არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ თავმჯდომარე, ბესო შენგელია, თავდაცვის სამინისტროში არსებულ მდგომარეობაზე რასაც მოგვიყვა, მართალია, ცოტა კურიოზულად ჟღერს, მაგრამ მეტად საგულისხმოა, ვინაიდან საქმე ეხება ქართულ ჯარს, ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მთავარ კომპონენტს. შენგელიას თქმით, ჯარისკაცები იქ შექმნილი მდგომარეობით უკმაყოფილონი არიან და აცხადებენ, რომ ხელმძღვანელობის მხრიდან ეს არის არა მხოლოდ მათი პიროვნული შეურაცხყოფა, არამედ ქართული ჯარის დაკნინებისა და სახელის შებღალვის მცდელობა.
ბესო შენგელია:
_ თინა ხიდაშელის სამინისტროში დიდი ამბავია, ყველა აცხადებს, რომ მან თავდაცვის სამინისტრო საკუთარ NGO-დ აქცია. ჯარისკაცები თავს დაცულად აღარ გრძნობენ.
_ ამ სიტყვების უკან რა იგულისხმება?
_ ახლა ისეთი ტენდერის შესახებ მოგიყვებით, შეიძლება ცუდად გახდეთ: ამერიკელებმა რამდენიმე თვის წინათ ჩვენს ჯარს სამხედრო ჩექმები აჩუქეს. ეს არის ზაფხულში ჩასაცმელი, ე. წ. საჰარის ჩექმები, ძალიან მაღალ სიცხეშიც კი მასში ფეხი არ იოფლება, თუმცა ის არ გამოიყენება წყალში და მით უფრო, სიცივეში. ქართველ ჯარისკაცებს მხოლოდ ეს ჩექმები ჰქონდათ და ზამთარს ამ ჩექმებით შეხვდნენ. თავდაცვის სამინისტროს სხვა ჩექმა მათთვის არ შეუძენია. როცა ზამთარი დადგა და ყველა ამ ფაქტის წინაშე აღმოჩნდა, თავდაცვის სამინისტრომ უცნაურ ხერხს მიმართა _ მან ჯარისკაცებს ზამთრისთვის რეზინის ჩექმები, იგივე ბოტები დაურიგა, სოფლის მეურნეობის სამუშაოების დროს რომ აცვიათ ხოლმე ადამიანებს. როგორც აღმოჩნდა, ეს ბოტები მათ საწყობში ჰქონდათ და ასე იპოვეს გამოსავალი, თუმცა საკუთარი ქმედება ისე მოეწონათ, რადგან ბოტები ჯარისკაცებს არ ეყოთ, ადგნენ და ტენდერი გამოაცხადეს იგივე სახის რეზინის ჩექმებზე. ამის დასამტკიცებლად ფოტოც მაქვს და ტენდერის ასლსაც გაჩვენებთ. უგანდაშიც კი არ აცვიათ ჯარისკაცებს ასეთი ბოტები. ამის შემდეგ ზოგი სამხედრო იძულებული გახდა, წასულიყო და საკუთარი ფულით ეყიდა ზამთრის ჩექმები(!!!). ეს არის ჯარის დაცინვა.
_ წვრთნების დროს ჯარისკაცები ბოტებით დარბიან? რას მეუბნებით?!.
_ ნახეთ, 200 ცალ რეზინის ჩექმაზე კიდევ არის გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც 24 თებერვალს დამთავრდება და, ალბათ, ვისაც აქამდე არ მიუღია და ვერ შეხვდა ბოტები, თებერვლის ბოლოს შეუძენენ. მანამდე რა დაემართებათ და როგორ გაიყინებიან, არავის ადარდებს. „გაპაზორებული“ მდგომარეობაა.
_ ასე რატომ გააკეთეს, თქვენი აზრით, თანხა არ ჰქონდათ, თუ ბიუჯეტი დაზოგეს?
_ ჯარს სერიოზულად არ უდგებიან და მას ისე არ აფასებენ, როგორც ეს საჭიროა. სამხედრო მოსამსახურეს რომ ბოტებს დაურიგებ, ძალიან სასაცილოა. ჯარისკაცები ამბობენ კიდეც, ეს ჩვენი გაშაყირებაა და ჩვენს სინდის-ნამუსზე ზემოქმედებენო. სამხედრო ნაწილში რეზინის ბოტებით როგორ უნდა გვევლო, ამიტომ წავედით და ჩვენ თავად შევიძინეთ ჩექმებიო.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ უნდა გითხრათ, რომელიც სანდო წყარომ მომაწოდა. ბოლო პერიოდში გენშტაბის ხელმძღვანელი კაპანაძე ავღანეთში იყო ჩასული, სადაც სამხედრო მოსამსახურეებს შეხვედრაზე განუცხადა, ხელფასი მოგიმატეთო. ჯარისკაცებმა უთხრეს, _ როგორ მოგვიმატეთ, რასაც ვიღებდით, იგივეს ვიღებთ ახლაცო? რომ იცოდეთ, მისიებში ხელფასს ჯარისკაცები დოლარებში იღებენ. კაპანაძემ მათ უპასუხა, ისევ იგივეს კი იღებთ, მაგრამ დოლარის კურსი ხომ გაიზარდა ლართან მიმართებაში და ლარში ახლა მომატებული გაქვთო. ცხადია, ესეც დაცინვაა და მეტი არაფერი.
ცოტა ხნის წინ კი სამწუხარო ფაქტი მოხდა, სამხედრო მოსამსახურე იმის გამო გარდაიცვალა, რომ დროულად ვერ უმკურნალეს. მას ვირუსი შეხვდა, არმკურნალობის და ვერმკურნალობის მიზეზი კი გახლდათ ის, რომ მას ჯანმრთელობის დაზღვევა არ ჰქონდა. როგორც ცნობილია, ყველა სამხედრო მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს სამედიცინო დაზღვევა.
_ მას რატომ არ ჰქონდა?
_ წელიწადი როცა მთავრდება, სამინისტრომ დროულად უნდა იზრუნოს მომავალი წლის დაზღვევის გაფორმებაზე. სამინისტროს სხვა კომპანიასთან უნდოდა გაეფორმებინა ხელშეკრულება, რაზედაც დროულად არ იზრუნა, ამიტომ თვენახევარი შეჩერებული იყო ჯარისკაცების დაზღვევა. სწორედ მაშინ გახდა ეს საწყალიც, თურმე, ავად. ყველა ლაპარაკობს ამ ფაქტზე, რომ ბიჭმა თავს ვერ მიხედა, რადგან ექიმის ფული არ ჰქონდა და დაზღვევა კიდევ არ გააჩნდაო. არ ვიცი, რა გრიპი იყო ეს, მაგრამ ფაქტია, რომ გარდაიცვალა.
_ როდის მოხდა ეს ფაქტი და სად, იქნებ, ესეც გვითხრათ?
_ ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტი მოხდა ერთი თვის წინ, როგორც მე ვიცი, ვაზიანის სამხედრო ნაწილში. თანამდებობის პირი სამხედროებისგან შევიტყვე. მთელი ჯარი მაგაზე ლაპარაკობს, რომ `ენჯეოშნიკებმა~ გაანადგურეს ჯარიო. ახლა 2-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადეს, კეპს, შარვალს და მაისურს ყიდულობენ, ფეხსაცმელზე კი ამჯერადაც არ ზრუნავენ. ვერ ვიტყვი, რომ სამხედროებს ფორმა არ სჭირდებათ, მაგრამ თანხა სწორად უნდა გადანაწილდეს. მოიკლონ პრემიები, ხელფასები და უყიდონ ფეხსაცმელი. რად უნდა სამხედროს კეპი, თუ მას ფეხი გაეყინება, ან ბოტებით ივლის? 12 ათასი ცალი 100-გრამიანი კბილის პასტის შეძენა უნდათ და ამაზეც ტენდერია გამოცხადებული, მაგრამ 30 ათასზე მეტი ჯარისკაცია და ეს რაოდენობა ეყოფათ? 35-ათასიანი ტენდერი აქვთ გამოცხადებული ნახევრად რბილი სკამების შესასყიდად. მინიმუმ, 10 მილიონის ტენდერია გამოცხადებული ახალი წლიდან და ნუთუ, არ შეიძლებოდა, რომ ეს ტენდერები ისე გადანაწილებულიყო, რომ ჯარისკაცებს რეზინის ფეხსაცმელი არ სცმოდათ? რად გვინდა ჯარისკაცი, რომელსაც მუხლამდე ბოტები ეცმება?
,,ქრონიკა+“ კომენტარისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა:
_ ეს არის არასწორი ინფორმაცია. ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მყოფ ქართველ ჯარისკაცებთან ხელფასის მომატებაზე გენერალ კაპანაძეს არ უსაუბრია. 2016 წლის პირველი იანვრიდან ყველა გეგმური, სტაციონარული და ამბულატორიული შემთხვევა მიმართული იყო სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო ყველა გადაუდებელი შემთხვევის დროს სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ნებისმიერი უახლოესი შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებისთვის მიემართათ _ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯებს მთლიანად თავდაცვის სამინისტრო ანაზღაურებდა. იანვარში ყველა სამხედრო მოსამსახურისა და ოჯახის წევრის სამედიცინო მომსახურების ხარჯი თავდაცვის სამინისტრომ აანაზღაურა. ყველა სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებდა და ამოწმებს სამხედრო ნაწილის ექიმი და საეჭვო მდგომარეობის აღმოჩენის შემთხვევაში ენიშნებოდათ მკურნალობა. სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ და იმყოფებიან მუდმივი და რეგულარული დაკვირვების ქვეშ, განსაკუთრებით ეპიდემიის საშიშროების გავრცელების პერიოდში.
„ბატინკების“ ნაცვლად რეზინის ბოტები არ გაიცემა, ასეთი ფაქტი არ დასტურდება. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ჩასატარებელი სამუშაოები, ან ამინდი მოითხოვს ამას. შეიარაღებულ ძალებში „ბატინკების“ დეფიციტი არ არის. რაც შეეხება ფაქტს, თუ ასეთი შემთხვევა მოხდა, ეს არის მეთაურის გადაცდომა, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭიროა, ზუსტი დრო და ადგილი, სადაც ეს მოხდა. ტენდერი გამოცხადებულია „ბატინკებზეც“ და ბოტებზეც. ველოდებით შედეგებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბოტებს „ბატინკების“ ნაცვლად ვყიდულობთ. „ბატინკებს“ თავისი დანიშნულება აქვს, ბოტებს _ თავისი. ანუ შეიარაღებული ძალების საჭიროებისათვის ბოტებიც შეიძლება შევიძინოთ და სხვა ტიპის სპეციალური ფეხსაცმელიც. მათ თავიანთი დანიშნულება აქვს.
ნელი ვარდიაშვილი