ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტრორანტი ბესიკ გვაზავა ერთ-ერთია, რომელმაც საჯარო სამსახურში მუშაობის დასაწყებად შესაბამისი პროცედურები გაიარა _ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე _ www.hr.gov.ge-ზე რეგისტრაცია გაიარა და ვაკანსიაზე საჭირო საბუთები გააგზავნა. ამბობს, რომ გლდანისა და ნაძალადევის რაიონში კულტურის, სპორტისა და განათლების განყოფილების წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა.
ტესტირების ეტაპზე 60 ქულა იყო საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ მან 53 ქულა მიიღო და გასაუბრებაც გაიარა, უარყოფითი შედეგი დადგა, წერილობით უამრავი მიმართვის მიუხედავად კი მიზეზი დღემდე ვერ გაარკვია.
„ქრონიკა+“-ს ბესიკ გვაზავა ესაუბრება:
_ ზაფხულში მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამოცდები ჩავაბარე. 60 ქულა იყო მაქსიმალური და მივიღე 53. შემდეგ განაცხადი გავაკეთე გლდანისა და ნაძალადევის გამგეობაში. გავიარე გასაუბრება, კმაყოფილები დარჩნენ, თუმცა უარყოფითი პასუხი მივიღე. შეტანილი მქონდა კულტურის, სპორტისა და განათლების განყოფილების წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე. რადგან კულტურა და სპორტი იყო, ცნობილი ლიტერატორი თემურ ქორიძე, ოლიმპიური ჩემპიონი რომან რურუა და ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა გამგეობაში ღიად მივიდნენ, როგორც რეკომენდატორები. არ მინდა, ვინმემ ეს სხვაგვარად გაიგოს, მხოლოდ რეკომენდაციის გაწევის სურვილი გახლდათ. ოფიციალური შეხვედრა იყო და არა პირადი, სამუშაო საათების პერიოდში. პირველ ეტაპზე უარი მითხრეს. უარის მიზეზი წერილში არ იყო დაფიქსირებული. სექტემბერში გამოცხადდა მიღების მეორე ეტაპი. მაშინაც მივიღე მონაწილეობა, ავირჩიე ნაძალადევის გამგეობა, გავიარე გასაუბრება და ისევ უარყოფითი პასუხი მივიღე. ამ გასაუბრებას ესწრებოდა გამგებლის მოადგილე და ისეთი სიტუაცია შეიქმნა, თითქმის ჩემი მიღება უკვე გადაწყვეტილი იყო. ამის შემდეგ მივწერე: არ მსურს სასამართლოში გავაგრძელო დავა იმის თაობაზე, თუ რამდენად ობიექტურად მიმდინარეობს მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსები, ადგილი აქვს თუ არა ნეპოტიზმისა და ჩაწყობის პრაქტიკას. უმორჩლესად გთხოვთ, მომაწოდოთ დასაბუთებული პასუხი, რატომ არ იქნა წარდგენილი ჩემი კანდიდატურა გათვალისწინებულ თანამდებობებზე დასანიშნად? ამასთანავე, გთხოვთ, საჯარო გახადოთ ინფორმაცია, _ ვინ, რა ნიშნით და როგორი უპირატესი მოტივით დაინიშნა ამ ვაკანსიაზე. მხოლოდ ჩემი შემთხვევა არ არის, ამის უამრავი მაგალითი არსებობს და რატომ უნდა აწყობდეს სახელმწიფოს, რომ ახალგაზრდებში ნიჰილიზმმა დაისადგუროს?! რაც ყველაზე საინტერესოა, სრულიად არაადეკვატური პასუხი მოვიდა. თავი არ შეიწუხეს და ჩემი მიმართვის მიუხედავად, მომწერეს, _ თქვენს კანდიდატურასთან დაკავშირებით განიხილა კომისიამ და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თქვენი კანდიდატურის წამოყენებაზე უარის შესახებ. ის, ვინც დაინიშნა, რა პრინციპით შეარჩიეს, ხომ უნდა ეთქვათ?! ვითხოვდი აბსოლუტურად სხვას და მივიღე სხვა პასუხი! ვინ დანიშნეს ამ ადგილზე, დღესაც არ ვიცი! სხვათა შორის, როდესაც ვაკანსია გამოცხადდა, ბოლოში მითითებული იყო, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფლებდეს აპლიკანტი, ასევე გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ფორმა და ვადა. იქ აღნიშნულია, რომ კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ქულათა სისტემის საფუძველზეო, ანუ დაგროვებულ ქულებს მიენიჭებოდა უპირატესობა. კი ბატონო, იმ ადამიანს, ვინც დანიშნეს, თუ მეტი ქულა აქვს მიღებული, გახადონ საჯარო! მერიის მაღალჩინოსნებთან შეხვედრა მოხდა და ამის საფუძველზე მათ ნაძალადევის გამგეობას დაავალეს, რომ ეს საკითხი განეხილათ. რამდენიმე დღის წინ იქიდან სრულიად არაადეკვატური შინაარსის პასუხი მოვიდა, _ თქვენ ითხოვდით ჩვენთან შეხვედრას და ეს შეხვედრა მოხდაო. ეს არის აბსურდი! ამის შესახებ თქვენთან იმიტომ კი არ ვლაპარაკობ, რომ ამბიციური ადამიანი ვარ, ეს არ არის მხოლოდ ჩემი პრობლემა და ამის უამრავი მაგალითი არსებობს! დოქტორანტი ვარ, სამუშაო გამოცდილებაც მაქვს, დიდად ხელფასითაც არ ვიყავი დაინტერესებული, მინდოდა, ჩემი წვლილი შემეტანა ამ საქმეში, საკუთარი იდეებით მივდიოდი და შეიძლება, ასე იქცეოდეს ხელისუფლება?!
ბესიკ გვაზავა არ არის ერთადერთი, ვინც მსგავს ისტორიას ჰყვება. საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველებს არა მარტო დედაქალაქში, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ჩატარებული კონკურსების მიმართაც აქვთ პრეტენზიები. ზოგი გასაუბრების ეტაპზე დასმულ არაადეკვატურ კითხვებზე ამახვილებს ყურადღებას, ზოგი კი აცხადებს, რომ საჯარო სექტორში ვაკანსიები მხოლოდ ფორმალურად ცხადდება, სინამდვილეში კი კონკრეტულ თანამდებობებზე კვლავ ის ადამიანები ინიშნებიან, რომლებიც მანამდე აღნიშნულ პოსტებზე მოვალეობის დროებითი შემსრულებლების ფუნქციას ასრულებდნენ. საზოგადოებაში არსებობდა და კვლავაც არსებობს აზრი, რომ საჯარო სექტორში პროტექციის გარეშე დასაქმება თითქმის წარმოუდგენელია.
როგორც დედაქალაქში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ჩატარებული კონკურსების მიმართ უნდობლობა და უკმაყოფილება არაერთხელ გამოითქვა. არასამთავრობო ორგანიზაციები საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ წარმართულ გასაუბრების ეტაპს აკვირდებოდნენ როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.
ლელა ტალიური _ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია:
_ დაკვირვების შედეგად ხარვეზები, ძირითადად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა მიმდინარე კონკურსის გასაუბრების პროცესზე, სადაც მონაწილე პირებს ისეთ კითხვებს უსვამდნენ, რომელიც შეეხებოდა მონაწილე პირების ოჯახურ და ფინანსურ მდგომარეობას და არ იყო პირდაპირ კავშირში მათ პროფესიულ გამოცდილებასა თუ უნარ-ჩვევებთან. იყო, მაგალითად, ასეთი შეკითხვები, _ ხარ თუ არა გათხოვილი? მარტო ზრდი თუ არა შვილს? პატარები ბაღში დადიან თუ არა? ვინ გეხმარება შვილების აღზრდაში? დამეთანხმებით, ეს კითხვები შეხებაში არ არის კონკურსში მონაწილე პირის პროფესიულ უნარებთან და მის გამოცდილებასთან. იგივე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დავაფიქსრეთ, რომ გამორჩეულ დამოკიდებულებას იჩენდნენ კომისიის წევრები უშუალოდ იმ პირების მიმართ, რომლებიც კონკურსში მონაწილეობდნენ და ამავე დროს იგივე მუნიციპალიტეტის სამსახურებში მოვალეობის დროებით შემსრულებლებად მუშაობდნენ, განსხვავებით იმავე პირებისგან, რომლებიც მანამდე მუნიციპალიტეტებში დასაქმებულები არ იყვნენ. მოვალეობის შემსრულებელებს თითქმის ერთსა და იმავე შინაარსის, რაოდენობისა და სირთულის კითხვას უსვამდნენ, განსხვავებით კონკურსში მონაწილე სხვა პირებისგან, რომელებსაც უფრო მეტ შეკითხვას აძლევდნენ. ხარვეზები დავაფიქსირეთ ასევე ბათუმის მერიის მოხელეთა გასაუბრებისას. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კომისიის წევრები გადიოდნენ გარეთ, ხშირად ტოვებდნენ გასაუბრების ოთახს ტელეფონზე სასაუბროდ, სიგარეტის მოსაწევად და გასაუბრების პროცესში, ძირითადად, კომისიის ორი წევრი მონაწილეობდა.
ლევან ნატროშვილი _ „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო“:
_ რომელ სახელმწიფო უწყებებში დაასაქმეს უკონკურსოდ ადამიანები, გამოყოფა გამიჭირდება, რადგან თითქმის ყველგან ერთი და იგივე ხდებოდა. მაგალითად, რიგ შემთხვევაში საკონკურსო კომისიები არ იყო შესაბამისად დაკომპლექტებული, ბევრი კითხვა ჩნდებოდა კომისიის წევრების კვალიფიკაციაზე. მაგალითად, ხაშურში, საჯარო სამსახურის ერთ-ერთ კონკურსზე, კომისიის წევრი სკოლის მასწავლებლები სვამდნენ კითხვებს, რომლებიც საქმეს სულ არ უკავშირდებოდა. გარდა ამისა, კონკურსებზე, უმეტეს შემთხვევაში, წერითი კომპონენტი არ იყო გამოყენებული, ძირითადად ზეპირი გასაუბრებები ტარდებოდა. წერითი კომპონენტისას უფრო ადვილია შედეგების ნახვა და გასაჩივრებაც. საბოლოოდ, ამგვარი მიდგომები არა მხოლოდ ნეპოტიზმის საფრთხეს, არამედ პოლიტიკური ნიშნით შერჩევისა და ათასი სხვა დისკრიმინაციის საშუალებას იძლევა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ხშირად საჯარო სექტორში კონკურსის გამოცხადებაც მხოლოდ შირმაა. როგორც წესი, ჩინოსანს წინასწარ ჰყავს შერჩეული კონკრეტულ ვაკანსიზე კონკრეტული ადამიანი, რომელიც გამოცხადებულ კონკურსში მხოლოდ ფიქტიურად მონაწილეობს, შედეგად კი მასზე ბევრად კვალიფიციური კადრი სამსახურს მიღმა რჩება. მათი თქმით, გამოსავალი მეტი გამჭვირვალობა და საჯარო სამსახურების საშუალო და ქვედა რგოლების ვაკანტურ თანამდებობებზე ობიექტური კონურსების ჩატარებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად ვიტრიალებთ ნეპოტიზმის მოჯადოებულ წრეზე. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ თუ მივიღეთ არაკვალიფიციური საჯარო მოსამსახურეების არმია, ამან ქვეყანას შესაძლოა, იმაზე მეტი უბედურება მოუტანოს, ვიდრე რომელიმე მძლავრმა სტიქიამ.
თამარ ბატიაშვილი