QronikaPlus
ნათია შარაშენიძე: ,,ხელისუფლებას ძალიან ცხელი შემოდგომა ელოდება!“

ნათია შარაშენიძე: ,,ხელისუფლებას ძალიან ცხელი შემოდგომა ელოდება!“

2016-02-27 06:46:04

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ნათია შარაშენიძე, „ქრონიკა+“-ს საქართველოში არსებული საარჩევნო სისტემის გაუმართაობაზე ესაუბრა და ნატოს წევრი ქვეყნის, თურქეთის არჩევნებიდან ძალიან საინტერესო მაგალითები მოიყვანა. მისი თქმით, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, რომლის უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება საარჩევნო სისტემის ძირფესვიანი შეცვლა იყო, იგემა რა ძალაუფლებისა და ხალხის ხარჯზე ხელისუფლებაში ყოფნის უზრუნველი ცხოვრების გემო, უკვე აღარ სურს არაფრის შეცვლა. ამის მიზეზი ერთია, _ მთავრობა ნაცადი ხრიკებით და მეთოდებით შეეცდება, არჩევნები გააყალბოს და ამ გზით დარჩეს ხელისუფლებაში. ნათია შარაშენიძე: _ ახლოვდება არჩევნების თარიღი და როგორც მოსალოდნელი იყო,  მთავრობამ უკვე დაიწყო ზრუნვა იმისთვის, რომ არჩევნები გააყალბოს და ამ გზით კიდევ ერთხელ მიიტაცოს ხელისუფლება. საქართველოში ყველამ კარგად იცის, გაყალბების როგორ მეთოდებს იყენებენ ხოლმე ხელისუფლებები. ეს მეთოდები წლების განმავლობაში იხვეწებოდა და დღეს უკვე მივიღეთ ის მდგომარეობა, რომ არჩევნების გაყალბება არჩევნებამდე იწყება. ხელისუფლება, რომელსაც ძალაუფლება აქვს, ამ ძალაუფლებას იმისთვის იყენებს, რომ არამც და არამც არ დაუშვას არჩევნებში ის შედეგები, რომელიც საზოგადოების უმრავლესობას სურს. სწორედ ამიტომ საარჩევნო კომისიები კომპლექტდება ხელისუფლების პარტიული აქტივით. ჩვენი პარტიის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლებამ არ დაუშვა, რომ შეეცვალა მახინჯი საარჩევნო სისტემა და საარჩევნო კომისიები პარტიულ პარიტეტზე დაკომპლექტებულიყო, ანუ კომისიაში წევრები მხოლოდ ხელისუფალს არ ჰყოლოდა და ჰყოლოდა ყველა პარტიას, რომელიც არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. ეს შექმნიდა იმის განცდას, რომ ათასგვარი დაპირებით მოსულ „ქართულ ოცნებას“ სურს სამართლიანი არჩევნების ჩატარება. როგორც მახსოვს, კოალიციის ერთ-ერთი უმთავრესი დაპირება სწორედ ის იყო, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეცვლიდნენ საარჩევნო სისტემას და შესაძლებელი იქნებოდა სამართლიანი და ობიექტური არჩევნების ჩატარება. დღეს ისინი უკვე ასე აღარ ფიქრობენ. ფაქტობრივად, არასაპარლამენტო ოპოზიციას საარჩევნო კომისიებში არ ჰყავს კომისიის წევრები, რაც დიდ ეჭვს იწვევს და ისეთ ფონს ქმნის, რომ არჩევნები არასამართლიან გარემოში ჩატარდება და ხელისუფლება იმ შედეგს დაწერს, რაც მას სურს. _ როგორც მახსოვს, ამ თემაზე პარტიები არაერთხელ შეიკრიბნენ... _ არსებულ ხელისუფალს ოდნავი სურვილი მაინც რომ ჰქონოდა, შეეცვალა საარჩევნო სისტემა, აუცილებლად შეისწავლიდა თუნდაც ჩვენს მეზობლად მყოფ, ნატოს წევრი ქვეყნის _ თურქეთის საარჩევნო პროგრამას. თუკი ისეთი დიდი ქვეყანა ახერხებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და არავის დედამიწის ზურგზე ეჭვი არ ეპარება მათი არჩევნების შედეგებში, ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის რატომ იქცა გადაუჭრელ პრობლემად სამართლიანი არჩევნების ჩატარება, გაუგებარია! _ იქნებ, მოგვიყვეთ, როგორ ტარდება თურქეთში სამართლიანი არჩევნები?     _ თურქეთში ასეთი საარჩენო სისტემაა: საარჩევნო უბნები იხსნება დილის 8 საათზე და იხურება 17.00 საათზე. საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებულია პარიტეტზე, ანუ ყველა არჩევნებში მონაწილე სუბიექტს, მათ შორის, ხელისუფლებაში მყოფ პარტიას, საარჩევნო კომისიაში ჰყავს იმდენი წევრი, რამდენიც ოპოზიციას. აღარაფერს ვამბობ ამომრჩეველთა საარჩევნო სიებზე, რომელიც უზუსტესია. ამომრჩეველმა ზუსტად იცის სად, რომელ უბანზე უნდა მივიდეს ხმის მისაცემად. რაც შეეხება საარჩევნო ბიულეტენს, ის ჩვენს ბიულეტენზე საკმაოდ მოზრდილია. ეს იმიტომ, რომ ბიულეტენზე დატანებულია არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტი პარტიის, ან კანდიდატის ლოგო, მათ ნომერთან ერთად, რაც უადვილებს ამომრჩეველს არჩევანს. ხშირია შემთხვევები, როცა ამომრჩეველი ციფრს ნაკლებად იმახსოვრებს, ან საერთოდ არ იცის, კონკრეტული პარტია, თუ პირი რა ნომრით იყრის კენჭს არჩევნებში. პარტიების წლის აქტივობებიდან გამომდინარე, ლოგოები უფრო ახსოვთ, ამიტომ ბიულეტენზე პარტიის ლოგოს გამოსახვა, ვფიქრობ, ძალიან ჭკვიანურად მოფიქრებული მეთოდია, რაც ემსახურება ერთს: გაუმარტივოს ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება. ჩვენთანაც თუ იგივე მეთოდით შედგებოდა საარჩევნო ბიულეტენი, ეს იქნებოდა სამართლიანი არჩევნებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი, მაგრამ, როგორც ხედავთ, ასეთი არჩევნები არავის უნდა. პარტიების ლოგოთი გამოსახული ბიულეტენები განსაკუთრებულად ეთნიკური უმცირესობებისთვის იქნება ხელსაყრელი და ხელის გულზე დაწერილი ნომრებითაც აღარ მივლენ არჩევნებზე. _ კიდევ რა დამცავი მეთოდებია ამ ქვეყანაში, არჩევნები რომ არ გაყალბდეს? _ რაც შეეხება ბიულეტენზე სასურველი პარტიის არჩევას, ანუ შემოხაზვას, იქ არანაირი კალამი არ არსებობს _ წინასწარ გამზადებული აქვთ პატარა ბეჭედი-შტამპი, რომელზედაც ამოტვიფრულია სიტყვა „დიახ“, ბეჭედი-შტამპი ყველას დასანახად მაგიდაზე უდევს საარჩევნო კომიისის წევრს. ამომრჩეველს ეს ბეჭედი საარჩევნო კაბინაში კალმის ნაცვლად შეაქვს და ხმის მიცემისას სასურველი პარტიის, ან კანდიდატის ქვეშ წრეში სვამს. ბიულეტენი კონვერტში თავსდება და ამომრჩეველი შემდეგ აგდებს საარჩევნო ყუთში. თურქეთში დამკვირვებლებს, რომლებსაც ეკრძალებათ ხმების დათვლის დროს მაგიდასთან მიახლოება, ხმის მთვლელი კომისიის წევრი სათითაოდ ყველა ბიულეტენს მაღლა სწევს და მათ არჩევანგაკეთებულ ბიულეტენს აჩვენებს. ბეჭედდასმული ბიულეტენის მაგიდიდან მოშორებით არდანახვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რასაც ვერ ვიტყვით კალმით შემოხაზულ ბიულეტენზე, რომელსაც გამადიდებელი შუშა სჭირდება, რომ დაინახო. იქ ხმების დათვლაც უმარტივესად ხდება და არავინ არავის ხელს არ უშლის უბანზე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ღამის 23.00 საათისთვის უკვე მთელმა ქვეყანამ იცის გამარჯვებული კანდიდატი და რადგან საარჩევნო კომისიაში ყველა პარტიას ჰყავს წევრი, ვერავინ ბედავს ოქმების გადაწერას, ოქმების გაყალბებას, ან ხმების მითვლას და ა. შ. ამდაგვარად, აღარავის უჩნდება ოდნავი ეჭვიც, რომ რომელიმე უბანზე ხმები მოიპარეს. რაც შეეხება არჩევნებზე მისვლას, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახლავთ: თურქეთში მოქალაქე, რომელიც არჩევნებზე არ გამოცხადდება, ჯარიმდება. მსგავს წესს მინიმუმამდე დაჰყავს ხელისუფლების მიერ სამარშრუტო ტაქსებით ამომრჩევლის საარჩევნო უბნამდე მიყვანა და ამომრჩეველი საკუთარი ნებით იხდის მოქალაქეობრივ ვალს. ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც თურქეთში ცხოვრობს, ისინი ამბობენ, რომ არჩევნებზე არმისვლა და ხმის არმიცემა ნიშნავს, რომ არ გაინტერესებს შენი ქვეყანა და თუ შენ არ გაინტერესებს ქვეყანა, შედეგიც ისეთივე დადგება, როგორიც ინტერესია. ამბობენ, რომ არჩევნების თარიღი მათთვის იგივეა, რაც საკუთარი დაბადების დღე, ან კიდევ ახალი წელი, როდესაც გაქვს იმედი, რომ სწორედ საკუთარი არჩევანით შეგიძლია შეცვალო ქვეყნის, შენი და სხვისი ცხოვრება უკეთესობისკენ. ეს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობაა. _ როგორი იქნება თქვენი პროგნოზი – წინ 2016 წლის არჩევნებია… _ წელს, არჩევნებზე, ხელისუფლებას უდიდესი ძალისხმევის დახარჯვა მოუწევს იმისთვის, რომ დაარწმუნოს როგორც შიგნით ამომრჩეველი, ისე გარეთ დანარჩენი დემოკრატიული მსოფლიო, რომ სამართლიან არჩევნებს ატარებს იმ პირობებში, როდესაც საარჩევნო კომისიებში ოპოზიციისთვის ადგილი არ არსებობს. დღეს საზოგადოებაში არის ასეთი განწყობა, რომ არ წავიდნენ არჩევნებზე და ასეთი ფორმით გამოხატონ პროტესტი, რადგან ხალხს მიაჩნია, რომ მათ არჩევანს მაინც არ აქვს მნიშვნელობა, რომ მივლენ თუ არა არჩევნებზე, ამით არაფერი შეიცვლება და ხელისუფლება მაინც იმას დაწერს, რაც მას სურს. თუკი ეს განწყობა არ შეიცვალა და ხალხი არჩევნებზე პროტესტის გამო არ მივიდა, ხელისუფლებას ძალიან ცხელი შემოდგომა ელოდება, რადგან ის, რაც არ იცვლება არჩევნებით, იცვლება ქუჩაში გამოსვლებით, რადგან ხალხზე დიდი ძალა დედამიწის ზურგზე არ არსებობს.  

                                                                                                            ნელი ვარდიაშვილი

   

გაზიარება