დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ დირექტორი, მაკო ჭოღოშვილი, 17 თებერვალს თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზად ყოფილი ხელმძღვანელის არადამაკმაყოფილებელი მენეჯმენტი სახელდება.
„ქრონიკა+“ „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ დირექტორს, მაკო ჭოღოშვილს ესაუბრება:
_ გვიან საღამოს, სამსახურის შემდეგ, მერიაში, ვიცე-მერთან, ნინო ხატისკაცთან დაიბარეს. მან პირდაპირ მითხრა, _ მინდა იცოდეთ, იმისთვის ხართ დაბარებული, რომ ხვალ მთავრობის სხდომაზე გადის მერის განკარგულება, რის საფუძველზეც თქვენ განთავისუფლებული ხართო.
ბუნებრივია, ეს ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო. ვკითხე, _ რატომ-მეთქი? მიპასუხა, რომ უფრო ეფექტური მენეჯერის დანიშვნა გვინდაო.
რაში გამოიხატება, როგორ იზომება ბიბლიოთეკის დირექტორობა-მეთქი? რადგან ჩვენი წარმატებული საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო კვლევები გვაქვს; საფინანო-სარევიზიო კომისიის დასკვნა, მონიტორინგის დასკვნა და ა. შ.; გვყავს უამრავი მკითხველი. ჩვენი წარმატებულობა პირდაპირ ციფრებში არის ასახული. მედიათეკა სამი წელია არსებობს და უკვე 6 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
სადღეისოდ, თბილისის მედიათეკაში 400-450 მომხმარებელი რომ შედის დღეში, მგონი, ძნელი იქნება, ასეთი ობიექტი წარუმატებლად ჩაითვალოს. თუ ობიექტი წარმატებულია, მაშინ მენეჯმენტიც მთლად ასეთი არაეფექტიანი არ ყოფილა, ხომ?
მერის მოადგილეს ვკითხე, _ მეთანხმებით თუ არა, რომ ეს ასეა-მეთქი? მიპასუხა, _ კი, გეთანხმებით, ნამდვილად დიდია თქვენი ღვაწლი მედიათეკის განვითარების ამ სფეროში, მაგრამ ჩვენ ახლა ეს გადაწყვეტილება მივიღეთ და არაფერი შეიცვლებაო.
მეორე დღეს სამსახურში მოვედი. ჩემს თანამშრომლებს ამის შესახებ ვუთხარი. შეიკრიბნენ, წავიდნენ ქალბატონ ნინასთან და უთხრეს, _ ჩვენ გვაქვს დამატებითი კითხვები და ამ ინფორმაციას ასე მარტივად ვერ მივიღებთო.
უპასუხა, რომ მასთან საუბარს ახლა აზრი აღარ აქვს, რადგან ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. საკითხი მთავრობაზე უკვე გასულია, _ კი, ძალიან წარმატებული დაწესებულება გაქვთ, მაგრამ ახალი ცოცხი უკეთ დაგვისო, ამიტომაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთო.
უკვე მომივიდა განკარგულება, ოფიციალური საბუთი, რომელშიც ვინმე გურამ ნიკოლაშვილის განცხადება არის მითითებული საფუძვლად; იგი ამავე განკარგულებით ჩემს ადგილზე დაინიშნა. ე. ი. მთავრობის დადგენილებით, ოფიციალური საბუთით გამოდის, რომ ვინმე გურამ ნიკოლაშვილმა მერიაში 15 თებერვალს განცხადება შეიტანა და ამის საფუძველზე თბილისის მთავრობამ 17 თებერვალს გამოიტანა დადგენილება, რომ მე გავთავისუფლებულიყავი და ის დანიშნულიყო ამ თანამდებობაზე.
_ რას მიუთითებს ავტორი განცხადებაში?
_ გთხოვთ, დამნიშნეთ თბილისის მედიათეკების გაერთიანების დირექტორადო. სავარაუდოდ, მხოლოდ ამას წერს. ეს განცხადების ჩეულებრივი ფორმაა.
_ ნიკოლაშვილს აქამდე თუ ჰქონია მედიათეკებთან რამე კავშირი?
_ არა, მას არ ვიცნობ. შეიძლება აქ, როგორც მომხმარებელი, ნამყოფია. ყოველ შემთხვევაში, არავითარი ურთიერთობა მასთან არ მქონია. რაიმე კითხვით, წინადადებით ჩემთვის არ მოუმართავს.
ასევე მერიიდან არავითარი მითითება, შენიშვნა, გაფრთხილება არ ყოფილა. ყველაფერს ხომ თავისი პროცედურა აქვს, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.
_ მონიტორინგი ახსენეთ, მერიის შესაბამისი სამსახური გამოწმებდათ?
_ დიახ, დასკვნები მათ ჰქონდათ დაწერილი. მედიათეკიდან წასვლის წინ ჩემს თანამშრომელს უთხრა, _ ნეტავ, ასეთი ობიექტი, მერიას ბევრი ჰქონდესო.
_ ახლად დანიშნული აქ რომელი სფეროდან გადმოდის?
_ ვერ გეტყვით, ამაზე წარმოდგენა არ მაქვს.
_ საუბარი იყო იმაზე, რომ აქ ბიზნესგანვითარების დინამიკა და რაღაც დამატებითი შემოსავლები უნდა გაჩენილიყო, რაზეა საუბარი, იქნებ, განგვიმარტოთ?
_ ვერ გეტყვით, როგორ უნდა მოხდეს, რომ ბიბლიოთეკა უცბად თავის კმაყოფაზე გადავიდეს. ეს მსოფლიოში არც ერთ ქვეყანაში არ არის. ბიბლიოთეკა ყველგან ქალაქის, ან სახელმწიფოს ბიუჯეტზეა.
დამატებითი შემოსავლები ჩვენ გვქონდა. მივიჩნევთ, რომ ეს შემოსავალი არც თუ ისე ცოტა იყო, რომლითაც ბევრ პროექტს ვახორციელებდით. ვურთიერთობდით საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებისგანაც ფულს თუ არა, ძალიან ბევრ წიგნს საჩუქრად ვიღებდით.
_ საუბარი იყო ასევე მედიათეკაში ნათესაური ნიშნით თანამდებობაზე დანიშვნაზე...
_ იქიდან დავიწყოთ, რომ მე, როგორც ააიპ-ის ხელმძღვანელს, კანონით არავითარი ვალდებულება არ მაქვს, რომ ვთქვათ, რაღაც კონკურის წესით მივიღო თანამშრომლები. დირექტორად მაშინ დავინიშნე, როცა ეს ორგანიზაცია დაფუძნდა. ეს ერთი განკარგულებით მოხდა. შესაბამისად, ვიყავით მე და ეს შენობა.
ნიკოლაშვილივით აწყობილ საქმეზე არავის დავუნიშნივარ. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩემს სანაცნობო წრეში კადრების მოძიება დავიწყე. ჯერ ერთი, კონკურსებისთვის დროც არ მქონია. დავიწყე იმ ადამიანები ძებნა, რომლებიც საბიბლიოთეკო საქმეს უკავშირდებოდნენ.
რაც ქალბატონმა ნინა ხატისკაცმა განაცხადა, რომ 15-20 ადამიანი მისი ნათესავი არისო, ეს მტკნარი სიცრუეა.
რაც შეეხება კლასელს, დიახ, აქ მუშობს ჩემი კლასელი და რა? და თვითონ გურამ ნიკოლაშვილი კონკურსის წესით დანიშნეს? სხვა საქმეა, რომ მე გავეთავისუფლებინე, შემდეგ გამოეცხადებინათ ვაკანსია, კონკურსი და ა. შ. ამას თვითონ არ აკეთებენ გაერთიანების დირექტორის ადგილას და მე მედავებიან, ეს შენ რატომ გააკეთე ბიბლიოთეკარის ადგილასო? ცოტა სასაცილოა ასეთი მიდგომა.
_ წინა მერის მმართველობის პერიოდში დაინიშნეთ თანამდებობაზე; ბოლო გადაწყვეტილებაში რამე პოლიტიკურ მოტივს ხომ არ ხედავთ?
_ არ ვიცი, გინდ პოლიტიკური მოტივი დაარქვით, გინდ სხვა, ეს დაწესებულება წარუმატებელი ნამდვილად არ არის. მე მათთან არავითარი ურთიერთობა და, შესაბამისად, უთანხმოება არ მქონია. შესაბამისად, ეს შეიძლება რაღაც შეუგუებლობა იყო ჩემს პიროვნებასთან. ეს, ალბათ, ჩემს ძველ სამსახურთან იქნება კავშირში. აბა, ჩვენ სხვა არანაირი კვეთა არ გვაქვს, რომ რამეზე ეჭვი მივიტანო.
_ ძველი სამსახური ახსენეთ და რომელს გულისხმობთ?
_ მინისტრის მოადგილე გახლდით ნიკა რურუასი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.
_ რას აპირებთ?
_ ვაპირებ ჩივილს სასამართლოში, რადგან მათ პროცედურების დაცვა ვერ მოახერხეს. არ შეიძლება, ადამიანი ასე დაიბარო და უთხრა, რომ შენ უკვე მოხსნილი ხარ. ამას თავისი ფორმა აქვს, რომელიც საერთოდ არ არის დაცული.
განკარგულება დღეს, 23-ში შედის ძალაში და როგორც კი ეს მოხდება და მე მედიათეკის დირექტორად აღარ ჩავითვლები, მაშინვე შევიტან სარჩელს.
ამ საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-მა თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან შემდეგი შინაარსის განმარტება მიიღო:
„დედაქალაქის მთავრობამ ა(ა)იპ „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ დირექტორის, მარინე ჭოღოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ცვლილება „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ მუშაობის ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და ოპტიმიზაციას, ასევე, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ მნიშვნელოვან ხარვეზებს უკავშირდება.
ა(ა)იპ „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ საქმიანობის ეფექტიანობის შემოწმების მიზნით, მონიტორინგი როგორც თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ, ასევე, UშAID-ის პროგრამის _ „საქართველოში კარგი მმართველობის ინიციატივის“ ფარგლებში განხორციელდა.
მონიტორინგის შედეგად, „თბილისის მედიათეკების გაერთიანებაში“ გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, საკადრო და ადმინისტრაციული რესურსების არასწორი გადანაწილება, ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვა, და „მედიათეკების გაერთიანებაში“ ალტერნატიული ფინანსური წყაროების არარსებობა დასახელდა.
ასევე, მიუხედავად ამისთვის გამოყოფილი რესურსებისა, მენეჯმენტმა არ იზრუნა სამგორის მედიათეკის სათანადო განვითარებაზე.
მოგეხსენებათ, რომ ა(ა)იპ „თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ მესამე წელია ფუნქციონირებს და მისი წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 700 000 ლარია; თუმცა დაარსებიდან დღემდე აღნიშნულმა ა(ა)იპ-მა ვერ შეძლო გამართული ფუნქციონირებისათვის დამატებითი ფინანსური წყაროების მოზიდვა.
შესაბამისად, „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ ფუნქციონირებისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მოცულობითი თანხების გამოყოფა, იმ ფონზე, როდესაც აღნიშნული ა(ა)იპ-ი ვერ ვითარდება, მეტიც, ხდება ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვა და საკადრო რესურსების არაოპტიმალური განაწილება, არამიზნობრივად მიგვაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დედაქალაქის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ა(ა)იპ „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ დირექტორის, მარინე ჭოღოშვილის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ.
„თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ მერიის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელსაც აქვს რესურსი, იყოს უფრო საინტერესო, საკუთარი შინაარსიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე კი მომხმარებელს მუდმივად მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისები შესთავაზოს.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ზაფხულში, „თბილისის მედიათეკების გაერთიანებას“ კიკვიძის ბაღში მესამე ფილიალი შეემატება“.
გელა მამულაშვილი