ბოლო რამდენიმე დღეა, იმ მასწავლებლების საქართველოში ჩამოყვანის საქმეზე საუბრობენ, რომელებიც პროგრამაში „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მონაწილეობდნენ. საინტერესო და კითხვის ნიშნების შემცველია, რატომ და რა კალკულაციის ფარგლებში გადაიხადა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 62 000 ლარი იმ 11 ცალმხრივ ბილეთში, რომელსაც ამერიკიდან ინგლისური ენის მასწავლებლები უნდა ჩამოეყვანა?
2015 წლის 9 ივლისს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (SPA150019160) ეკონომკლასის 11 ცალი ცალმხრივი ავიაბილეთის შესაძენად. ტენდერის ღირებულება, ჯამურად, 62 000 ლარს შეადგენდა. ელექტრონულ ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ _ შპს „დისკავერმა“ მიიღო მონაწილეობა. ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 2015 წლის 25 ივლისს დაიწყო და 30 ივლისს დასრულდა.
საკითხავია, ეს უბრალო გაუგებრობაა, თუ მომწოდებლის არაკეთილსინდისიერება? რატომ გადაიხადეს ერთ ცალმხრივ ბილეთში 3363,84 ლარით მეტი, როდესაც ბილეთის რეალური ღირებულება 1856,84 ლარი იყო? რაოდენ სარწმუნოდაც უნდა ვისაუბროთ სისტემის გამჭვირვალობასა და პროცედურული ცდომილების არქონაზე, ფაქტი რეალურია და ციფრებში ასე გამოისახება.
2016 წლის თებერვალში ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარებისა ინსტიტუტს, პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“, მოხალისე მაიკლ დეკერმა მიმართა, რომელმაც ფონდის წარმომადგენლებს უთხრა, რომ მას და ამავე პროგრამის სხვა მოხალისე მასწავლებლებს, ბილეთის ფასთან დაკავშირებით, გარკვეული კითხვები ჰქონდათ.
აღნიშნულ საკითხზე „ქრონიკა+“ „კარგი მმართველობის პროგრამის კოორდინატორს“, საბა ბუაძეს ესაუბრება:
_ ა. წ. თებერვალში მოგვმართა მოხალისე მასწავლებელმა, მაიკლ დეკერმა. მას ბილეთებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ჰქონდა და ჩვენც ამ საქმით დავინტერესდით. მივმართეთ პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და ინფორმაცია გამოვითხოვეთ. ვნახეთ, რომ ბილეთებზე ძალიან მაღალი ფასი იყო გადახდილი, კერძოდ, 11 ბილეთზე _ 62 000 ლარი, თითოზე კი _ 5 220,40 ლარი. მოვიპოვეთ ამ მოხალისე მასწავლებლების ბილეთები, მათზე ფასის კალკულაციის ფორმულაა დატანილი. სწორედ აქედან გამოვითვალეთ ფასი და თითო ბილეთზე ფასი გამოვიდა რეალურად ბევრად უფრო დაბლი, ვიდრე ეს სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული და ვიდრე გადახდილი იყო სახელმწიფოს მიერ შპს „დისკავერისთვის“, რომელმაც ეს ტენდერი მოიგო.
პროცედურული კუთხით აღსანიშნავია, რომ დარღვევები არ შეინიშნება, ტენდერი გამჭვირვალედ და პროცედურების დაცვითაა ჩატარებული, თუმცა ერთ-ერთი პრობლემა, რასაც მივაკვლიეთ, ის არის, რომ ტენდერები ელექტრონული შესყიდვების საიტზე არასწორ ადგილას, სხვა კატეგორიაშია მითითებული.
პირველ კითხვის ნიშანს სწორედ მითითებული შესყიდვის კატეგორია წარმოშობს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პლატფორმაზე ავიაბილეთების შესაძენად არსებობს სპეციალური კატეგორია (CPV 63500000 _ ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ტენდერში შესყიდვის სხვა კატეგორია (CPV 34900000 _ სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები) მიუთითა. აღნიშნულის გამო ავიაბილეთების მიმწოდებელ სხვა კომპანიებს არ ჰქონდათ საშუალება, ელექტრონული ტენდერი ენახათ და მასში მონაწილეობა მიეღოთ.
ეს 349-ე კატეგორიაა, რომელიც სათადარიგო ნაწილებით სათაურდება. მას აქვს ქვეკატეგორია, რომელსაც ბილეთების შესყიდვა აწერია და ეს შესყიდვა დაბეჭდილი ბილეთის ყიდვას გულისხმობს. მაგალითად, როდესაც მე 1000 ცალი ბილეთი მჭირდება საყიდლად, სწორედ ამ კატეგორიის ქვეშ ვათავსებ და არა იქ, სადაც მათ მოათავსეს.
ლოგიკურია, რომ ავიაბილეთების ოპერატორი კომპანიები არ მოძებნიდნენ მათთვის საინტერესო ელექტრონულ ტენდერს სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობისა და სათადარიგო ნაწილების კატეგორიაში. უზუსტობა შესაძლოა იმითაც იყოს გამოწვეული, რომ CPV 34900000 კატეგორიაში შედის ქვეკატეგორია CPV 34800000 _ ტრანსპორტის ბილეთები, რომელიც, ძირითადად, ტრანსპორტის ბილეთების ბეჭდვისთვის გამოიყენება და არა ავიაბილეთების შესყიდვისთვის.
ყურადსაღებია ისიც, რომ 34900000 კატეგორიაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჯამურად ჩატარებული 9 ელექტრონული ტენდერიდან 8-ში მხოლოდ შპს „დისკავერი“ და შპს „ლოტ თრეველი“ მონაწილეობდნენ. ეს ყველაფერი მითითებულია ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ვებგვერდზე.
_ რამდენად მართებულია ბილეთებზე ტენდერის გამოცხადება?
_ ზოგადად, ბილეთებზე ტენდერის გამოცხადებაც არასწორი იყო, რადგან მათი შეძენა ცოცხალი პროცესია, დღის განმავლობაში ავიაბილეთის ფასი რამდენჯერმე იცვლება, შესაბამისად, არავინ, არც ერთი საჯარო დაწესებულება არ ყიდულობს ამ ბილეთებს ტენდერით და მიზეზი ფასის მუდმივი ცვლაა. ჩვენ შევისწავლეთ ავიაბილეთების შეძენის პროცედურა და ვნახეთ, რომ იგი ტენდერის საშუალებით არ ხდება. საინტერესო კიდევ ის არის, რომ ტენდერი გამოცხადდა 2015 წლის 11 ივლისს და ეს ფასი, 62 000 ლარი, წინასწარ იყო მოცემული. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა 2015 წლის 6 ივლისს, ფასთა მოკვლევის მიზნით, რამდენიმე კომპანიას მიმართა და პასუხების მისაღებად მათ ერთდღიანი ვადა განუსაზღვრა. ფასთა მოკვლევაში მონაწილეობა მხოლოდ ორმა კომპანიამ მიიღო. შპს „დისკავერმა“ ეკონომკლასის 11 ცალმხრივი ბილეთის სავარაუდო ფასად 64 395 ლარი განსაზღვრა, ხოლო შპს „ლოტ თრეველმა“ _ 62 000 ლარი.
საინტერესოა, როგორ შეიძლებოდა, ამ ავიაკომპანიებს წინასწარ სცოდნოდათ ბილეთის ფასი, როდესაც იგი მუდმივად იცვლება და ეს ყველაფერი ცოცხალი პროცესია, თუ მათ უკვე ნაყიდი არ ჰქონდათ ეს ბილეთები? როგორ შეიძლება, რომ 10 ივლისს ვიცოდე იმ ბილეთის ფასი, რომელსაც 10 აგვისტოს ვიღებ, თუ წინასწარ არ დავჯავშნე ისინი?
_ ვის შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს ამ შემთხვევაში?
_ აქ პასუხისმგებლობაზე საუბარი არ არის, რადგან რაიმე სამართლებრივ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. შესაძლოა, ვსაუბროთ არასწორი შესყიდვის პროცედურაზე, ანუ შეცდომაა ის, რომ ეს სსიპი ბილეთებს ტენდერის საშუალებით ყიდულობს და არა პირდაპირ. მეორე მხრივ, შესაძლოა, საქმე გვქონდეს, მომწოდებლის არაკეთილსინდისიერებასთან, ვინაიდან ამ ბილეთებზე დატანილი და გადახდილი ფასი განსხვავებულია და იგი თითქმის 3600 ლარს ტოვებს განსხვავებას.
აღსანიშნავია, რომ ტენდერის მეშვეობით შესყიდული 9 ავიაბილეთის მიხედვით შპს „დისკავერის“ მიერ მიწოდებული ეკონომკლასის ცალმხრივი ბილეთების ფასი 3034.9 ლარიდან 6281.9 ლარამდე მერყეობს, რაც თითოეულ ბილეთზე, საშუალოდ, 5636.36 ლარს შეადგენს. სწორედ ამ ელექტრონულ ბილეთზე მოცემულ ფასსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გადახდილ თანხას შორის სხვაობამ 23 547.73 ლარი შეადგინა.
_ ფასები როგორ წარმოიქმნება?
_ სწორედ ამ კითხვით მივმართეთ მომწოდებელ კომპანიას, როგორ დაადგინეს ეს ფასი, თუმცა მათ გვითხრეს, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ ხდება და ფასწარმოქმნა კომერციული საიდუმლოებაა. თუმცა, მაინც საკითხავია, რამდენად წარმოადგენს ფასწარმოქმნა კომერციულ საიდუმლოებას!
ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის საპასუხოდ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი თავის ვებგვერდზე ონლაინგანცხადებას აქვეყნებს:
„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ 30 მაისს გავრცელებული ინფორმაციის პასუხად განმარტავს, რომ ცენტრმა 2015 წლის 9 ივლისს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ეკონომკლასის 11 ერთეული ავიაბილეთის შესყიდვის მიზნით. აღნიშული ავიაბილეთები შესყიდულ იქნა პროგრამისთვის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ უცხოელი მოხალისე მასწავლებლების საქართველოში ჩამოსაყვანად. შესყიდვის განხორციელების პირველ ეტაპზე ჩატარდა ფასთა კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 6 კომპანია. ტენდერი გამოცხადდა ყველაზე დაბალი ფასით, რაც იმ მომენტისთვის ფასთა კვლევის შედეგად დაფიქსირდა. რაც შეეხება ბილეთების ღირებულებას, იგი დამოკიდებულია მარშრუტის სიგრძესა და სირთულეზე (არაპირდაპირი ფრენები). მოხალისეები, რომელთა ჩამოყვანის მიზნით მოხდა ბილეთების შესყიდვა, იმყოფებოდნენ აშშ-ის სხვადასხვა შტატსა და ქალაქში, რაც, შესაბამისად, ასახულია პროგრამის თითოეული მონაწილის ბილეთის ღირებულებაში.
ტენდერი განხორციელდა კანონისა და პროცედურების სრული დაცვით. ცენტრს არ ხელეწიფება, ტენდერი ჩაშალოს, მხოლოდ და მხოლოდ, იმ მიზეზით, რომ მასში ერთი მიმწოდებელი მონაწილეობს. შესაბამისად, ჩვენი მისამართით გამოთქმული ეჭვები და ბრალდებები საფუძველს მოკლებულია. ასევე, მცდარი და არგუმენტსმოკლებულია შესყიდვის კატეგორიის შერჩევასთან დაკავშირებით გამოთქმული ეჭვი. ცალკეული ავიაბილეთების შესყიდვას ითვალისწინებს, მხოლოდ და მხოლოდ, ქვეკატეგორია „ტრანსპორტის ბილეთები“, ხოლო კატეგორიით „ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები“ ხდება მხოლოდ ტურისტული მომსახურების შესყიდვა.
რაც შეეხება მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ინფორმირებულობის ხარისხს, უნდა აღინიშნოს, რომ ფასთა კვლევის განხორციელებამდე, ბაზარზე არსებულ ძირითად მომწოდებლებთან, ცენტრში შეხვედრა შედგა, სადაც ყველა კომპანიამ მიიღო ინფორმაცია გამოსაცხადებელ ტენდერთან დაკავშირებით. აღნიშნულის დამადასტურებლად ცენტრის არქივში შეხვედრის ოქმი ინახება. ამგვარი უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელება კი, მხოლოდ და მხოლოდ, არაჯანსაღი აჟიოტაჟის გამოწვევას ემსახურება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მოხარულია, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს საჯარო უწყებებთან და ხელს უწყობს როგორც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესებას, ისე სახელმწიფო შესყიდვების ღიაობას ქვეყანაში, თუმცა ვისურვებდით, რომ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა უფრო კვალიფიციური იყოს და რეალურ სურათს ასახავდეს“.
„ქრონიკა+“ ამერიკელ მასწავლებელს, მაიკლ დეკერს ესაუბრა, რომელიც ზემოთ ხსენებული პროგრამის ფარგლებში აჭარის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში მოხალისედ მუშაობს. იგი საქართველოში პირველად 2010 წელს ჩამოვიდა:
_ რის საფუძველზე მიმართეთ „ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტს“?
_ როდესაც 2015 წლის აგვისტოში თვითმფრინავის ბილეთი მივიღე, შევამჩნიე, რომ მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრმა მასში 5220 ლარი გადაიხადა, მაშინ, როცა იმავე ბილეთის შეძენა ონლაინრეჟიმში მხოლოდ 800 დილარად იყო შესაძლებელი. ასევე შევნიშნე, რომ ტურისტულ სააგენტოს ბილეთზე ფაქტობრივი ფასის გამოთვლის ფორმულა, კოდიფიკაცია ჰქონდა დატანილი. სწორედ მისი გამოყენებით და გამოთვლით ბილეთის რეალური ფასი 1856 ლარი გამოვიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 3364 ლარი ზედმეტად გადაიხადა.
მე სხვა მოხალისე მასწავლებლებსაც ვესაუბრე და აღმოვაჩინე, რომ მათ ბილეთებშიც ზედმეტი თანხაა გადახდილი. ჩვენ ეს საკითხი წამოვჭერით და „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ვაცნობეთ, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერ მივიღეთ, ამიტომაც გადავწყვიტე, IDFI-სთვის მიმემართა. ვიმედოვნებ, რომ ეს გამოძიება და პუბლიკაცია აღნიშნულ საკითხთან მიმართებით მთავრობის ინფორმირებას უზრუნველყოფს შესყიდვებთან დაკავშირებით და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ფონდიც მსგავს საკითხებს სამომავლოდ უფრო დიდი ყურადღებით და კრიტიკულად მიუდგება. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ქართველი გადამხდელების თანხები მეტი პასუხისმგებლობით და ყურადღებით დაიხარჯება.
გამჭვირვალედ ტენდერის ჩატარება, პროცედურული გამართულობა და საჯარო უწყებებთან თანამშრომლობა ერთია, მაგრამ ფაქტი მეორე: 11 ცალმხრივ ბილეთში მიცემული 62 000 ლარი, ქართულ ბიუჯეტზე მზრუნველი ამერიკელი მასწავლებელი და ზედმეტად გადახდილი 23 547 73 ლარი. დანარჩენი მკითხველმა განსაჯოს.
ნინო ტაბაღუა