QronikaPlus
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მშენებარე კორპუსიდან მამაკაცის ჩამოვარდნაზე?

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მშენებარე კორპუსიდან მამაკაცის ჩამოვარდნაზე?

2016-02-20 07:03:06

საქართველოში შრომის უსაფრთხოების ნორმები კვლავ ფეხქვეშ გათელილია. ამ მხრივ მთავრობის მუდმივ დაპირებებს კაპიკის ფასი აქვს. ქვეყანაში ვერაფრით შეიქმნა ძლიერი შრომის ინსპექცია, რომელიც დამრღვევებს კუდში მიჰყვებოდა და ისე აიძულებდა მშრომელთა ელემენტარული უფლებების დაცვას. სხვაგვარად, სამუშაო ადგილებზე დაღუპვისა და ჯანმრთელობის დაზიანების კატასტროფულ მაჩვენებლებს არაფერი ეშველება. ერთი კვირის წინათ ქავთარაძის ქუჩაზე მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო. შსს-ში აღნიშნეს, რომ საქმე 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ამ ფაქტზე სახალხო დამცველმა სპეციალური განცხადება გაავრცელა: „2016 წლის პირველ თებერვალს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე მომუშავე ერთი ადამიანი სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა. მწუხარებას გამოვთქვამ აღნიშნულის გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახსა და მთლიანად საზოგადოებას. კიდევ უფრო სამწუხაროა ის გარემოება, რომ მრავალი ასეთი შემთხვევის მიუხედავად, სახელმწიფო კვლავაც არ დგამს ნაბიჯებს ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად, რომელიც, პირველ რიგში, მსგავსი ფაქტების დროულ პრევენციას მოემსახურებოდა და მძიმე და საშიშპირობებიან სამუშაოზე თუ სხვაგან დასაქმებული მრავალი ადამიანის სიცოცხლეს იხსნიდა სიკვდილისაგან, ხოლო მათ ჯანმრთელობას _ დაზიანებისგან. მართალია, ამ კონკრეტული ფაქტის გარშემო დეტალური გარემოებები უცნობია, თუმცა ხაზს გავუსვამ შრომის სფეროში არსებულ ძირითად საჭიროებებს“. განცხადების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სახალხო დამცველისთვის მიწოდებული მონაცემებით, 2013 წელს შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 111 და გარდაიცვალა 23 პირი, 2014 წელს დაშავდა 72 და გარდაიცვალა 46 პირი.   „ქრონიკა+“ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილეს, გოჩა ალექსანდრიას ესაუბრება: _ ჩვენ დავინტერესდით ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევით. პროფკავშირების შრომის ტექნიკური ინსპექტორები მივავლინეთ და, მეტ-ნაკლებად, ამოიკითხეს, თუ რა გარემოებებში მოხდა ეს ფაქტი. აღმოჩნდა, რომ ეს მრავალსართულიანი მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ერთ-ერთ ინდივიდუალურ ბინათმესაკუთრეს თავისთან რაღაც ელექტროსადენები გაჰყავდა და იქ, თუ არ ვცდები, გათბობის მოწყობილობაზე უნდა დაეერთებინა. ადგილზე ორი ადამიანის, მამა-შვილის მუშაობის დროს, მამას რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა (ამას დაზუსტებით გამოძიება დაადგენს) და უმუაჯირო აივნიდან გადმოვარდა. ჯერჯერობით რთულია მსჯელობა, კონკრეტულად რა მოხდა. იქ მყოფმა ადამიანებმა მხოლოდ ეს გვითხრეს. აქ რამდენიმე პრობლემა იკვეთება: რეალურად, ეს არა მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანი, არამედ ინდივიდუალურად, ერთ-ერთი ბინის მეპატრონის მიერ მიყვანილი მუშა იყო. თუმცა აქაც, სავარაუდოდ, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან გვაქვს საქმე. თუ ობიექტი დასრულებულია და ექსპლუატაციაში ჩაბარებულია, მაშინ იქ შემოღობვა აღარ უნდა იყოს; არადა, ეს შემოღობვა ადგილზე ისევ არსებობს. ამავდროულად, ჩანს, რომ მშენებლობაზე დასაქმებული მუშები იქ ისევ მუშაობენ. ხოლო ასეთ ობიექტებზე გარეშე პირების შესვლა, მწარმოებელი კომპანიის მხრიდან მშენებლობის შესაბამისად, სპეციალური ნებართვით უნდა ხორციელდებოდეს. საქმე მშენებლობის წესების ექსპლუატაციის დარღვევის მუხლით აღიძრა. თუმცა ჩვენ პროფკავშირების შრომის ინსპექტორებთან ასევე განვიხილეთ შესაძლებლობა, _ რამდენად შეიძლება რამე პასუხისმგებლობა დაეკისროს თუნდაც იმ ინდივიდუალური ბინის მესაკუთრეს, რომელმაც ეს ადამიანი მოიყვანა და ის აივნიდან შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო გადმოვარდა? აქ აზრი შუაზე გაიყო. იურისტებმა განმარტეს, რომ ინდივიდუალურ პირს არ აქვს ვალდებულება, როცა ადამიანი ქუჩიდან, ან რაიმე პირადული ტიპის ორგანიზაციიდან აჰყავს; არ აქვს ვალდებულება, რომ მან პირადად უსაფრთხოების ეს წესები მკაცრად დაიცვას. ეს ბრიგადაზე, ან თავად ამ პირებზე არის დამოკიდებული. ინდივიდებს შორის ურთიერთობა რთული სფეროა, მაგრამ ყველა შემთხვევაში კომპანიას, რომელიც ჯერ კიდევ იქ მშენებლობას აწარმოებს (როგორც ჩანს, შენობა ექსპლუატაციაში გადაცემული არ აქვს) ეკისრება პასუხისმგებლობა მშენებლობაზე დაშვება-არდაშვებასთან, შესაბამისი ინსტრუქტაჟის ჩატარებასთან დაკავშირებით. _ ზოგადად, მშენებლობებზე რა ტიპის პრობლემები გვაქვს? _ ჩვენ თბილისში არსებული მშენებლობების მონიტორინგი დავიწყეთ. რამდენიმე ადგილას, მათ შორის, ვერის ხეობაში მიმდინარე ერთ-ერთ მსხვილ მშენებლობაზე (ზოოპარკის მოპირდაპირედ), ასევე შავი ზღვის ქუჩაზე და სხვა მრავალ ადგილას ძალიან ბევრი დარღვევა აღმოვაჩინეთ. ამ მხრივ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებმა კარგად იმუშავეს. გვსურს, ფოტოკოლაჟი გავაკეთოთ, სადაც ყველაფერი კიდევ ერთხელ ნათლად წამოჩინდება. ამავდროულად, დარღვევების ფაქტებზე წერილები მივწერეთ შრომის მინისტრს, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს, სახალხო დამცველს და მათი აღმოფხვრა მოვითხოვეთ; ასევე შესაბამისი მოთხოვნით მივმართეთ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს. გარკვეული რეაგირება იყო. რამდენიმე კომპანიასთან დაკავშირებით თბილისის ზედამხედველობის სამსახური მოკვლევას აწარმოებს. საბოლოო შედეგი უცნობია. დაახლოებით, ორი-სამი კვირის ამბავზე მაქვს საუბარი. დარღვევები არის მრავალმხრივი. პირველ რიგში, შეუიარაღებელი თვალით რაც ჩანს, მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები ისეთ გარემოში მუშაობენ, როდესაც მათი აივანი შემოუღობავია. ან თუნდაც მუშაობენ ისეთ სიმაღლეზე, სადაც, წესით, მათ გარშემო დამცავი ბადეები უნდა იყოს გაკეთებული. მათ არ გააჩნიათ დამცავი ქამრები და სხვ. ალბათ, გინახავთ ასეთი ქამრები, რომელიც წელზეც უკეთიათ და ბარძაყებზეც აქვთ სპეციალური კაუჭით წამოკიდებული, რომ თუ სიმაღლიდან გადავარდნენ, ამ დამცავმა თოკებმა შეაკავონ. ამ ტიპის დამცავი მოწყობილობები მხოლოდ რამდენიმე ადგილზე შევნიშნეთ, რაც სამწუხარო რეალობაა. ასევე ძალიან დიდი დარღვევები ვნახეთ შავი ზღვის ქუჩაზე ერთ-ერთ მშენებლობაზე, სადაც მუშები შენობაში დატანებულ წვრილ არმატურებზე გადებულ ფიცარზე იდგნენ, რაც დაუშვებელია. ეს ვიდეოც გადავიღეთ და სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნეთ. არანაირი დამცავი ქამარი, ჟილეტი და სხვ. სისხლის სამართლის დანაშაულია, როცა ადამიანს ასეთ პირობებში ამუშავებ. ჩვენ ამ კომპანიასთან დაკავშირებით საჩივარი შევიტანეთ და გამოხმაურებას ველოდებით. რამდენჯერმე უთქვამთ ამის შესახებ ჩვენს კოლეგებს, მათ შორის, ლატვიიდან. ახლაც რამდენიმე სპეციალისტი ესტუმრა საქართველოს შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით. ასევე ბათუმში გვყავდა ავსტრიის შრომის ინსპექციის წარმომადგენლები. ორივე შემთხვევაში, ლატვიელებმაც და ავსტრიელებმაც, აღნიშნეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უფლებამოსილება რომ გვქონდეს (ის, რაც ავსტრიაში ან ლატვიაში აქვთ), მიმდინარე მშენებლობების 90%-ს დაუყოვნებლივ გავაჩერებდით, რადგან არსებული რეალობა უსაფრთხოების ვერანაირ ელემენტარულ ნორმებს ვერ აკმაყოფილებსო. _ რა ეტაპზეა ქმედითი შრომითი ინსპექციის შექმნის საკითხი? სახალხო დამცველმაც მოითხოვა მისი დროულად ამოქმედება... _ გავეცანი სახალხო დამცველის განცხადებას. ჯერჯერობით, ჩვენი საერთო მოთხოვნები რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. სამწუხაროდ, ეს მთავრობა არათუ არ ჩქარობს, ახლა უკვე აღარც ცდილობს, რომ რაღაც ტემპი შემოგვთავაზოს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის განვითარების კუთხით. იმ ფაქტით დაკმაყოფილდნენ, რომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი შეიქმნა, მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდზე გაკეთდა, რეალურად ის არ არსებობს. მაგალითად: ერთ-ერთ შემთხვევაზე შრომის ინსპექტირების დეპარტამენტსაც რომ მივწერეთ და რეაგირება ვთხოვეთ (ვერის ხეობაში და შავი ზღვის ქუჩაზე მშენებლობის დარღვევებზე), მოგვწერეს, რომ, ჯერჯერობით, ინსპექტორები არ გვყავსო. არადა, წესით, სახელმწიფო პროგრამით შრომის მონიტორები რომ ჰყავდათ, ისინი იანვრის პირველივე რიცხვებიდან ინსპექტორებად უნდა აეყვანათ. ჯერჯერობით არ აგვიყვანია და ამიტომ ისინი ვერც ვერანაირ შემოწმებას განახორციელებენო. მეტიც, შარშან შრომის პირობების მონიტორინგის ძალიან სუსტი, არაფრისმომცემი სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. ჩვენ მის გაგრძელებას არ ველოდებოდით. ვფიქრობდით, რომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს რეალურად აამუშავებდნენ, მაგრამ წელს, რატომღაც, გადაწყვიტეს, რომ იმ სახელმწიფო პროგრამისთვის უფლებამოსილება გაეგრძელებინათ, რათა დაფინანსება მიეცათ. ბოლო მომენტში, ორი კვირის წინათ, ისევ გააჩერეს. _ გამოსავალი სად არის, რომ ასეთ პირობებში შრომის უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები დაცული იყოს? _ გამოსავალი სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობაა. ჩვენ, პროფკავშირებიც ვცდილობთ, ჩვენი წილი ტვირთი და პასუხისმგებლობა ავიღოთ, რაც შეიძლება აქტიურად აღმოვაჩინოთ და შემდგომ გავასაჩივროთ, ადეკვატური რეაგირება მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან. მთელი უბედურებაც ის არის, რომ სამოქალაქო სექტორს ეს ენთუზიაზმი, საბოლოო ჯამში, უქრება, რადგან შესაბამისი სტრუქურა უუნაროა ზედამხედველობაზე. ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმაც დასკვნებში შესაბამისი შეფასებები და რეკომენდაციები უნდა მისცენ ხელისუფლების ქმედებას; მკაცრად მოითხოვონ, რომ ქვეყანამ ყველა ის ვალდებულება შეასრულოს, რაც ასოცირების ხელშეკრულებით აიღო.  

                                                                                                                  გელა მამულაშვილი

   

გაზიარება