QronikaPlus
არის თუ არა გზების დეპარტამენტის ტენდერები კონკრეტულ კომპანიებზე მორგებული?

არის თუ არა გზების დეპარტამენტის ტენდერები კონკრეტულ კომპანიებზე მორგებული?

2016-02-23 10:44:47

ა/ო „მონიტორინგის ცენტრი მედიატორი“ გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კონკურსები კონკრეტულ ფირმებზე და კომპანიებზე არის მორგებული. მათივე შეფასებით, წამოყენებულ სატენდერო პირობებს მხოლოდ ფინანსურად ძლიერი, ან სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაახლოებული კომპანიები დააკმაყოფილებენ. კონკრეტული პრეტენზიებით „მედიატორს“ საგზაო-სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელებმა და მეპატრონეებმა მიაკითხეს, რომლებიც, ამ ეტაპზე, ვინაობის დასახელებაზე უარს ამბობენ. „ქრონიკა+“ ა/ო „მონიტორინგის ცენტრ მედიატორის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გივი კუბლაშვილს ესაუბრება: _ ქვეყნის ბიუჯეტი რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის მუდმივი შემოსავლის წყაროდ იქცა, ახალი აღარავისთვის არის. კონკრეტული საქმე ეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომელიც, თავის მხრივ, ერთი წელია, უპატრონოდ არის მიტოვებული. ცნობილი ამბავია, რომ მიტოვებულ ტაძარს ეშმაკები ეპატრონებიან. სტრატეგიული, გზების დეპარტამენტი მთელი წელიწადია, თავმჯდომარის გარეშეა დარჩენილი, ხოლო მინისტრ ჯავახიშვილს გზების მშენებლობის არაფერი გაეგება. ამ დროს ყველაფერი სწორედ მასთან თანხმდება. რეალურად, დეპარტამენტს მოადგილეები მართავენ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენს ორგანიზაციას დახმარების თხოვნით უკვე არაერთმა საგზაო-სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა და მეპატრონემ მოაკითხა, რამაც გვაიძულა, რომ აღნიშნული დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერების შესწავლა დაგვეწყო. _ კონკრეტულად, რას ითხოვენ? _ მეგზევეები სატენდერო პირობებში კაბალურ მოთხოვნებზე საუბრობენ და ჩვენც, გარკვეულწილად, ვეთანხმებით, რადგან უწყებას ისეთი მოთხოვნები აქვს, ჩნდება განცდა, რომ ტენდერები კონკრეტულ ფირმებზე და კომპანიებზეა მორგებული, რა პირობებსაც მხოლოდ ფინანსურად ძლიერი, ან სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაახლოებული კომპანიები დააკმაყოფილებენ. მაგალითისთვის, ასეთი მოთხოვნებია: 1. ტექნიკის პირად მფლობელობაში ქონა. ანუ არა იჯარით, გირავნობით ან თხოვებით, აუცილებლად ლიზინგით შეძენილი, ან პირად მფლობელობაში უნდა ჰქონდეს კომპანიას ეს ტექნიკა; 2. კომპანიას არ უნდა ჰქონდეს საფინანსო ან საბანკო ინსტიტუტების დავალიანება (კრედიტი, ყადაღა, საგადასახადო გირავნობა და ა. შ.). ასეთის არსებობის შემთხვევაში, შემსყიდველი იტოვებს უფლებას, მიიღოს გადაწყვეტილება კომპანიის დატოვების, ან დისკვალიფიკაციის თაობაზე; რაც კომპანიებისთვის სირთულეს წარმოადგენს, რადგან ამ ტიპის მოთხოვნა მათ ტენდერში მონაწილეობის მიღებას არ უზღუდავს; რისთვისაც მან ტენდერის სავარაუდო ღირებულების 1% საგარანტიო თანხა უნდა გადაიხადოს, რომელიც დისკვალიფიკაციის შემთხვევაში არ უბრუნდება. სიტყვაზე, თუ ტენდერი ერთ მილიონზეა, მისი ერთი პროცენტი გირავნობის თანხა უნდა გადაიხადო. თუ ეს კომპანია კონკურსში გაიმარჯვებს, მაგრამ ტენდერის გამომცხადებელი, ანუ გზების დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ მას გირავნობა, ან რაღაც საგადასახადო დავალიანება აქვს და დისკვალიფიკაციას მისცემს, ეს ერთი პროცენტი კომპანიას აღარ დაუბრუნდება; 3. მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 30%-იანი თავისუფალი ფინანსური რესურსის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი შეიძლება იყოს საკრედიტო ხაზის არსებობა, ან სადებეტო ანგარიში. რაზედაც კომპანიები აცხადებენ, რომ ამდენი თანხა რომ გვქონდეს, ამაზე საერთოდ არ ვიმუშავებდით და მათთან სამათხოვროც აღარაფერი გვექნებოდაო. წარმოიდგინეთ, სიტყვაზე ათმილიონიან ტენდერზე პირებს, 30 პროცენტი ანგარიშზე რომ ჰქონდეთ, მართლაც საქმეს ასე სამათხოვროდ რატომ გაიხდიან? კონკრეტულ მაგალითებს რომ მოგიყვანთ, ნახავთ, რომ, რეალურად, ბევრ კომპანიას სამათხოვროდ აქვს საქმე სამინისტროსთან და დეპარტამენტთან, რომ რაღაც სამუშაო მისცენ. რაც შეეხება ტენდერის კონკრეტულ კომპანიაზე მორგების, ან სავარაუდო გარიგების ფაქტებს, საკმაოდ ბევრია დეპარტამენტის მიერ შეწყვეტილი ტენდერების რაოდენობა და შემდეგ იგივე ტენდერის შესრულებისთვის უფრო ძვირად გაფორმებული ხელშეკრულებები. _ რა მაგალითების მოყვანა შეგიძლიათ?  _ 2015 წლის 18 ივნისს გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-1) ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 150+500 _ კმ 159 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე კოდით შPA150015450, რომელშიც ხუთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ყველაზე დაბალი ფასი 7 662 999 ლარი დაფიქსირდა. მეორე ადგილზე გასულმა კომპანიამ 7 663 000 ლარი, ხოლო მესამეზე გასულმა 8 574 601 ლარი დააფიქსირა; დეპარტამენტმა პირველ ორ ადგილზე გასულ კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მისცა დისკვალიფიკაცია, ხოლო მესამემდე აღარც მისულა, ისე შეწყვიტა ტენდერი, რაც მესამე ადგილზე გასული კომპანიის მაღალი ფასით ახსნა, _ ის იმდენად მაღალია, რომ შესასრულებელ სამუშაოს არ შეესაბამებაო. რეალურად, 8 მილიონ 720 ათასიანი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. აღნიშნულ გზის მონაკვეთზე დეპარტამენტმა ხელმეორედ ტენდერი 2015 წლის 9 დეკემბერს გამოაცხადა. თითქმის 6 თვის ლოდინის შემდეგ კოდით შPA 150033664, რომელშიც მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და ფასი 8 477 777 ლარი დააფიქსირა. ეს ტენდერიც შეწყვეტილად გამოაცხადა დეპარტამენტმა, რადგან მასში მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა. და უკვე მესამედ აღნიშნული გზის შესაკეთებელი ტენდერი 2016 წლის 16 იანვარს გამოაცხადა, რომელშიც ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ამ შემთხვევაში, მინიმალური ფასით, 8 592 316 ლარით ერთ-ერთმა კომპანიამ დაასრულა ვაჭრობა. ეს პროცესი ახლახან, 8 თებერვალს დასრულდა. რამდენი დღეა გასული და სამინისტროს, ჯერჯერობით, გადაწვეტილება არ მიუღია, რაც კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ გზების დეპარტამენტი უპატრონოდ არის დატოვებული. ვაჭრობის დასრულებიდან ერთი კვირა გავიდა და წინსვლა არ შეინიშნება, რაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დეპარტამენტის უპატრონობის ბრალია. რეალურად, გადაწყვეტილების მიმღები მინისტრია და სანამ ის არ მოიცლის, აღნიშნულ კომპანიასთან ამ ხელშეკრულებას ვერავინ გააფორმებს. ამიტომ იჭიმება გზების შეკეთების პროცესი. აგერ, ერთი გზის მონაკვეთის შეკეთებას თითქმის 8 თვე დასჭირდა და ჯერ ხელიც არ არის განძრეული. ახლა რაც შეეხება მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან საბიუჯეტო თანხებზე მოჯდომას და მის ხვრას: ტენდერების შესწავლისას წავაწყდით საკმაოდ საინტერესო ფაქტს, რომელშიც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, სერგო ხაბულიანის დაფუძნებული კომპანია „ცეკური“ ფიგურირებს. მისი დირექტორი ამჟამად ბატონი ხაბულიანის შვილი, ბექა ხაბულიანია. გზების დეპარტამენტმა, 2015 წლის 20 აგვისტოს, ტენდერი გამოაცხადა ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზის რეაბილიტაციის სამუშოების შესრულებაზე ნომრით შPA150023140, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 11 072 379 ლარს; მასში ოთხმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მინიმალური ვაჭრობის შედეგად, ფასები შემდეგნაირად გადანაწილდა: 1. 8 857 904 ლარი; 2. 9 999 999 ლარი; 3. 10 477 777 ლარი _  ეს მესამე თანხა ხაბულიანის „ცეკურმა“ დააფიქსირა; 4. 10 777 777 ლარი. აქაც დეპარტამენტმა გამარჯვებულ კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მისცა დისკვალიფიკაცია. და ისე, რომ მეორე ადგილზე გასული კომპანიის დოკუმენტები არც კი შეამოწმა, ტენდერი შეწყვეტილად გამოაცხადა. არც რამე განმარტება გაუკეთებია, თუ რატომ შეწყდა ეს ტენდერი. ნებისმიერმა მსურველმა დოკუმენტაცია რომ შეამოწმოს, ნახავს, რომ იქ უწერიათ ტენდერის შესახებ წესის მეორე მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით უბრალოდ ოქმი უნდა შედგეს, რომ ტენდერი შეწყვეტილია; ეს გამოცხადდეს და ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოსო. მოკლედ, ტენდერი მხოლოდ ამ ოქმის საფუძველზე შეწყვიტეს. _ ამის შემდეგ რა მოხდა? _ ამავე გზის მონაკვეთის შეკეთების ტენდერი განმეორებით გამოაცხადა 2015 წლის 19 ოქტომბერს, შPA150028013 ნომრით. სავარაუდო ღირებულება 11 072 379 ლარი, სადაც მხოლოდ ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და ერთ-ერთი ისევ „ცეკური“ აღმოჩნდა, რომელმაც ტენდერი მოიგო და გამარჯვებულ ფასად 10 777 111 ლარი დაფიქსირდა. ამ ქმედებით „ცეკურმა“ და გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო 777 112 ლარით აზარალეს, რაც საბაბს იძლევა ვივარაუდოთ ხელოვნურად შეწყვეტილ ტენდერზე და დეპარტამენტსა და კომპანიას შორის გარიგებაზე. მით უმეტეს, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ კომპანიის დამფუძნებელი არის სერგო ხაბულიანი, ხოლო დირექტორი _ მისი ვაჟი. ანუ პირველი ტენდერი ხელოვნურად შეწყდა, რადგან „ცეკური“ იმ ტენდერის მომგები ვერ გახდებოდა. დეპარტამენტმა ეს ტენდერი შეწყვიტა, თავიდან გამოაცხადა და აქ, შესაბამისად, ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა _ დაბალი ფასი 10 777 111 ლარი „ცეკურმა“ დააფიქსირა. რეალურად, ამით სახელმწიფო აზარალეს და თანხების მითვისების ეჭვი გააჩინეს. რატომ მოხდა, ესეც მარტივად გასაგებია. დეპარტამენტის მხრიდან ასევე შეინიშნება კომპანიების უმიზეზოდ დისკვალიფიკაციისა და ტენდერის შეწყვეტის ფაქტები, სადაც მიზეზად გაუთვალისწინებელი გარემოებები შეუძლიათ მოიყვანონ. კომპანია ტენდერს მოიგებს, ის არ მოეწონებათ, ან საერთოდ ვერ მოძებნიან, შეთანხმებას ვერ მიაღწევენ (გარიგებები ვერ შედგება) და გაუთვალისწინებელი გარემოებებით დეპარტამენტი ამ ტენდერს წყვეტს და მერე თავიდან აცხადებს. რეალურად, ეს პრობლემებს ქმნის გზებზეც და დაბრკოლებებს უქმნის კომპანიებსაც, იმ წვრილ კომპანიებს, რომლებსაც მუშაობის საშუალება არ ეძლევათ. _ რეაგირებისთვის ვინმეს თუ მიმართეთ? _ ჩვენ თხოვნით მივმართავთ ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, დაინტერესდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობით. მინისტრის მუშაობით იმიტომ, რომ რეალურად ის მართავს დეპარტამენტს. კომპანიები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ დეპარტამენტის მოადგილეები ყველაფერს ათანხმებენ მინისტრ ჯავახიშვილთან, რომელსაც გზების მშენებლობის არაფერი გაეგება. აქედან გამომდინარე, კარგად შესასწავლია მათ მიერ დადებული ხელშეკრულებები, რადგან აშკარად შეინიშნება კორუფციის შემცველი ფაქტები. _ რატომ არ ჰყავს გზების დეპარტამენტს ერთი წლის განმავლობაში უშუალო ხელმძღვანელი? _ ამაზე რაციონალური პასუხი არ არსებობს. 2015 წლის მაისში დეპარტამენტის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს და მას შემდეგ არავინ დანიშნულა. დეპარტამენტის საიტზე რომ შეხვიდეთ, მის სტრუქტურაში თანამდებობის პირების იერარქია პირველი მოადგილით იწყება. რეალურად კი დეპარტამენტს მინისტრი მართავს. _ ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დარგში არსებულ მდგომარეობაზე? _ საჭიროა პროფესიონალი, გზების მცოდნე ადამიანის დანიშვნა თავმჯდომარის თანამდებობაზე, რომელსაც რეალურად ეცოდინება, როგორ უნდა გამოცხადდეს ტენდერი, ზოგადად რას მოიცავს გზების მშენებლობა და ა. შ. მარტო ტენდერის პირობებში ისეთი გაუთვითცნობიერებელი პუნქტები აქვთ ჩადებული, რომ კომპანიებს მუშაობის საშუალება, უბრალოდ, არ ეძლევათ. ვიმეორებ, ან ძალიან მდიდარი კომპანია უნდა იყოს საგზაო მშენებლობის მიმართულებით, უზარმაზარი თანხები ჰქონდეს, ან სამინისტროსთან, ზოგადად, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან დაახლოებული უნდა იყოს, რათა სამუშაო მიეცეს. ვერ წარმომიდგენია, რომ დღეს რომელიმე წვრილ კომპანიას შესასრულებელი სამუშაოს 30% ანგარიშზე ჰქონდეს დადებული მკვდარი თანხის სახით. ან ამხელა საკრედიტო ხაზი გააჩნდეს. ახლა, ეს საკრედიტო ხაზი რომც ჰქონდეს, იმ თანხის პროცენტი მერე ისევ ხომ ამავე კომპანიის გადასახდელია? ამიტომ მათთვის მუშაობა, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება. _ ამ კომპანიების პრეტენზიებთან დაკავშირებით უშუალოდ დეპარტამენტს, სამინისტროს ხომ არ მიმართეთ? _ ეს ინფორმაცია სამინისტროსთვის არ მიგვიწოდებია, აზრიც არ აქვს, რადგან, ამ ეტაპზე, აღნიშნული კომპანიების დასახელება სწორად არ მიგვაჩნია. მათ გვთხოვეს, რომ სახელები არ დაგვესახელებინა, რათა შემდეგში პრობლემები არ შეექმნათ; საერთოდ არ წაართვან თუნდაც მცირე თანხიან ტენდერებში მონაწილეობის საშუალება. ამ კომპანიებში მუშაობენ ადამიანები, რომელთა ზურგს უკან ოჯახის წევრები დგანან, ამიტომ ლუკმა-პურის დაკარგვის ეშინიათ. ისინი ამბობენ, რომ ბევრჯერ შეხვდნენ თანამდებობის პირებს, მათ შორის, მინისტრს, დეპარტამენტში მოადგილეებს ვესაუბრეთო. მათი საუბარი შეეხება ტენდერის ტექნიკურ დოკუმენტებში ზემოაღნიშნული პირობების არასწორ შეტანას, რადგან კომპანიები ამის გამო ფიზიკურად ვეღარ შეძლებენ ტენდერში მონაწილეობას. მერე ის, რომ თანხების დაკარგვა უწევთ და სხვ. _ სხვა გზების მონაკვეთებში მონიტორინგი თუ ჩაგიტარებიათ? _ ამ ეტაპზე ჩვენ შევისწავლეთ პრობლემა, რომელზედაც თვითონ კომპანიებმა და მეპატრონეებმა მოგვმართეს. ჩვენ გავაგრძელებთ გზების დეპარტამენტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის შესწავლას. აღმოჩენილი დარღვევების ან გადაცდომების შემთხვევაში, აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას და მივმართავთ შესაბამის ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებსაც ამ საქმიანობის შესწავლა და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ხელეწიფებათ. „ქრონიკა+“ კომენტარისთვის პარლამენტის დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, სერგო ხაბულიანს დაუკავშირდა: „დირექტორი ჩემი შვილია. აღნიშნული კომპანია მე დავაფუძნე, მაგრამ როგორც პარლამენტის წევრი, მართვაში არ ვმონაწილეობ, ამიტომ სამუშაო პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობ და ვერც გიპასუხებთ. ეს ჩემს კომპეტენციას აღემატება და ნებისმიერი ინფორმაცია გზების დეპარტამენტმა უნდა გასცეს. რასაკვირველია, რაიმე გარიგების შესაძლებლობას სრულიად გამოვრიცხავ“.

                                                                                                               გელა მამულაშვილი

 

გაზიარება