QronikaPlus
იფლანგება თუ არა საბიუჯეტო თანხები ,,კულტურულად” დედოფლისწყაროში?!

იფლანგება თუ არა საბიუჯეტო თანხები ,,კულტურულად” დედოფლისწყაროში?!

2016-06-05 09:25:29

როგორც ცნობილი ირლანდიელი დრამატურგი, ჯორჯ ბერნარდ შოუ   ამბობდა: „მსოფლიო შედგება უსაქმურებისგან, რომლებსაც სურთ ფული ისე ჰქონდეთ, რომ არ იმუშაონ და იდიოტებისგან, რომლებიც თანახმა არიან იმუშაონ, მაგრამ არა მატერიალური სარგებლობის მისაღებად...“ და რადგან ჯორჯ ბერნანდი იმასაც ამბობდა, რომ: „ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრების გამოთქმის უფლება იმ პირობით, თუ ისინი ემთხვევა სხვა ადამიანების აზრებს“, მეც დედოფლისწყაროს აიპ კულტურის ცენტრის თანამშრომლებს მოვუსმინე და ფრიად საინტერესო ამბები გავიგე... კულუარებში ამბობენ... კულუარებში ამბობენ, რომ აქ ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. იმასაც ჰყვებიან, რომ კულტურის ცენტრი გამგებლისა და მისი ხელმძღვანელის ერთგვარი ქისაა, სადაც ბევრი რამ „პრავდება“. ამ „გაპრავებაზე“ კი ალკოჰოლმოკიდებული ააიპის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ხშირად ყვება, როგორ გაიფლანგა ბიუჯეტი საახალწლო ღონისძიებაზე და ფიროსმანობაზე... და, საშუალოდ, 16000 ლარი აორთქლდა. კულისებში კი ჰყვება, მაგრამ ძალა აღმართს ხნავს... ასე რომ, ამაოდ რჩება წუხილი მისი... თემას ემატება ისიც, რომ ააიპი კულტურის ცენტრმა რამდენიმე ხნის წინათ მიკროავტობუსი იყიდა... ხოლო მის ყიდვას მრავალი კითხვა მოჰყვა. შესყიდვების სააგენტოს ეჭვი გაუჩნდა, რომ რაღაც ვერ იყო... თემას ისიც ამძაფრებს, რომ ააიპის ხელმძღვანელს ხშირად ბრალს სდებენ საკუთარ შვილთან მოლაპარაკებებში. კერძოდ, მართალია მისი შვილი არსად ფიგურირებს, როგორც შემსრულებელი, მაგრამ დედოფლისწყაროში დაგეგმილ ყველა კულტურულ ღონისძიებას მისი ჩარევის გარეშე ვერ ატარებენ... მოკლედ, რა ხდება და როგორ ჩვენც დავინტერესდით: სულ რამდენიმე ხნის წინათ ააიპიდან ცენტრის ერთი თანამშორმელი, გია ყაჭაშვილი გაათავისუფლეს.   ყაჭაშვილი ყვება: _ განთავისუფლება უსაფუძვლო იყო. ძირითადი მიზეზი აღმოჩნდა ჩემი პრეტენზია კულტურის ცენტრის ხელმძღვანელ ნონა ჯიბღაშვილთან. _ კერძოდ? _ ხალხს ხელფასები შერჩევით მოუმატა. ამაზე პრეტენზია გამოვთქვი და აქედან დაიწყო ჩემი ათვალწუნება. _ ვის მოუმატა ხელფასი? _ ვინც კუდს უქიცინებდა, ანუ თავის მხარდამჭერებს. _ თქვენ „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყავით? _ რა თქმა უნდა, ჯიბღაშვილი კი 2012 წლამდეც მანდ მუშაობდა და 2012-ის მერეც. მანამდე უფროსის მოადგილე იყო, მერე კი უფროსი გახდა. _ ვისი რეკომენდაციით დაინიშნა? _ ამბობენ, ღარიბაშვილის კარი ატალახებული ჰქონდა და მათ დაანიშნინესო. _ მიკროავტობუსის გახმაურებული ამბავი თქვენთვის ცნობილია? _ ტენდერში მონაცემები არასწორად აიტვირთა, მაგალითად, რამდენკარიანი იყო, როგორი ფორმის. ყველაფერი დეტალურად მიუთითეს და კონკრეტულად მოითხოვეს. არადა, სატენდერო განაცხადში ამას არ უნდა მიუთითებდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტრანსპორტის გამყიდველთან წინასწარ გარიგება ჰქონდა და მისი სასარგებლო ინფორმაციის მოთხოვნა შეიყვანა სატენდერო პირობებში. ჩემთვის ცნობილია, რომ მისი მოადგილე გოჩა ნატროშვილი (რომელსაც შესყიდვები აბარია) ურჩევდა, ასე არ გაეკეთებინა, იგი საკმაოდ განათლებული და კარგი ბიჭია, თუმცა ნონას სურვილისამებრ მოხდა, არ დაუჯერა, _ შენ ვინ გეკითხება, გამგეობასაც ასე აქვს გაკეთებული და მე ვიცი ჩემი საქმისო. _ რამდენი ხანი იმუშავეთ აქ? _ 1994 წლიდან 2007 წლამდე, 2007 წელს „ნაცებმა“ გამომიშვეს, ხოლო 2013 წლის იანვრიდან ისევ მივედი. _ თავად ნონა ჯიბღაშვილი რამდენი ხანია, რაც მუშაობს? _ ნონა, ძირითადად, თავისი ბიჭით „ბლატაობს“. 31 მაისს მის შვილს თოჯინები ჩამოჰყავს და კონცერტს აკეთებს. 18 ფირმა აქვს მაგის შვილს გაფორმებული, ვითომ თვითონ არ ჩანს, რეალურად კი დედა შვილს უფორმებს ხელშეკრულებებს და მას აძლევს შეკვეთებს, რომ კონცერტები ატარონ. ახლაც მისი შვილი ატარებს კონცერტს. _ ბიუჯეტის თანხას თავისი შვილის მითითებით ხარჯავს? _ მასე გამოდის. _ ჯიბღაშვილი მართლა გამგებლის ნათესავია? _ ნათესავი არ ვიცი, მაგრამ ღარიბაშვილის სახლთან ათენებდა და აღამებდა, მუხლებში უვარდებოდაო, _ ასე გამიგია. _ გასაჩივრებას აპირებთ? _ პროფკავშირებს მივმართე. მათგან წერილი მასაც მოუვიდა და გამგებელსაც, რომ მე უკანონოდ ვიყავი განთავისუფლებული. ისეთი მუხლი მომიყენა, ვითომ ჩემი უნარ-ჩვევები და განათლება დაკავებულ თანამდებობას არ შეეფერებოდა. თავისი თუ შეეფერება, ეს კიდევ საკითხავია. სახელოვნებო დავამთავრე, გამოცდილება მაქვს რეჟისორობაშიც, მხატვრობაშიც და ოპერატორობაშიც. როგორ არ შეესაბამებოდა, ძალიან მაინტერესებს?!   თუმცა ააიპი დედოფლისწყაროს კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, ნონა ჯიბღაშვილი, საუბრის დროს ბრალდებებს უარყოფს: _ ყაჭაშვილი არ შეეფერებოდა დაკავებულ თანამდებობას, ნიკოლაძის ტექნიკური განათლება აქვს და რეჟისორის შტატში იყო. ამასთან, ახალი შტატების გადანაწილება მოხდა და რეჟისორის თანამდებობა გავაუქმე. თუ დაგვჭირდა, აუცილებლად მოვიწვევთ ხელშეკრულებით ერთჯერადად. სხვა ფორმით მას სამსახურში ვერ დავტოვებდი. _ რეჟისორი არ იყო საჭირო? _ პირველი არგუმენტი ის არ არის, რომ რეჟისორი არ იყო საჭირო, ხოლო მეორე კი ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, არ გვაქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ მისი შტატი დაგვეტოვებინა. ბატონი გია ყაჭაშვილი არის პროფესიულ-ტექნიკური განათლების და ის რეჟისორი ვერ იქნებოდა. რაც შეეხება მხატვარს, აკადემიადამთავრებული სოფო კირვალიძე გვყავს. ასე რომ, მეორე მხატვარი არ გვჭირდებოდა. _ მიკროავტობუსის შესყიდვაზე რას გვეტყვით? როგორც ამბობენ, შესყიდვების სააგენტოს კითხვები გაუჩნდა და დარღვევებზეც მიუთითა. _ შესყიდვების სააგენტოში ვიყავით და იქ ავხსენით, რა თანხაც გვქონდა გამოყოფილი გამგეობიდან, ანუ ბიუჯეტიდან, ეს იყო 14000 ლარი. ჩვენ ბაზარი შევისწავლეთ. განსაკუთრებული მანქანა გვჭირდებოდა, რომელიც ნაკლებ საწვავს დახარჯავდა, იქნებოდა საშუალო ზომის და საბარგო დანიშნულებითაც: განათებას და სხვადასხვა ტექნიკას გადაიტანდა კონცერტების დროს და დაახლოებით 8-10 კაცის დასაჯდომი ადგილიც დარჩებოდა. ფესტივალების დროს დიდი ტრანსპორტი გვჭირდება, რომელსაც სპორტისგან ვნათხოვრობთ, თუმცა ხშირად მაინც ზემოთ მოყვანილი მოდელი გვჭირდება. როცა ბაზარი შევისწავლეთ, ასეთი რამდენიმე მანქანა აღმოვაჩინეთ. ძალიან ძნელი იყო მისი შოვნა, ინტერნეტში მითითებულ ტრანსპორტის მეპატრონეებს დავუკავშირდით, რომლებმაც სასტიკი უარი განაცხადეს, ამ ფასად რომ გაეყიდათ. ჩვენ თანხის მომატების შესაძლებლობა არ გვქონდა. _ ყველა პარამეტრი დააკმაყოფილეთ? _ რა პარამეტრებიც გვქონდა მითითებული, გადაცდომა იყო 10-15 სანტიმეტრი, მაგრამ შესყიდვების სააგენტოს მთავარი მოთხოვნაა, რომ მანქანის შესყიდვით სახელმწიფო არ დაზარალდეს და ზედმეტი საფასური არ გადაიხადოს. ჩვენ ვიყიდეთ სამარშრუტო 2005 წლის ევროსტანდარტებით, კონდიციონერით, ორი კარით, ქარხნული სკამებით. მოკლედ, გაგვიმართლა! _ სააგენტოს რა კითხვები ჰქონდა? _ როცა შესყიდვების სააგენტომ კითხვები დაგვისვა, ჩავედით და ვუთხარით, რომ კომისიაში სულ ქალები ვიყავით, ტენდერში მონაწილეობის დიდი გამოცდილება არ გვქონდა, კომისიის არც ერთი წევრიც კი არ ვართ მძღოლი. ბოლოს დაგვეთანხმნენ, რომ ასეთი ფასით ასეთი კარგი ავტომობილის შესყიდვა მოვახერხეთ. შეუძლებელი იყო, ვინც მოგვყიდა, მას თანხა ძალიან სჭირდებოდა, თორემ უფრო ძვირად გაყიდიდა. ჩვენ სახელმწიფო არ დაგვიზარალებია, იაფად ვიყიდეთ. _ თქვენს შვილზე ამბობენ, რომ სწორედ მასთან გაქვთ გარიგებები, როცა კულტურულ ღონისძიებებს ატარებთ და მომღერლებს იწვევთ. _ ჩემი შვილი ცნობადი სახეა _ ლევან ჯიბღაშვილი. მე მასთან არც ერთი ხელშეკრულება არ დამიდევს. უბრალოდ, მას დიდი სამეგობრო და სანაცნობო ჰყავს. მისი სიტყვის ჩარევით შეიძლება უფრო იაფად მოგვიგვარდეს _ თუ სხვაგან ვინმე კონცერტს ატარებს 10, ან 15 ათასად, ჩვენ შეიძლება 5, ან 10 ათასით ნაკლები დაგვიჯდეს მისი უბრალო ჩარევით. მაგალითად, საახალწლო ღონისძიება 42 000 ლარი დაგვიფასეს, მაგრამ ჩემი შვილის დახმარებით შედარებით იაფი დაგვიჯდა და სხვა პროდიუსერმა ჩაატარა. ჩემი შვილისთვის არანაირი ხელშეკრულება არ დაგვიდევს. ჩემი შვილი მოწვეულია მხოლოდ სტუმრის სტატუსით. მასაც გამგეობა ეპატიჟება. თუ ჩემი შვილი ცნობადი სახეა, ეს დანაშაულია? _ რაც შეეხება 31 მაისს დაგეგმილ ღონისძიებას? _ თოჯინები გვყავს მოწვეული და ნინი ბადურაშვილი. კონცერტს პროდიუსერი ბექა ჩალათაშვილი ატარებს და ამ ეტაპზე ჩემი შვილი ამ ბიზნესში არ არის, არც ამ კონცერტს დაესწრება.   P. S. ინფორმაციისთვის: დედოფლისწყაროს სამი კულტურული ორგანიზაცია აქვს: გამგეობის კულტურის სამსახური, სადაც თამაზაშვილის და არის ხელმძღვანელი; ააიპი კულტურის ცენტრი, სადაც ნონა ჯიბღაშვილია ხელმძღვანელი; კულტურის სახლი, რომელსაც ცარო მარტიაშვილი ხელმძღვანელობს. როგორც კიასო ამბობდა: ხელოვნება ტყუილია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავაანალიზოთ სიმართლე, სიმართლე კი ის არის... დანარჩენი თქვენ გააანალიზეთ...    

                                                                                                     მაკა მოსიაშვილი

 

გაზიარება