QronikaPlus
ეკონომიკის სამინისტრო და უტენდეროდ ჩატარებული შესყიდვები?!

ეკონომიკის სამინისტრო და უტენდეროდ ჩატარებული შესყიდვები?!

2016-07-09 08:18:54

დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##21-23.   ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია აგრძელებს სხვადასხვა უწყებაში არსებული კანონდარღვევების, სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვის, კორუფციის დიდი რისკის მატარებელი ხელშეკრულებისა და საეჭვო გარიგებების გამოქვეყნებას და საზოგადოების ინფორმირებას. ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ დავიწყეთ ეკონომიკის სამინისტროს საეჭვო ხელშეკრულებების საზოგადოებისათვის გაცნობა, მაგრამ იძულებული ვართ, ისევ ჯანდაცვის სამინისტროს ერთ, პირდაპირ ვაცხადებთ, კორუფციულ გარიგებაზე გესაუბროთ. მიუხედავად ჩვენ მიერ უკვე მრავალჯერ აღნიშნული დარღვევისა პროგრამაში: „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის“, „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული  საქონლისა და თანმდევი მომსახურების (საქონლის მიწოდება ქვეპროგრამის ბენეფიციართათვის) შესყიდვის მიზნით გაფორმებულ ხელშეკრულებებზე, გახსოვთ, ალბათ (შპს უნივერსალ ფუდი“, შპს „ლაქი“ და ა. შ.), სოციალური მომსახურების სააგენტო ისევ აგრძელებს კორუფციული გარიგებების პრაქტიკას. კერძოდ, 2016 წლის 23 ივნისს გამოაცხადა ბაზრის კვლევა და აგრეთვე საქონლის ის ჩამონათვალი განათავსა, რაც მომწოდებლებს უნდა გაეფასებინათ. ჯერ ერთი, 23 ივნისი არის ხუთშაბათი და ორშაბათს, 27 ივნისს იყო ბოლო დღე წინადადების მიწოდებისა, ანუ 3 სამუშაო დღე, როცა მანამდე მთელი 5 თვე ნებართვა, ისევ და ისევ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გასცა და მთავრობის განკარგულებაც იმავე პერიოდს ასახავს. ანუ ეს სააგენტო მხოლოდ შერჩევის დროს ჩქარობს, რათა თავისი კომპანიები დააკონტრაქტოს. მთავარი, რაც ამ დასკვნის საფუძველს იძლევა, არის ის, რომ თუ გადახედავთ იმ საქონელსა და მათ სპეციფიკაციებს, რაც მიმწოდებელმა უნდა გააფასოს, ნახავთ, რომ არ არის მითითებული საქონლის რაოდენობა, მისი არანაირი დახასიათება და, ფაქტობრივად, არც ერთ მიმწოდებელს, თუ ის არ იქნება წინასწარ არაკანონიერად ინფორმირებული, არ შეეძლება წინადადების სრულყოფილი გაფასება და წარდგენა. მაგალითად, ჩამონათვალში, სადაც უნდა გაფასდეს ბავშვის ტანსაცმელი, შარვალი (ზაფხულისა და ზამთრის), სპორტული ტანსაცმელი (კომპლექტში), არ არის მითითებული არც ფაქტურა, არც ვიზუალური მხარე და არც რაოდენობა. ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო და არაკვალიფიციური ბაზრის კვლევა, რომელიც შეგნებულად ტარდება ასეთი ფორმით, რომ ლავირების საშუალება იყოს კონტრაქტის მინიჭების დროს. კონტრაქტის სავარაუდო ღირებულება, არც მეტი _ არც ნაკლები, 666 000 ლარია. ჩვენმა არასამთავრობომ რეაგირება მოახდინა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შესყიდვების უფროსს დაუკავშირდა. ცდილობდა, მიეთითებინა, რომ ეს არის პროცედურების აშკარა დარღვევა და ასე არ შეიძლებოდა ბაზრის კვლევის ჩატარება, რაზედაც გვიპასუხეს: „მოგვმართეთ წერილობით“. ანუ ძალიან კარგად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ეს არ არის მხოლოდ უნიათობა და უცოდინარობა, ეს არის კორუფცია! სამინისტროები, სახელმწიფო შპს, სსიპ და მუნიციპალიტეტები წინასაარჩევნო რეჟიმში გადავიდნენ, ოღონდ თავისებურად, ანუ მოსწრებაზე არიან, არჩევნებამდე, რაც შეიძლება, მეტი ფული იშოვონ. არავინ არის ხელის შემშლელი! ჩვენი არაერთგზის განცხადებისა ტელევიზიით და პრესის საშუალებით რეაგირება ნულის ტოლია. დავუბრუნდეთ ისევ ეკონომიკის სამინისტროს და მის სახელმწიფო შპს-ს.   საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო შპს „საქაერონავიგაციამ“ ხელშეკრულება გაუფორმა შპს „კომპანია ბლექ სი გრუპს (204477734)“ თანხით 4,971,378 ლარზე. ხელშეკრულება გაფორმდა უტენდეროდ, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რომელსაც წინასწარ წინ უძღოდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ნებართვა. როდესაც საქაერონავიგაციამ სააგენტოს მიმართა (ხელშეკრულების დადებამდე გავიდა 2 თვე, ანუ ტენდერის ჩატარება შეიძლებოდა, ეს ერთი და მეორეც, ხელშეკრულება დაიდო 2015 წლის 23 დეკემბერს. ანუ ყველას მოგეხსენებათ, რომ 25 დეკემბრიდან 14 იანვრამდე სამუშაოები ნამდვილად არ ტარდება), თავისუფლად შეიძლებოდა ტენდერის ჩატარება. ნებისმიერ სამშენებლო ტენდერში, მინიმუმ, 15% ფასდაკლებაა, ანუ ბიუჯეტმა, მინიმუმ, 1 000 000 ლარი დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები 2016 წლის პირველ ივლისამდე უნდა დასრულებულიყო, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი გადახდაა განხორციელებული, ისიც საავანსო და წარმოიდგინეთ მთლიანი თანხის 50%, ანუ 2 500 000 ლარი არ განხორციელებულა არც ერთ მიღება-ჩაბარების სამუშაოებზე. რაც მთავარია, სერიოზულ ეჭვს იწვევს ამ სამუშაოების ვადით დასრულება (წყარო: სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდი). სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო თავს იწონებს, რომ 2015 წლის პირველი ნოემბრიდან გამარტივებულ შესყიდვებს აკონტროლებს და ის შემცირებულია. ეს არის ძალიან დიდი ტყული და ციფრებით მანიპულირება. აი, კონკრეტული მაგალითებიც: 1. შპს „საქარეონავიგაციის“ მიერ 2016 წლის 17 ივნისს გაფორმდა გამარტივებული წესით (უტენდეროდ) ხელშეკრულება საკონსულტაციო მომსახურებაზე, ტრენინგებზე, ჩეხურ კომპანიასთან Air Navigation Services of Czech Republic  (49710371), თანხით 625,998.00 EUR, რაც, დაახლოებით, 1 500 000 ლარის ეკვივალენტია. რით „გაპრავდა“ ეს უტენდერო შესყიდვა? _ სახელმწიფო შესყიდვების კანონის მუხლით, მთავრობის შესაბამისი განკარგულებით, „სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების ვადაში შეუფერხებლად ჩატარება“. ხომ წარმოგიდგენიათ, ტრენინგი ტარდება და ამის შესახებ ცნობილია წინა წლის _ 2015 წლის 23 ივნისის თარიღით მიღებული მთავრობის განკარგულებით! ანუ განკარგულებიდან ერთი წელი გადის და მერე ხელშეკრულება უტენდეროდ ფორმდება ჩეხურ კომპანიასთან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხელშეკრულების მიხედვით ტრენინგები იწყება 2016 წლის ოქტომბერში!!! ე. ი. დღეიდან კიდევ რომ მოინდომო, მაინც მოასწრებ ჩაატარო სრულფასოვანი ტენდერი. ეს უკვე დაცინვაა!.. იცით, რამდენი ასეთი კომპანიაა ევროპასა და მსოფლიოში? მაგრამ არა! _ ტენდერის ნაცვლად პირდაპირი ხელშეკრულება. ფესვები უცხოურ კომპანიაშია, რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის რამე კავშირების დანახვას, მაგრამ ფაქტია, _ რატომ ეს კომპანია და რატომ არ ვატარებთ ტენდერებს? აქაც, მინიმუმ, 150 000 ლარი გაიფლანგა. დიახ, ასე გროვდება ის 300-500 მილიონი, რაზედაც ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობს; 2. ისევ შპს „საქაერონავიგაცია“ 2016 წლის 2 თებერვალს აფორმებს ხელშეკრულებას ისევ უტენდეროდ კომპანიასთან _ OCEM Energy Technology S.R.L. (03148211208) თანხით _ 697,954.15 EUR. სამუშაოები მოიცავს საინჟინრო მომსახურებებს. ეს კომპანია დაფუძნებულია იტალიაში. აქ არ იფიქროთ, რომ რაღაც განსაკუთრებული სამუშაოებია, რომელიც მხოლოდ ამ კომპანიას ძალუძს შეასრულოს, ან ექსკლუზივია, _ არა! სამწუხაროდ, აქაც, თურმე, ისევ და ისევ, დროის სიმცირის გამო ვერ ხერხდება ტენდერის ჩატარება. აქაც მთავრობის განკარგულებიდან ხელშეკრულების დადებამდე გასულია 3 თვე და ორი ტენდერი მოესწრებოდა მთავრობის #2335 განკარგულება, 29 ოქტომბერი, 2015 წელი. შეგახსენებთ: ხელშეკრულება დადებულია 2016 წლის 2 თებერვალს!!! ვინ, ვინ და ეკონომიკის სამინისტრომ და მასთან დაქვემდებარებულმა სსიპ-მა და შპს-მა უნდა იცოდნენ, რომ ასეთი დამოკიდებულებით უზარმაზარი თანხები იფლანგება; 3. კიდევ ერთი საკმაოდ დიდი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, ეს არის შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“, რომელსაც უზარმაზარი ბიუჯეტით სასათბურე პირობები შეუქმნეს და უფლება მისცეს, სახელმწიფო შესყიდვები უტენდეროდ ეწარმოებინა. აქ არ არის საუბარი არც ექსკლუზიურ მომსახურებაზე, არც რაიმე ექსკლუზიურ საქონელსა თუ მშენებლობაზე, აქ საუბარია ჩვეულებრივ ხელშეკრულებებზე, რომელთა შესყიდვაც შესაძლებელი იყო ტენდერების საშუალებით. ხელშეკრულებები „გაპრავდა“ სწორედ იმავე მუხლით: „სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განხორციელება“. გთავაზობთ შპს „მთის კურორტების განვითარების“ კომპანიის მიერ უტენდეროდ გაფორმებულ ხელშეკრულებებს:     შემსყიდველი ორგანიზაცია:           შპს მთის განვითარების კომპანია კონტრაქტორი:               Doppelmayr Seilbahnen Gmbh კონტრაქტის თანხა:               3`425`690.00 EUR საფუძველი:     მთავრობის განკარგულება     შემსყიდველი ორგანიზაცია:           შპს მთის განვითარების კომპანია კონტრაქტორი:          Doppelmayr Seilbahnen Gmbh კონტრაქტის თანხა:               3`064`890.00 EUR საფუძველი:   მთავრობის განკარგულება   შემსყიდველი ორგანიზაცია:         შპს მთის განვითარების კომპანია კონტრაქტორი:  Tatralift კონტრაქტის თანხა:               1`183`000.00 EUR საფუძველი:  მთავრობის განკარგულება   შემსყიდველი ორგანიზაცია:         შპს მთის განვითარების კომპანია კონტრაქტორი:          ECOSIGN             კონტრაქტის თანხა:               287`700.00 USD საფუძველი:  მთავრობის განკარგულება   შემსყიდველი ორგანიზაცია:         შპს მთის განვითარების კომპანია კონტრაქტორი: PistenBully კონტრაქტის თანხა:               579`000.00 EUR       საფუძველი:  მთავრობის განკარგულება   შემსყიდველი ორგანიზაცია:         შპს მთის განვითარების კომპანია კონტრაქტორი:          DOPPLEMAYR კონტრაქტის თანხა:               4`279`540.00 EUR საფუძველი:  მთავრობის განკარგულება   შემსყიდველი ორგანიზაცია:         შპს მთის განვითარების კომპანია კონტრაქტორი:          DOPPLEMAYR კონტრაქტის თანხა:               2`309`500.00 EUR              საფუძველი:  მთავრობის განკარგულება   შემსყიდველი ორგანიზაცია:         შპს მთის განვითარების კომპანია კონტრაქტორი:          DOPPLEMAYR კონტრაქტის თანხა:               268`980.00 EUR საფუძველი:  მთავრობის განკარგულება   შემსყიდველი ორგანიზაცია:         შპს მთის განვითარების კომპანია კონტრაქტორი:          SKIDATA კონტრაქტის თანხა:               205`736.70 EUR საფუძველი:  მთავრობის განკარგულება   როგორც ვხედავთ, ეს ხელშეკრულებები ძირითადად გაფორმებულია უცხოურ კომპანიებთან, რადგან საქართველოში არ მოიძებნება ისეთი კომპანიები, რომელთაც მსგავსი მომსახურება შეუძლიათ. ეს ერთი! მაგრამ ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო შესყიდვების ვებგვერდზე, თარგმნილიყო ინგლისურად და არა მარტო ჩვენს საიტებზე, არამედ უცხოურ საიტებზეც უნდა გამოქვეყნებულიყო. საინტერესოა, იყო თუ არა და რომელ საიტებზე დაიდო ეს განცხადებები? და მეორე: რა მოთხოვნები იყო წაყენებული კომპანიების მიმართ გარდა ფასისა? ვინ მიიღო მონაწილეობა და როგორ შეფასდა ტენდერები? თუ ასე არ მოხდა, მაშინ საიდან და რატომ ეს კომპანია, როცა ევროპაშიც და მსოფლიოშიც უამრავი მსგავსი კომპანიაა? ამ შეკითხვებზე პასუხი არ არის! ამიტომაც ასე ჩუმად, უტენდეროდ ჩატარებული შესყიდვები ყოველთვის ბადებს შეკითხვებს...  

                                                                                                            გიორგი ბაჯელიძე

გაზიარება