რამდენიმე დღის წინ ვეტერანებმა მორიგი აქცია დააანონსეს და განაცხადეს, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს ამჯერადაც არ გაითვალისწინებს, ზომებს გაამკაცრებენ. ვეტერანთა მოთხოვნები უცვლელია: ჰოსპიტლისთვის დაფინანსების აღდგენა; ვეტერანთა სამსახურში ფინანსური მდგომარეობის შესწავლის მიზნით აუდიტის შესვლა და დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი შიხიაშვილის გადადგომა. აქციაში მონაწილე ვეტერანები აცხადებდნენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მშვიდობიანი პროტესტი შიმშილობის აქციაში გადაიზრდება და შესაძლოა, შიხიაშვილისთვის კაბინეტის კარის აჭედვითაც კი დამთავრდეს.
ამ მიზნით, 27 მარტს, ვეტერანები და ჰოსპიტლის მედპერსონალი ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათ ყველა საფეხური გაიარეს, ახლა კი პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ. ცოტა ხნის შემდეგ აქციაზე ვეტერანთა დეპარტამენტიდან მივლინებული ჯგუფი გამოჩნდა, რის შემდეგაც ვითარება დაიძაბა და სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. დაძაბული სიტუაციის განმუხტვა აქციაზე მყოფმა გენერლებმა კობა კობალაძემ და დავით თევზაძემ ითავეს. თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ, კობალაძე ფიზიკურად თავად დაუპირისპირდა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ვახტანგ მაჭავარიანს. ინციდენტში ჰოსპიტლის თანამშრომელი ქალბატონები ჩაერივნენ და კობალაძე-მაჭავარიანის შუაში ჩადგნენ. შეხლა-შემოხლა მალევე განიმუხტა და კობალაძემ გაუგებრობის გამო ბოდიშიც მოიხადა. ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ხელმძღვანელის დანაბარები გააჟღერეს და მეორე მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვიეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინიციატივა ბევრი ვეტერანისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, საბოლოოდ აქცია ორი დღით მაინც გადაიდო.
გია ბერძენაძე _ „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“:
_ ეს არ არის უკან დახევა, მოთხოვნები ისევ განიხილება და ძალაში რჩება. მოლაპარაკებას ყოველთვის აქვს აზრი. ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლობა იყო მოსული, _ იქნებ, რაღაცაზე შევთანხმდეთ და კომპრომისი მოიძებნოსო. კი ბატონო, მოვილაპარაკოთ, მაგრამ იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვითხოვთ, უკანდახევა არ მოხდება! ვინც აქეთ მხარეს იქნება, აქეთ ვიქნებით, ვინც იქით მხარეს იქნება, _ იქით! ზურგს უკან საუბარი არ მოხდება, თითოეული ვეტერანის ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული.
ვახტანგ მაჭავარიანი _ ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია „პატრიოტი“:
_ ეს არ არის აქციის ჩაშლა, გადაიდო. მოვიდნენ ვეტერანთა სამსახურის თანამშრომლები, ასევე გენერლები: კობა კობალაძე, დავით თევზაძე და გვთხოვეს, რომ სამშაბათისთვის შევიკრიბოთ. მათი თანდასწრებით ერთობლივად უნდა ვიმსჯელოთ _ როგორ შეიძლება ამ პრობლემების გადაწყვეტა. ჩვენ გვაქვს პრინციპები, რომელსაც არასოდეს დავთმობთ. პირველ რიგში, ეს არის ვეტერანთა ჰოსპიტლის დაფინანსების აღდგენა, სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება ვეტერანების მიმართ, ასევე ბატონი შიხიაშვილის გადაყენება. აქედან გამომდინარე, ამ საკითხებთან დაკავშირებით, ვეტერანთა მთელი დასი ერთობლივად მოვაწყობთ კონფერენციას. ვეტერანები საერთო აზრზე რომ მივიდეთ და საბოლოოდ გაირკვეს პრობლემა, ეს გახდა სამშაბათამდე ჩვენი აქციის გადადების საფუძველი. თუ ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, აქციებს მანამდე გავაგრძელებთ, სანამ შედეგს არ მივიღებთ!
ემზარ ქვარიანი _ „მებრძოლ-პატრიოტთა კავშირი“:
_ რა მოთხოვნებიც გვაქვს, სამშაბათს კიდევ ერთხელ დავაყენებთ. მოლაპარაკებაში ორივე მხარისთვის მისაღები კომპეტენტური პირები ჩაერთვებიან. ვრჩები იმ აზრზე, რომ შიხიაშვილი უნდა წავიდეს და თანამდებობა დატოვოს, რადგან ამ ადამიანში პრობლემას ვხედავ! დღეს არავინ იყო დაზღვეული, პროვოკაციისგან. ჩემთვის შიხიაშვილი არის მიუღებელი, არავისთან ვაპირებ მოლაპარაკებაზე წასვლას, ისევ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას და იმ აზრზე ვრჩები, რომ შიხიაშვილმა უნდა დატოვოს თანამდებობა და წავიდეს! საერთოდ, ეს თანამდებობა უნდა იყოს არჩევითი და არა დანიშვნითი! ვნახავთ, მოლაპარაკებაზე რაზე შეთანხმდებიან, ორ დღესაც მოვითმენთ და თუ შედეგი არ დადგა, ისევ ჩვეულებრივ გავაგრძელებთ იმ მოთხოვნების დაყენებას, რაც ჩვენს მხარეს გააჩნია. ეს ადამიანი უნდა წავიდეს და მოსცილდეს დეპარტამენტს! მე შიხიაშვილს ათდღიანი ვადა მივეცი, რომ გადამდგარიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენი მოთხოვნა ყურად არ იღო. ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ვეტერანთა ჰოსპიტალი ვეტერანებს შეუნარჩუნდეთ. მგონი, ვეტერანები იმას მაინც იმსახურებენ, რომ ეკითხათ, სად ერჩიათ მკურნალობა, თუკი მათი პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნავდნენ. როდესაც ერთპიროვნულად წყვეტ ყველაფერს და არავის არაფერს ეკითხები, იქ ყოველთვის წარმოიშობა რაიმე სახის პროტესტი. მივმართავ შიხიაშვილს: როდესაც ვეტერანთა სამსახურს ხელმძღვანელობ, ისიც კარგად უნდა იცოდე, რომ მათი უფლებების დასაცავად უნდა იბრძოლო პირველ რიგში და არა საპირისპიროდ მოქმედებდე. არ მახსენდება შემთხვევა, რომ ირაკლი შიხიაშვილი ვეტერანების დასაცავად სადმე გამოსულიყოს და ამ შემთხვევაში, არც არანაირი მორალური უფლება არ გაქვს უხელმძღვანელო ვეტერანთა სამსახურს! იმდენად სწრაფად ვითარდება პროცესები ვეტერანთა სამსახურის გარშემო, რომ რაც იქ ხდება, უკვე ყველანაირ ზღვარს სცილდება! გუშინ შევიტყვე, რომ ნაცემია ვეტერანთა სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი, ვეტერანი ქალბატონი, თამარ მოლაშვილი, რომელიც, თუ არ ვცდები, პრესსამსახურის თანამშრომელია. მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და თან სამსახურის დატოვებას სთხოვდნენ. ვერ გავიგე, ვეტერანთა სამსახური ზონდერებისა და განგსტერების სამსახურია, თუ რა ხდება? ამას მე პირადად არ დავუშვებ და ამ სამსახურის უფროსს, ირაკლი შიხიაშვილს ვპირდები, რომ სანამ ვეტერანებს დაჩაგრავს, ფიზიკურად გაუსწორდება და სამსახურს დაატოვებინებს, მანამდე თავად მოუწევს წასვლა თანამდებობიდან! მივმართავთ იქ მომუშავე ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულები უნდა იყოთ ვეტერანთა უფლებების დაცვით და მათი კეთილდღეობის გაუმჯობესებით, ან გაემიჯნეთ ამ უმსგას და მიუღებელ ფაქტებს, ან დატოვეთ სამსახურები და წადით სახლებში, ველოდები თქვენს განცხადებებს და განმარტებებს. დროა, ამ სამსახურში მუშაობდნენ ის ადამიანები, რომლებიც ვეტერანებს განსაკუთრებული პატივისცემით მოეპყრობიან!
ირმა ზედგინიძე _ ვეტერანთა ჰოსპიტლის თვალის კაბინეტის მედდა:
_ დღეს ვეტერანების აქცია უნდა დაწყებულიყო, მოვიდა კობა კობალაძე და თქვა, დღეს ნუ დასხდებითო. 3 თვეა, ამაზე მიდის საუბარი და, მაინცდამაინც, დღეს გაახსენდათ! მთავრობასთან ხომ გვინდოდა შეხვედრა, ვინ მიგვიღო?! ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ 3 თვის მანძილზე პრესა და ტელევიზია ამაზე ლაპარაკობს, „ქრონიკა+“-მა რამხელა მასალა მიუძღვნა ამ თემას, მაგრამ კულმინაციას რომ მიაღწია, მაშინ გაახსენდათ! ამათ თუ ვეტერანების ბედ-იღბალი აწუხებთ, ეს პრობლემა იმდენად იოლად გადასაჭრელია, ხომ უბრალო ადამიანი ვარ, დავჯდები და გამოსავლის სქემას დავუხაზავ, მაგრამ არ უნდათ, ყველა თავის პიარზე მუშაობს! შიხიაშვილზე ძალიან განაწყენებულები ვართ, ყველგან იმდენი ცუდი ილაპარაკა ჰოსპიტალზე, რომ ახლა რომც მოინდომოს ჩვენ გვერდში დგომა, არ გამოუვა, ელემენტარულად, უკან დასახევი გზა აღარ დაიტოვა. იმდენად იაფი უჯდებოდა ჰოსპიტალში ვეტარანების შენახვა, იმაშიც კი ჩხირკედელაობდა, რაღაცებს ქექავდა... წადით, გადახედეთ ახლა, რა ჯდება „ლანცეტში“ ერთი პაციენტის მკურნალობა. ცხვირში სულ იმას გვახლიან, კეთილმოწყობილიაო. ვიცით, ლაპარაკი არ არის, რომ ჰოსპიტალი სტანდარტებს არ შეეფერება, მაგრამ ერთადერთი, რაც არ გვქონდა, იყო ტომოგრაფიის აპარატი, დანარჩენზე ჩვენთან მოსული პაციენტი იმ დღესვე მოივლიდა ყველა ექიმს და უკმაყოფილო არავინ მიდიოდა. რა გგონიათ, „ლანცეტში“ ექიმები ჩვენგან წასულები არიან, ისეთივე 4 კედელში სხედან, განსხვავებული შეიძლება მხოლოდ კომპიუტერი ედგათ წინ, დანარჩენი იგივეა და იქ უფრო შეზღუდულები არიან, იმიტომ, რომ გამოკვლევის მეთოდები, რაც ჩვენთან იქვე ინიშნებოდა და კეთდებოდა, „ლანცეტში“ ამის გაკეთება გამორიცხულია. აბა, ერთი, გადახედეთ, რა ფინანსებთან არის საქმე. ახლა გეკითხებით, ამდენი თანხა ჩვენთან რომ გადმოერიცხა, იმ ფულით ჰოსპიტალს ვერ მივხედავდით?! მაგრამ არ უნდათ! ჩემთვის ეს თემა ცოტა სხვა კუთხისკენ იხრება, მალე ესეც გამოაშკარავდება და ამათ რომ ჭკუა ჰქონდეთ, ხალხს არ აალაპარაკებდნენ! თუ ვინმეს პირადი დაპირისპირება ჰქონდა, ერთმანეთში კაცური სიტყვა ეთქვათ და ჩვენ ნუ გადაგვაყოლებდნენ. 3 თვეა უკვე, უხელფასოდ ვემსახურებით ვეტერანებს, გაგვითავდა ყველანაირი მარაგი, შუქი 31-ში უნდა გაგვითიშონ, მაგრამ ის ხალხი არ მიდის „ლანცეტში“, აქ მოდის. 25 ლარი ღირს იქ ფორმა 100, ჩვენიდან უფასოდ მიაქვთ! გეკითხებით, ამას რა ჰქვია?! რა თქმა უნდა, ყველაფერი მოლაპარაკების გზით უნდა წავიდეს, მაგრამ სამწუხაროა, რომ დღეს დადგა ეს თემა და არა მანამდე! რამდენს ვყვირით, დავდიდართ, თუკი რამე შეიძლებოდა, ყველაფერი გავაკეთეთ, ახლა გამოვიდა ყველა პირობის კაცი, კარგი რა, სად ხარ აქამდე?! ერთადერთი ჩვენი მოლოდინი ის არის, რომ დაფინანსება აღგვიდგინონ, ვეტერანები, რომლებიც ჩვენთან მოდიან, იმათ მაინც რომ მივხედოთ! ვისაც უნდა, წავიდეს იმ „ლანცეტში“, ვიჭერთ? ჯერ ისედაც რა ხელფასი მქონდა _ 110 ლარი და კიდევ ამის გარეშე უნდა ვიმუშაო? გაჭირვებული ადამიანი რომ მოდის, საკუთარ თავს უფლებას არ მივცემ, ხელი ვკრა! აქედან მე ის დასკვნა გავაკეთე, რომ ამ კაცმა ვეტარანები შუაზე გაყო!
მანანა ვერულაშვილი _ ჰოსპიტლის სამკურნალო-დიაგნოსტიკური განყოფილების გამგე:
_ ძალიან ცუდი მოლოდინი მაქვს. ზოგადად, ოპტიმისტი ადამიანი ვარ, მაგრამ 3 თვე ფინანსების გარეშე რომ ხარ და ეძებ, ლარი ვის გამოართვა სამსახურში წასასვლელად, უიმედობის განცდა მეუფლება. თუ დამიჯერებთ, ისეთ მდგომარეობაში ვარ, დღეს რომ პურს ვიყიდი, ვფიქრობ, ხვალ თუ მეყოფა! მარტოხელა ვარ, დამხმარე არ მყავს. მაინც სიხარულით მითენდება ორშაბათი, რომ სამსახურში მივდივარ. ექოსკოპიაზე ვმუშაობ, 31-ში თუ დენი გაგვეთიშება, ამასაც ვეღარ გავაკეთებთ. „ლანცეტიდან“ გამოქცეული ავადმყოფები ისევ ჩვენთან მორბიან. იცით, რომ ბოლო დროს აღარ დააფინანსეს და „ლანცეტიდან“ ავადმყოფები გამოყარეს, ერთი გზიდან გამოაგდეს და ისევ ჩვენთან მოვიდა. ინფორმაციას ხვალ დავაზუსტებთ, შევიტყვეთ, რომ ერთი ავადმყოფი არ მიიღეს და იქიდან რომ წამოვიდა, გზაში დაიღუპა. შეიძლებოდა, ჰოსპიტალი კერძო საკუთრებაში გადაეყვანათ? დღეს აქციაზე ადრე მოვედი, ვხედავ, ამდენი ვეტერანია მოსული, შემოცვივდნენ დეპარტამენტის წარმომადგენლები, დადეს გვირგვინი, უბირია ახლდათ თან, პატივსაცემი კაცია, ჭუბერი გადმოიარა უფეხო კაცმა და იმას პატივი რომ არ სცე, არ შეიძლება. ამით შიხიაშვილმა ის მოიმოქმედა, რომ ამ ორ ჯგუფს შორის განხეთქილება შეიტანა, ესენი ჩვენ გვიცავენ, ის კიდევ დაბოდიალობს, მთელი ევროპა მოიარა, რომ ფული იშოვოს. ახალ ჰოსპიტალს რომ ააშენებსო, მერე იქნებაო, ეგ რომ ახალ ჰოსპიტალს ააშენებს, ზღაპარია! პიარს იკეთებს, დადის და ლაპარაკობს, თითქოს 26 მილიონი მისცა ესპანეთმა, ზღაპარია! ნეტავ, იმ დღეს, ის 26 მილიონი რომ ჩამოვა და ეს ჰოსპიტალს ააშენებს... სანამ ააშენებს, ეს ხომ უნდა იყოს?! ვიპოვეთ გზები, რომ ფართი იჯარით გავცეთ და რაღაც პატარა შემოსავალი იქნება, მაგრამ რაც გვეკუთვნის 800 000, იმას რატომ არ გვაძლევს ეს კაცი?! იჩივლეთ სასამართლოში და იმან მოგცეთო! რატომ? ხომ გვეკუთვნის წინა წლის, იმასაც არ გვაძლევს, კლოუნია, არ მრცხვენია ჩემი სიტყვების, ერთხელ რომ მიხვიდეთ და ელაპარაკოთ, ამას მაშინვე მიხვდებით, ისე დახტუნაობს, პირში გეცემა, რომ არ გალაპარაკოს! ეს ხალხიც დარაზმული ჰყავს, ამხელა ხელფასებს აძლევს და შიკრიკებად აგზავნის. ახლა გენერალი კობა კობალაძე შუაში ჩადგა, რომ დაპირისპირება არ მომხდარიყო და ინიციატივით გამოვიდა, რომ სამშაბათს ნეიტრალურ ტერიტორიაზე შევიკრიბოთ, კიდევ ერთხელ მოვილაპარაკოთ, თუ გინდათ, მთელი ღამე ვილაპარაკოთ და გადავწყვიტოთო, მაგრამ მე ამის არ მჯერა! სირცხვილია, კაცი, რომელიც „ოცნებაში“ 3 დღეში გადახტა და საკრებულოს სათავეში მოექცა! ახლა იბრძვის, რომ პარლამენტში მოხვდეს! ამის ჩიტი ვინ არის, რომ ვერ მივხვდეთ, პოლიტიკური ამბებით მედიისგან გამოვიბრძმედეთ, თორემ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ და არც ვაპირებ შესვლას!
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა:
_ რაც შეეხება ირაკლი შიხიაშვილის გადადგომას, ძალიან ბევრი პროექტია დაწყებული სახელმწიფო სამსახურში და ამ პროექტებს ბოლომდე მიყვანა უნდა. მეორე მხრივ, ვისაც კითხვები აქვს, პერმანენტულ რეჟიმში ყველას ვპასუხობთ და ვცდილობთ, ყველა საკითხი მოგვარდეს, მაგრამ არსებობენ დესტრუქციული ძალები, რომელთაც პოლიტიკური ამბიციები აქვთ, ჩვენ კი სრულიად აპოლიტიკური სამსახური ვართ და მთელი რიგი საკითხების მოგვარება გვსურს, რაც ვეტერანებს აწუხებთ. ირაკლი შიხიაშვილი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და მინიმუმ, დიდი უსამართლობაა, როცა ხელის შეწყობის ნაცვლად, პატარა ჯგუფი ხელს გვიშლის. რაც შეეხება მოლაშვილის ცემის ფაქტს, ეს არის როგორი სიცრუე, იცით? როგორც ის, რომ მე კენედი არ მომიკლავს. ნაცემ ადამიანს აუცილებლად ექნება კვალი სხეულზე და წარმოადგინოს _ ეს ერთი და მეორეც _ ეს ადამიანი ამ წამამდე მუშაობს ჩვენთან და ხელფასს იღებს. ძალიან არასერიოზულად მეჩვენება ამ საკითხზე კომენტარიც კი. დარწმუნებული ვარ, ყველა კოლეგა, ვინც ამ საკითხზე მირეკავს, თავადვე გრძნობს, რომ კითხვა მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა.
თამარ ბატიაშვილი