QronikaPlus
პაატა კოღუაშვილი: „სამთავრობო სტრუქტურების ხელმძღვანელები მიწის ბალანსს კადასტრისგან ვერ ასხვავებენ!“

პაატა კოღუაშვილი: „სამთავრობო სტრუქტურების ხელმძღვანელები მიწის ბალანსს კადასტრისგან ვერ ასხვავებენ!“

2016-02-28 08:48:15

კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, შესაძლოა, სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდეს _ ამას ითვალისწინებს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი „საჯარო რეესტრის შესახებ კანონში“ ცვლილებების შესახებ. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში გადავა მიწის ყველა ის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში კერძო საკუთრებად არ არის დარეგისტრირებული. მსგავსი შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს ერთი წლის განმავლობაში მიეცემათ საშუალება, კონკრეტულ ნაკვეთებზე სახელმწიფოს საკუთრების გაუქმება მოითხოვონ და თავიანთი უფლება დაადასტურონ. არსებული მონაცემებით, საქართველოში მიწა კერძო საკუთრებაში ფაქტობრივ მომხმარებელთა დიდ უმრავლესობას ოფიციალურად გაფორმებული არ აქვს _ კერძო საკუთრებაში დარეგისტრირებული მიწის მთლიანი მოცულობა, დაახლოებით, 20%-ია. „ქრონიკა+“-ს ესაუბრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი _ პაატა კოღუაშვილი: _ მიწის მართვისა და აღრიცხვის საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არათუ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ კაცობრიობისთვის, მაგრამ დღესდღეობით ყველაზე აქტუალური და გადაუდებელი ჩვენთვის შეიქნა. საქმე ეხება საქართველოს მიწის ფონდის სახელმწიფოს მიერ განკარგვას, უფრო კონკრეტულად, მიწის განვითარების ხედვის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამის არარსებობას. იმ სავალალო შედეგამდე მივედით, რომელსაც ჰქვია მიწის რესურსებზე სახელმწიფოს მიერ ერთიანი კონტროლის დაკარგვა. მას შემდეგ, რაც 2004 წელს, საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა მთავრობამ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უსაფუძვლოდ გააუქმა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, დღეს ვერავინ გეტყვით, თუ რამდენი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული აქვს ქვეყანას, მათ შორის, რამდენია კერძო საკუთრებაში, მუნიციპალურ თუ სახელმწიფო საკუთრებაში. რაც მთავარია, არ ვიცით მიწის ფართობები დანიშნულებისა და კატეგორიების მიხედვით. 2005 წლამდე ქვეყანაში ყოველწლიურად აღირიცხებოდა მიწები მიწის დანიშნულებისა და კატეგორიების, რაიონების, მხარეების, მიწის მესაკუთრეთა და მოსარგებლეთა მიხედვით. ამ მიზნით, ყოველი წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, რაიონის გამგეობა ამტკიცებდა მიწის ბალანსს, რომელიც შემდეგ გადაეგზავნებოდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს. მიწის ბალანსი განიხილებოდა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად და მტკიცდებოდა მთავრობის დადგენილებით, რომელშიც მოცემული იყო მიწის რაციონალურად მართვის რეკომენდაციები. საქართველოს ძირითადი ნივთობრივი სიმდიდრის ყოველწლიურ ბალანსში მიწა აღირიცხებოდა დანიშნულებისა და კატეგორიების, აგრეთვე საკუთრებისა და სარგებლობის ფორმების მიხედვით. მასში აისახებოდა წლის განმავლობაში მიწის კატეგორიებში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში და საკუთრება-სარგებლობაში მომხდარი რაოდენობრივ-ხარისხობრივი ცვლილებები. მიწის ყოველწლიური ბალანსის საშუალებით, სახელმწიფო აკონტროლებდა მიწის ფონდში მომხდარ ნებისმიერ ცვლილებას, მათ შორის, ინტენსიური და არაინტენსიური სავარგულების მატება-კლების დინამიკას, ქალაქმშენებლობის, გზებისა და სხვა საჭიროებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბრუნვიდან ამოღებას, სამაგიერო მიწის ჩანაცვლებას და ა.შ. _ ამ მხრივ, როგორი პრაქტიკაა უცხოეთის ქვეყნებში? _ დღეს ძნელად წარმოსადგენია სხვა რომელიმე ქვეყანა, სადაც მიწის ყოველწლიური ბალანსი, ან მსგავსი რამ არ კეთდებოდეს, მთავრობას მხოლოდ პრივატიზებული მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები აინტერესებდეს, არ აანალიზებდეს და არ აკონტროლებდეს მიწის რესურსების მოძრაობას (დინამიკას), არ იცოდეს, თუ როგორ იცვლება ქვეყანაში მიწის კატეგორიები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ერთი კატეგორიიდან მეორეში გადასვლა, რაც აქტუალური გახდა სავარგულის თითოეულ სახეობაზე გადასახადის მნიშვნელოვანი განსხვავების გამო, არ ახორციელებდეს ქმედით ღონისძიებებს მიწის რესურსების რაციონალური მართვის მიზნით. მიწის ბალანსი, ანუ მიწის აღრიცხვა არის მიწის ფართობების დადგენა მიწის დანიშნულების, კატეგორიებისა და მესაკუთრეების მიხედვით. მაგალითად, მიწის ბალანსი რაიონში აღრიცხავს და აზუსტებს მთლიან ფართობს, მათ შორის, რამდენი ჰექტარია სასოფლო-სამეურნეო მიწა კატეგორიების მიხედვით (სახნავი, სათიბი, საძოვარი, მრავალწლიანი ნარგავები: ვენახი, ხილის ბაღები, ციტრუსები, ჩაის ფართობები და სხვ.), არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ტყის ფონდის მიწა, წყლის ფონდის მიწა და სხვა მიწები მესაკუთრეების მიხედვით, რის შემდეგაც დგება რაიონის მიწის ბალანსი. მიწის ბალანსი ზუსტდებოდა ყოველწლიურად, რადგან შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო მიწა გადავიდეს არასასოფლო-სამეურნეო მიწის კატეგორიაში, სათიბი _ სახნავში, საძოვარი _ სათიბში, მრავალწლიანი ნარგავი _ სახნავში და პირიქით. სახელმწიფო მიწები შეიძლება გახდეს კერძო ან მუნიციპალური საკუთრება. თითოეულ რაიონში ჩატარებული მიწის აღრიცხვის საფუძველზე საქართველოს მიწის ყოველწლიური ბალანსი დგებოდა. სამწუხაროდ, სამთავრობო სტრუქტურების ზოგიერთი ხელმძღვანელი მიწის ბალანსს ვერ ასხვავებს მიწის კადასტრისგან და აცხადებს, _ რა საჭიროა მიწის აღრიცხვა, როცა გვაქვს და ვაკეთებთ მიწის კადასტრსო? მიწის კადასტრი არის მიწის ფართობის ერთჯერადი დადგენა გეოგრაფიული, იურიდიული და ფიზიკური მდგომარეობით. საინტერესოა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო, რომელსაც ევალება მიწის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, როგორ ადგენს ეროვნული ეკონომიკის განვითარების სამოქმედო გეგმას, როდესაც არ გააჩნია მიწის განვითარების ხედვა, სტრატეგია, აღრიცხვის მონაცემები და სახელმწიფო პროგრამა? ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ როგორ შეიმუშავა: „სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმა 2015-2020 წწ.“-ებში, როდესაც არ იცის და არ აქვს დაზუსტებული, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაოდენობა კულტურებისა და საკუთრების მიხედვით? მიწის ეფექტურ მართვას, რომელიც ქვაკუთხედს წარმოადგენს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, აქვს გამოწვევები, რომლებიც პირობითად შესაძლებელია დაიყოს ორ ნაწილად: მიწათსარგებლობის შესახებ მონაცემების არარსებობა შეუძლებელს ხდის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის/სტრატეგიის შემუშავებასა და მის მართვას; მიწის განვითარების ხედვის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამის არარსებობა. _ მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, დავაკონკრეტოთ... _ მიწათსარგებლობის შესახებ მონაცემების შეგროვებისთვის საჭიროა შესაბამისი ინსტიტუციური მოწყობის უზრუნველყოფა, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად უნდა მართავდეს მიწის საინფორმაციო სისტემას, რაც შესაძლოა მოიცავდეს ინფორმაციას მიწის დანიშნულების, კატეგორიის, ხარისხის, საირიგაციო/სადრენაჟო ინფრასტრუქტურისა და სხვა მონაცემების შესახებ. მიწის საინფორმაციო სისტემა ინტერდისციპლურ პროდუქტს განეკუთვნება, იგი მჭიდრო კავშირშია სხვა უწყებებისთვის საჭირო ინფორმაციასთან და ამდენად, იგი უნდა აიგოს სხვადასხვა დაინტერესებულ სამთავრობო თუ არასამთავრობო ინსტიტუტთან კოორდინაციით. მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და სხვ. მიწის განვითარების ხედვის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამის შემუშავება ასევე მოითხოვს შესაბამის ინსტიტუციურ მოწყობას. მისი არარსებობა, თავის მხრივ, სერიოზულ გავლენას ახდენს რეგიონულ განვითარებაზე, ადგილობრივი თემების ჩართულობაზე, ასევე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებაზე, სოციალური, დასაქმების, მიწის ბაზრის აქტიურობის, ინვესტიციების მოზიდვისა და, ზოგადად, ეკონომიკის განვითარებაზე. როგორც ცნობილია, კონტროლს მიწის გამოყენებაზე უნდა ახორციელებდეს სახელმწიფო. მიწის ფონდის კონტროლი და მართვა მხოლოდ სახელმწიფოს განსახორციელებელია და ამისთვის შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურა ქვეყნის რაციონალური, ეკონომიკური, სამართლებრივი და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების გარანტი უნდა იყოს. არსებულმა რეალობამ, მიწის ფონდის უკონტროლობამ სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა _ მიწის პოლიტიკის განხორციელება, სტრატეგია და პასუხისმგებლობა პარალიზებულია. მიწასთან დაკავშირებული საკითხები გადანაწილდა და გაიხლიჩა სხვადასხვა დარგობრივ სამინისტროზე, რომლებსაც ხშირად საკუთარი პრიორიტეტები აქვთ და ნაკლებად არიან დაინტერესებული საერთო პრობლემური საკითხით. დარგობრივ სამინისტროებს შორის ვერ ხორციელდება კოორდინაცია და თანამშრომლობა მიწის რესურსების ეფექტიანად და რაციონალურად გამოყენებისთვის, რაც იწვევს მიწასთან დაკავშირებულ საკითხებში საქმიანობის დუბლირებას, შტატების ზრდას, მონაცემთა უზუსტობას, ინფორმაციის აღრევას და, შესაბამისად, მცდარი გადაწყვეტილებების მიღებას. _ როგორია თქვენი რეკომენდაცია, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? _ იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი საქმიანობა აუცილებლად უნდა განხორციელდეს, პოლიტიკური განსჯის საგანი არ უნდა იყოს ის, თუ რომელ სამინისტროს, ან ორგანიზაციას შეუძლია უკეთესად შეასრულოს მმართველის ფუნქცია _ აუცილებელია შეიქმნას მიწის ადმინისტრირების მაკოორდინებელი ორგანო, რომლის ამოცანა იქნება მიწის ადმინისტრირება _ სახელმწიფო მმართველობა, სახელმწიფო ზედამხედველობა, მიწის გამოყენების კოორდინაცია, მიწის რესურსების მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა _ ცვლილებების ყოველწლიური ანგარიშის მომზადება. მიწის ადმინისტრირების ორგანო უნდა ფლობდეს ძლიერ პოზიციას მთავრობაში _ ერთიანი რესურსის ინფორმაციასა და ძალაუფლებას შორის ურთიერთკავშირის აუცილებლობის გამო. მიწის ადმინისტრირების ხსენებულ მაკოორდინებელ ორგანოს დაევალება არა მარტო დუბლირებული სისტემის აღმოფხვრა, ორმაგი სამუშაოსა და დამატებითი ხარჯების თავიდან აცილება, არამედ მან უნდა შეძლოს ნებისმიერ საკადასტრო მონაცემთა პოტენციური სარგებლის რეალიზება. ამ შემთხვევაში სიტყვა „პოტენციური“ ჩვენგან ხაზგასმული მნიშვნელობითაა, ვინაიდან საკადასტრო მონაცემთა ბაზის 25%-ია რეგისტრირებული და, მიუხედავად „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონში მრავალი ცვლილების შეტანისა (ამჟამადაც აპირებენ, მაგრამ არასწორი მიმართულებით), ეს პროცესი წლობით გაგრძელდება, გააღრმავებს უნდობლობას ხალხსა და მთავრობას შორის და დიდ დაძაბულობას გამოიწვევს. გამოსავალი, პირველ რიგში, მოსახლეობის დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების სისტემურ (პროგრამული) რეგისტრაციაშია. მთავრობის კანცელარიაში სხვადასხვა უწყების მიერ წარმოდგენილი პროექტები მიწის მართვისა და რეგისტრაციის საკითხებზე, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება დღევანდელ მოთხოვნებს. არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს მიწის რეგისტრაციის შესახებ და მიწის საკითხებზე არსებულ სხვა კანონებში ცვლილებების სასწრაფოდ შეტანა, სანამ არ მივიღებთ მიწის კოდექსს. არსებობს ტყის კოდექსი (ახლა ღებულობენ ტყის ახალ კოდექსს), არსებობს წყლის კოდექსი, წიაღის კოდექსი, არ არსებობს მხოლოდ მიწის კოდექსი, რაც დაუშვებელია! გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი ეკონომიკური ეფექტის მიღება შეუძლებელი იქნება მიწის მართვის სახელმწიფო სტრუქტურის შექმნის, მიწის რაოდენობრივ-ხარისხობრივი აღრიცხვის (მიწის ბალანსის ყოველწლიური შედგენა), მიწაზე მონიტორინგისა და მიწის კოდექსის მიღების გარეშე. ამ ყველაფერზე იმიტომ გავაკეთე აქცენტი, რომ ქვეყნის უპირველესი ეროვნული სიმდიდრის _ მიწის დაცვა და მისი რაოდენობრივ-ხარისხობრივი აღრიცხვის მოწესრიგება მთავრობის უპირველესი მოვალეობაა.  

                                                                                                               თამარ ბატიაშვილი

     

გაზიარება