QronikaPlus
ვალერი ხაბურძანია: ,,2003 წელს სახელმწიფო პოლიტიკურად და ფინანსურად გაკოტრებული იყო"

ვალერი ხაბურძანია: ,,2003 წელს სახელმწიფო პოლიტიკურად და ფინანსურად გაკოტრებული იყო"

2016-05-31 12:00:19

„ქრონიკა+“-ის 2016 წლის 5 აპრილის ნომერში „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას გამოქვეყნებულ ინტერვიუს, გენერალ გიგი კალანდაძის შემდეგ, უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია გამოეხმაურა.   რა ხდებოდა პანკისის ხეობაში? რატომ ვერ შეუშალა ხელი მან „ვარდების რევოლუციას“? გაუღო თუ არა რევოლუციონერებს პარლამენტის კარი? რა წერილი გაუგზავნა გიორგი დგებუაძემ, იგივე „მასტერამ“ 2014 წელს ვალერი ხაბურძანიას? ელოდება თუ არა 2016 წლის არჩევნების მერე ახალ რევოლუციას? უშიშროების ყოფილი მინისტრის ექსკლუზიური ინტერვიუ „ქრონიკა+“-ს.   _ ბატონო ვალერი, 2003 წელს რატომ არ შეუშალეთ ხელი ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლას?  ინფორმაცია არ გქონდათ, რა მზადდებოდა, თუ სახელმწიფო უძლური აღმოჩნდა წინააღმდეგობის გასაწევად? _ 2003 წლისთვის სახელმწიფო პოლიტიკურად და ფინანსურად გაკოტრებული იყო. შევარდნაძემ არჩევნებისთვის რეალურად მომზადება ვერ მოახერხა, _ არც პოლიტიკური ძალების, არც ფინანსური საშუალებების კონცენტრაცია არ მოხდა. შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივის“ სტადიონზე ხალხი ვერ შეკრიბეს. მაშინდელმა კორუმპირებულმა მაგნატებმა, გვარებს არ დავასახელებ, ფული არ მოიტანეს, რომ არჩევნები ჩაეტარებინათ, მაგრამ მარტო ფული არ წყვეტს საკითხს. არჩევნების წინ ბევრი მავნებლური ნაბიჯი გადაიდგა ფინანსთა სამინისტროდან დაწყებული, სხვა მრავალი უწყებით დამთავრებული. უშიშროების ფუნქცია ყოველთვის ხელისუფლების გაფრთხილებაა მოსალოდნელ საფრთხეებზე. ამის გაკეთება 2003 წლის თებერვლიდან დავიწყე, როდესაც არასამთავრობოებმა ე. წ. სიების შედგენის იდეა გააჟღერეს ოფიციალურად. ინფორმაცია მქონდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ამის ორგანიზატორი. ასევე ქალბატონი მარიამ ცაცანაშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იყო ამ პროცესის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პარალელურად, რაღაც გრანტები ჰქონდათ მიცემული, ძირითადად, პროსააკაშვილისა და „რუსთავი 2“-ის არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამომრჩეველთა სიებს ისინი აკოწიწებდნენ. როცა იქ შესვლა ვითხოვე, ერთი ამბავი ატყდა, _ უშიშროების აქ ჩარევა არ შეიძლებაო! არ შეიძლება, ნუ შეიძლება... ვცდილობდი, კანონი არ დამერღვია... მაგრამ „არ შეიძლებას“ გარდა, გინდა თუ არ გინდა, რაღაც ტიპის ინფორმაციები მომდიოდა. ამის შესახებ შევარდნაძეს მოხსენდა, რომ იქ ცუდად მიდიოდა საქმე, მაგრამ მიმაჩნია, რომ მარტო საარჩევნო სიები არ იყო წაგების საფუძველი, სხვა პროცესები მიდიოდა ძალზე მძიმედ, განსაკუთრებით ეკონომიკური პროცესი. სადღაც ზაფხულის შუა რიცხვებში ფინანსთა სამინისტროს, რატომღაც, ერგნეთის ბაზრის გადაკეტვა და კონტრაბანდასთან ბრძოლა მოუნდა. მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ფორმალური იყო და ჯოხის გადატეხა უნდოდათ. შევარდნაძეს შევთავაზე, _ მოდით, საწვავ-საპოხ მასალებს მე ავიღებ, კობა ნარჩემაშვილს სიგარეტი მივცეთ. ორ-სამ თვეში რა შედეგს დავდებთ ყველა საბიუჯეტოდ, ვნახოთ-მეთქი. ზაფხული იყო, ამ ოპერაციას დავარქვით „სკოგი“ (ოპერაციის აბრევიატურაა). ერთი რამ გავაკეთე, _ საზღვრებზე კონტრაბანდული საწვავის დევნას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ თბილისის, დიდი ქალაქებისა და რაიონული ცენტრების ბენზინგასამართ სადგურებზე დავდექი, ჩემი თანამშრომლების მორიგეობა დავაწესე. მთელი ზაფხულის განმავლობაში, თუ ნავთობპროდუქტების ლეგალიზაცია 13-15 ათასი ტონა იყო, ერთ თვეში 35 ათას ტონაზე ავიდა, ხოლო მეორე თვეს _ 45 ათას ტონაზე. კობასაც რაღაც პატარა წარმატებები ჰქონდა სიგარეტში, მაგრამ ერგნეთმა, რა თქმა უნდა, უკუშედეგი მოგვცა _ იქ ხალხი ამით საზრდოობდა, მათთვის ერგნეთი, ძირითადად, სასურსათო სექტორი იყო. გართულებები და „რაზბორკები“ დაიწყო ოსებსა და ქართველებს შორის, რომლებსაც ერთმანეთთან ბიზნესი ჰქონდათ. მერე ლეგიონი შეიქმნა, სადაც ყოფილი ავღანელი მებრძოლი დანიშნეს უფროსად. მან, თავის დროზე, პანკისის ხეობასთან, ახმეტაში, შიმშილობა გამოაცხადა. იდეები ჰქონდა, მანქანები რომ წამოეყვანათ, „ლიმონკები“ შეეყარათ და ა. შ. _ ანუ არჩევნების წინ საერთო ფონი არასახარბიელო იყო... _ საგიჟეთში ვიყავი, ასე რომ ვთქვათ... როცა შევატყვე, რომ საქმე ძალიან ცუდად იყო, სულხან პაპაშვილს დაველაპარაკე და ასეთი იდეა მომივიდა: იმ დროს ძალიან აქტიურობდა სულხან მოლაშვილი, იგი ყოველთვის ქარიზმატული იყო მაშინ, ვიდრე მე, სხვები, ეს მისი პლუსი გახლდათ თუ მინუსი, სხვა საკითხია. ვთქვით, რომ სულხან მოლაშვილი გადადგება, ის სია, რასაც ესენი ადგენენ, წამგებიანი სიაა... ახლა არ მინდა, რაღაც ისეთი ვთქვა, რამ მერე სასამართლოებში მარბენინონ. პირველ პირზე ხმები დადიოდა, რომ, სამთავრობო თვალსაზრისით, რაღაც სირთულეები ჰქონდა, ორგანიზაციული ნიჭიც არ აღმოაჩნდა, ფინანსურ საშუალებებსაც ვერ იკრებდა, ავთო ჯორბენაძეზე ვსაუბრობ. სიის შედგენა რომ დაიწყეს, არავინ დამიძახა. უშიშროების მინისტრს, თუ პოლიტიკური მინისტრი ვარ, ხომ უნდა მითხრან?.. _ შენი საქმე არ არისო, შენ მიხედე, მაგალითად, ოპოზიციურ პარტიებსო, საშუალება არ მისცეო. მე ვუთხარი, _ სად ცხოვრობთ, რა დროა, აღარ არის ის სიტუაცია და პერიოდი და ჯერ ერთი კონსტიტუციაში ჩამიწერეთ, რომ მე პოლიტიკურ პარტიებზე ვერ ვმუშაობ, კანონში ჩამიწერეთ, ეს ყველაფერი ამიკრძალეთ, ფულად საშუალებებს ამისთვის არ მაძლევთ, მთელი ჩემი მინისტრობა პანკისსა და ტერორისტებთან ბრძოლაში გავატარე, სამი თვეა, ბენზინგასამართ სადგურებზე ვდგავარ, პოლიტიკა თქვენი საკითხია და აკეთეთ ღიად, არაფერი დასამალი და ბნელი აქ საჭირო არ არის-მეთქი. საქმე იმ დონეზეც კი იყო, რომ ჩემთან „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერები მოვიდნენ და იდეა მომიტანეს. ვიკითხე, _ რა იდეა გაქვთ-მეთქი? _ ჟვანიას ჩავაწვეთოთ, რომ სააკაშვილს მისი მოკვლა უნდა და სააკაშვილს ჩავაწვეთოთ, რომ ჟვანიას მისი მოკვლა უნდაო. შენ აგენტურა გეყოლება და ეს მისი საშუალებით გააკეთეო. ადამიანებს წარმოდგენა არ ჰქონდათ სპეცსამსახურებზე, სახელმწიფო სტრუქტურებზე და რაღაც-რაღაცებზე, მით უმეტეს, თავიანთ ყოფილ თანამებრძოლებზე _ ჟვანიასა და სააკაშვილზე. ერთსაც და მეორესაც ეს სისულელე უნდა დაეჯერებინა. მაგრამ ხომ ვხედავდი, ასეთ სისულელეებს იმიტომ მთავაზობდნენ, რომ უნდოდათ, სადღაც ფეხი წამომერტყა, _ „მოქალაქეთა კავშირში“ ყველა მომართული იყო, ხაბურძანიას როგორ წამოერტყა ფეხი... _ რატომ? _ იმიტომ, რომ მე არ ვიყავი მათი გუნდის წევრი. ცოტა არაორდინალურად ვმართავდი ამ პროცესებს. ამას წინათ ბატონი ვიტალი ხაზარაძე ვნახე და ძალიან ისე შევხვდით ერთმანეთს, ბევრი დრო გავიდა. ვიტალი ხაზარაძე მირეკავდა და მეუბნებოდა, _ ქუთაისში ოპოზიცია რაღაცას აკეთებს და მიდი, შენ მიხედეო. _ ბატონო ვიტალი, არ არის ეგ ჩემი საქმე-მეთქი. _ იცი, რა, ქუთათელაძეს თუ ვიღაცას ყალბი ბიულეტენები მოჰქონდა (არ მგონია, ეს მართალი იყოს, მაგრამ... იურიდიულ რაღაცებზე რომ არ გამომედავონ), შენც მოიტანე ყალბი ბიულეტენებიო. მე ვუთხარი, _ კი, მოგიტანთ ყალბ ბიულეტენებს, თქვენ გამომყენებლები არ ხართ, ორი მაგის გამომყენებელი _ მიშა მაჭავარიანი და ხათუნა გოგორიშვილი, იქით არის, თქვენ ხართ მაგის გამომყენებელი, ბატონო ვიტალი-მეთქი?.. _ მე არა... აი, იქ ვიღაც ქალია და მიდით, შენმა ბიჭებმა შეაშინონო... ამ დონეზე იყო ვიტალი ხაზარაძე, ერთ-ერთი ლიდერი. ის ორი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი გითხარით, რასაც მთხოვდნენ, აქეთ ირინა სარიშვილი, რომელსაც არანაკლებ უცნაური იდეები აწუხებდა. არ შევეხები... _ ბატონო ვალერი, იყო თუ არა 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ რუსულ-ამერიკული პროექტი და რას ნიშნავდა ივანოვის ჩამოსვლა რევოლუციის ბოლო დღეებში?.. _ არავითარი პროექტი არ ყოფილა. ეს პროცესი ჩვენ, ქართველებმა მივიყვანეთ აქამდე, უბრალოდ, ამერიკელები და რუსები მიმდინარე პროცესების გარკვეული შუალედური შედეგების სათავისოდ გამოყენებას ცდილობდნენ, ამ შედეგებს ებღაუჭებოდნენ. მე გეტყვით: ამერიკელების ზუსტი გათვლა ნინო ბურჯანაძეზე იყო, პირდაპირ იყო მომზადებული ბურჯანაძისთვის პოლიტიკური პარტია. მიხეილ სააკაშვილზე გათვლა არ კეთდებოდა, მან, უბრალოდ, რევოლუციის მთელი შედეგები მიითვისა, აბსოლუტურად მიითვისა ეს ყველაფერი, თუმცა ერთ-ერთი აქტიური პირი ნამდვილად იყო, მაგრამ მარტო სააკაშვილი ამას ვერ იზამდა. ყველაზე ცუდი პროცესი ის იყო, რომ ხელისუფლებას არც ერთიანობა და არც რესურსი არ გააჩნდა. მე არ დავამთავრე, ჩვენ ვილაპარაკეთ, საჯაიას ბიჭებს ვისაც გვეძახდნენ, კობა იყო ნარჩემაშვილი... სხვათა შორის, კობას 2003 წლის თებერვალში წასვლა უნდოდა, _ აქ ომი მოხდება, არჩევნების დროს სისხლისღვრა იქნება, არ მინდა იქ ყოფნა, უნდა წავიდეო... მე ვუთხარი, _ კობა, შენ წახვალ, გმირის მედალს არავინ დაგკიდებს, ეგ ყველაფერი თუ მაქეთკენ მიდის, მაინც მოხდება, მაგრამ ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ეს არ მოხდეს-მეთქი. ვუთხარი და დარჩა. შევიკრიბეთ, განვიხილეთ საკითხი და დაახლოებით იმ დასკვნამდე მივედით, რომ სულხან მოლაშვილი გადადგებოდა, სრულიად ახალ სიას შევადგენდით, შევარდნაძე იმ აუცილებლობისგან განთავისუფლდებოდა, რომელიმე პარტიის ლიდერი გამხდარიყო... შევარდნაძეს ვუთხარი, _ მიეცით საშუალება ყველას, ვინც გაიმარჯვებს, ყვარყვარესი არ იყოს, ყველა პარტია თქვენ გეკუთვნით-მეთქი. შევარდნაძე ლეგიტიმურად კიდევ წელიწადნახევარი იყო პრეზიდენტი. თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ, გამარჯვებული პარტია შევარდნაძესთან მოვიდოდა, თვით სააკაშვილიც კი, იმიტომ, რომ თუ შევარდნაძე არჩევნებს დემოკრატიულად ჩაატარებდა, მას ამ თვალსაზრისით დასავლეთის მხარდაჭერა ექნებოდა. შევარდნაძემ მომისმინა და როგორც მას სჩვეოდა, არ მიპასუხა. მიჩვეული ვიყავი მისი მართვის მეთოდს, _ შენთან საეჭვო და რთულ მომენტში გადაწყვეტილების წილში არ შემოვიდოდა, თუ საკითხის შედეგი დადებითი დადგებოდა, გეტყოდა, _ რა კარგად მოვიფიქრეთ მე და შენ!.. თუ მძიმე შედეგი დადგებოდა, მძიმე შედეგს შენ თვითონ მიიღებდი... გამოვედი და ბიჭებს ამის შესახებ ვუთხარი. მოლაშვილი ცოტა შეცბა. ვუთხარი, _ სულხან, შენ დიდი ხნის პირდაპირი ურთიერთობა გაქვს შევარდნაძესთან (საპარლამენტო მდივანი იყო 2000 წლიდან, მე 2001 წელს გავხდი საპარლამენტო მდივანი და მაშინ ექვსთვიანი თუ რაღაც ასეთი ურთიერთობა მქონდა...), ეს არის მისი მართვის სტილი-მეთქი. მაგრამ ისე მოხდა, დაემთხვა, თუ რა იყო, არ ვიცი, შევარდნაძემ მოლაშვილს ერთი კვირა ტელეფონზე არ დაურეკა. მოლაშვილმა თქვა, _ ეს კატასტროფაა, ის ჩვენზე გაბრაზდა, ახლა ყველას მოგვხსნის, ასე იზამს, ისე იზამს, რა შეცდომა დავუშვითო... და შევარდნაძესთან მივიდა, უთხრა, რომ ჩვენ არაფერს ვფიქრობთ, ეს ტყუილია, ხაბურძანიამ რაც თქვა, ეს პროცესი ჩაიშალაო. მერე ისე მოხდა, რომ შევარდნაძე „მოქალაქეთა კავშირს“ მაინც ჩაუდგა სათავეში. როდესაც ის რთული პერიოდი იყო, ნოემბრის დღეებში, ერთხელ ღამის 3 საათზე დამირეკა. ძალიან მაინტერესებდა და ვკითხე, _ ბატონო ედუარდ, ვინ წაგიყვანათ ამ გადაწყვეტილებაზე, რომ „მოქალაქეთა კავშირს“ ისევ სათავეში ჩაუდექით? მე ხომ გითხარით, ხომ ვისაუბრეთ, რომ თქვენ თავისუფალი უნდა ყოფილიყავით ყველაფერ ამისგან, არ უნდა აგეღოთ ეს პასუხისმგებლობა თქვენს თავზე, გაყალბდებოდა არჩევნები, იქ ვიღაცებს დაბრალდებოდა. ვინ გირჩიათ ეს-მეთქი? ვინ ურჩია? ომარ გოგიაშვილმა და რეზო ამაშუკელმა. ომარ გოგიაშვილს და რეზო ამაშუკელს რომ დაუჯერებ... რეზო კარგი პოეტია, კარგი შედარებები იცის, კარგ ზედმეტსახელებს არქმევს, ჩემთვის არაფერი დაურქმევია ჯერ... _ ამ ინტერვიუს მერე აუცილებლად დაგარქმევთ... _ ჩემზე გაბრაზებული იყო. მე ხომ, ჩემდა სამწუხაროდ, ცოტა ხანს დავრჩი რაღაც ჯანდაბად, მაგრამ ეს მჭირდებოდა, სამინისტრო უნდა გამეთავისუფლებინა, გამესუფთავებინა, თორემ... მუშაობის პროცესში რაღაც დოკუმენტები იქმნება, რომლებიც შეიძლება ზღვარზეა კანონის დარღვევასთან. ამ კანონის დარღვევას არავინ მაპატიებდა, ეს პერიოდი ამისთვის გამოვიყენე, პირდაპირ ვამბობ. სამინისტრო იმ ზედმეტი ბარგისგან გავასუფთავე, რომელიც იძულებული ვიყავი, პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით იქ მეკეთებინა, ის სულელური ინფორმაციები, რომლებიც მე მოვიპოვე, სულ არ მჭირდებოდა. _ ამ დრომდე სხვა ვერსია ვიცოდით... პუტინმა მართლა უთხრა მიხეილ სააკაშვილს, რომ ხაბურძანია ჩვენი კაცია და თანამდებობაზე უნდა დატოვოო? _ არა, არა... ასე ფიქრობ შენ პუტინზე, ასე ფიქრობ შენ ჩემზე? მიხეილ სააკაშვილზე? მე გეტყვით, რა იყო, ცხრაჯერ მაქვს მოყოლილი, მაგრამ არავის სჯერა. კიდევ ერთხელ ვყვები... ჩვეულებრივი ამბავია და თუ ლოგიკაში რაიმე ხინჯს ნახავთ, კი ბატონო: როდესაც ეს პროცესები დაიწყო, სააკაშვილის ჯგუფი არის ცალკე, ჟვანიას ჯგუფი _ ცალკე, ბურჯანაძესაც უნდა პრეზიდენტობა და ეს გაწიე-გამოწიე მიდის. მაგრამ, ბოლო-ბოლო, სააკაშვილმა ეს ყველაფერი მიითვისა და გადაწყდა, რომ სააკაშვილი უნდა იყოს პრეზიდენტი. პირველი ვიზიტით მოსკოვში წავიდა, თუ გახსოვთ. ჩემთან დადის ირაკლი ოქრუაშვილი, ჩვენ დიდი ხნის ნაცნობები და ახლობლები ვართ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, მე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამფუძნებელი ვიყავი... _ რას ამბობთ? _ ეს ბავშვები რომ მოვიდნენ, ირაკლი ოქრუაშვილი და... იმათთან სემინარზე შევდიოდი და მაგათი ლექტორი ავთო დემეტრაშვილი იყო, მაშინ ასპირანტი ვიყავი და რამდენიმე სემინარზე ნამყოფი ვარ. ოქროს კურსი რომ ჰქონდათ _ ოქრუაშვილი (სხვათა შორის, ალასანია ლექციაზე არ დადიოდა), ხიდაშელი, კორძაძე, დათო უსუფაშვილიც იყო, სემინარს კითხულობდა მაშინ მაგათთან... ოქრუაშვილთან კონტაქტები მქონდა და იგი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ჟვანიას არ მოსწონხარო... სხვათა შორის, როგორც კი გადატრიალება მოხდა, ბურჯანაძე-ჟვანიამ ჩემი გადაყენება გადაწყვიტეს და მინისტრად ალასანიას ნიშნავდნენ. ეს არის ფაქტი, ალასანიასაც ჰკითხეთ და ვისაც გინდათ, ჰკითხეთ, ბურჯანაძესაც ჰკითხეთ... ეს ფაქტი გავიგე, ხოლო საიდან, ამას რა მნიშვნელობა აქვს. ირაკლი ალასანიას დავურეკე და ვუთხარი, _ ირაკლი, შენ ახლა რასაც აკეთებ, ეს ცუდია კაცობაში, სახელმწიფოებრივად, ადამიანურად-მეთქი. დავურეკე ჟვანიას და ვუთხარი, _ 45-დღიანი გარანტირებული ვადა მაქვს, ხელს ვერ მომკიდებთ-მეთქი. _ ვალერი, ვინ გითხრა? _ დამიწყო ლაპარაკი... მე ვუთხარი, _ ვიცი, გუშინ შენთან ალასანია იყო... _ აი, შენ რომ უშიშროების საბჭოს მდივნად გადახვიდეო... _ არსად არ გადავალ-მეთქი, 45 დღე მე ვიქნები მინისტრი, ხელს ვერ მომკიდებთ-მეთქი. პირდაპირ გეტყვით, ამ საკითხში, ერთგვარად, ეროსი კიწმარიშვილი გავიამხანაგე, რომელთანაც მაშინ, გარკვეული მიზეზების გამო, დაპირისპირებული პარტნიორული ურთიერთობები მქონდა. ეროსის ვუთხარი, _ შენი გაკეთებულია ეს ყველაფერი, 60% შენი გაკეთებულია, დადგება დრო და შენ „გრანატამიოტს“ გესვრიან-მეთქი. ისე კარგი აგიხდეს, მართლა არ მოარტყეს „რუსთავი 2“-ს?!. (იცინის) მე მგონი, საწყალი, ისე მოკვდა, სჯეროდა, რომ მე გავაკეთე. მსგავს რაღაცაზე ჩემს ცხოვრებაში არ წავსულვარ, ჩემთან ერთი პატიმარი არ უცემიათ, ორი წელიწადი და ორი თვე ვიყავი უშიშროების მინისტრი, ერთი პატიმარი არ მიცემია. _ რა მოხდა სააკაშვილის მოსკოვში ვიზიტის დროს? _ მიშას წასვლამდე ჩემთან ოქრუაშვილი მოვიდა და მითხრა, _ მიშა მოსკოვში მიდის, კარგი იქნება, შენზე დადებითს თუ ეტყვის ვინმეო. ჟვანია შენ გებრძვის და უშიშროების მინისტრად ვეღარ რჩები, ალბათ, იუსტიციის მინისტრად გადაგიყვანთო... _ თუ უშიშროების მინისტრად არ მენდობით, იუსტიციის მინისტრობა არ მინდა, ეგ ზღაპრები იმას მოუყევით, ვისაც უყვებით-მეთქი. მაშინ მოლაშვილის ადგილი შემომთავაზეს. მე ვუთხარი, _ მოლაშვილი ცოცხალი კაცია, თავისი კონსტიტუციური ვადა აქვს და ნუ ქმნით რაღაც დაპირისპირებებს. ეს ერთი. მერე მეორე, საპარლამენტო მდივანი, ეს არის ნინო ბურჯანაძის ნომენკლატურა, ნინო ბურჯანაძეს მაშინ ჩემთან გართულებული ურთიერთობები ჰქონდა და ვუთხარი, _ რაებს მატყუებთ, თუ გინდათ _ გინდათ, თუ არ გინდათ... _ მოდი, ვალერი, მაშინ ხომ იცი, შენი საქმე რთულად არის, მე მიშას ყველანაირად ვარწმუნებ, თუ, ბოლო-ბოლო, არაფერი გამოვა, ჩემთან წაგიყვანო... მეც ვფიქრობდი, რომ ჩემი იქიდან უცებ წასვლა ათასი რაღაცის ამოთხრას გამოიწვევდა და ის შედეგი დამიდგებოდა, რაც ზოგიერთ სულელს დაუდგა თავისი უტვინობით და არა იმიტომ, რომ კარგი ბიჭები არიან... _ ვის გულისხმობთ? _ დაუდგათ იგივე მოლაშვილსაც და იგივე ნარჩემაშვილსაც. მათ შეეძლოთ, ჭკუა ეხმარათ და ჭკუა არ იხმარეს.  ამ შემთხვევაში მათზე ჭკვიანი აღმოვჩნდი. ვითომ პრინციპებიო... მოლაშვილს კონსტიტუციური თანამდებობა ჰქონდა, არ უნდა მოსულიყო უშიშროების საბჭოზე, არ უნდა ეტირა, _ ვაიმე, არ დამიჭიროთ და მე თვითონ გადავდგებიო. მახსოვს ეს უშიშროების საბჭო, როცა მოვიდა... მერე ცხრაჯერ უთხრეს, რომ წადი, დაგიჭერენო და არაო, მე რაღაც კარგი ჯიშის ვარ, ესა, ისა... მერე რაღაცის შეკოწიწება დაიწყო, ანტიმოძრაობების. ეს ყველაფერი გაუხსენეს და დაიჭირეს, თანაც მათთვის ისეთი ფიგურა იყო, უფრო მეტად კორუმპირებული... ამას წინათ რაღაც დაწერა, ავადმყოფი კაცია და არ მინდა ვთქვა, მე მაბრალებს ყველაფერს. მაგას ვუთხარი, რომ ასეთი რამ მოხდება და იცოდე, გაფრთხილდი-მეთქი. ხაბურძანიამ 100 პროცენტით იცოდა, რევოლუცია რომ მოხდებოდა და 100-პროცენტიანი არ მითხრაო... ეგეთი რაღაცები არ არსებობს, ხომ?.. _ რა უთხრეს მოსკოვში სააკაშვილს? _ ოქრუაშვილმა მითხრა, რომ კარგი იქნება, მოსკოვში შენზე ერთ-ორ კარგ სიტყვას თუ ეტყვიანო. მე ვუთხარი, _ ბიჭო, რაღაც შემიძლია გავაკეთო, კი ბატონო, მაგრამ რაში მჭირდება-მეთქი?.. _ რაღაც საუბარი წავა დადებითზეო. ასე თუ ისე, მერე მიშას მეც რაღაცას ვეტყვი და შენ მიმართ ჟვანიას აზრს გავანეიტრალებო. მე უკვე ისეთ მდგომარეობაში ვარ, აქეთ გადავალ, იქით გადავალ და სად გადავვარდები, არ ვიცი, ამიტომ რაღაცას ვებღაუჭები და ვცდილობ, რაღაც მომენტი გამოვიყენო და დრო გავწელო... დავრეკე მოსკოვში, პატრუშევს ვთხოვე, რომ ასეთი ამბავია, ჩამოდის და კარგი იქნება, ჩემზე უთხარით, რასაც თქვენ ფიქრობთ-მეთქი. _ „ტებე ნადა“? _ მეკითხება... მე ვუთხარი, _ „ეტო ნე მნე ნადა, ონ პაპრასილ“... იმიტომ რომ ოქრუაშვილი ისე არ მოვიდოდა ჩემთან, სააკაშვილს რომ არ შეთანხმებოდა. მერე ოქრუაშვილს რომ შევხვდი, ვკითხე და ვითომ ვერ გაიხსენა. შეთანხმებული იყვნენ, მაგრამ რა გაითამაშეს, ახლა ესაა მთავარი. კი მივხვდი, დაახლოებით, რაღაცას მითამაშებდნენ, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, ამ თამაშს მაინც უნდა ავყოლოდი... როცა სააკაშვილი ჩავიდა, მე მგონი, მესამე დღეს საუზმეზე პუტინმა უთხრა, რომ რა ვქნათ, ჩვენ უშიშროების ხაზით გავაგრძელოთ თუ არა მუშაობაო?.. მანამდე, სანამ სააკაშვილი გაფრინდებოდა, თათბირზე თქვა, რომ მომავალი მთავრობის შემადგენლობა თითქმის ცნობილია და ესა და ისა... მე მაშინ ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა მარიკა ვერულაშვილთან, მას იმ დროიდან ვიცნობ, როცა პაატა ცნობილაძის მეუღლე იყო, პაატა ჩემი სტუდენტობის მეგობარია, მარიკა ვერულაშვილი ოპოზიციონერი რომ იყო, მისი ბავშვი ჩემთან ისვენებდა წყნეთში. ადამიანებთან ისეთი დამოკიდებულება არ მაქვს _ გუბაზ სანიკიძე გაქანებული ოპოზიციონერი იყო, მაგრამ ჩემთან მოდიოდა, ერთად გვისადილია, გვივახშმია და ღვინო დამილევია. ჩემი ბავშვის ნათლიაა თუ ვინმე პოლიტიკური მოწინააღმდეგეა, რაღაც ზღვარს არ გადადის და ავტომატს არ იჭერს ხელში, აზრების ჭიდილი ქვეყანაში უნდა იყოს და მეგობარი მეგობრად უნდა დარჩეს. შეიძლება მას სხვა აზრი ჰქონდეს. მარიკა ვერულაშვილს ვაკითხინე სააკაშვილისთვის, სააკაშვილმა გაფრენის წინ თქვა, _ ვალერი ხაბურძანიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მომავალ მთავრობაში ვერ ვხედავო. ის გაფრინდა და ვიცი, რომ მომავალ მთავრობაში არ ვარ. მომავალ მთავრობაში ჩემს არყოფნას გადაჰყვა კირვალიძეც, იმიტომ, რომ ამერიკელებს კირვალიძე ძალიან უნდოდათ. ვნახეთ, რომ მერე ბიძინას მთავრობაშიც მოხვდა კირვალიძე... _ დათო კირვალიძეს გულისხმობთ? _ კი, კი, დათო კირვალიძე ძალიან ახლოს იყო ამერიკელებთან. ამერიკელებს ასეთი პრინციპი აქვთ, _ არ ვიცი, ვაჟკაცობა ჰქვია თუ რა ჰქვია, თავიანთ კადრს ბოლომდე მიჰყვებიან. ამ თვალსაზრისით სხვა ქვეყნები შეიძლება სხვანაირად იყვნენ... მოკლედ, საუზმეზე ეუბნება პუტინი, რომ თქვენ მინისტრი რომ გყავდათ, რა გვარი იყოო? და მიუბრუნდა პატრუშევს, თითქოს ჩემი გვარი არ ახსოვდა, არადა, ჩვენ პირადი შეხვედრა და საუბრებიც გვქონია მანამდე, მაგრამ ასეთი სცენა დადგეს. _ ხაბურძანიაო... _ უთხრა პატრუშევმა. _ ხო, ხო, ხაბურძანიაო... აი, მასთან ჩვენ რომ გვქონდა ურთიერთობა, სასარგებლო იქნება, თუ ახალ უშიშროების მინისტრთანაც იგივე დონეს შევინარჩუნებთო. ეს იყო და ეს. ახალი მინისტრი უკვე ვიცი, რომ ზურაბ ადეიშვილი იქნება, იმიტომ, რომ მერაბიშვილი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო. უშიშროების მინისტრად მერაბიშვილი უნდა დაენიშნათ, მაგრამ მერაბიშვილი ადიგენელი ვირეშმაკაა, იფიქრა, აქ წყნარად ვზივარ, საჯაიასავით მოვედები ყველაფერს, ყველა ძალოვანს მე გავაკონტროლებ, რა ჯანდაბად მინდა ახლა უშიშროების მინისტრად ყოფნაო. მისი ჭკუით, ეს ადეიშვილი გატენა იქ. მიშას რომ უთხრა, ადეიშვილი დავნიშნოთ უშიშროების მინისტრადო, მიშას უთქვამს, _ შენ სულელი ხომ არა ხარ, რა ადეიშვილიო. ვანო მერაბიშვილს რომ ვაკვირდებოდი, მიშაზე რაღაც ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა, ჰიპნოზის დონეზეც კი ვიტყოდი, რა... ჰქონდა რაღაც ადიგენური ვანოს, ჰოდა, მართლაც ადეიშვილი დანიშნეს, მაგრამ ვანო ერთ რამეში შეცდა, _ ვერ გათვალა, რომ ადეიშვილი მასზე ბევრად ჭკვიანი იყო, იურისტობიდან დაწყებული და ვირეშმაკობაც მასზე მეტად ძლიერი ჰქონდა. მოკლედ, თემა ასეთი იყო, რომ პუტინმა მიშას უთხრა, კარგი იქნება, თუ ასეთ ურთიერთობას შეინარჩუნებთო... ჩამოვიდნენ და ოქრუაშვილი ჩემთან მოვიდა, სახე წაშლილი აქვს. _ რა იყო-მეთქი? _ ბიჭო, შეჭამა პუტინმა შენი გულისთვის მიშა და მიშა ძალიან გაბრაზდაო. _ რას ჰქვია, შეჭამა, როგორ შეიძლება, ასეთი რამე არ ხდება-მეთქი. _ ერთი შვიდჯერ გახსენა და მიშა გაბრაზდა, როგორ შეიძლება ასეო? ერთადერთი, რასაც ახლა ვახერხებ, ჩემთან პროკურატურაში უნდა წამოხვიდეო... და ეგ იყო ჩემი უდიდესი შეცდომა, რაც დამიშვია, რომ იმ წუთას დავთანხმდი, თუმცა გათვლა მქონდა, რომ მინდოდა, პროკურატურიდან კიდევ ცოტა ხანს მეკონტროლებინა, როგორ შევიდოდნენ ესენი უშიშროების სამინისტროში, რის ჩხრეკას დაიწყებდნენ და რას იზამდნენ. აი, ეგ იყო ამ ისტორიის რეალური შინაარსი. მაგის მოწმე ვართ მე და მიშა, პუტინი და პატრუშევი... _ თქვენ თქვით, რომ წმენდა-გასუფთავება ჩაგეტარებინათ სამინისტროში... იყო თუ არა ეს კომპრომატები მოქმედ პოლიტიკოსებზე? რა კომპრომატები გაანადგურეთ, ან გაიტანეთ?.. _ არ გვიმუშავია, ვერ ვმუშაობდით. პირდაპირ ვთქვათ: კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურში, რომელშიც რამდენიმე, 15 თუ 20 კაცი მყავდა, საქართველოს ცენტრალურ აპარატში, თბილისს ჰყავდა თავისი რაღაცა, დანარჩენ რაიონებში ეს ხაზი რაიონებს ჰქონდათ. თანამშრომლის ხელფასი 120 ლარი იყო, აგენტურისთვის გამოიყოფოდა 20 ლარი. პირდაპირ გეტყვით: სამინისტროს კორუფციული შემოსავალი ჰქონდა, მაგრამ ეს კორუფციული შემოსავალი ფარდობითი იყო. თუ ფინანსთა სამინისტროში გოგიაშვილი 100 ლარს აკეთებდა, ერთ ლარს მოგვიგდებდნენ ჩვენ, ამ ერთი ლარიდან ვცდილობდი, რაღაც სამსახურებისთვის მხარი დამეჭირა. აფხაზეთში ნაბრძოლი ბიჭებიდან  სპეცრაზმი რომ შევქმენი, იმათ ვინახავდი, პანკისში წელიწადნახევარი მყავდა. თქვენ რა გგონიათ, იმათ რა ჰყოფნიდათ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების რეზიდენტი, რუსეთის რეზიდენტი, მათი აგენტურა, მარტო ინფორმაციაში იხდიდნენ მილიონამდე დოლარს ცალკეულ პირებზე, ჩემი 20 ლარით რა უნდა მეკეთებინა პანკისში, თქვენ როგორ ფიქრობთ?.. ამიტომ ეს რესურსები არ იყო და მაშინდელი უშიშროების სამინისტროში ვერავინ იტყვის, გამოვიდნენ ახლა, ხომ არიან ბიზნესმენები და თქვან, ვისთან ვიყავი მე წილში, ვის რა ფულს ვართმევდი და ვის რა ფული მოუტანია? ეს იყო, ალბათ, რაღაც ნებაყოფლობითი მწირი რაღაც-რაღაცები. დიახ, ამაში ვიყავი ჩართული და მე თუ ვიყავი ჩართული, ჩემი მოადგილეებიც ამაზე თანახმა იყვნენ... _ აი, ახლა ამ თემამდე ლოგიკურად მივედით... პანკისი ახსენეთ და სპეცრაზმი, რომელიც შექმენით და წელიწადნახევარი იქ საქმიანობდა. თუმცა ირაკლი ალასანია, თქვენი მოადგილე, რეალურად, აცხადებს, რომ პანკისი მისი ექსკლუზივია და ყველაფერი, რაც პანკისის ხეობაში ხდებოდა, ირაკლი ალასანიას ხელით კეთდებოდა... _ კი ბატონო... მე, ჯერ კიდევ, საპარლამენტო მდივანი ვარ და ჩემს  ადგილზე უშიშროების საბჭოში ირაკლი ალასანია დანიშნეს. საპარლამენტო მდივნად გადავედი, ეს დაწინაურებად ითვლებოდა, თუმცა დაწინაურება არ იყო, დანჯღრეული „31“ მომცეს, ხელფასი 120 ლარი მქონდა, სამუშაო _ ასი იმდენი და პასუხისმგებლობა კიდევ ათასი იმდენი, იმიტომ, რომ შევარდნაძესთან ყოველდღიური კონტაქტი მქონდა და ჟვანიას რა მოვეტყუებინე, იმას ფიქრობდა. ორჯერ კანონში ტექსტი შემიცვალეს, რის გამოც შევარდნაძისგან მომხვდა, იმიტომ, რომ გულუბრყვილოდ ვენდე. ლევან ბეჟაშვილი იყო იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ჩემ თვალწინ მაგას და ხათუნა გოგორიშვილს სულ მამაკაცის ასოები უძახა ჟვანიამ და ხსნიდა. ლევან ბეჟაშვილი მე გადავარჩინე. თუ პოლიტიკური კარიერა შეიქმნა, ჩემი გადარჩენილია. ასეთი ინფორმაცია ვიცოდი, _ ირაკლი ალასანია დანიშნეს. მაშინ, ჯერ კიდევ, ქუთათელაძე იყო უშიშროების მინისტრი, ავთო იოსელიანი უკვე გაღიზიანებას იწვევდა ამერიკელებში, მისი შეცვლა უნდოდათ ირაკლი ალასანიათი, თან, ამავე დროს, საკონტაქტო პირი უნდა შეეცვალათ შევარდნაძესთან. შევარდნაძესთან საკონტაქტო პირი გელა ჩარკვიანი იყო თავისი ინგლისურით, მაგრამ კანდიდ ჩარკვიანის შვილს ამერიკელები,   მაინცდამაინც, არ ენდობოდნენ. ირაკლი ალასანია დაზვერვის ხელმძღვანელი გახდებოდა და ტელეფონის თარჯიმანიც ამერიკელებთან ალასანია იქნებოდა. მთავრობის სრული შემადგენლობა პირველად რომ გადააყენეს, მაშინ საპარლამენტო მდივანი ვიყავი, მერე უშიშროების მინისტრად დავინიშნე, იმიტომ, რომ, უბრალოდ, სხვა ვერავინ ნახეს. ჩემი რეკომენდირება მაინცდამაინც არავის უნდოდა, მაგრამ სხვა კანდიდატურა ვერ მოძებნეს. იმ ექვს თვეში პარლამენტთან ძალიან კარგი ურთიერთობის დამყარება მოვახერხე. ლოიალურ თანამედროვე ახალგაზრდას ეძებდნენ. ასეთი, თავს არ ვიქებ და, მე აღმოვჩნდი. სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, მე უნდა დავენიშნე. საუბრობდნენ ვახტანგ ქუთათელაძის პირველ მოადგილე თემურ გრძელიძეზე, მაგრამ იგი გამსვლელი ფიგურა არ იყო, პარლამენტი მას მხარს არ დაუჭერდა. მერე ჩემს ფონზე მოხვდა კობა ნარჩემაშვილი, იმიტომ, რომ კახა თარგამაძესაც მემკვიდრის დასატოვებლად ჩემი სტანდარტები სჭირდებოდა. მაშინ კობა მისი მოადგილე იყო და თარგამაძემ კობა არჩია. მინისტრის პოსტზე სარეკორდო ხმებით გავედი. 209 მომხრე, ერთადერთი კაცი, ბორია კაკუბავა იყო წინააღმდეგი. მეორე-მესამე დღეა, კაბინეტში ვზივარ და სპეცრაზმის უფროსმა, შალვა ჯანაშვილმა დამირეკა. ეს სპეცრაზმი, შავნაბადას სპეცრაზმი, ადმინისტრაციულად ჩემთან შემოდიოდა, მაგრამ ოპერატიულად სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს ექვემდებარებოდა. მაშინ, როდესაც ეს სპეცრაზმი იქმნებოდა, მინისტრი კვირაია იყო. როცა ამერიკელებმა ამის შექმნა დაიწყეს, კვირაიას, მაინცდამაინც, არ ენდობოდნენ. მთლიანად ამერიკელები მართავდნენ, მე ხანდახან ავიდოდი, მივესალმებოდი ამ ბიჭებს, დავაჯილდოებდი, გამოვიდოდი. აი, ეგ იყო ჩემი ფუნქცია, მეტი არაფერი. გასვლაზეც კი ამერიკელები იძლეოდნენ ბრძანებას. სხვათა შორის, რევოლუციის იმ დღეებში „ბეტეერი“ გამოვიდა, რომელსაც „ჟიგული“ დაეჯახა. ქალბატონი და მისი დისშვილი დაიღუპნენ. კიდევ სამი მცირეწლოვანი ბავშვი იყო მანქანაში, ისინი გადარჩნენ, ეს იყო „ვარდების რევოლუციის“ ერთადერთი მსხვერპლი. ეს საწყალი ქალი დიდხანს დადიოდა, ხან მე მწყევლიდა, ხან _ ალასანიას. ალასანიას ვუთხარი, _ ამერიკელებმა კეთილი ინებონ და ამ ქალს კომპენსაცია მაინც მისცენ, იმიტომ რომ ბრძანება „ბეტეერისა“ და სპეცრაზმის გამოყვანაზე მათ გასცეს-მეთქი. ახლა მეტყვიან, შენ რისი მინისტრი იყავი და ა. შ. რისი მინისტრი ვიყავი, მაგასაც მოვყვები, როგორ მიწყობდა ამერიკის ელჩი დემარშებს, რას მიკეთებდნენ, როგორ მებრძოდნენ, მთელი რიგი პროცესები იყო... ჯანაშვილი მოვიდა და მეუბნება, რომ ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი მაყუჩიან პისტოლეტს მთხოვს და მივცეო? მე ვუთხარი, _ რას ჰქვია, მაყუჩია

გაზიარება