„ღელვა არის ყველაზე პროდუქტიული ტერიტორია განვითარების კუთხით. შარში თუ არ მოხვდი, განვითარება არ იწყება... ღელვის შემდეგ დგება მუღამში ყოფნა. ეს მაშინ ხდება, როცა რთული ამოცანები გაქვს და მაღალი კვალიფიკაცია _ ძალიან რთული რამე დაგისახეს მიზნად და გაიყვანე ბოლოში... მუღამში ყოფნა ბედნიერების ელექსირია. ვინც არის მუღამში, ის არის ბედნიერი... მაღალკვალიფიციური ადამიანი მარტივი ამოცანებით _ ამას ჰქვია მოწყენილობა... ბედნიერების მეთოდი არის მარტივი: გაეხვიე შარში, ისწავლე, ისწავლე, განვითარდი, სანამ არ მიაღწევ მუღამს... უკიდურეს ღელვაში ვარ, შარში გავეხვიე _ ქართული განათლების სისტემის გადაკეთება რთული ამოცანაა და ღელვას იწვევს“.
ჯეჯელავა შარშია და მართლაც ძალიან რთული რამე დაუსახეს მას მიზნად, რომელსაც რამდენად გაიყვანს ბოლოში, ძნელი სათქმელია. მისი საშინელი თვითაღიარებაც რომ არ იყოს, ეს ბოლო დროს მის მიერ გაკეთებული განცხადებებიდანაც კარგად ჩანს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დანიშვნისთანავე ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების სისტემის უმთავრეს პრობლემად „უინტერესო სკოლის“ არსებობა მიიჩნია და განაცხადა, რომ მისი მიზანია, სკოლა გაცილებით საინტერესო გახადოს, ვიდრე ის დღესაა და რომ 2 წელიწადში ეს ასეც იქნება. ამის შესახებ მინისტრმა ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებულ საჯარო ლექციაზე ისაუბრა. აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, ყოფილი პრემიერის, ივანიშვილის დაპირება მე-4 საუკეთესო წელთან დაკავშირებით და ჯეჯელავას ნათქვამიც, გულის დასამშვიდებლად, ალბათ, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, თორემ განათლების მინისტრისა რა მოგახსენოთ და ჩვენი ქვეყანა და სრულიად ქართველი ერი იქნებ, გაეხვია კიდეც უკვე დიდ შარში.
ცხადია, საინტერესოა, როგორ აპირებს მინისტრი „უინტერესო სკოლიდან“ საინტერესოზე გადასვლას? „ქრონიკა+“-მა ყველაზე უცნაური მესიჯები მოკრიბა მინისტრის გამოსვლებიდან და შემდეგ ისინი შეაჯამა. პირველი მესიჯი ეხება მასწავლებლის როლს, რომელმაც სწორად და საინტერესოდ უნდა მიაწოდოს მოსწავლეს განათლება, რაც, თურმე, უმნიშვნელოვანესია (ესეც ახალი ამბავი, _ ავტ.), თუმცა, ჯეჯელავას აზრით, ბევრად მნიშვნელოვანია თავად საკითხის შინაარსი, რაც, მეტწილად, გადამწყვეტ როლს თამაშობს. ცოტა არ იყოს, გაუგებარი აზრი სკოლის განვითარებაზე ჯეჯელავამ ასე ჩამოაყალიბა:
„ჩემი აზრით, სკოლა უნდა გავხადოთ უფრო საინტერესო და ეს ჩემი მიზანიცაა. არსებობს მოსაზრება, რომ განათლება მასწავლებელმა სწორად უნდა მიაწოდოს მოსწავლეს, მაგრამ აქ მხოლოდ მასწავლებელი არაა მნიშვნელოვანი. თუკი რაიმეს კონტენტი, შინაარსი არ გაინტერესებს, ამას იძულებით ვერ მოისმენ და ვერც ისწავლი. ცხადია, მასწავლებელი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუკი კონტენტი არ ვარგა, მასწავლებელს შანსი არ აქვს“.
„ჩვენ კი უკვე მივედით იმ ადგილას, რომ კონტენტი რეალობას აბსოლუტურად აცდენილია. მაგალითად, იქნებ, ამიხსნათ, რატომ უნდა იცოდეს და ისწავლოს ბავშვმა ქართული ნაწარმოებიდან საზეპიროები? _ რა თქმა უნდა, ვერ ამიხსნით, რადგან ამის ახსნა არ არსებობს. სინამდვილეში კი საზეპიროებს მეხსიერების განვითარებისთვის ასწავლიან, ვინაიდან უწინ, ინტერნეტამდე, მეხსიერება იყო და, შესაბამისად, ეს საჭიროც იყო“.
„ახლა კი აღარ სჭირდებათ, მაგრამ ინერციით, ასე ვთქვათ, „რაზგონით“ მაინც უვითარებენ. ბავშვი რომ გეკითხება, „რატომ უხეთქნა ვარსქენმა ასტამი შუშანიკს?“ შენ ვერ აუხსნი, შანსი არაა. ამიტომ კონტენტი არის უმნიშვნელოვანესი და თუ ის ვერ მოვარჩინეთ, მასწავლებელიც ავტომატურად შარშია“.
„ძველი სკოლა იყო მეხსიერების სკოლა. ინტერნეტის გაჩენამდე სკოლის ერთ-ერთი ამოცანა მეხსიერების გავარჯიშება იყო. თანამედროვე სკოლა არის აზროვნების სკოლა. ეროვნული სასწავლო გეგმა აუცილებლად უნდა განიტვირთოს. ბავშვი ყველაზე კარგად სწავლობს ბავშვობით _ თამაშით, მეგობრობით, ხანდახან ცელქობით და ასე შემდეგ. სანამ ეს ასაკი აქვს, ბავშვი არ უნდა გადავტვირთოთ. ზედა კლასებში კარგია სპეციალიზაცია _ ადამიანს, რომელმაც ზუსტად იცის, რომ აპირებს ფილოლოგობას, გაუგებარია, რატომ უნდა ვასწავლოთ ფიზიკის ძალიან რთული კომპონენტები“, – აღნიშნა მინისტრმა.
სკოლის „განვითარების“ ჯეჯელავასეულ ცდას საზოგადოებაში, ექსპერტულ წრეებში, პოლიტიკოსებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა და სრულიად დამსახურებულადაც.
ერთ-ერთი განათლებული ქალბატონი „ქრონიკა+“-ს ასეთ ამბავს მოუყვა:
_ ოჯახში ვსაუბრობდით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, პოლიტიკაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებზე, რა დროსაც, ჯერ კიდევ ბავშვობაში, ზეპირად ნასწავლი რუსთაველის ცნობილი აფორიზმი გამოვიყენე და ვთქვი: „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“. შვილმა შემომხედა და მითხრა, _ შენ ახლა კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზას იყენებ, მაგრამ გაიხსენე, ამ სიტყვების წინ რა წერია და მიხვდები, რატომ თქვა ეს დიდმა შოთამო. მეც გავიხსენე: ,,მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა რგულია; უხვსა მორჩილებს ყოველი, იგიცა, ვინც ორგულია...“ გავიხსენე და ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია, ამ სიტყვების ფონზე, თითქოს თავის ადგილზე დალაგდა, ნათელი გახდა ყველაფერი. იმასაც მივხვდი, სინამდვილეში, რატომაც უნდათ ქართული ლიტერატურიდან საზეპიროების მოშლა, წაშლა და განადგურება. მე რომ არ მცოდნოდა, ამ სიტყვების წინ რა ეწერა, ცხადია, ვერ მივხვდებოდი საქართველოში არსებული მდგომარეობის ასახსნელ, უმარტივეს ფორმულას, რომლიც, თქვენ წარმოიდგინეთ, სწორედ ჩვენს ლიტერატურაში დევს.
სინამდვილეში, ჯეჯელავასა და მის „უფროსებს“ სწორედ ამ ფორმულებისა და სიბრძნის განადგურება უნდათ. სურთ, ამ საზეპიროებში არსებული უდიდესი, ფილოსოფიური და ბრძნული ცოდნა მოსპონ. მხოლოდ ამ ფორმით მიიღებენ ისინი რობოტებს, რომელიც სჭირდებათ და რომელთაც თავის ჭკუაზე ისე ატრიალებენ, აზრადაც არავის მოუვა წინააღმდეგობის გაწევა. სათანადო ცოდნით აღჭურვილი ადამიანის მართვას კი ასე ადვილად ვერ მოახერხებენ. სხვა რომ არაფერი, მათში ის სიბრძნე იჩენს თავს, რომელიც ქართულ ნაწარმოებში უხვად დევს. სწორედ ამიტომ გვასწავლიდნენ მას ზეპირად და არა მხოლოდ იმიტომ, ჯეჯელავა როგორც ამბობს, გონება რომ გაგვევარჯიშებინა, თუმცა ესეც არ უნდა გამოირიცხოს. გონების ვარჯიში საზეპიროებით, მათემატიკური ფორმულებით, რომლებიც უკვე კომპიუტერშიც არის, ბავშვისთვის, მოზარდისთვის აუცილებელია, რადგან ის ადამიანის განვითარებას უწყობს ხელს. ვაიდა, ეს კომპიუტერი ერთ დღეს დაგვიზიანდა, გაითიშა ერთიანი ინტერნეტქსელი, ჩვენ, ხელმოცარულები, ვიღას დავჭირდებით, ამაზე ჯეჯელავასა და მის „ხელმძღვანელებს“ უფიქრიათ? დიახ, უფიქრიათ. ე. ი. მათ სწორედ ასეთი, ხელმოცარული, რობოკოპი, ახალი ადამიანის შექმნამდე მივყავართ, ვითომ საინტერესო სკოლის დანერგვით და ეს არ გამოუვათ. ვურჩევ ჯეჯელავას, ამ საქმეს თავი დაანებოს, თორემ მართლა აღმოჩნდება იქ, რასაც ეძებს _ დიდ შარში.
ჯეჯელავას იდეებს საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც ეხმიანებიან:
_ იაპონელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ინტერნეტის საყოველთაო ხელმისაწვდომობა ცვლის ადამიანის მეხსიერებას. ანუ მათი მტკიცებით, თუ, ვთქვათ, გვჭირდება რამე ფორმულები, ის ხელმისაწვდომია უკვე ყველგან და არ არის საჭირო მეხსიერების გადატვირთვა... ამ ლოგიკით (და აქეთ მიდის მთელი ცივილიზებული სამყარო) ნელ-ნელა უარს იტყვიან ნებისმიერი ცოდნის ათვისებაზე. თუმცა, შედეგად, საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ადამიანები დაუცველები აღმოჩნდებიან ძალიან მარტივ სიტუაციებში... ასევე ძნელი სათქმელია, რა მოუვა ანალიზის უნარს, რადგან ამასაც მალე ჩვენზე უკეთ გააკეთებენ მანქანები... საით მივდივართ, ვითომ?!
ჯეჯელავას მეორე საშარო ფრაზა წიგნებს ეხება. განათლების მინისტრი აცხადებს, რომ მომავალი წლიდან მოსწავლეთა ჩანთები შემსუბუქდება. მისი თქმით, ახალი წიგნები უფრო მსუბუქი იქნება, ეს რეგულაციები უკვე მომზადებულია და ამჟამად გამომცემლებთან განხილვა მიმდინარეობს. ამ, უკვე დაგეგმილ ცვლილებებზე განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა:
„პროგრამების გადამუშავებაზე მოგვიწევს მუშაობა. მე არაერთხელ ვთქვი, რომ ჩანთის სიმძიმე მარტო წიგნის სიმძიმიდან არ გამომდინარეობს, გაკვეთილების სიმრავლიდანაც გამომდინარეობს. შვიდი და რვა გაკვეთილი თუ აქვს ბავშვს, ცხადია, რომ მეტი წიგნი და რვეული უნდა წაიღოს. მეორე: შუა კლასებში უნდა განვტვირთოთ სასწავლო პროგრამა და ამ მიმართულებით ვმუშაობთ.
მესამე ცვლილება არის ის, რომ უნდა გაჩნდეს ნებაყოფლობით ალტერნატივად ელექტრონული სახელმძღვანელო. ანუ ოჯახს თუ სურვილი აქვს, ბავშვმა სახლში ქაღალდის წიგნებით იმუშაოს, მაგრამ სკოლაში ელექტრონული ასლები ჰქონდეს. ამის საშუალება უნდა ჰქონდეს, თუმცა ეს ოჯახის გადასაწყვეტია, უნდა თუ არა, რომ მისმა შვილმა ელექტრონული სახელმძღვანელოებით ისარგებლოს. ასე რომ, მომავალ წელს უკვე შემსუბუქდება ჩვენი მოსწავლეების ჩანთები, იმის შემდეგ წლებში კი კიდევ უფრო შემსუბუქდება. თუმცა დღესაც მინდა ვთქვა, რომ არსებობს ალტერნატივა, რომ ყოველდღე ყველა წიგნი არ ატაროს მოსწავლემ“, _ განაცხადა ჯეჯელავამ. საზოგადოების აზრით, წიგნების ყოველწლიურ „შემსუბუქებაში“ ჯეჯელავას სკოლიდან წიგნით სწავლების გაქრობისკენ აქვს მიმართულება აღებული და, ფაქტობრივად, მინისტრი წიგნის ინსტიტუტს ებრძვის, რაზედაც წიგნიერმა საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოსო, მაგრამ საზოგადოების ამ წრეებში, ჯერჯერობით, დუმან. რატომ, ესეც ადვილი სათქმელი არ არის.
ალბათ შესაბამისი ანალიზი სჭირდება იმ ფაქტსაც, რომ ჯეჯელავას უწყება, რომელიც წიგნიერებას, საზეპიროებს ვითომ ბავშვების საკეთილდღეოდ აუქმებს, სწორედ იმ უცხოური დონორების გრანტებით იმართება, რომლებიც ასევე აფინანსებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ე. წ. წიგნის კაფეების შექმნას. რა ხდება სინამდვილეში? ერთი და იგივე ადამიანები ერთი ხელით ანადგურებინებენ ქვეყნის ღირებულებებს ჯეჯელავასნაირი ჩინოსნების მეშვეობით და მეორე ხელით აშენებენ მას? ამ ყველაფერს სპეციალისტების სერიოზული ანალიზი სჭირდება, რომელსაც „ქრონიკა+“ აუცილებლად შემოგთავაზებთ, ამჯერად კი მინისტრის უცნაურ გამოსვლებთან მიმართებით პოლიტიკოსების აზრი მოვისმინეთ.
გიორგი გუგავა _ „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი:
_ ის, რაც 25 წლის მანძილზე საგანმანათლებლო სფეროში ტარდება, განსაკუთრებით კი ბოლო 4 წლის განმავლობაში, ეს არის ერის, მომავალი თაობის, საგანმანათლებლო სფეროს გენოციდი. დავიწყებ იმით, რომ ბავშვებს, რეალურად, წართმეული აქვთ უფლება, მიიღონ ისეთი განათლება, რომელიც შეესაბამება 21-ე საუკუნის გამოწვევებს.
_ რას გულისხმობთ, იქნებ, დაგვიკონკრეტოთ?
_ კონკრეტული ციფრებით გეტყვით: ქვეყანაში 40 000 სტუდენტს შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი იმის გამო, რომ მათ მშობლებს არ აქვთ ფული და ვერ აფინანსებენ საკუთარი შვილების სწავლას. ე. ი. ეს 40 000 ადამიანი სახელმწიფომ გაწირა, წაართვა სწავლის უფლება. ზოგი მათგანი, ამგვარი უიმედობის გამო, უცხოეთში გადაიხვეწა, ზოგი კრიმინალად ჩამოყალიბდება, ან ისეთ ადამიანად, რომელიც საკუთარ ოჯახს სიკეთეს ვერ მოუტანს. უარესსაც გეტყვით: ოფიციალური სტატისტიკით მოსწავლეთა 15% საჯარო სკოლებში ვერ იღებს განათლებას იმიტომ, რომ მათ ოჯახებს ფული არ აქვთ და ისინი ვერ დადიან სკოლებში წიგნის, სასკოლო ინვენტარის, ტანისამოსის არქონის გამო. კიდევ უფრო უარესს გეტყვით: საჯარო სკოლაში მიღებული განათლება უვარგისია იმისთვის, რომ შემდგომში მოსწავლემ უმაღლესი განათლება მიიღოს. ამისთვის კი მისმა მშობელმა აუცილებლად უნდა აუყვანოს პედაგოგი, ე. წ. რეპეტიტორი და მას არც ისე მცირე თანხა გადაუხადოს. სხვანაირად მათი შვილები ვერ ჩააბარებენ ვერც სასკოლო და ვერც უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდებს. ნაცვლად იმისა, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს და სწავლის ხელმისაწვდომობა ქვეყანაში გაიზარდოს, სწავლის აკადემიური დონე ამაღლდეს საჯარო სკოლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფტექნიკურ სასწავლებლებში, განათლების მინისტრი გამოდის და ათას სისულელეს ამბობს. ეს ადამიანი არის მარკეტინგის სპეციალისტი და მიმაჩნია, რომ წარმოდგენაც არ აქვს იმ სფეროზე, რომელსაც განათლება ჰქვია და რაც, წესით, პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს ჩვენი ქვეყნისთვის. საშინელება ტრიალებს საგანმანათლებლო სფეროში, მინისტრი კი დაფრინავს, ან „ვიღაც უხილავი ხელის“ დავალებებს პიონერივით ასრულებს.
_ ფაქტები გაქვთ?
_ რამდენიც გინდათ: ბოლო წლებში ათასამდე სკოლა დაიხურა საქართველოში, რის გამოც ზოგიერთ რაიონში მოსწავლეებს კილომეტრების გავლა უწევთ და სკოლაში დაღლილ-დაქანცულები მიდიან. ეს, რა თქმა უნდა, ჯეჯელავას სულაც არ ედარდება და ისე ლაპარაკობს, თითქოს ბავშვების ჩანთების სიმძიმე აწუხებდეს. ქვეყანაში საშუალო განათლების დაბალი დონის ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის. კვლავ სტატისტიკას მოვიშველიებ: მე-8 მე-10 კლასების მოსწავლეთა დაახლოებით 15%-მა წერა-კითხვა არ იცის და ცოდნასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. მათ ელემენტარული, მათემატიკური ანგარიში არ იციან. აი, ამ კატასტროფის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა.
_ ამის მიზეზი მხოლოდ სკოლების გაერთიანება და სკოლისაკენ შორს მიმავალ გზაზე მოსწავლეთა დაღლილობაა?
_ ამის რამდენიმე წინაპირობა არსებობს: პედაგოგის პროფესია ქვეყანაში უკვე აღარ არის პერსპექტიული, რადგან მათ მათხოვრულ ხელფასებს უხდიან. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ადამიანები აღარ ცდილობენ, გახდნენ პედაგოგები, რომლებიც სრულყოფილ სულიერ და აკადემიურ განათლებას მისცემენ მოსწავლეებს. ქვეყანაში ყალიბდება ოლიგარქიული სისტემა. მათი შვილებისთვის გახსნილია უცხოეთის პრესტიჟული სასწავლებლების კარი, რადგან ფული აქვთ. ვისაც ფული არ აქვს, რაც უნდა დიდი ნიჭი ჰქონდეს, განწირულია, რადგან ვერ ისწავლის, ნიჭისა და ინტელექტის შესაბამის რეალიზებას ვერ შეძლებს.
_ ჯეჯელავა პედაგოგებს უკვე შეჰპირდა, რომ იანვრიდან მათი ხელფასი 800 ლარი გახდება. თუნდაც ამ ფაქტით რატომ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინისტრის არჩეული გზა „ტაძართან“ მიგვიყვანს?
_ ეს დაპირება ახალი არ არის. ის დიდი ხანია, გვესმის, თუმცა ერთი პრობლემის ცვლილება პრობლემების „ბუკეტს“ ვერაფერში წაადგება. თანაც 800 ლარით, რომელსაც მინისტრი პედაგოგებს ჰპირდება, დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ოჯახს ვერ არჩენ. მასწავლებელი იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, ხვალ რა აჭამოს შვილებს, არამედ მისი წუხილი უნდა შემოიფარგლებოდეს აღსაზრდელებზე ზრუნვით, მათი ინტელექტუალური დონის გაზრდის მცდელობით. ეს მაშინ იქნება, როცა ყოფითი პრობლემები მოგვარდება. ეს ნაკლებად ადარდებთ განათლების დღევანდელ მესვეურებს და მინისტრიც სისულელეებზე საუბრობს. საკუთარი გადმოსახედიდან უყურებს ამ სფეროს. გაყიდვების მენეჯერია კაცი და როგორ შეიძლებოდა, მისთვის განათლების სისტემა ჩაებარებინათ?
_ თქვენი პარტიის წარმომადგენლები განათლების სამინისტროს წინ აქციებს ხშირად მართავდით. ახლა მსგავსს ქმედებებს აღარ მიმართავთ. პროტესტის ამ ფორმით რაიმეს გამოსწორების იმედი ხომ არ გადაგეწურათ?
_ ჩვენ აქციებს ვატარებდით განათლების კონკრეტული პრობლემების ირგვლივ. მაგალითად, სკოლები რომ არ დაეხურათ, 40 000 სტუდენტი დაებრუნებინათ სასწავლებლებში და მათთვის სწავლის საშუალება მიეცათ, მაგრამ ოპოზიციაში ვართ და მხოლოდ შეგვიძლია მოვუწოდოთ, გავაპროტესტოთ... მისი გამოსწორება კი ხელისუფლების პრეროგატივაა. ამიტომ გვინდოდა ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ არჩევნები უპრეცედენტოდ სწორედ იმიტომ გაყალბდა, რომ ამ ადამიანებს „დიადი მიზნები“ აქვთ მისაღწევი, მათ შორის, განათლების სისტემის მიწასთან გასწორება და გაპარტახება.
წინა მინისტრი ბუღალტერი იყო. პატივს ვცემ ამ პროფესიას, მაგრამ ხომ არ შეიძლებოდა, ბუღალტერს განესაზღვრა განათლების პოლიტიკა? არც არაფერი განუსაზღვრავს და ის და მისი გუნდი ორიენტირებული იყვნენ მაღალი პრემიების გამოწერაზე, კორუფციული სქემების შექმნაზე. მხოლოდ კონკრეტულ პირებს მიანიჭეს წიგნების დაბეჭდვის უფლება და ტენდერებშიც მათ ამარჯვებინებდნენ. რაც შეეხება ჯეჯელავას, ის, ერთი მხრივ, კომიკური პერსონაჟია და შეიძლება, მის გამონათქვამებზე, შეხედულებებზე განათლებასთან მიმართებით ვიცინოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი ისე მიჰყავს, რომ სასაცილო ნამდვილად არ არის ჩვენი საქმე. ჯეჯელავა ისეთ საოცრებებს ამბობს, ეს „რეფორმები“ თუ გაატარა, ალბათ, ჩვენს შვილებს უფრო მეტად მოესპობათ მომავალი. ის პირდაპირ აცხადებს, რომ საზეპიროები სკოლაში საჭირო არ არის. ჯერ ერთი, ბავშვებს აქვთ ყველაზე ხალასი მეხსიერება და საზეპიროები კიდევ უფრო უვითარებს მას, ასევე უყალიბებს ღირებულებებს. წარმოგიდგენიათ, კაცობრიობა მეხსიერების გარეშე როგორი იქნება? მას ერი გამოშტერებისკენ მიჰყავს და თუ იმ იდეების რეალიზება დასცალდა, რასაც ის აფრქვევს, შტერ და გაუნათლებელ ასეულ ათასობით ადამიანს მივიღებთ. ამას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, სინამდვილეში, ჯეჯელავას ხელით და მას ვინ უკვეთს, ეს კიდევ გასარკვევია. ის, რასაც ჯეჯელავას პირით ჩვენი ხელისუფლება ღაღადებს, ეს არის ერის გენოციდი და მომავალი თაობის „გადაყლაპვა“.
_ ანუ შალვა ნათელაშვილის სიტყვები მართლდება, ჯეჯელავას ხუმრობით „ბავებიყლაპია“ მინისტრი რომ უწოდა?
_ „ლეიბორისტების“ ლიდერმა ეს თქვა გადატანითი მნიშვნელობით. „ბავშვიყლაპიობა“ გულისხმობს მათთვის წართმეულ განათლების უფლებას, რომლითაც მივიღებთ ჩლუნგების არმიას. დიახ, ნათელაშვილის პროგნოზები ყოველთვის მართლდება და ამ შემთხვევაშიც ასეა.
ნელი ვარდიაშვილი