„ქრონიკა+“-მა თავის ჟურნალისტურ გამოძიებაში დაასახელა ალკოჰოლურ ბაზარზე მიმდინარე მონოპოლიური ომის შემკვეთებიც და მათი მაღალჩინოსანი მფარველებიც. ჩვენი პუბლიკაციების შემდეგ საქართველოში შვეიცარიიდან ჩამოვიდა „გ.დ. ალკოს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი, გოჩა დარჩიაშვილი და „ბრაუნ ფორმანის“ რეგიონული წარმომადგენელი ამიერკავკასიაში, კშიშტოფ მატენკო. არც არის გასაკვირი, მას მერე, რაც გამოძიების შედეგად ფაქტებსა და მოვლენებს თავისი სახელი დაერქვა, სიტუაცია ხელახლა დასალაგებელი გახდა.
თუ როგორ „დაალაგეს“ ეს სიტუაცია, ამაზე „ქრონიკა+“-ს „დრანკ ოკტოპუსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქეთი გაბაძე ესაუბრება:
_ დღესდღეობით, „გ.დ. ალკოს“ ბაზარზე მონოპოლისტის როლი უბრუნდება. სასამართლომ საქონელი დაგვიყადაღა და სხვა კონკურენტი მას არ ჰყავს. რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიური მიმოწერა გვქონდა ამერიკაში „ბრაუნ ფორმანის“ ერთ-ერთ დირექტორთან, დევიდ გუდერთან. პასუხი, რომელიც დევიდ გუდერისგან მივიღეთ, აგრესიულად მოგვეჩვენა. კერძოდ, წერილის დამცინავ ტონს თუ არ მივაქცევთ ყუადღებას, მასში ეწერა, რომ ჩვენ ცილისმწამებლურ კამპანიას ვატარებთ „გ.დ. ალკოს“ წინააღმდეგ. მან ბრალი დაგვდო, რომ ცილს ვწამებთ მეორე კომპანიას. მინდა, ხმამაღლა განვაცხადო, რომ დევიდ გუდერს მოუწევს ჩვენთვის იმის ახსნა, თუ რას ეფუძნებოდა მისი ეს განცხადება.
_ რას გულისხმობთ?
_ თითოეული ჩვენი ნაბიჯი ეფუძნება მხოლოდ ფაქტებს და როდესაც „ბრაუნ ფორმანის“ ერთ-ერთი დირექტორი თავს უფლებას აძლევს და ცილს გვწამებს, მაშინ ისიც უნდა განგვიმარტოს, რის საფუძველზე? ის არ არის არც ამ კომპანიის დამფუძნებელი და არც მეპატრონე, იგი ამ კომპანიის სახეა და უნდა გაუფრთხილდეს მის იმიჯს. იმედია, ამ წერილს გუდერი წაიკითხავს და მინდა ვუთხრა, ბოლომდე წავალთ! არ გავჩერდებით და ჩვენი სიმართლისთვის ბრძოლა, თუ საჭირო გახდა, საქართველოს ფარგლებს გასცდება. საჭირო იქნება და ამერიკაშიც გავაგრძელებთ.
_ როგორც ამიხსნეს, არსებობს ასეთი სქემები, როდესაც ექსკლუზიური წარმომადგენლობები სათავო ოფისში დირექტორებს ეკვრებიან და იქ უცხო არ არის წილის მიცემები, თანხის გადარიცხვები და ა. შ. დამფუძნებლები, რა თქმა უნდა, ამის საქმის კურსში არ არიან. შემდეგ სქემა მუშავდება, თუ როგორ ჩამოაშორონ ექსკლუზიურ კომპანიას ე. წ. პარალელური ბიზნესით დაკავებული კომპანიები და ამაში სწორედ სათავო ოფისის თანამშრომლები ერთვებიან. ეჭვი გაქვთ, რომ „ბრაუნ ფორმანთან“ მიმართებითაც იგივე სქემა მუშაობს?
_ მსგავს მოსაზრებას ჯერ თვითონ „ბრაუნ ფორმანს“ არ ვაკადრებ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, სტაფში პროფესიონალები ჰყავს... და არც ბატონ დევიდ გუდერს. თუმცა მე არ ვიცი, რა „ამოგვიხტება“ ჩვენი ბრძოლის დროს. კიდევ გიმეორებთ: სულ რომ ყველაფერი დაგვიყადაღონ, სულ რომ ერთი „ბოთლის“ გარეშე დავრჩეთ, მე პირადად ყველაფერს გავყიდი და ბოლომდე წავალ. აი, იქ რა გამოჩნდება, ვერ გეტყვით. საქართველო ამაზონის ჯუნგლები არ არის.
_ ამ დღეებში გოჩა დარჩიაშვილი თბილისში იყო ჩამოსული და როგორც ამბობენ, ქვეყნის ერთ-ერთ პირველ პირთან „მოძრაობდა“...
_ მეცინება ამ ყველაფერზე. ვისთანაც უნდა, იმასთან იმოძრაოს. ბატონ გოჩა დარჩიაშვილს, ეტყობა, ომი არ უნახავს. არ იცის, რა არის სიმართლისთვის ბრძოლა! როდესაც შენი პატიოსანი შრომით ნაშოვნს ბინძური მეთოდებით გართმევენ და აქეთ გდებენ ბრალს ცილისწამებაში და ამაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის დირექტორს რთავ... დარწმუნებული ვარ, „ბრაუნ ფორმანის“ დამფუძნებლებმა არ იციან, რა ხდება სინამდვილეში. გუდერს კი ასეთი წინააღმდეგობა არასოდეს შეხვედრია, როგორსაც ახლა შეხვდება.
_ დევიდ გუდერი იგივე „ბრაუნ ფორმანი“ არ არის?
_ მოდით, ასე გეტყვით! _ „ბრაუნ ფორმანის“ მეპატრონე არასოდეს მისცემდა საკუთარ თავს უფლებას, ასეთი ტონის წერილი მოეწერა ჩვენთვის. ქართველებს ელაპარაკებით, მისტერ დევიდ გუდერ! არ დაგავიწყდეთ!
_ კარგით, ფაქტებზე გადავიდეთ. რატომ არ შეგხვდათ „ბრაუნ ფორმანის“ რეგიონული წარმომადგენელი, რომელიც თბილისში იყო ჩამოსული?
_ დევიდ გუდერის იმ აგრესიულ წერილამდე მას ამერიკაში მივწერეთ და განვუმარტეთ, რომ ჩვენ მზად ვიყავით, ჩავფრენილიყავით და მასთან ერთად ყველა დეტალი გაგვევლო. ამის შემდეგ მოგვივიდა საკმაოდ აგრესიული პასუხი მისგან, თუმცა ბოლო ფრაზა იყო, რომ თუ რაღაც შემოთავაზება გაქვთ, რომელიც დაგვეხმარება, რომ სასამართლომდე გადაწყდეს ეს თემა, შეგვიძლია დავილაპარაკოთო. მოგვიანებით, თავად თაქთაქიშვილმაც მოგვწერა, რომ შევხვდეთ და მოვილაპარაკოთო. თაქთაქიშვილის წინადადება იყო, რომ ნებისმიერი შესაძლებლობა გამოგვეყენებინა მორიგებისთვის.
_ კი მაგრამ, სასამართლოს პირველად ხომ თავად გიორგი თაქთაქიშვილმა მიმართა, „ბრაუნ ფორმანის“ პატენტრწმუნებულმა?
_ დიახ და ეგ იყო სწორედ ყველაზე გასაკვირი. თუმცა მისი ეს წინადადება ჩვენთვისაც ძალიან მისაღები გახლდათ, იმიტომ რომ არავის უნდა ეს გაუთავებელი დავა. მოკლედ, ამ მიმოწერის შედეგად გადაწყდა, რომ „ბრაუნ ფორმანის“ წარმომადგენლებთან მოხდებოდა შეხვედრა ან საქართველოში, ან ევროპაში. გადის ცოტა ხანი და 9 მარტს გიორგი თაქთაქიშვილი გვწერს, რომ „ბრაუნ ფორმანის“ რეგიონული დირექტორი ჩამოდის და იქნებ, საღამოს შვიდის ნახევარზე შევხვდეთო. ამავე დროს, არ აკონკრეტებს თარიღს. მეორე წერილი თაქთაქიშვილმა უკვე მაშინ მოგვწერა, როცა მატენკო საქართველოში აღარ იმყოფებოდა.
_ თქვენ თუ არა, მაშინ ვის შეხვდა მატენკო, გოჩა დარჩიაშვილს?
_ არ ვიცით. უბრალოდ, მატენკო მაშინ ჩამოვიდა თბილისში, როცა „გ.დ. ალკოს“ დამფუძნებელი გოჩა დარჩიაშვილი ჩამოვიდა შვეიცარიიდან. დევიდ გუდერი მარტის ბოლოს ევროპაში ჩამოდის. თუ მართლა სასამართლოს გარეშე უნდათ ამ საკითხის დარეგულირება, როგორც თვითონვე გვწერდნენ, მზად ვართ, მას შევხვდეთ. წესით და რიგით, სასამართლომდე უნდა მოეწერათ და გაგვევლო ეს თემა. 2015 წლის 23 დეკემბერს მოგვწერეს წერილი, რომ ჩვენ მიმართ სამართლებრივი პრეტენზიები ჰქონდათ და მივწერეთ, რომ ათი დღის ვადაში შევისწავლიდით საკითხს და პასუხს გავცემდით. ვინ გაცალა პასუხი, 28-შივე მიმართეს სასამართლოს.
_ დღეს რა ეტაპზეა საქმე?
_ პირველმა ინსტანციამ ყადაღის მოხსნაზე საქალაქო სასამართლოში უარი გვითხრა, მიუხდავად იმისა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა და ის წერილები წარვადგინეთ, რომელსაც ბატონი თაქთაქიშვილი აგზავნიდა ჩვენს ობიექტებზე, რომ ჩვენი შემოტანილი პროდუქცია შეიძლება ფალსიფიცირებული იყოს და ობიექტები ჩვენგან თუ იყიდიან, დანაშაულის თანამონაწილეები გახდებიან. კიდევ ერთი დეტალი: სექტემბერში ბიძინა გამცემლიძე, „გ.დ. ალკოს“ ხელმძღვანელი, ხშირად სტუმრობდა კეკელიძეზე ჩვენს მაღაზია „სმაგლერს“ და როდესაც, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი დირექტორი დაინტერესდა, _ ბატონო ბიძინა, ჩვენთან რატომ ყიდულობთ იმ პროდუქციას, რომლის ექსკლუზიური შემომტანებიც თქვენ ხართო? გვიპასუხა, რომ ძალიან კარგი ფასები გაქვთ და ვყიდულობო. შემდეგ რადენჯერმე დავინახეთ, რომ მობილურით სურათებს უღებდა „ჯეკ დენიელსს“ და „ფინლანდიას“. ახლა უკვე ფაქტია, რატომაც დადიოდა ჩვენს ქსელში „გ.დ. ალკოს“ დირექტორი, იმიტომ, რომ დეკემბერში უკვე აღმასრულებელთან ერთად მოგვივიდა სასამართლოდან წერილი, სადაც „ჯეკ დენიელსისა“ და „ფინლანდიის“ ფოტოებია დართული.
„ქრონიკა+“ „ბრაუნ ფორმანის“ პატენტრწმუნებულს, გიორგი თაქთაქიშვილს დაუკავშირდა:
_ ბატონო გიორგი, გავიგეთ, რომ „ბრაუნ ფორმანის“ რეგიონული სამსახურის უფროსი, ქშიშტოფ მატენკო, საქართველოში იყო ჩამოსული. ამავე დროს, რისთვისაც იყო ჩამოსული, ანუ „დრანკ ოკტოპუსის“ წარმომადგენლებს არ შეხვდა?
_ რეგიონული წარმომადგენლობა პერიოდულად ჩამოდის. ამას ვერ დავარქმევდი, რომ „დრანკ ოკტოპუსის“ გამო ჩამოვიდნენ. მიუხედავად ამისა, ამ კომპანიას მისი ვიზიტის შესახებ შევატყობინე. რატომ ვერ შედგა ეს შეხვედრა, უმჯობესია, მათ ჰკითხოთ.
_ რა ეტაპზეა დავა და აპირებთ თუ არა მოლაპარაკებას?
_ „ბრაუნ ფორმანის“ სათავო ოფისის ნებართვის გარეშე ვერ გიპასუხებთ. მათი პატენტრწმუნებული ვარ და ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, გადავუგზავნო თქვენი კითხვები. არ მაქვს კომენტარის მიცემის უფლება.
ასე რომ, საქართველოს ალკოჰოლურ ბაზარზე ომი გრძელდება...
თამარ როსტიაშვილი