვადასხვა სიჩქარით და სხვადასხვა დატვირთვით გამოიცდება.   _ ისრული გადამყვანი რას აკეთებს?   _ ისრულ გადამყვანს მატარებელი ხან ერთ ლიანდაგზე გადაჰყავს, ხან _ მეორეზე. რაც მთავარია, ის გამოყენებადია ორივე სტანდარტის _ როგორც რუსულ, ისე ევროპული სტანდარტის ლიანდაგებზე.   _ კი მაგრამ, ისრული გადამყვანები ხომ ფართო გამოყენებაშია ისედაც, რა არის თქვენი ნოვაცია?   _ დიახ, ეს ისრული გადამყვანები არსებობს, მაგრამ არის სუსტი, მალე ცვდება, ხშირია გატეხვის შემთხვევები და ერთი მილიონი ტონის დატვირთვის შემდეგ გამოცვლა სჭირდება. ჩვენსას კი 4,5 მილიონი ტონა სიმძიმის გადატარების შემდეგ სჭირდება ახლით შეცვლა. ახლა წარმოიდგინეთ: თითო ისრული გადამყვანი ღირს 25 ათასი დოლარი, ეს გამრავლებული 4-ზე გამოდის 100 ათასი დოლარი. ჩვენი გამოგონების თვითღირებულება კი არაუმეტეს 8 ათასი დოლარისაა. ანუ 4 ისრულ გადამყვანს, რომელიც ჯამში 100 ათასი დოლარი ღირს, ცვლის ერთი ისრული გადამყვანი, რომელიც 8 ათასი დოლარი ღირს. გარდა ამისა, სიჩქარეები აქ შეზღუდული არ არის, მატარებელს ჩვენს ისრულ გადამყვანზე გადასვლისას დამუხრუჭება არ სჭირდება, განსხვავებით აქამდე არსებული ყველა ისრული გადამყვანისგან. ამას დამატებული ის, რომ დღემდე არსებულ ყველა გადამყვანს დემონტაჟი ოთხჯერ სჭირდება, ამას ერთხელ დააყენებ და მორჩა. კიდევ, ყველა ისრულს ე. წ. მავნე ღრიჭო აქვს, ანუ როდესაც თოვლი მოდის, იქ არსებული ღრიჭოები ივსება და მერე ვეღარ ირთვება, სანამ ადამიანი არ მივა და ხელით არ გაასუფთავებს. ჩვენს გადამყვანს მავნე ღრიჭო არ გააჩნია, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ევროპის ჩრდილო სარტყლისთვის.   _ ბატონო თემურ, თითო გამოგონებაზე რამდენი ხანი მუშაობთ?   _ რთული სათქმელია! ჩემი ყველაზე დიდი გამოგონება არის ის თემა, რომელზეც მე დავიცავი სადოქტორო. მას დავარქვი უპირატესობის მართვა, ანუ უპირატესობის მენეჯმენტი. ეს არის ანალიტიკური აზროვნებისთვის ინსტრუმენტთა კრებული, რომელიც ადვილად ხსნის შეუთავსებელ პრობლემებს. Lექციების კურსს  ვკითხულობ სამ უნივერსიტეტში, ასევე ჟვანიას სკოლასა და  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში. ეს გახლავთ სწორედ ის ტექნოლოგია, რომელიც გამოგონებების კეთების საშუალებას მაძლევს. ხსენებული ტექნოლოგიური მიდგომა ყველა პროფესიაში შეიძლება გამოვიყენოთ, ვინაიდან პრობლემების შეუთავსებლობები ერთნაირი პრინციპით იქმნება და იხსნება. ჩემი საგნის წასაკითხად მიწვეული ვარ ესპანეთსა და სორბონის უნივერსიტეტში.   _ რამდენიმე თვის წინ დავით საგანელიძემ განცხადება გააკეთა თქვენს გამოგონებასთან დაკავშირებით, რომ „საპარტნიორო ფონდი“ მზად არის ითანამშრომლოს თქვენთან. ძალიან გაქოთ და თქვა, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი თვალსაჩინო სახე ჩვენი სახელმწიფოსი. ეს იყო აპრილში. საბოლოოდ კი არ ითანამშრომლა, რა მოხდა რეალურად?   _ არა, მასე ვერ ვიტყვი. პირველი ის, რომ ამ ისრული გადამყვანის პროექტი საგანელიძემაც იცის, მაგრამ იქ მე არ შემიტანია, იმიტომ რომ ეს მიმართულება და ის თანხა, რომელიც ფონდშია გამოყოფილი, ერთმანეთისგან ძალიან შორს დგას!   _ რა თანხაზეა საუბარი?   _ ფონდი მხოლოდ 100 ათასი ლარის ფარგლებში აფინანსებს. ამიტომ შევიტანეთ ჩვენ ერთ-ერთი გამოგონება თერმიზოლიტის შესახებ. ნინო კირკიტაძეა ამ მიმართულებით ძირითადი სპეციალისტი. ეს თანხა მხოლოდ იმას ეყოფა, რომ ლაბორატორიული დასკვნა მივიღოთ და მცირე პარტია გამოვუშვათ ნულოვან მოგებაზე გასასვლელდ, რომლის შემდეგაც შესაძლებელია დიდი დაკვეთების მიღება და შემდეგ უკვე სერიოზული წარმოების დაწყება...   _ ეს რა არის?   _ ეს გახლავთ თბოსაიზოლაციო, ენერგოდამზოგავი სალესი მასალა. ახლა არის განხილვის სტადიაში და რით დამთავრდება ეს ამბავი, ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ სამშენებლო ორგანიზაციების დაკვეთებიც მივუტანეთ, რომ ისინი მზად არიან ჩვენთან სათანამშრომლოდ. ჯერჯერობით, დადებითი პასუხი გვაქვს. ერთადერთი, რაშიც გავიჭედეთ არის ის, რომ საცდელი პარტიის გამოშვება გულისხმობს დანადგარების ერთობლიობას. გვინდოდა, თავიდან საცდელი პარტიის გამოშვებისთვის იჯარით აგვეღო ისეთი წარმოება, რომელსაც ე. წ. საფქვავი დანადგარები ექნებოდა. ასეთი წარმოება საქართველოში არ მოიძებნა. არადა, ახალი რამე კი არ არის, ჩვეულებრივი საფქვავი დანადგარები გვჭირდება, რომლებიც ნედლეულს აქუცმაცებს და ცემენტზე ოდნავ უფრო მსხვილ ფრაქციამდე დაჰყავს. სალესი მასალა ოთხი ძირითადი კომპონენტისგან შედგება და ერთი არის კიდევ დამატებითი. ოთხივე კომპონენტი საქართველოში მოიპოვება, ამით შეიძლება გაკეთდეს საქართველოს ნედლეულზე აგებული, 21-ე საუკუნეში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი, იმიტომ რომ ელექტრო დამზოგავი მასალები მთელს მსოფლიოში წამყვან თემად ითვლება.   _ როგორც გავიგე, „საპარტნიორი ფონდის“ თანხმობა თქვენ, ამ ეტაპზე, არ გადგებათ, იმიტომ რომ თანხაში ვერ ეტევით?   _ გვადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოება ვნახეთ. სხვა შემთხვევაში ამ წარმოებას 2 ნახევარი მილიონი დოლარი სჭირდება. მაგალითად, საფქვავი დანადგარები ჩვენ რომ ვიყიდოთ და ვნახეთ კიდეც ჩინური, ძალიან კარგი ხაზი 750 ათასი დოლარის ფარგლებში.   _ ცემენტის ქარხნებს არ აქვთ ეს დანადგარები?   _ არა, ეს სხვა ტექნოლოგიაა. მათი საფქვავები ღუმლით არის აღჭურვილი, ჩვენ კი მის გარეშე გვინდა. საბოლოო ჯამში, 100 ათასი ლარი არ გვყოფნის, რომ სერიოზულად დავიწყოთ საქმე. მარტო 14 ათასი ევრო დოკუმენტის აღებას სჭირდება საერთაშორისო საკვლევი ლაბორატორიის დასკვნით. დანარჩენი მასალების შესაძენად და პირველი საცდელი ნიმუშის დასამზადებლად, რომ ბაზარზე გავიტანოთ და რა მოჰყვება ამას, ნახავთ. წარმოიდგინეთ, რომ ეს მასალა გაჯზე იაფია.   _ ისე, ბატონო თემურ, სხვა ქვეყანაში თქვენ მილიონერი იქნებოდით.   _ თავის დროზე 30 მილიონი დოლარის ეკვივალენტი რუსული რუბლი გვედო ანგარიშზე და მთლიანად ნოვაციებზე გვქონდა გათვლილი. ეს თანხა გაგვიკუპონდა იმიტომ, რომ კავკასიის ბირჟას „მხედრიონი“ აკონტროლებდა. გამოცდილება არ გვქონდა, რომ სადმე სხვაგან დაგვებანდებინა. ინფლაცია რა იყო, კარგად არ გვესმოდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მილიონი კუპონი ეღირებოდა ერთი ასანთი. ჩვენი გამოცდილება ამას არ ეყო. არადა, მანამდე საკმაოდ დიდი თახნა გვაქვს გადახდილი საქართველოს ჯარის მშენებლობაში ზვიად გამსახურდიას დროს. ჯუმბერ ლეჟავას მოგზაურობას პირველი ხუთი წელიწადი სულ მე ვაფინანსებდი. მერე ქვეყანა აირია. ამ პრობლემებში ვვარდებოდი სულ და სწორედ ამან მაიძულა, პოლიტიკაში წავსულიყავი. 2006 წლის დასაწყისში „ეროვნული ფორუმი“ დაფუძნდა. ამჟამად დავტოვე „ეროვნული ფორუმიც“. მიზეზი საკმაოდ მარტივია. არ მინდა, ჩემი შეხედულებები მოვახვიო პარტიას, ასევე მათი შეხედულებების გავლენის ქვეშ მოვექცე. ჩემი მისია შევასრულე. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლეოსბაში ვიყავი, საჭირო დროს ყოველთვის კრიტიკით გამოვდიოდი. სამშობლო ის ადგილია, სადაც ადამიანი ყველაზე ღირსეულად გრძნობს თავს. აქ რომ იყოს წარმოება, არავის შევაწუხებდი. გავაკეთებდი ერთ გამოგონებას, იქიდან ამოვიღებდი ფულს და დავაფინანსებდი მეორეს. ადრე უნივერსალური შემდუღებელი აპარატი გავაკეთეთ და ევროპაში 2 ათას დოლარად ვყიდდით ცალს. ამ ქვეყანას სწორედ ეს პოტენციალი აქვს. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მხოლოდ მანდარინის, ან ვაშლის გადამამუშავებელი ქარხნები უნდა შეიქმნას და ფული არ გვემეტება უფრო ძვირადღირებულ, მაგრამ ძალიან პერსპექტიულ მრეწველობაზე, ჩვენს ქვეყანას ზრდა არ ექნება.   _ რატომ, წარმოება ხომ აუცილებელია?   _ ამით ჩვენ სერიოზულ ეკონომიკას ვერ შევქმნით. პირველ რიგში, იდეების გენერატორები უნდა ვიყოთ და ამ სიახლეებზე აგებული წარმოებები უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი. ნებისმიერი ქვეყნის ბაზარზე დღეს რომ შეიჭრა, ცხვირს ვერ შეყოფ, თუ კონკურენტუნარიანი არ ხარ. კონკურენტუნარიანი კი, მხოლოდ და მხოლოდ, სიახლეა. აი, ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. მთელი ჩემი ცხოვრება ამას ვამტკიცებდი. მე ერთ-ერთი ვარ, რომელსაც შეუძლია, სიახლე გააკეთოს. ჩემნაირი ბევრია. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს საქართველოში გამოგონებული ინოვაციური პროდუქტების რაოდენობა ძალიან შემცირდა _  500-დან 120-მდე ჩამოვიდა. აღარც ისეთი ღირებული გამოგონებებია, როგორც ადრე იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები აღარ აპირებენ გამოგონებებს, იმიტომ რომ რეალიზება ამ ქვეყანაში არ ხდება. არადა, ძალიან მარტივად შეიძლება ამ საკითხის მოგვარება.   მილიონ 200 ათასი თუ ღირს პროექტი და ძალიან მაგარია, არ უნდა დააფინანსოთ?! 100 ათასი ლარი ერთი მანქანის ფულია. მე პირადად 100 ათასი ვერც ერთ ჩემს გამოგონებას ვერ მოვარგე. სახაჭაპურეს თუ გააკეთებ, ან პურის საცხობს. გერმანელებმა 12 მილიონი დოლარი ჩაგვიდეს, ანუ 25%-ის პირობებში  გვიფინანსებენ 75%-ს. საგანელიძეს ვკითხე, _ დამისახელე ერთი ქართული გამოგონება, რომელშიც უცხოელები 12 მილიონ დოლარს დებენ და ჩვენს ქვეყანაში გვთხოვენ, გვაწარმოებინეო. გერმანიაში ქართული შუშების წარმოება რომ იწყება, უნდა გიხაროდეს. რა ვქნა, ახლა, რა მოვიგონო _ ხაჭაპური სხვა ყველით, რომ იქნებ, გავიდეს „სტარტაპჯორჯიაში“?! ძალიან სამწუხაროა…   _ ბატონო თემურ, დოლანდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ხომ არავინ დაგკავშირებიათ ამერიკიდან?   _ ჯერ არა.   _ ე. ი. თქვენი ულტრათანამედროვე გამოგონებები განიხილება ამერიკაში, რუსეთსა და ევროპაში. თქვენ პარტია დატოვეთ და ბიზნესსა და მეცნიერებას დაუბრუნდით. ანუ, შეიძლება, საქართველოს კიდევ ერთი მილიარდერი შეემატოს?   _ ხმამაღლა ნათქვამია, ვეცდები...      

                                                                                                                  თამარ როსტიაშვილი

             

გაზიარება