QronikaPlus
ისრაელი: პრობლემები და პერსპექტივები

ისრაელი: პრობლემები და პერსპექტივები

2016-02-20 07:07:28

ეს წერილი, ძირითადად, დაიწერა საქართველოში, ან სადმე სხვა ქვეყანაში (არა ისრაელში) მცხოვრები ქართველი მკითხველისათვის ისრაელის შესახებ ყოველდღიური ინფორმაცია, რასაც მსოფლიო მედიის საშუალებებით გებულობს ან დამახინჯებულია, ან ძალიან შორსაა სიმართლისგან. და ეს არა მარტო ისრაელისადმი არაკეთილგანწყობილი ან არაპროფესიონალი ჟურნალისტების ბრალია. ამაში თვით ებრაელებიც ვართ დამნაშავე იმ განსაკუთრებული თვისებების გამო, რომელიც, ალბათ, გენეტიკურ დონეზეა ჩვენში ჩადებული: ებრაელი  მაშინაც კი, როცა ირგვლივ ყველაფერი ძალიან ცუდადაა, ფიქრობს, რომ საქმე არც ისე ცუდადაა, თავსაც და სხვასაც ამშვიდებს ტრაფარეტული „ჰაკოლ ბესედერ“-ით („ყველაფერი წესრიგშია“), ანდა „ჰაკოლ იჰიე ბესედერ“-ით („ყველაფერი კარგად იქნება“). საქართველოში ისრაელს იცნობენ, როგორც მაღალგანვითარებულ და „დალაგებულ“ სახელმწიფოს, რომელსაც უამრავი მიღწევა აქვს თითქმის ყველა სფეროში (ცოტა სპორტში მოვიკოჭლებთ, მართალია). მაგრამ ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს მსოფლიოში არ გააჩნია ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული იმდენი პრობლემა, როგორც ისრაელს. 140 წლის განმავლობაში თავის ისტორიულ სამშობლოში ბრუნდება ოდესღაც აქედან განდევნილი ებრაელი ერი და მთელი ეს პერიოდი ის მუდმივი განადგურების მუქარის ქვეშ იმყოფება. ვფიქრობ, რომ უახლოესი 140 წელიც ეს პრობლემები კვლავ დარჩება (ღმერთმა ქნას, ვცდებოდე). თანაც, ეს პრობლემები, როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო, არათუ კლებულობს, სულ უფრო სერიოზული და ავისმომასწავებელი ხდება, რაც ისრაელს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აყენებს. მაგრამ შეიძლება ამ მდგომარეობაშიც კი ისრაელმა თავისთვის რაღაც სარგებელი ნახოს, თუ შეძლებს და მოძებნის მის წინ მდგარი სირთულეების გადალახვის საშუალებებს. თუ ჩვენ ეს შევძელით, მაშინ უფრო გავძლიერდებით, თუ არადა, განწირულები ვართ. მოდით, გადავხედოთ, თუ რა მდგომარეობაა დღეს მსოფლიოში ჩემი აზრით, ევროპა თვითმკვლელობით ამთავრებს თავის დღევანდელ სიცოცხლეს. ამაზე არაერთხელ დამიწერია (მსურველს შეუძლია წაიკითხოს სტატიები: „რა ხდება ჩვენთან სინამდვილეში?“, „მსოფლიოს აღარ სჭირდება ებრაელები“, _ ჩემს საიტზე ინტერნეტში ალეხანდერპელეგ.ნეტ) და კიდევ გავიმეორებ. პირველ რიგში, მათ წინაშე დგას დემოგრაფიული პრობლემა: ხალხს, ვისაც არ სურს ბავშვების გაჩენა, მომავალი არ გააჩნია. ევროპაში ბავშვების გაჩენას ურჩევნიათ, თავიანთ ქვეყანაში შემოუშვან მილიონობით არაბი ემიგრანტი, რომლებიც ცუნამივით წალეკავენ მას. რას ვიზამთ, „გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასაო“, ნათქვამია. ევროპელებსა და იქ მისულ მუსლიმანებს უფლება აქვთ, დატკბენ ერთმანეთთან ურთიერთობით, თუ მათ ეს ასე ძალიან სურთ. ყველაზე მთავარი კი ამ სიტუაციაში ის არის, რომ ევროპელებმა დაკარგეს რწმენა თავიანთ ფასეულობებში. ამ თვალსაზრისით, ისრაელი ევროპასთან შედარებით გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვინაიდან მას გააჩნია ამგვარი პრობლემების გადაჭრის საშუალებები. ჩვენ ვცხოვრობთ ახლო აღმოსავლეთში _ მსოფლიოს ყველაზე არასტაბილურ რეგიონში. არაბული სამყარო არასიცოცხლისუნარიანია, და ამას არაბები მშვენივრად ხვდებიან. უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში მათი ყველა წამოწყება კრახით დამთავრდა. დღევანდელი თაობა და ის თაობა, რომელიც მოდის, იმდენად ღრმად განიცდის გადატანილი დამარცხებების სიმწარეს, რომ მათ არავითარი იმედი არ უნდა გააჩნდეთ, უახლოეს მომავალში მათი მდგომარეობა რომ მკვეთრად შეიცვლება უკეთესობისკენ. ეს უიმედობა მათ მეორე უკიდურესობისკენ უბიძგებს, ანუ ისინი იმას კი არ ცდილობენ, უკეთესი ცხოვრებისკენ ესწრაფონ და ამისათვის გადადგან პოზიტიური, აღმშენებლური ნაბიჯები, არა, პირიქით, ისინი უფრო და უფრო ანგრევენ და აოხრებენ ყველაფერს როგორც თავიანთ ქვეყნებში, ისე მის გარეთაც. და სიტუაცია ამის გამო მთელ მსოფლიოში სულ უფრო მძიმდება. ისრაელი რეგიონში გაჩაღებული კრიზისის ეპიცენტრში იმყოფება. ერთი მხრივ, შენი მტერი რომ ცუდადაა, უნდა გიხაროდეს, არა? მაგრამ გასახარელი აქ არაფერია. ახლო აღმოსავლეთი არასტაბილურობისა და ძალმომრეობის წყაროა. ის, რაც დღეს „ისლამურ სახელმწიფოში“ ხდება, ეს მხოლოდ ვიტრინაა იმისა, რაც მთელ არაბულ სამყაროში დახურულ დარაბებს მიღმა ხდება. ეს უნივერსალური პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ არაბულ ქვეყნებში აქა-იქ ვხვდებით ადამიანებს, რომლებსაც ყველაფერი ესმით და მზად არიან იმოქმედონ, საერთო ფონზე მათ ძალისხმევას ნულოვანი ეფექტი აქვს, ვინაიდან მთელ საზოგადოებაში მათ არავინ უჭერს მხარს. ფაქტობრივად, ისრაელი ერთი პატარა კუნძულია ამ უიმედობის, განწირულობის ზღვაში, როცა მის ირგვლივ მყოფ ქვეყნებს არ ძალუძთ, თავისი ხვედრი გააუმჯობესონ. უარესი: არაბული სამყარო ლამისაა, გასკდეს შურით ებრაელებისადმი და ისრაელისადმი. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ მათ ეკუთვნით პირამიდის სათავეში ყოფნა, ებრაელები კი ტალახში უნდა ბოგინებდნენ. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა და სწორედ ეს შური, რომც არაფერი ვთქვათ ჩვენსა და არაბებს შორის კონფლიქტის კონკრეტულ მიზეზებზე, გამორიცხავს უახლოეს მომავალში მშვიდობიანი მოწესრიგების ყოველგვარ შესაძლებლობას. რა ხდება ამ დროს ჩვენთან, ისრაელში? ახალი პოზიტიური მომენტია ის, რომ ისრაელის საზოგადოებრივმა აზრმაც შეიგნო ეს. ამის ნათელი დამადასტურებელი იყო ბოლო არჩევნებიც. ჩვენი მემარცხენეები ხალხს ოქროს მთებს ჰპირდებოდნენ, ოღონდ სიტყვა „მშვიდობა“ სულ უფრო და უფრო ნაკლებად ისმოდა მათ წინასაარჩევნო რიტორიკაში. სულ ცოტა ხნის წინათ კი მათმა ლიდერმა, იცხაკ ჰერცოგმა, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ყველას გასაგონად განაცხადა, რომ დღევანდელი სიტუაცია, ფაქტობრივად, გამორიცხავს მშვიდობის მიღწევის ფორმულის: „ორი ხალხი _ ორი ქვეყანას“ მიხედვით. ანუ ისინიც მიხვდნენ, რომ მშვიდობაზე გაუთავებელი ლაპარაკი, საკუთარი თავის და სხვისი მოტყუების პოლიტიკა მათ სრულ კრახამდე მიიყვანს, ხალხი მათ ზურგს შეაქცევს. ამიტომ მემარცხენეებიც კი დღეს ცდილობენ, სწორად აღიქვან დღევანდელი რეალობა და, რაც მთავარია, სწორად შეაფასონ ის. რა შეიძლება ითქვას საერთაშორისო ორგანიზაციებზე, გაერთიანებული ერების („გაეროს“) თამადობით? ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, ესაა ისრაელის წარმოჩენა შავ ფერებში, ცილისწამება, ყველაფერში ისრაელის დადანაშაულება. ჩემი აზრით, გაერო _ ესაა წყლული ცივილიზაციის სხეულზე. იქ დომინირებენ ჩაკეტილი, არადემოკრატიული, ბარბაროსული ქვეყნები, რომლებიც არად დაგიდევენ ყველა ძირითად ცივილიზებულ ფასეულობას. არ გაგიკვირდეთ, თუ მალე ისრაელი „მკვდარი ზღვის“ სიკვდილშიც დაადანაშაულონ და ყველას მოუწოდონ, რომ ჩვენ პასუხი ვაგოთ ამისათვის კაცობრიობის წინაშე და დღითი დღე ამ მხრივ სიტუაცია სულ უფრო აღმაშფოთებელი ხდება. არადა, ვინ უჭერს მხარს ამ ბაკქანალიას? ვინ და _ ევროპა! იმას, რასაც ისინი მოიმოქმედებენ, უბრალოდ, „ისრაელის უარყოფა“ ჰქვია. ჩვენ წინააღმდეგ ავტომატურად გამოდის 22 არაბული სახელმწიფო, 58 მუსლიმანური სახელმწიფო და 37 „არამიერთებული“ სახელმწიფო, 28 ევროპული სახელმწიფი კი ხმის მიცემისას თავს იკავებს. ვფიქრობ, თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ატმოსფერო უკეთესობისკენ შეიცვლება, ელემენტარულად ცდებიან.  მომავალში კი, ჩემი აზრით, უარესი იქნება. მინდა, კიდევ ერთხელ ევროპას დავუბრუნდე _ პრინციპში, ისრაელსა და ევროპას ფასეულობათა ერთი სისტემა აქვს და მიუხედავად ამისა, ეს უკანასკნელი სულ უფრო და უფრო ზურგს აქცევს ისრაელს. არა სამთავრობო დონეზე: ევროპული ქვეყნების მთავრობების უმრავლესობასთან ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების საკმაოდ კარგი დონე გვაქვს. პრობლემას წარმოადგენს ევროპული ელიტა, აკადემიური, ანუ სამეცნიერო სფერო, ჟურნალისტიკა, კულტურული დაწესებულებები. ამ მხრივ ყველაზე აღვირახსნილ საქმიანობას ეწევიან ბრიტანული ელიტები, მაგალითად, „ბი-ბი-სი“-ს რადიო, რომელიც ისრაელზე მხოლოდ ცილისწამებისა და მონაჩმახების გავრცელებითაა დაკავებული. მე მგონი, ეჭვი არავის ეპარება, რომ მედიის წარმომადგენელთა ამ დამანგრეველ საქმიანობას თავისი ნაყოფი მოაქვს _ ადამიანებს სჯერათ იმის, რასაც ყოველდღიურად ჟურნალისტები მათ ტვინში უნერგავენ. ისრაელისადმი სიძულვილი იბადება ელიტებში, პროპაგანდის საშუალებით ის ქვევით ეშვება და მთელი საზოგადოების ინფიცირებას იწვევს. ისმის კითხვა: უნდა გაუწიოს თუ არა ანგარიში ისრაელმა იმას, რასაც „სთავაზობს“ ან „ურჩევს“ კეთილმოსურნე ევროპა? კერძოდ პალესტინელებთან მიმართებით? ჩემი კატეგორიული პასუხია: არა! მაგათთვის რომ გვესმინა, დიდი ხანია, აღარ ვიარსებებდით, სადამ ჰუსეინს და ასადსაც დიდი ხანია, ატომური იარაღი ექნებოდათ და თელ-ავივის ქუჩებში, ისევე როგორც 10 წლის წინათ, თავისუფლად ისეირნებდნენ შაჰიდები. ასე რომ, ამ მხრივ ჩვენ წინაშე დილემა არ არსებობს, თუმცა ევროპასთან დამოკიდებულება რთულია. ასევე რთულია ჩვენი დამოკიდებულება დღევანდელ ამერიკის ადმინისტრაციასთან. გადაჭრით იმის თქმა, რომ ობამა ანტისემიტია, მე არ შემიძლია, როგორიც იყო, ვთქვათ, კარტერი. ობამას ქმედებას მე უფრო უმეცრებას ვაწერ, მას ბოლომდე არ ესმის, თუ რა ხდება საერთოდ. ის ისეთ უტვინო, მოუფიქრებელ ნაბიჯებს დგამს (არა მარტო ახლო აღმოსავლეთთან მიმართებით), რომ, პირველ რიგში, ამერიკის მოსახლეობა უნდა იყოს ამით უკმაყოფილო, ვინაიდან ეს ნაბიჯები ეწინააღმდეგება თვით ამ ქვეყნის ინტერესებს. სწორედ ამიტომაც სიტუაცია ძალიან რთულია. მოდით, ახლა გადავიდეთ უფრო სასიამოვნო ამბებზე. პირველი: ჩვენ მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს ამერიკის ხალხთან. ამერიკელების სამი მეოთხედი მხარს უჭერს ისრაელს. იმიტომ, რომ ჩვენ გვაერთიანებს ერთი და იგივე ეთიკური პრინციპები, რომლებიც განსხვავდებიან ევროპული პრინციპებისგან. ევროპელი დილით რომ იღვიძებს და ფანჯარაში გაიხედავს, ფიქრობს: ვის დავნებდე დღეს? ადოლფი აღარაა, იოსებიც, იასერიც _ მაშ, იქნებ, პუტინს? მაგას არ აქვს მნიშვნელობა ვის, მთავარია, კაპიტულაცია. საშიშროების პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე ევროპელი მაღლა სწევს ხელს და თავისთვის ფიქრობს: საშიში არაფერია, ამერიკელები მოვლენ და დაგვიხსნიან. ისრაელელები და ამერიკელები კი სხვა ყაიდის ხალხია, მათ ერთი და იგივე მსოფლმხედველობა აქვთ. ჩემი აზრით, ორივე ხალხის ცხოვრებისეული ფილოსოფია, ძირითადად, ეფუძნება არა სახარების „მარცხენა ლოყის მიშვერის“, არამედ თანახის (თორის) „კბილი კბილის წილ მიგების“ პრინციპს და ეს, რა თქმა უნდა, გვაახლოებს. ჩვენ ვერც ჩვენს მოსასხამს წაგვართმევს ვერავინ ძალით და ვერც ვინმე გვაიძულებს, ჩვენი ნებით გავყვეთ არათუ ორ ნაბიჯზე, ერთზეც კი. მეორე: ისრაელის საზოგადოება _ ეს ქვეყნის მერვე საოცრებაა. უფრო სწორედ, ჩვენი ქვეყანა არის სამი საოცრების ქვეყანა:: პირველი საოცრება გახლავთ ის, რომ მსოფლიოს არცე რთ ქვეყანას, რომელიც 140 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ომობს, ძალა არ შესწევს ააშენოს დემოკრატიული სახელმწიფო, მით უმეტეს, თუ მისი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გამოსულია დემოკრატიული ტრადიციების არმქონე სახელმწიფოებიდან. დიახ, ისრაელი სულ ომობს და ისრაელის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დემოკრატიისთვის „შეუფერებელ“ მასალას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით აგვეშენებინა დინამიკურად განვითარებადი დემოკრატიული საზოგადოება; მეორე საოცრება _ 1981 წელს ისრაელი იდგა აშკენაზებსა, ანუ ევროპის ქვეყნებიდან გამოსულ ებრაელებსა და სეფარდებს, ანუ არაბული ქვეყნებიდან გამოსულ ებრაელებს შორის სამოქალაქო ომის საშიშროების წინაშე. ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო. მას მერე გავიდა 35 წელი, ისტორიის საზომის მიხედვით ძალზე ცოტა დრო და დღეს შეუძლებელია, ზუსტად განსაზღვროთ, რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ესა თუ ის ისრაელის მოქალაქე: შერეული ქორწინებები გადაიქცა ყოველდღიურ მოვლენად, პრაქტიკულად, ყოველი ოჯახი ისრაელში გახდა შერეული. კონფლიქტები ხდება, ადამიანები ერთმანეთს ედავებიან, მათ შორის, ოჯახის წევრებიც ერთმანეთს, მაგრამ, აბა, ოჯახი კინკლაობის გარეშე სადმე გინახავთ? ასე რომ, ისრაელის საზოგადოება ამ მხრივ მშვენივრად ფუნქციონირებს. და ეს მისი კოლოსალური მიღწევაა, თუმცა ამას უკვე ვეღარავინ ამჩნევს; ისრაელის მესამე საოცრებაა _ ეკონომიკა. თავიდან ჩვენ ძალიან ღარიბი ქვეყანა ვიყავით და მოსახლეობაც ნახევრად მშიერი იყო. დღეს ისრაელი მდიდარი ქვეყანაა, რომელიც გახდომაზე იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე მთელი აფრიკა გამოკვებაზე. ამას კიდევ დავამატებდი ჩვენი ქვეყნის წარმატებებს იარაღის წარმოებაში _ ჩვენ გვაქვს შეიარაღების ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და სრულყოფილი არსენალი მსოფლიოში: „თავორის“ ავტომატებიდან დაწყებული და დამთავრებული სარაკეტო კომპლექსებითა და კოსმოსური თანამგზავრებით. დღეს ისრაელი თავისი იარაღის ექსპორტს აწარმოებს მსოფლიოს 50 ქვეყანაში. დაბოლოს, ჩვენი არმია, „ცაჰალი“, რომელზედაც ლეგენდები დადის, რომელსაც უდიდესი პატივით ეპყრობიან ქვეყანაში და თითოეული ჯარისკაცის სიცოცხლე ყველასთვის უძვირფასესია. ისრაელის საზოგადოების წარმატებული განვითარების მთავარი მიზეზი, ჩემი აზრით, ისაა, რომ ისრაელელებს მოსწონთ ისრაელში ცხოვრება, ისრაელიდან სხვა ქვეყნებში ემიგრაციის ტემპების მიხედვით ისრაელი გაცილებით ჩამორჩება, მაგალითად, გერმანიასა და ბრიტანეთს. და ეს მაშინ, როცა ბევრ ისრაელელს ევროპული პასპორტები აქვს, იციან ენები და მათ საზღვარგარეთ ცხოვრება არ გაუჭირდებათ. მაგრამ ისინი ამჯობინებენ სახლში, ანუ საკუთარ ქვეყანაში დარჩენას. ყოველწლიურად ისრაელის სტატისტიკური ბიურო აწყობს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას, სადაც 33500 ისრაელელი მონაწილეობს. მათ სთავაზობენ უპასუხონ ორ კითხვას: „რას ფიქრობთ ისრაელში შექმნილი მდგომარეობის შესახებ?“ და „კმაყოფილი ხართ თუ არა ცხოვრებით?“. პირველ კითხვაზე ტიპური პასუხი ასეთია: მდგომარეობა ქვეყანაში აუტანელია, ეკონომიკა კრახის წინაშე დგას, ყველაფერი ინგრევა, ქვეყანას ფაშიზმი ემუქრება. ანუ ამაზე უარესი სიტუაცია უკვე წარმოუდგენელია. მეორე კითხვაზე, თითქმის ყოველთვის, გამოკითხულთა უმრავლესობა (80%-ზე მეტი) პასუხობს: მე ყველაფერი წესრიგში მაქვს, ვცხოვრობ მშვენივრად და ვფიქრობ, მომავალ წელს უკეთესად ვიცხოვრებ. ერთი სიტყვით, სიტუაცია ისრაელში სავსებით დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ჩვენ მაინც ვწუწუნებთ იმიტომ, რომ თუ ებრაელმა არ დაიწუწუნა და ცხოვრებაზე უკმაყოფილება არ გამოთქვა, ის ხომ ებრაელი არ იქნება. თუმცა, კიდევ გავიმეორებ, ვითარება ქვეყანაში რთულია და ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო რთული ხდება. ჩვენ საქმე გვაქვს მტრებთან არა მარტო რეგიონში, არამედ საერთაშორისო დონეზეც. ყოველი მხრიდან თავს გვესხმიან და გვადანაშაულებენ ყველაფერში, რაც კი რამ ცუდი ხდება მსოფლიოში. მაგრამ ჩვენთვის ეს კი არაა მთავარი, არამედ ის, თუ როგორ ვპასუხობთ ამ გამოწვევებს. მოვიყვან მაგალითს: შარშანწინ 50 დღის განმავლობაში ისრაელი ომობდა, თითქმის ყველა ქალაქი იბომბებოდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი თავშესაფრებში იყო შეყუჟული. მერე, როცა დამთავრდა ეს ყველაფერი, რა მოხდა? ისრაელმა ერთი ღრმად ამოისუნთქა, დაუბრუნდა თავის ყოველდღიურ საქმიანობას და იქვე დაივიწყა, რომ იყო ომი. კამათი ომის გარშემო კი გაგრძელდა, მაგრამ ძირითადად იმაზე, თუ როდის დაიწყება შემდეგი რაუნდი: სამი თვის შემდეგ, ნახევარი წლის შემდეგ, სამი თუ ექვსი წლის შემდეგ? ისრაელელებმა იციან, რომ არაბებთან მშვიდობის დამყარება თითქმის შეუძლებელია; ისრაელელებმა იციან, რომ როცა შვილს ჯარში უშვებენ, მათ ბრძოლა მოუწევთ; ისრაელელებმა იციან, რომ შემდეგ ომს დიდხანს ცდა არ დასჭირდება; ისრაელელებმა იციან, რომ ისეთ რეგიონში ცხოვრობენ, სხვაგვარად წარმოუდგენელია. ამერიკელები შეწუხებულნი არიან ხშირი მიწისძვრებით, წყალდიდობებით და ცუნამებით, ისრაელელები – არაბებით. ესეც სტიქიური უბედურებაა, ოღონდ სხვა ტიპის. რას ვიზამთ, უკვე შეგუებულნი ვართ. შეიძლება ცინიკურადაც კი ჟღერდეს, მაგრამ ისრაელის ყველა ომში დაღუპულთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამერიკაში, ან იაპონიაში რომელიმე დიდი მასშტაბის სტიქიურ უბედურებაში დაღუპულთა რიცხვი, ანდა იგივე ისრაელში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. დიახ, ეს ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ ისრაელელების თვალში ცხოვრება თავის სილამაზეს და მიმზიდველობას მაინც არ კარგავს. მათ მოსწონთ ისრაელში ცხოვრება, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ებრაელებისთვის ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ისინი თავს სრულიად უსაფრთხოდ გრძნობენ და სადაც ყოველთვის დაიცავენ თავს, თუ მათ რაიმე დაემუქრება, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ევროპელ ებრაელებზე. დაბოლოს, მინდა ეს წერილი ერთი ცნობილი ფილოსოფიური ანეკდოტით დავასრულო: ღმერთმა დაიბარა ყველა მონოთეისტური რელიგიის წარმომადგენელი და გააფრთხილა, რომ ორ კვირაში აპირებს მოაწყოს მორიგი მსოფლიო წარღვნა, ოღონდ ამჯერად საბოლოო და შეუქცევადი, არავითარი ახალი კიდობნები, სიცოცხლე დედამიწაზე უნდა შეწყდეს. ჰოდა, უბრძანა: წადით და თქვენს ხალხს შეატყობინეთ მომავალი გარდაუვალი დაღუპვის შესახებო. მღვდელმა ქრისტიანებს უთხრა: რაც აქამდე შევცოდეთ, გვეყოფაო, მოდით, დარჩენილი ორი კვირა კეთილი საქმე ვაკეთოთ, ვინძლო ეს ჩაგვეთვალოს და სამოთხეში მოვხვდეთო. მოლამ მუსლიმანებს განუცხადა, რომ ჩვენ ისედაც უცოდველი ცხოვრებით ვცოვრობდითო და მოდით, ასე გავაგრძელოთ ამ ორი კვირის განმავლობაშიცო, მაშინ სამოთხე ყველას გარანტირებული გვექნებაო. რაბმა შეკრიბა ყველა ებრაელი და უთხრა: სულ ორი კვირა დაგვრჩენია და ამ დროის განმავლობაში ყველამ უნდა ვისწავლოთ წყლის ქვეშ ცხოვრებაო. ასე რომ, „იჰიე ბესედერ!“ („ყველაფერი კარგად იქნება!“)                                                                                    ალექსანდრე პელეგი (ელიგულაშვილი)   კომპიუტერულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში; კომპოზიტორი, ისრაელის კომპოზიტორთა კავშირის წევრი; ისრაელის ხელოვანთა პროფესიონალური გაერთიანება „ემის“ წევრი; საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი.

გაზიარება