QronikaPlus
სქემა _ როგორ აღმოჩნდა „სოკარის“ ხელში „იტერა საქართველო“?!

სქემა _ როგორ აღმოჩნდა „სოკარის“ ხელში „იტერა საქართველო“?!

2016-02-27 06:35:01

„სამართლისა და ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია“ „სოკარ ენერჯი ჯორჯიასა“ და ყოფილი „იტერა საქართველოს“ საეჭვო გარიგების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, „იტერა საქართველო“ გახდა „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი“, რომელიც კომპანია „სოკარის“ ვებგვერდზე არ ფიქსირდებოდა. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას კი მხარეები კატეგორიულად უარყოფდნენ. ამ საკითხზე „სამართლისა და ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიამ“ კვლევა ჩაატარა, რომლის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოში თავისუფალი ბიზნესისა და კონკურენციის წესები ირღვევა. ქრონიკა+“-სამართლისა და ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიისგენერალური დირექტორი, გიორგი რურუა ესაუბრება: _ ჩვენი საუბრის დასაწყისში ციტირებას მოვიყვან აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტის, როვნაგ აბდულაევის სიტყვებიდან. ის აცხადებს: „კეთილგანწყობის ყველაზე ნათელი დასტურია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება, რომლის თანახმად, ქვეყნის ყველა რეგიონში მოქმედი გაზის სადისტრიბუციო ქსელი „სოკარის“ მმართველობაში გადმოვიდა. ჩვენ მზად ვართ, ორ მეზობელ ქვეყანას _ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობის ფორმირებასა და ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ. სამწუხაროდ, პირველი პირი საჯაროდ ამბობს, რომ საქართველოს სახელმწიფო არის კეთილგანწყობილი და კომპანია „სოკარს“ ამ შინაარსით აძლევს ყველაფრის უფლებას! ამის საფუძველზე, გვიჩნდება გონივრული ეჭვი, რაც უდავოდ მტკიცდება ციტირებული შინაარსით, რომ „სოკარის“ ოპერირება ნავთობპროდუქტების იმპორტსა, წარმოებასა თუ რეალიზაციაში დამოკიდებულია საქართველოს სახელმწიფოს კეთილგანწყობაზე, რის შესახებაც დიდი ხანია, ვსაუბრობთ და არა თავისუფალი ბიზნესისა და კონკურენციის წესებზე, რაც ჩვენმა კვლევამაც დაადასტურა. _ კონკრეტულად რა დადგინდა? _ „სამართლისა და ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიის“, ასევე საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციული ანალიზისა და კვლევის ცენტრის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ „იტერა საქართველოს“ არსებობის დროს დანიშნული გაზგასამართი სადგურების დირექტორებს დაავალეს თანამშრომლების შემცირება ერთ შემთხვევაში, ხოლო სხვა შემთხვევაში, საერთოდ, „სადგურების“ მუშაობის შეჩერება. სქემა გახლავთ შემდეგნაირი: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ინიშნება კომპანია „იტერა საქართველოს“ გენერალურ დირექტორად. კომპანია „იტერა საქართველოს“ ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ბერაძე ხდება ხეთაგურის მოადგილე და „იტერა საქართველოს“ ერქმევა „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი“. მე პირადად ვესაუბრე დავით ბერაძეს, მან კატეგორიულად უარყო „იტერა საქართველოს“ გაყიდვა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით კი სულ სხვა სურათი გახლავთ. იმისთვის, რომ უფრო მეტად დავეჯერებინე მის ნათქვამში, თავის იურიდიულ სამსახურს მოუხმო, კერძოდ, ვაჟა მარსაგიშვილს, ვისაც დაადასტურებინა, რომ „იტერა საქართველო“ არ გაყიდულა. ამ დროს მან მოიშველია რეესტრის ამონაწერი, თუმცა იქ მეორე საიდენტიფიკაციო კოდის შესვლით ნახეს, რომ გარკვევით წერია: „იტერა საქართველო“ ლიკვიდიებულია. ამ ფაქტზე ბატონი დავითი ძალიან გაოცდა და შეშფოთდა. მარსაგიშვილმა უმალ შეიყვანა საიდენტიფიკაციო კოდი და მონაცემები აჩვენა. ვკითხე, რას ნიშნავდა ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემით მიღებული ინფორმაცია? მიპასუხეს, რომ „იტერას“ რამდენიმე შვილობილი ჰყავდა და ერთ-ერთის ლიკვიდაცია მოხდა. აქ დამთავრდა ჩვენი საუბარი, ხოლო მათ თათბირი გააგრძელეს. მოკვლევა არ შეგვიწყვეტია. „სოკარის“ სათავო ოფისში დავრეკეთ, გვიპასუხა მაია გაგუამ. ვეკითხებით, _ „სოკარმა“ შეიძინა თუ არა კომპანია „იტერა საქართველო“? დადებითი პასუხი მივიღეთ, _ დიახ, „სოკარმა“ შეიძინაო. აქ შევწყვიტეთ სატელეფონო საუბარი. ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბერაძესთან პირადად ჩემი საუბრის დროს მივიღე, _ სამეთვალყურეო საბჭოს შეცვლა. თუ კომპანია არ გაყიდულა, კითხვა ჩნდება, _ რატომ შეიცვალა სამეთვალყურეო საბჭო? ბიზნესის კეთება მობეზრდათ, თუ აიძულეს, რომ გადამდგარიყვნენ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობებიდან? მოცემულობა ძალიან საეჭვოა, რაც დასადგენია. „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ და „იტერა საქართველოს“ ძალზე საეჭვო ურთიერთობებს ჰყავს მოწმეები, რომლებიც მსხვერპლად აქციეს და რადიკალური ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვდნენ. მოძიებული ინფორმაციებით მათ ამ ყველაფერს ავალებდა ალექსანდრე ხეთაგური, წინააღმდეგ შემთხვევაში, დირექტორობიდან გადააყენებდა. _ ვისზეა საუბარი და რას ნიშნავს მსხვერპლად ქცევა? _ მაგალითად, „რუსთავგაზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, სოსო გულიტაშვილი, გახლავთ ის პიროვნება, რომელსაც 50 თანამშრომლის განთავისუფლება დაავალეს. სოსო გულიტაშვილმა უარი უთხრა თანამშრომლების განთავისუფლებაზე, რის გამოც ალექსანდრე ხეთაგურმა იგი მოხსნა. სოსო გულიტაშვილმა ასეთი რამე განაცხადა: „ხელს არავინ აწერდა, მე მთხოვდნენ ამ საშტატო ერთეულზე ხელის მოწერას. ერთია, რომ 50 ადამიანი ჩემი ხელმოწერით უნდოდათ გაეთავისუფლებინათ და მეორეა გაზის მეურნეობის სპეციფიკა. ეს შეიძლება სურდეს მფლობელს, მაგრამ არ გამოდიოდეს გაზის მეურნეობაში. გაზი ფეთქებადი ნივთიერებაა და აქ არის დაშვებული ნორმები, რომელიც მოქმედებს ძალიან დიდი ხანია, მოკვლეულია და დადასტურებული სემეკის მიერ, სადაც წერია, რომ ეს სწორია და უნდა იყოს ზუსტად ამდენი ადამიანი, რომ „რუსთავგაზმა“ სწორად და უსაფრთხოდ იფუნქციონიროს. სწორედ უსაფრთხოების ნორმების დაცვის თვალსაზრისით განაცხადა უარი სოსო გულიტაშვილმა დადგენილ საშტატო ერთეულზე, თუმცა იგი, როცა შეხვედრაზე მივიდა, გააფრთხილეს, რომ თუ არ იქნებოდა ხელი მოწერილი, შესაბამის ზომებს მიიღებდნენ. გაფრთხილება სისრულეში მოიყვანეს. ყოფილ და არსებულ დირექტორებთან არსებობენ გარკვეული ადამიანები, რომლებიც ფარულად არ ეთანხმებოდნენ იმ დირექტივებს, თუმცა, საკუთარი თავის გადასარჩენად, ღიად ასრულებდნენ მითითებებს. ჩვენ იმავდროულად თვალყურს ვადევნებდით „სოკარის“ ვებგვერდს, სადაც მთელი ამ დროის განმავლობაში ამ კუთხით არანაირი ცვლილება არ აღინიშნებოდა. როგორც ჩანს, გადაიარა ქარტეხილმა და „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ ვებგვერდზე გამოჩნდა, ვციტირებ: „საქართველოს პრეზიდენტის კეთილგანწყობილი ბრძანება“, რითაც ქვეყნის ყველა რეგიონში მოქმედი გაზის სადისტრიბუციო ქსელი „სოკარის“ მმართველობაში გადავიდა, რასაც სიამაყით წერდნენ თავიანთი კომპანიის ვებგვერდზე. _ თქვენ მიერ მოკვლეული მასალების საფუძველზე, საბოლოოდ, რა დასკვნა შეიძლება გაკეთდეს? _ „სამართლისა და ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიის“ ხედვით, მითითებული გარემოებებითა და მასალებით, თავისუფალი ბიზნესისა და კონკურენციის წესები ირღვევა, რასაც, პრაქტიკულად, თავად კომპანია საჯაროდ ადასტურებს! მიგვაჩნია, რომ ამ მასალებზე დაყრდნობით აუცილებელია გამოიკითხონ როგორც „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“, ისე ყოფილი „იტერა საქართველოს“ თანამშრომლები. „სოკარს“, რომელსაც საკმაო რაოდენობით ჰყავს თანამშრომლები იურიდიულ სამსახურში, ყველა წესის დაცვით უნდა ჰქონდეს ინფორმაცია _ თუ როგორ ჩაიგდო ხელში „სოკარმა“ „იტერა საქართველოს“ ქსელი, რასაც თან უნდა ახლდეს ოფიციალური დოკუმენტები, ხელშეკრულებები, რის შემდეგაც მათი მოქმედება მთელ რეგიონში კანონიერად ჩაითვლება. „იტერა საქართველო“ რეგიონში ოპერირებდა და ამის გათვალისწინებით, ჩვენი ორგანიზაცია აღნიშნულ „კეთილგანწყობას“ კონკურენციის წესების უპირობოდ დარღვევად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ეს შემთხვევა ბიზნესის თავხედურად გადაბარებაა. თქვენი გაზეთის მეშვეობით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისგან პასუხს მოვითხოვთ შემდეგ კითხვებზე: იყიდა თუ არა კომპანია „სოკარმა“, კომპანია „იტერა საქართველო“? „იტერა საქართველოს“ გაყიდვის შემთხვევაში, შეგიძლიათ თუ არა წარმოადგინოთ ნასყიდობის ხელშეკრულება? მიიჩნევთ თუ არა საეჭვოდ ამ გარიგებას? თუ მიიჩნევთ გარიგებას საეჭვოდ, რა ღონისძიებებს გაატარებთ? თუ უკვე მიიჩნიეთ ეს გარიგება საეჭვოდ, რა ღონისძიებები გაქვთ გატარებული? ვალდებულნი იყავით თუ არა, ჩაგეტარებინათ ანალიზი ამ ორ კომპანიას შორის განხორციელებულ ურთიერთმოქმედებაზე? ამ ყველაფერზე სემეკმა თუ არ უპასუხა, კვლავ დღის წესრიგში დადგება მათი კომპეტენციის გადახედვის საკითხი, მათ ჩამოერთმევათ კანონით ის უფლებამოსილებები, რომელსაც ამჟამად ფლობენ და გადაეცემა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც ამდენ ტყუილს ფარდას ახდის. ამ ეტაპზე მათ ამ საკითხებზე არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნიათ, რაც დასანანია. სემეკი ვალდებული იყო, დაეცვა თავისუფალი კონკურენციის პირობები და არა ხელი შეეწყო მონოპოლიური პირობების შექმნისთვის!  

                                                                                                                თამარ ბატიაშვილი

 

გაზიარება