QronikaPlus
თამარ ხაჭაპურიძე: ,,გრცხვენოდეს, ირაკლი შოთაძე! შენი ბრძოლა არის ბრძოლა წესების გარეშე!“

თამარ ხაჭაპურიძე: ,,გრცხვენოდეს, ირაკლი შოთაძე! შენი ბრძოლა არის ბრძოლა წესების გარეშე!“

2016-06-24 10:28:14

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მეოთხე და უკეთეს წელს საქართველოს მთავარი პროკურატურა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტებს იკვლევს. გამოძიებას დაკითხული ჰყავს რამდენიმე ათეული მოწმე, გაჩხრეკილია რამდენიმე ათეული საცხოვრებელი ბინა და ოფისი, ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მეხსიერების ბარათები, დისკები და ა. შ. გაწეული სამუშაოს მიუხედავად, ჯერჯერობით, რაიმე ხელშესახები წინსვლა არ არის. გასულ კვირას პირადი ფირების ინტერნეტსივრცეში გავრცელება თავხედურად გრძელდებოდა, დაკითხვაზე ჩემი ყოფნის დროსაც კი. სამართალდამცველ სტრუქტურებში დაცული პირადი ინფორმაციის გასაჯაროების ფაქტზე ამჯერად ორგანიზაცია „მომავლის იმედის“ ხელმძღვანელი, თამარ ხაჭაპურიძე ალაპარაკდა. ის ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს იმ პირების დაკითხვას, რომლებმაც ინტერნეტსივრცეში მის შესახებ პირადი ინფორმაცია გაასაჯაროვეს, მაგრამ, ჯერჯერობით, რეაგირება არ ჩანს.   _ თამარ, რას საქმიანობს ორგანიზაცია, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ? _ ასოციაცია „მომავლის იმედის“ თავმჯდომარე ვარ, რომელიც 1999 წელს დაფუძნდა და რომლის ერთ-ერთი მიზანია იმ ბავშვთა უფლებების დაცვა, რომლებიც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით დაიბადნენ, მათ შორის, სუროგატი დედობის მეთოდით; ასევე ვარ რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი 2004 წლიდან. სამწუხაროდ, დღეს ადამიანის ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიებს მხოლოდ კეთილი მიზნებისთვის არ იყენებენ, ეს მეთოდები ძალიან სასარგებლოა უშვილობის პრობლემის გადასაჭრელადაც, მაგრამ ძალიან სახიფათოა კრიმინალების ხელში. ადამიანებით მოვაჭრეებს დღეს აღარ სჭირდებათ ბავშვების ყიდვა ბიოლოგიური დედებისგან, დღეს შესაძლებელია ემბრიონის ჩასახვა დონორი ქალისა და დონორი მამაკაცისგან აღებული სასქესო უჯრედებით (გენეტიკური მასალა) და მიღებული ემბრიონის გამოზრდა უცხო ქალის, ანუ სუროგატი დედის საშვილოსნოში. კორუმპირებულ ქვეყნებში, სადაც დაუსჯელობის სინდრომი მძვინვარებს, მათ შორის, საქართველოში, კრიმინალები სუროგაციის ფაქტს მალავენ, სუროგატებს ბიოლოგიურ დედებად არეგისტრირებენ, ანუ დოკუმენტებს აყალბებენ, რათა ამ ყალბი დედების მეშვეობით ნებისმიერ პირს, ნებისმიერი მიზნით ბავშვზე უფლებამოსილება გადასცენ. სამწუხაროდ, ამ სქემით საქართველდან ათობით ბავშვია გაყვანილი და ამ სქემით მომუშავე მსოფლიო ქსელის სათავო ოფისიც საქართველოშია. სწორედ ამავე სქემით იყო ნაყიდი რუსეთიდან ის ბავშვიც, რომლის გეი მშობლებიც (ნიუტონი და ტრუონგი) ამერიკაში დააპატიმრეს და რომლებიც 0-დან 6 წლამდე ძალადობდნენ ბავშვზე და მას პორნოფილმებში იღებდნენ. _ საზოგადოებას თქვენი აქტიურობა ახსოვს მარიამ კუკუნაშვილის სუროგაციის ცენტრის წინააღმდეგ. რამდენად კანონიერია ამ ცენტრის საქმიანობა? თქვენ ხშირად კრიმინალზე და მფარველებზე მიანიშნებდით. _ მე ყოველთვის ვერიდები პერსონებზე საუბარს. ზოგადად, დღეს საქართველოში ნებისმიერი დამნაშავის ყველაზე კარგი მფარველი მისი სიმდიდრეა. ჩვილების საქმის გაჭიანურებაში ის ფაქტიც დიდ ეჭვებს იწვევს, რომ 2011-2013 წლებში კუკუნაშვილის სუროგაციის სააგენტოს დირექტორი იყო ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაშემწე (ინგლისური ენის სპეციალისტი), მაკა ლაბაური. სწორედ ამ წლებში გაყალბდა ჯავაშვილის, მუღალაშვილის, ღონღაძის, მამიდაშვილისა და სხვა ათეულობით სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვის დაბადების მოწმობები. ამ დანაშაულზე პროკურორ შალვა ცერცვაძის დადგენილება არსებობს, რომელსაც, ალბათ, ეგონა, რომ საქმის მხოლოდ ამნისტირებული (სსკ 362-ე) მუხლით დაკვალიფიცირება გადაარჩენდა დამნაშავეებს. მან ვერ გათვალა, _ იმის გამო, რომ ბავშვები საზღვარზე ამ ყალბი დოკუმენტებით გადაიყვანეს, ჩვენ საქმის 344-ე პრიმა მუხლით კვალიფიკაციას მოვითხოვდით. ასეც მოხდა. საქმე 344-ე პრიმა მუხლით ხელახლა აღიძრა და ვინაიდან ეს მუხლი ამნისტირებული არ არის, პროკურატურა წლებია, გამოძიებას არ ამთავრებს. ხომ იცით, ეს მაგათი ხრიკია, _ სანამ დამნაშავეების დასჯა არ უნდათ, მანამ გაიძახიან, „მიმდინარეობს გამოძიება“. ვინ ჰყავთ შემდავებელი და მომრევი? მე რომ პროკურორს, ან გამომძიებელს შMშ-ს მივწერდი, მეორე დღეს ამ შMშ-ის შინაარსი კუკუნაშვილს ფეისბუქზე ეწერა ხოლმე. პატაკივით აბარებდნენ ყველაფერს. იანვარში პროკურატურამ ჩხრეკა ჩაატარა და დოკუმენტები და კომპიუტერები კუკუნაშვილის სუროგაციის სააგენტოდან ამოიღო, რამდენიმე თვე ფინანსურ რევიზიას ატარებდნენ და ამით უნდოდათ, არჩევნებამდე გავეჩუმებინე. მერე გამოვუცხადე, _ მე ჩვილების საქმე მაინტერესებს და არა მაგათი ბუღალტერია-მეთქი. ჩატარებული აუდიტის ოფიციალური შედეგები არ ვიცი, მაგრამ პროკურატურის კულუარებიდან ხმა გამოვიდა, რომ კუკუნაშვილს საქართველოდან გაყვანილი ბავშვებით 70  მილიონი აქვს მიღებულიო. თითოეულ ბავშვზე კოლოსალური თანხა გამოდის. ამ ციფრის მიღმა, ალბათ, ბევრი საიდუმლო იმალება და ბევრი კითხვაც ჩნდება, მაგრამ, სავარაუდოდ, სწორედ ამ ციფრის მაგიური გავლენითაა, რომ უკვე მეხუთე წელია, პროკურატურას და ხელისუფლებას ყველა მტკიცებულებასა და კანონზე თვალები აქვს დახუჭული. დღემდე უცნობია უამრავი ბავშვის ბედი. ეს ბავშვები ქართველი დონორების გამოყენებით არიან ჩასახული და უცხოელ მამაკაცებსა და გეი პირებს ყალბი დოკუმენტებით გააყვანინეს ქვეყნიდან. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის ეროვნებას, როდესაც მის მიმართ უკანონო მოქმედება ხორციელდება?! _ თამარ, თქვენ ასევე ღიად დაუპირისპირდით საქართველოს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს. _ როდესაც პარლამენტის კომიტეტების სხდომაზე მისი მთავარ პროკურორად დანიშვნის საკითხი განიხილებოდა, მე მის მიმართ ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულება ხმამაღლა გამოვთქვი და ჩვილების საქმესთან დაკავშირებით შეკითხვები დავუსვი, რომელზეც პროკურატურა დღესაც ვერ მპასუხობს. მაგალითად, რა მტკიცებულება აკლიათ იმისათვის, რომ დამნაშავეებს ბრალი წარუდგინონ? ამ კითხვაზე მათ პასუხი არ გააჩნიათ, რადგან ყველა მტკიცებულება დიდი ხნის მოპოვებულია. ყველა ამ ბავშვის დაბადების მოწმობა, რომლებიც მშობლებზე გაყალბებულ ჩანაწერებს შეიცავდა, სამოქალაქო რეესტრიდან იყო გაცემული. არსებობს საზღვრის მონაცემები, სუროგატი დედების ჩვენებები და ა. შ. შოთაძემ მისი პირველი სამუშაო დღე მთავარი პროკურორის რანგში ჩვილების საქმით და ჩემთან შეხვედრით დაიწყო, დაცვაც დამინიშნა, მიიჩნია, რომ კრიმინალებისგან საფრთხე მემუქრებოდა, მაგრამ 4 თვეში დაცვა ყოველგვარი განმარტების გარეშე მომიხსნეს. მომწერეს, _ ვერ გეტყვით, რატომ მოგიხსენით, სახელმწიფო საიდუმლოებააო. თურმე, მე არ მაქვს უფლება ვიცოდე, რატომ აღარ ვარ საფრთხეში, მაშინ როდესაც გამოძიება არ დასრულებულა და ჯერ ბრალიც არავისთვის წაუყენებიათ. ჩემთვის დაცვის მოხსნის შესახებ პროკურორის დადგენილებას არ მაძლევენ, რითაც ჩემს კონსტიტუციურ უფლებას არღვევენ. შოთაძის გუნდს ჩემი უკეთ შესწავლისთვის ის 4 თვე სჭირდებოდა. ეს იყო და ეს მაგათი დაცვის პროგრამის მიზანი, თორემ რატომ ახლა აღარ მიცავენ? _ სულ ახლახან ხმაურიანი დაპირისპირება იყო დეპუტატ ეკა ბესელიასთან. _ ეკა ბესელიას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის 4-წლიანი ანგარიშის პრეზენტაცია ჰქონდა პარლამენტში, რომელსაც უცხოელი დიპლომატებიც ესწრებოდნენ. მან კარგად იცის, რომ 4 წელი არაფერი გაუკეთებია ჩვილების საქმეზე, პროკურატურაში ორიოდე ფორმალური წერილის გაგზავნის მეტი.  როგორც კი ბესელიამ დამინახა, ჩვილების საქმეზე კითხვები რომ არ დამესვა, დაცვას დარბაზიდან ჩემი გაყვანა დაავალა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტუაცია ხმამაღლა გავაპროტესტე და ჟურნალისტებს ინტერვიუც მივეცი, მაინც არ მოერიდნენ და ძალით გამიყვანეს. ერთ საათში უკვე სხვა დარბაზში დაიწყო მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, თამარ ქალდანის კანდიდატურის საკომიტეტო მოსმენა, რასაც დავესწარი და ქალდანს შეკითხვა დავუსვი საკითხზე, რომელზეც ჩვენი ასოციაცია მის ოფისთან ერთი წლის წინათ თანამშრომლობდა და რომელიც იუსტიციის მინისტრის ბრძანებას ეხება, რომლის ერთ-ერთი მუხლითაც გამეტის დონორებისა და უშვილო წყვილების  პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება უხეშად ირღვევა. სამწუხაროდ, წულუკიანმა თავადაც არ იცის, რატომ არ ასწორებს ამ ხარვეზს. სხდომის ბოლოს ბესელიას ვკითხე, თუ რატომ არ დამიშვა პრეზენტაციაზე და რატომ არ პასუხობდა ჩემს შეკითხვებს? რის გამოც ბესელიამ კვლავ კარისკენ მიმითითა. მე მივიჩნიე, რომ ის უკვე ზედმეტად თავხედობდა და შეურაცხმყოფდა, პარლამენტი მისი კერძო ოფისი არ არის, ის ვალდებულია, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების შეკითხვებს პასუხობდეს და თანამდებობა ზედმეტად არ უნდა აუვარდეს თავში. ეს ხშირად ქაჯებს ემართებათ და სწორედ ამიტომ ვუწოდე მას ნოსირელი ქაჯი, რაც შემდგომ ძალიან აქტიურად აიტაცეს და საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს, როგორც ჩემსა და ბესელიას შორის დაპირისპირება. პრინციპში, ასეც არის, ეს უკვე დაპირისპირებაა. _ როდის და რა სახის პირადი მასალები გავრცელდა თქვენ წინააღმდეგ? _ ვერაფრით რომ ვერ გამაჩერეს, ფეისბუქით უკვე 3 დღეა, ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია გაავრცელეს. ეს ინფორმაცია მხოლოდ სამართალდამცველ ორგანოებში მოიპოვებოდა და ჩემი და ჩემი მეუღლის გარდა არავინ იცოდა, უახლოესმა ნათესავებმა და მეგობრებმაც კი. ეს იყო იმ ტიპის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის სხვა პირებზე გადაცემის უფლებაც არავის აქვს. ინფორმაცია ფეისბუქით კონკრეტულ პირს გაავრცელებინეს და მე ამ პირს საჯაროდ არ დავასახელებ, რადგან მას ეს ინფორმაცია ჩემი ჩივილის შემდეგაც არ წააშლევინეს, თუმცა პოლიცია მპირდებოდა ინფორმაციის დაუყოვნებლივ წაშლისთვის ზომების გატარებას, გამავრცელებლის პოლიციაში მიყვანასაც და სისხლის სამართლის საქმის აღძვრასაც. მაგრამ მოხდა ის, რასაც ამ სინდისგარეცხილი პროკურატურისგანაც არ ველოდი, _ პროკურორმა საქმის დაუყოვნებლივ აღძვრაზე და მასალის წაშლაზე უარი განაცხადა. ბოლოს მიზეზად ის დასახელდა, რომ, თურმე, ინფორმაციის გამავრცელებლის ადვოკატს შაბათ-კვირას არ სცალია და ჩვენებას ორშაბათს ჩამოვართმევთო. ამის შემდეგ ინფორმაციის გამავრცელებელმა ჩემი პირადი ცხოვრების კონფიდენციალური დეტალები კიდევ ერთ ახალ სტატუსად გამოაქვეყნა, მიუხედავად იმისა იცოდა, რომ პოლიციაში სწორედ მის მიერ გამოქვეყნებული ამ ინფორმაციის გამო იბარებდნენ. ჩემი ადვოკატი პოლიციიდან, უბრალოდ, შოკირებული წამოვიდა. _ რეაგირებისთვის სხვა უწყებებს არ მიმართეთ? _ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში განცხადება დავწერე. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის გვერდით. პოლიციელებმა ისიც მითხრეს, _ თქვენს საჩივარზე უკვე პროკურატურის ყველა მაღალჩინოსანს შეატყობინეს და მათგან რა მითითებაც მოდის, ჩვენც ისე ვიქცევით, რა ვქნათ, რა შეგვიძლიაო. _ ძალოვან უწყებაში დაცული ინფორმაცია ინტერნეტში მოხვდა, რეაგირება არ არის, შანტაჟის ეს ფორმა ბოლო წელია, აქტიურად გამოიყენება... _ რა თქმა უნდა, ეს ჩემ მიმართ პროკურატურისა და დამნაშავეთა ჯგუფის ერთობლივი მიზანმიმართული ცინიზმი და შანტაჟია. მათ არა მარტო უკანონოდ გაავრცელეს, არამედ მითხრეს, _ ჯერ ვერ წავშლით, ორშაბათამდე მოითმინეო. რას ვიზამთ? ყველა ბესელიასნაირ პატივში ვერ იქნება! ასეა, ზოგის პირად ინფორმაციას სინათლის სისწრაფით აქრობენ, ზოგს კი უქვეყნებენ და სამდღიან მოლოდინის რეჟიმსაც უწესებენ. ახლა უკვე გინდ წაშალონ და გინდ დატოვონ, ამას აზრი აღარ აქვს. რა თქმა უნდა, დამნაშავესაც არ წაუყენებენ ბრალს, მაშინ თავადაც ზედ უნდა მიყვნენ, რადგან თავად ჩაუგდეს ხელში ეს კონფიდენციალური მასალები. როგორც გითხარით, აღნიშნული ინფორმაცია სამართალდამცველ ორგანოებში ინახებოდა. ყველაზე მეტად გულსატკენია ის, რომ ჩემი მოზარდი შვილებიც არ დაინდეს. ჩემმა უფროსმა შვილმა ამგვარი ინფორმაციის გაჟღერება ძალიან განიცადა. ხალხს, ვინც არ იცის, რა იყო ამ მასალებში, იმაზე უარესი წარმოუდგენია, ვიდრე სინამდვილეშია. თუ ნებას მომცემთ, ამ ადამიანებისთვის განცხადებას გავაკეთებ, რომ ეს ის არ არის, რაც ბევრ თქვენგანს ჰგონია: 25 წელია, მყავს პირველი და, ჯერჯერობით, ერთადერთი ქმარი. არასოდეს გვიღალატია ერთმანეთისთვის და არც ერთს არასოდეს არანაირი კრიმინალი არ ჩაგვიდენია. ბოლოს, ვიტყვი ერთს: გრცხვენოდეს, ირაკლი შოთაძე! შენი ბრძოლა არის ბრძოლა წესების გარეშე, სამართლიანობის დასამარება _ ეს არის სამშობლოს ღალატი და შენ ეს უკვე ჩაიდინე!  

                                                                                                             ელისო კილაძე

   

გაზიარება