QronikaPlus
მოქალაქე თამაზ ნავერიანი „ოცნების“ მაჟორიტარს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს

მოქალაქე თამაზ ნავერიანი „ოცნების“ მაჟორიტარს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს

2016-10-07 12:04:36

მარნეულის სასოფლო-სამეურნეო ბაზრის ერთ-ერთი მეწილე, თამაზ ნავერიანი, შპს-ს „დომინანტ პარტნიორებს“ მისი და მისი ძმის, ნოდარ ნავერიანის უფლებების შელახვაში ადანაშაულებს. მას ხელთ აქვს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა (მისმა მოგვარემ და მოსახელემ), თამაზ ნავერიანმა, გავლენების გამოყენებით აწყობილი ბიზნესის წართმევას ორგანიზება გაუკეთა. რეალური ქონების გარეშე დატოვებული ჩვენი რესპონდენტი დღემდე სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოში ჩივის, მაგრამ უშედეგოდ.   ქრონიკა+“ მარნეულის შპსბაზრისპარტნიორს, თამაზ ნავერიანს ესაუბრება: _ თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ ფრიად საინტერესო ისტორიაზე, რომლის მთავარი მოქმედი, პირები თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობის“ არა მარტო მეხოტბეები, არამედ „ზონდერ-ბრიგადების“ წევრები იყვნენ. დღეს კი ამ პირების იდეური ხელმძღვანელი, ასევე ჩემი მოგვარე და მოსახელე, თამაზ ნავერიანი, „ქართული ოცნების“ რიგებში გადაპორტირდა და საპარლამენტო არჩევნებში მარნეულის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს. მარნეულელ ამომრჩევლებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე მან ასეთი რამ განაცხადა: „ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ვიყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ვინაიდან ხელისუფლების მთავარი ღირებულება ადამიანი, მისი თავისუფლება და კეთილდღეობაა. დღეს უკანონოდ არავინ იჩაგრება, არავის ართმევენ ბიზნესს, არავის ართმევენ თავისუფალი აზრის გამოთქმის უფლებას. მისი ასეთი პათოსი არავისთვის იქნებოდა გასაკვირი, რომ არა ერთი საყურადღებო გარემოება _ ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით, მან თავად გაუკეთა ორგანიზება ჩემ მიერ აწყობილი ბიზნესის წართმევას. მასზე, სხვა პირებთან ერთად, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და, სამწუხაროდ, მოახერხა რა გავლენიანი მფარველის ნახვა, სისხლის სამართლის საქმე (მიუხედავად იმისა, რომ არ დამიტოვებია კომპეტენტური ინსტანცია: პრეზიდენტი, პარლამენტი, პრემიერი, პროკურატურის ყველა ხელმძღვანელი რგოლი, სახალხო დამცველი) თაროზე შემოდებულია და გამოძიების მხრიდან არანაირი რეაგირება არ ხდება“. _ პრობლემა, კონკრეტულად, რა არის? _ საკითხი ეხება მარნეულის რაიონში მდებარე ყოფილ საკოლმეურნეო ბაზარს, რომელიც მთელი თავგადასავლების შემდეგ, როგორც უკანონოდ წართმეული, დავიბრუნე და ის 2014 წლამდე შპს „ბაზრის“ სახელწოდებით ფუნქციონირებდა, რომელშიც პარტნიორები ვართ მე, ჩემი ძმა, აგრეთე თამაზ ნავერიანი, ამჟამინდელი პარლამენტარობის პრეტენდენტი (თავდაპირველად ის პირადად იყო პარტნიორი, შემდეგ კი წილის მეუღლეზე გადაფორმება ამჯობინა). პარტნიორია ერთი ქალბატონიც, რომელიც ასევე თამაზ ნავერიანის ბანაკშია. ეს საზოგადოება (შპს) 1999 წლიდან ყოფილი „ცეკავშირის“ საკოლმეურნეო ბაზრის ბაზაზე ფუნქციონირებდა. 2010 წელს მისი „ცეკავშირისგან“ მთლიანი გამოსყიდვა“ მოხდა და ჩემი, როგორც იმდროინდელი დირექტორის დიდი შეცდომის შდეგად, პარტნიორებად მოწვეული იყვნენ გარეშე პირები, ჩემი მოგვარეები: თამაზ ნავერიანი, მამუკა ნავერიანი, იაგო ნავერიანი და ჩემი ძმა, ნოდარ ნავერიანი. 2012 წლიდან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აქტიურად დაკავშირებული პირების, მამუკა და თამაზ ნავერიანების ზეწოლით, ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, ჩემი და ჩემი ძმის, ნოდარ ნავერიანის მიზანმიმართული შევიწროება და საზოგადოებიდან განდევნის არაერთი მცდელობა დაიწყო. _ კონკრეტულად? _ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა უმრავლესობამ 2013 წელს პარტნიორთა კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება დივიდენდის, 500 000 ათას ლარზე მეტის თანხის გაცემაზე უარის თქმისა და ამ თანხის რეინვესტირების შესახებ. ამავდროულად, პარტნიორთა კრების მიერ განსაზღვრული 3500 ლარის ნაცვლად, ხელზე გასაცემი თანხა 12 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. თუ ამას დავამატებთ საშემოსავლო გადასახადის ოდენობას, ცხადია, რომ ყოველთვიურად დირექტორის ხელფასის სახით საზოგადოებიდან 15 ათასი ლარი _ 12 ათასი ხელზე გასაცემი თანხა, 3 ათასი ლარი კი ბიუჯეტში გადიოდა. ფაქტობრივად კი ამ თანხას დომინანტი პარტნიორები ინაწილებენ და ჩვენზე დივიდენდების გაცემის ნაცვლად, ფულის სალაროდან გამოტანის ხერხად დირექტორისთვის ხელფასის მითითებული ოდენობით განსაზღვრა (ელემენტარული თაღლითობა) გამოიყენეს. აღნიშნულის შემდეგ, საზოგადოების დომინანტმა პარტნიორებმა ქონების ხელში ჩაგდების ახალი ვარიანტი მოძებნეს და პარტნიორთა 2014 წლის 5 აგვისტოს, კრების გადაწყვეტილებით, 63 პროცენტის მფლობელთა ხმებით, 37%-ის მფლობელების ნების (ჩემი და ჩემი ძმის, ნოდარ ნავერიანის) საწინააღმდეგოდ, გადაწყდა უქონელი საზოგადოებისთვის, შპს „ფორვარდ პროდაქტისთვის“ (ს/ნომერი 204525558) ბანკთან ურთიერთობაზე, თავდებობაზე თანხმობის მიცემა 900 000 (ცხრაასი ათასი) აშშ დოლარის ფარგლებში. ასეთი გადაწყვეტილებით ცხადზე ცხადი იყო, რომ მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ქონებას ბანკი გაყიდდა და საკმაოდ მაღალი შემოსავლის მქონე მიწის ნაკვეთს ფიქტიური მყიდველი გამოუჩნდებოდა. კონკრეტულად კი ეს დომინანტი პარტნიორის სატელიტი, ე. წ. თოჯინა იქნებოდა. და ჩვენ, ამ საზოგადოების დამფუძნებლები, ქონების გარეშე დავრჩებოდით. ჩვენი სერიოზული წინააღმდეგობის შედეგად, მათ შორის, ფიქტიური გარიგების თაობაზე, ყველა საბანკო დაწესებულების ინფორმირებით, ეს გეგმა არ განხორციელდა. აღნიშნულის შემდეგ კი დომინანტმა პარტნიორებმა სხვა ჩანაფიქრი განახორციელეს _ შპს „ბაზრის“ („ბაზარი“) პარტნიორთა კრების 2014 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით, საზოგადოების 37 პროცენტის მქონე პარტნიორები (მე და ჩემი ძმა) ჩვენი წილის შესაბამისი ქონების გარეშე ვართ დატოვებული; რადგანაც საზოგადოების პარტნიორთა კრებამ, ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად, ხმათა უმრავლესობით, გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოების სახელზე რიცხული მთლიანი უძრავი ქონების გაყიდვის თაობაზე (ქონებისა, რომელიც საზოგადოების საწესდებო კაპიტალს შეადგენს). პატნიორების ასეთი გადაწყვეტილებით ქონება რეალურად გასხვისდა ფიქტიურ შემძენზე, საზოგადოების დომინანტი პარტნიორების ახლობლების მიერ გაყიდვის გაფორმებამდე რამდენიმე დღის წინათ დაფუძნებულ სუბიექტზე, შპს „ალგეთზე“, რომელიც გარდაბნის რაიონში 2014 წლის 28 ივლისს დარეგისტრირდა და საქმიანობის სახედ საკოლმეურნეო ბაზარი მიუთითა. მაშინ, როდესაც მას რეგისტრაციის პერიოდისთვის არანაირი ბაზარი და არანაირი ტერიტორია არ გააჩნდა და დარეგისტრირდა სოფელ ფონიჭალაში (გარდაბნის რაიონი), არ უწარმოებია სამეწარმეო საქმიანობა და სადავო ქონების შესაძენად არანაირი ფულადი რესურსი არ გააჩნდა. მას ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთვის არც არაფერი გადაუხდია, რაც გარიგების ფიქტიურ ხასიათზე ცხადად მიუთითებს. ჩვენ შორის წარმოებული სასამართლო დავის დროს ამ საზოგადოების წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ ეს საზოგადოება სწორედ შპს „ბაზრის“ შესაძენად შეიქმნა. საყურადღებოა, რომ მხარეებმა ნასყიდობის ხელშეკრულება განვადებით გააფორმეს და ასეთი კომბინაციით განხორციელდა ახალი „შემძენის“ დაფინანსება შპს „ბაზრის“ სალაროდან, პირველ ეტაპზე, დირექტორის მიერ გატანილი ნაღდი ფულით; ხოლო მეორე ტრანშის განაღდება შესაძლებელი გახდა საიჯარო შემოსავლებიდან. სხვა წყარო ამ ახლად შექმნილ საზოგადოებას არ გააჩნდა. აღსანიშნავია, რომ ამ საზოგადოებას, რომელმაც მილიონიანი ბრუნვის მქონე შპს-ს უძრავი ქონება „შეიძინა“, საბანკო ანგარიში ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აქვს გახსნილი. ნასყიდობის ფიქტიურობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ შპს „ბაზრის“ ყველა მოძრავი ქონება: ნაგვის საყრელი ავტომანქანა, სამაცივრე დანადგარები, დენის ტრანსფორმატორები და სხვა, ყოველგვარი შესაბამისი გაფორმების გარეშე იმყოფება ფიქტიური შემძენის მფლობელობაში, რომელიც, ცხადია, თუ რეალური შემძენია, ვალდებული იყო, შესაბამისი ბუღალტრული და სამართლებრივი ფიქსაცია განეხორციელებინა, რაც არ განუხორციელებია და იურიდიულად 15 500 კვ.მ. ფართობზე ფუნქციონირებადი ბაზარი დღეს ახალი „შემძენის“ მფლობელობაშია. ფაქტობრივად კი, მას ისევ ძველი მენეჯმენტი (შპს „ბაზრის“ დომინანტი პარტნიორები) მართავს და არის სერიოზული ეჭვი, რომ მეოცნებე თამაზ ნავერიანის მაჟორიტარობის კანდიდატად მოვლენა, გარკვეულწილად, მის ხელთ არსებული მძლავრი ფინანსური ბერკეტის გათვალისწინებით განხორციელდა. დასაწყისშივე მოგახსენეთ, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დავამატებ, რომ გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „აწარმოებს“. გამოძიება, პრაქტიკულად, აღარ მიმდინარეობს, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. _ პირველად საქმეზე სარჩელი როდის შეიტანეთ? _ ბოლნისის სასამართლოში პირველი სარჩელი 2014 წლის სექტემბრის ბოლოს შევიტანე. _ იქ რა რეაგირება მიიღეთ? _ ბოლნისში პროცესი გაიწელა, მაგრამ, საბოლოოდ, პირველმა ინსტანციამ ჩემი სარჩელი დააკმაყოფილა და როგორც კრების ოქმი, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულება, გააუქმა. სასამართლოში ჩემი ორივე მოთხოვნა დაკმაყოფილდა. _ რა შედეგი მოჰყვა აღნიშნულ სასამართლო გადაწყვეტილებას? _ შემდეგ მეორე მხარემ სააპელაციო სასამართლოში იჩივლა და სადღეისოდ საქმე იქ არის. სააპელაციოში რამდენიმე სხდომა გადაიდო და ახლა 28 სექტემბრისთვის არის ჩანიშნული. _ რა მიზეზებით გადაიდო? _ თვითონ მათი ადვოკატების მოთხოვნა იყო პროცესის გადადებაზე. ადვოკატი ირმა ჭკადუა ჩართეს პროცესში, რომელიც ახლა პროკურორთა საბჭოს წევრიც არის. ჭკადუა პირველ ინსტანციაში არ ჰყავდათ, მერე აპელაციაში ჩართეს, როგორც ჩანს, ამით რაღაცის მიღწევა სურთ. _ სასამართლოს გარდა ვის მიმართეთ? _ მივმართე ფინანსურ პოლიციას. ეს მანამდე, სანამ გაყიდდნენ. ფინანსურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ სადღეისოდ ეს პროცესიც გაჩერებულია. უფროსის მოადგილის, გოგაძის ასეთი წერილი მაქვს, რომ საქმეზე ჩატარებულია ჩხრეკა-ამოღება და ექსპერტიზა. ყველაფერი გაკეთებულია და ამის შემდეგ საქმე ისევე უძრავად დევს. ეს პროცესი ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ჩატარებულია და მას შემდეგ საქმე წინ არ იძვრის. ვისაც ვედავები, თვითონ თამაზ ნავერიანმა მითხრა, რომ საქმე პროკურატურაში უკვე დალაგებული მაქვს და ვერაფერს მიაღწევო. ათი წელი იდება ეს საქმე იქ, სადაც ახლა არისო. _ როგორ აქვს საქმედალაგებული“? _ ეტყობა, თავისი გავლენებით აქვს დალაგებული და ვინ მფარველობს, ამაზე ვერ გეტყვით. პრინციპში, ახლა უკვე ესეც გამოჩნდა. რახან ადრე „ნაციონალების“ ზონდერი იყო და ახლა „ოცნების“ მაჟორიტარად დააყენეს, ეტყობა, მას უკვე დღევანდელი მთავრობა მფარველობს, ლოგიკურად ასე გამოდის. _ ფინანსურმა პოლიციამ პროცედურები რომ ჩაატარა, ამას შესამაბისი მიმართულება რატომ არ მიეცა? _ შემაჯამებელი პასუხი არ არის გაცემული და მე დაზარალებულადაც არ ვარ ცნობილი. ბრალიც არავისთვის წაუყენებიათ. მიზეზად არაფერს ასახელებენ, მხოლოდ გამოძიება მიმდინარეობსო. არადა, იქ არაფერი გამოსაკვლევი არ არის, ყველაფერი გამოძიებულია. ყველა ინსტანციას მივმართე, მათ შორის, ეკა ბესელიას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს პარლამენტში. _ რა პასუხი მიიღეთ? _ წერილი პროკურატურაში გადავაგზავნეთო, თან ითხოვდნენ, რომ ჩემთვის პასუხი მოეცათ. ისინი კომიტეტის თავმჯდომარეს სწერენ, რომ დღეისთვის ამ საქმეზე სისხლის სამართლის დევნა არ მიმდინარეობს და არც შემაჯამებელი გადაწყვეტილებაა მიღებული. ამას ქალბატონ ეკას ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური წერს. ეს პასუხი კომიტეტის გარდა, მეც მომწერეს. ამას გარდა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მივმართე. იქიდანაც არაფერი პასუხი არ ყოფილი იმის გარდა, რომ წერილი ფინანსთა სამინისტროს გადაეგზავნაო. მერე მთავრობის კანცელარიას, გიორგი კვირიკაშვილს მივმართე, მანამდე პრემიერ ღარიბაშვილსაც მივწერე. ისევ მომწერეს, რომ ჩემი განცხადება ფინანსურში გადაგზავნეს. მერე თვითონ მთავარ პროკურატურას მივმართე. მათაც ფინანსურ პოლიციაში გადაგზავნეს. მეორედ ახლა აგვისტოში მივმართე და უკვე პირადად შოთაძესთან შეხვედრას ვითხოვდი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, რომ მთელი ეს სიტუაცია ამეხსნა. ამ დღეებში გავარკვიე, რომ საქმე ზედამხედველ პროკურორთან არის გადაგზავნილი. ტელეფონით ასეთი კითხვა დავუსვი: მე შოთაძესთან შეხვედრას ვითხოვ და ეს წერილი თქვენ რატომ დაგაწერეს-მეთქი? ნორმალური პასუხი ვერ მივიღე. ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციას მივმართე, იქიდანაც იგივე პასუხია, რომ ფინანსურში გადაგზავნილია. მოკლედ, იქ გროვდება ეს წერილები. ორჯერ მივმართე სახალხო დამცველს. ომბუდსმენმა ხელმეორედ გამოითხოვა ეს საქმე, _ თუ ჩატარდა რამე ახალი საგამოძიებო მოქმედებაო? პასუხს ველოდები. ამ ფონზე, პროკურატურისგან ვითხოვ, დროზე დამთავრდეს ეს საგამოძიებო მოქმედებები და საქმე დაიძრას. ყველა გზა გავიარე, ამიტომ პროკურატურისგან ვითხოვ პასუხს, რატომ ჭიანურდება ჩემი საქმე? ვინ მფარველობს? და ა.შ. რეალურად, საქმე გამოძიებულია და პასუხს ვერ ვიღებ. სამი წელიწადი გავიდა და ამ დროს ვზარალდები, თვითონ ფულს აკეთებენ და ჩემს გაკეთებულ საქმეზე თვითონ მშიერი დავდივარ. პროკურატურისგან სამართლიანობის აღდგენას ვითხოვ. მე ჩემი უნდა დავიბრუნო, დაზარალებული ვარ და კუთვნილი უნდა მივიღო. ამაში ქონების დაბრუნებას ვგულისხმობ. იქიდან 37% ჩემი და ჩემი ძმისაა. უნდა მცნონ დაზარალებულად და ამინაზღაურონ, რაც მე ამ პერიოდში მატერიალური ზარალი განვიცადე. პლუს მორალური ზარალი, მაგრამ აქ ხომ ამას ყურადღებას არავინ აქცევს. ეს მატერიალური ზარალი შესაბამისმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ამაზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. შეიძლება მიახლოებით ვისაუბრო, მაგრამ ამისთვის სათანადო ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. დადგინდეს ეს ყველაფერი და მოყენებელი ზარალი ამინაზღაურონ. პარალელურად, ის 37% დამიბრუნონ, რაც ჩემი კუთვნილებაა. ხაზს ვუსვამ, ეს არის თაღლითური, ფიქტიური გაყიდვა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომაც შავით თეთრზე დაადგინა. უმრავლესობამ თავისი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და ფიქტიურად გაყიდა. ამ დროს ის გაყიდული არ არის. როგორ შეიძლება, ამხელა ბაზარს „პოსლეზე“, არარსებულ ორგანიზაციაზე ყიდდე? ხომ წარმოგიდგენიათ, 22-ში შეისყიდეს ბაზარი და 24-ში მიდიან და ბანკში ანგარიშს ხსნიან. მანამდე ანგარიშიც კი არ ჰქონდათ და ეს ფული საიდან უნდა გადაეხადათ? ორწელიწადნახევარი ჩვენი ფული, დივიდენდი არ გაუნაწილებიათ, ეს ფული გამოიტანეს და იქიდან შემოაცურეს. _ კიდევ ერთხელ განვმარტოთ, თქვენი 37%-ის წაღება როგორ მოახერხეს? _ ის კრება ხომ ჩატარდა ოქმის საფუძველზე (რახან უმრავლესობაში იყვნენ), გადაწყვეტილება მიიღეს, რომ გაიყიდოს. ამ დროს მე ოქმში დაფიქსირებული მაქვს, რომ თუ წილს ყიდით, მაშინ მე ვყიდულობ, მე არ ვყიდი ჩემს წილს-მეთქი. ამიტომ თავიანთი უმრავლესობის უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და ჩვენ წაგვართვეს. ამით ჩვენი კონსტიტუციური უფლებები წაგვართვეს და სხვა ყველაფერიც. თავიანთი წილის საფასურს თუ ვერ შევწვდებოდი, მაშინ შეფასების აქტი უნდა შემდგარიყო, რომელიც არ ჰქონდათ. ამიტომ თვითონ როგორც მოისურვეს, ისე გაყიდეს. ამ დროს ის მეტი ღირს, ვიდრე გაიყიდა. ამიტომ ჩივილი დავიწყე, რადგან სხვა არანაირი გზა არ დამრჩა, მხოლოდ სამართლებრივი. მე მაშინ შევცდი, როდესაც მათ პროცენტები მივეცი. არ მეგონა, ასეთი ამბები თუ მოხდებოდა, დღე და ღამე ერთად ვიყავით. დღესაც ვერ წარმომიდგენია, რომ მათ ასეთი რამ გამიკეთეს, არ ველოდებოდი. ჯერ კიდევ 2005-ში „ნაციონალების“ ხელისუფლებისას, ჩვენთან რევიზია შემოვიდა. გაზომეს გამოზომეს და მილიონი დამაწერეს. ამაზე მთელი 5 წელი ვედავებოდი და მათ 720 ათასი მოვუგე, რადგან მართალი ვიყავი. ექსპერტიზა დავანიშნინე და ჩამომაჭრეს. ბოლოს და ბოლოს, ყადაღა მოვახსნევინე და შევისყიდე. მათ ცეკავშირს ქონება ხომ სულ წაართვეს, ერთადერთი ეს ბაზარი მე შევინარჩუნე. მერე უკვე ცეკავშირისგან შევისყიდე. შპს-ში სამ პარტნიორს  ოც-ოცი პროცენტი ჰქონდა, მერე ესენი ერთმანეთს შეეკრნენ და ჩემ წინააღმდეგ წამოვიდნენ. ამიტომ პიროვნულ-ნათესაურ დონეზე პრობლემის გადაწყვეტა ვერაფრით მოხერხდა. გინდა თუ არა, წილიდან წადიო! _ რატომ უნდა წავიდე-მეთქი? „ნაციონალების“ მერე ეს ყველაფერი შემოტრიალდა და მათაც ალღო აუღეს. ახლა ისინიც ისე შემოტრიალდნენ და დღევანდელებთან ფესვები ისე გაიდგეს, რომ ამდენს სწორედ ამ გზით მიაღწიეს. ვერ გაბედავდნენ, მფარველი რომ არ ჰყოლოდათ. ეს ზემოდან ხდება უკვე. პროკურატურაზე თვითონ არ მალავს, ისე მაქვს დალაგებული საქმე, ვერაფერს მიაღწევო. ამიტომ შოთაძესთან შეხვედრა მინდოდა, მაგრამ ვერ მივაღწიე. ერთადერთი უკიდურესი გზა მრჩება, რომ მისი კაბინეტის წინ დავიწყო შიმშილობა, თუ სამართალს ვერ მივაღწიე და ეს საქმე არ დაიძრა. თუ შესაწყვეტია, შეწყვიტონ, ან გააგრძელონ და ბოლომდე მიიყვანონ. ასევე სააპელაციო სასამართლოსგან სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდები. თუ ასე იქნება, პროცესი უნდა მოვიგო. ყველაფერი სამართლიან სასამართლოზე არის დამოკიდებული. ასევე პროკურატურისგან დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებას ველოდები, რადგან ყველაფერი მაგიდაზე დევს. ხმებიც აღწევს, რომ გამომძიებელს გამოძიებული საქმე უდევს და ვიღაცისგან დირექტივას ელის.    

                                                                       გელა მამულაშვილი

გაზიარება