სანამ „ქრონიკა+“ რეგიონებში არსებული საკმაოდ მძიმე ეპიდემიური მდგომარეობის შესახებ მასალების გამოქვეყნებას დაიწყებს, მანამდე გვინდა, „ეპიცენტრიდან“ ინტერვიუ შემოგთავაზოთ.
„ქრონიკა+“-თან საუბრობს „ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის“ დირექტორი _ ზაზა ავალიანი:
_ ტუბერკულოზის ცენტრი წლების განმავლობაში, განსაკუთრებით წანა ხელისუფლების დროს, სკანდალებთან იყო დაკავშირებული. კერძოდ, მისი პროგრამული ნაწილის ხელში ჩაგდება რამდენიმე სახელისუფლებო კლანს სურდა. თქვენ რა სურათი დაგხვდათ?
_ ეკონომიკის მინისტრის ბრძანებულებით, 2014 წლის სექტემბერში ჯანდაცვის სამინისტროს წარდგენის საფუძველზე, სააქციო საზოგადოება „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ გენერალურ დირექტორად დავინიშნე. ცენტრს დიდი დავალიანება ჰქონდა. მარტო 350 ათასი ლარი სხვადასხვა ორგანიზაციის მართებდა, დაწყებული მსხვილი ფარმაცევტული კომპანიებით, დამთავრებული წვრილი სერვის-მომწოდებლებით. ამ უკანასკნელში იგულისხმება სამედიცინო საგნები, ინსტრუმენტები, სამეურნეო-კომუნალური გადასახადები, კვება და ა. შ. საერთო ჯამში, 350 ათას ლარამდე. შედარებისთვის: დღეს ცენტრს დავალიანება არ გააჩნია და შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული.
_ ზრდაზე როგორ არის ორიენტირებული?! რას ნიშნავს?! ეს ხომ სახელმწიფო სტაციონარია, სადაც პაციენტები ფულს არ იხდიან...
_ რა თქმა უნდა, პაციენტები არ იხდიან. ჩვენი შემოსავალი შედგება ორი ძირითადი წყაროსგან: პირველი გახლავთ პროგრამული თანხა, რასაც სახელმწიფი რიცხავს ჩვენს ანგარიშზე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების სახით; მეორე კი წარმოადგენს ზესტანდარტულ მომსახურებას, რომელსაც ნაწილობრივ პაციენტიც იხდის. მკურნალობის იმ სტანდარტებზეა საუბარი, რომელიც პროგრამულად არ ფინანსდება.
_ მაგალითად?
_ თუ კვლევების შედეგად პაციენტს ტუბერკულოზი არ დაუდგინდა, იგი გამოკვლევის თანხას ფარავს. ასევე, ისეთი კვლევებია, რომელიც არ წარმოადგენს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო კვლევების სტანდარტს. მაგალითად, თავის ტვინის ტომოგრაფია, გასტროფიბროსკოპია, ან კოლონოსკოპია, რომელიც ტუბერკულოზის კვლევების ვალდებულებითი ნაწილი არ გახლავთ. ცენტრს აქვს ასევე ურგენტული, ანუ გადაუდებელი მომსახურება როგორც გეგმური, ისე არაგეგმური ოპერაციების ჩათვლით. ეს ის თემებია, რომელიც სხვა დროს არ იყო ცენტრში აქტუალიზებული და ჩვენ დავძარით. სწორედ ამან მოგვცა საშუალება, მედპერსონალის ხელფასები 65%-მდე გაგვეზარდა. შემოსავლები კიდევ იმიტომ გაიზარდა, რომ სახელმწიფომ ტარიფები სტაციონარულ მკურნალობასთან მიმართებით გაზარდა.
_ კი მაგრამ, ტარიფის გაზრდამ პაციენტის გადახდისუნარიანობას არ დაარტყა?
_ ჩვენი პაციენტი თავის მკურნალობის ფულს თვითონ ხომ არ იხდის? _ სახელმწიფო უხდის. სახელმწიფოს თანადგომის გარეშე ეს საქმე არაფრით გამოვიდოდა. აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ: 2014 წლამდე ერთი საწოლდღე 35 ლარი ღირდა. დღეს 132 ლარამდეა გაზრდილი ტუბერკულოზური მენინგიტების შემთხვევაში. მე მხოლოდ ერთი მაგალითი მოგიყვანეთ. სხვანაირად დაწესებულების შენახვა ძალიან გართულდებოდა. კომპლქესში შედის უზარმაზარი შენობა-ნაგებობები, რომელთა შენახვა მძიმე პროცესია. მანამდე, ზამთრის პერიოდში, ასეულობით ათასი ლარი იხარჯებოდა გათბობის სისტემის უზრუნველსაყოფად, ცხელი წყლის სტატუსის შენარჩუნებისთვის და სხვა იმ აუცილებელი პირობებისთვის, რის გარეშეც ტუბერკულოზის მკურნალობა წარმოუდგენელია. არადა, ეს ხომ თავად ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პრობლემა? ეს ის დაავადებაა, რომლითაც მსოფლიოში ყოველ 10 წამში ერთი ადამიანი კვდება. მე ახლა ფიქსირებულ-რეგისტრირებულ ფაქტს გეუბნებით და ამის გარდა რამდენია დაურეგისტრირებელი შემთხვევა! თუმცა ეს ცალკე თემაა.
_ ხელფასების ზრდა კარგი სტიმულია, მაგრამ მეეჭვება, მან იმ ნიშნულამდე აიწიოს, რომ მედპერსონალმა „ლევ“ შემოსავალზე უარი თქვას. არადა, ტუბერკულოზის ცენტრი ის ადგილი გახლდათ, სადაც წლების განმავლობაში დიდი აღებ-მიცემობა იყო გამართული...
_ ექთნების ხელფასი ჩვენს მოსვლამდე, ანუ 2014 წლამდე, 300-360 ლარის ფარგლებში მერყეობდა. დღეს ექთანი იღებს 510-დან 1000 ლარამდე პოზიციისა და დატვირთვის მიხედვით. ექიმის ხელფასი იყო ამაზე ოდნავ მეტი (500-700 ლარამდე) და დღეს კი 1000 ლარზე მეტს იღებენ, ბუნებრივია, პოზიციისა და დატვირთვის გათვალისწინებით, რაც ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე ათას ლარს შეადგენს. შემოსავლების გაზრდამ ასევე საშუალება მოგვცა, დემოგრაფიაზე გვეზრუნა და დეკრეტში გასულ თანამშრომლებს 500 ლარს ვაძლევთ. ცოტა ხნის წინათ სასადილო გავხსენით. წარმოიდგინეთ, ჩვენი ცენტრის პერსონალის რაოდენობა რამდენიმე ასეულია და აქამდე მათ სასადილო არ ჰქონდათ. ბუნებრივია, პაციენტების კვების ბლოკი ცალკეა. კვება და კვების რაციონი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ბრძოლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია და თანამშრომლებს ეს ელემენტარული რესურსიც არ გააჩნდათ. მიმაჩნია, რომ ტუბერკულოზის პროგრამაში ჩართული თანამშრომელი, იქნება ეს ჩვენს ცენტრში თუ რეგიონში, ძალიან დასაფასებელი და პატივსაცემი ხალხია, თავგანწირვის ფასად უწევთ მუშაობა. სამწუხარო სტატისტიკას გაგაცნობთ: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 50-მდე ჩვენი თანამშრომელი დაავადდა ტუბერკულოზით. აქედან, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ხუთი მათგანი გართულებებისგან გარდაიცვალა. ასე და ამრიგად, ჩვენი რისკფაქტორები ძალიან მაღალია. მათ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ და ამით რისკები მინიმუმამდე დაგვყავს.
_ ბატონო ზაზა, ცენტრის რამდენიმე თანამშრომელზე სისხლის სამართლებრივი მოკვლევა მიმდინარეობს. რა გარემოებებს უკავშირდება ეს?
_ მას მერე, რაც სხვადასხვა მიმართულების ინსპექტირების ჯგუფები შევქმენით, გარკვეული დარღვევები გამოვლინდა, რომელიც შესაფასებლად სამართალდამცველ ორგანოებს გადაეცათ.
_ ამ ყველაფერს ლამაზად გვიყვებით. მე კიდევ კონკრეტულ ფაქტებზე გეკითხებით...
_ რას გულისხმობთ?..
_ რას და, ბატონო ზაზა, იმ ფაქტებს, რომელიც ჩემთვის სწორედ სამართალდამცველი ორაგნოებისგან გახდა ცნობილი. კერძოდ, დაახლოებით, 25 ათასი ლარის ღირებულების „ლევი“ ანტიტუბერკულოზური პრეპარატები, რომელიც ცენტრის საგარდერობოში იყო გადამალული. „ფინანსურმა“ ერთი კამაზისხელა მანქანა გაავსო იმ წამლებით. აი, ამ ფაქტზე გეკითხებით, რა ხდება?
_ ვცდილობ, ჩემი შიდა ძალებით ვებრძოლო ამას და, მაინცდამაინც, საქმის გასაჯაროება არ მსიამოვნებს. იყო ასეთი შემთხვევები, ზემდგომი უწყებები ჩავრიეთ, რეაგირება მოხდა...
_ კარგით, ფანჯრიდან გადაყრილ აზერბაიჯანელ პაციენტებზე რას გვეტყვით, ტრავმებზე რომ მკურნალობდნენ მერე?
_ ეს ფაქტი ჩვენს მოსვლამდე მოხდა, უბრალოდ, ასეთი სიტუაცია დაგვხვდა. ცენტრის პაციენტთა გარკვეული კონტინგენტი აქტიურად აზარტულ თამაშებს თამაშობდა. შედეგად, როგორც ხდება ხოლმე, ხშირად ფულს სძალავდნენ ერთმანეთს, საქმეებს არჩევდნენ, ვალებს ძალადობრივად იღებდნენ, ლოთობდნენ, ქურდობდნენ და ა. შ. სხვათა შორის, არ დაგიმალავთ, ამასთან ბრძოლა ძალიან გაგვიჭირდა. იძულებული ვიყავით, სოციალური სამსახური შეგვექმნა, რომელიც დაცვის პოლიციასთან ერთად მოაგვარებდა პრობლემას და ცენტრში შექმნილ კრიმინოგენურ სიტუაციას. ამას დაემატა ვიდეომონიტორინგის სისტემის ამოქმედება, რამაც საშუალება მოგვცა, ცენტრის ტერიტორია სრულად გაკონტროლებულიყო. რა თქმა უნდა, პაცინტთა მარგინალური ჯგუფი ამ წესებს ასე ადვილად არ დაემორჩილებოდა, ამიტომ გაფიცვა მოგვიწყვეს. ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ პაციენტთა დიდი უმრავლესობა კანონმორჩილი, წესიერი მოქალაქეა, რომელთა უპირველეს მიზანს განკურნება წარმოადგენს.
_ რას მოითხოვდნენ, სეკა და ბურა ისევ გვათამაშეთო?
_ დიახ. მაგას გარდა, პორნოსაიტების ჩართვას.
_ ეგ რაღაც ვერ გავიგე, ბატონო ზაზა?
_ ადმინისტრირების ფარგლებში პაციენტებს ტოტალიზატორი და პორნოსაიტები გამოვურთეთ. დანარჩენ ინტერნეტზე წვდომა სრულიად თავისუფალი ჰქონდათ. აქვე აღვნიშნავ, რომ „ვაიფაით“ სარგებლობისთვის ცენტრი, ყოველთვიურად, 5000 ლარზე მეტს იხდის. ასე რომ, ეს სერვისი პაციენტებისთვის სრულიად ხელმისაწვდომი გახლავთ დღესაც. არ მინდა, ისეთი სურათი შეიქმნას, რომ ჩემამდე ბნელი იყო და ჩვენი მოსვლით „იქმნა ნათელი“. მე მხოლოდ ცალკეული ფაქტები გაგიზიარეთ.
თამარ როსტიაშვილი