QronikaPlus
ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა ისევ გააპროტესტეს

ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა ისევ გააპროტესტეს

2016-02-20 06:59:17

ამ დღეებში „პარტიზანმა მებაღეებმა“ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ მერიასთან მორიგი აქცია გამართა. მონაწილეები დედაქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციას გაწევ-გამოწევა მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები მერიის შენობაში აპირებდნენ შესვლას, რისი უფლებაც მათ დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს. მეორე დღეს „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლებს თბილისის ვიცე-მერი, ლაშა აბაშიძე შეხვდა. დედაქალაქის მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სწორედ ვაკის პარკის ტერიტორიაზე მიმდინარე სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხზე იმსჯელეს. ვიცე-მერის განცხადებით, ამ ეტაპზე სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია და დედაქალაქის მთავრობა, ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით, ინვესტორთან მოლაპარაკებებს მართავს. „ძალიან სამწუხაროა, რომ წინა ხელისუფლების დროს ასეთი სახის ნებართვა გაიცა. ჩვენ ცალსახად არ ვეთანხმებით, რომ ამ ადგილას მშენებლობა განხორციელდეს. არ მოგვწონს ეს ფაქტი და, შესაბამისად, ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. სამწუხაროდ, სამართლებრივად, ინვესტორს სამშენებლო ნებართვა აქვს. ამჟამად აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო პროცესი არ შეჩერებულია. გამომდინარე აქედან, აქციების მოწყობის მოტივი, ცოტა არ იყოს, გაურკვეველია; თანაც იმ დროს, როდესაც ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გადავჭრათ ეს პრობლემა და დავიცვათ როგორც ინვესტორის, კერძო მესაკუთრის უფლებები, ასევე, საზოგადოების ინტერესები, რათა არც ერთი მხარე არ დაზარალდეს“, _ ამბობს ლაშა აბაშიძე.   „ქრონიკა+“ საზოგადოებრივი მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ ლიდერს, ნატა ფერაძეს ესაუბრება: _ შეხვედრაზე მერის მოადგილემ, ლაშა აბაშიძემ გვითხრა, რომ მოლაპარაკებას აწარმოებს ინვესტორთან, მაგრამ ინვესტორმა რამდენიმე კვირის წინ მოგვამართა და გვაუწყა, რომ მერია მასთან არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებდა. ამიტომ ჩვენს თხოვნაზე ლაშა აბაშიძე დაგვთანხმდა, რომ „პარტიზანების“, მერიისა და ინვესტორის შეხვედრა შედგება, რათა უკვე ზუსტად გავიგოთ, მართლა წარმოებს თუ არა ეს მოლაპარაკება; და თუ რეალურად მიმდინარეობს, რა ეტაპზეა? ამ საკითხთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა უკვე ორჯერ გადაიტანეს, ორივეჯერ მერიის მოთხოვნით. პირველი ზუსტად ის არგუმენტი იყო, რომ ინვესტორთან მოლაპარაკებას აწარმოებენ; მეორეჯერ თქვეს, რომ მერიის ადვოკატი ავად გახდა და შესაბამისი ცნობა მოიტანეს. თუმცა მერია საჯარო უწყებაა, სადაც არაერთი ადვოკატი უნდა ჰყავდეთ, რომელმაც მსგავს შემთხვევაში კოლეგა უნდა ჩაანაცვლოს. ამ დროს ეს პროცესი უსასრულობამდე იწელება. თუმცა მერიაში კარგი ამბავიც იყო, კერძოდ, გვითხრეს, რომ არსებობს აქტი, რის საფუძველზეც მერიას ვაკის პარკში მშენებლობა დროებით შეჩერებული აქვს. ჩვენდა გასაკვირად, ეს აქტი მართლა არსებობდა და გვანახეს კიდეც. ე. ი., ამ ეტაპზე, ტერიტორიაზე მშენებელი რომ შევიდეს, მერია მას დროებით მაინც დააკავებს. მოკლედ, მერიის მხრიდან ეს მცდელობა ნამდვილად არის, რომ მშენებლობა, რაღაცნაირად, შეაჩეროს მაინც. _ რას აკეთებს ამ დროს ინვესტორი? _ რეალურად _ არაფერს. პერიოდულად მისი აქტივობის შესახებ ფეისბუქზე მოგვდის ინფორმაცია, რომელიც შემდეგ არ დასტურდება. ჯერ იყო საუბარი, რომ ტერიტორიაზე სამშენებლოდ დეკემბერში შედიოდა, მერე იანვარში, გუშინ კი ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს მიწა ამერიკელებმა იყიდეს; ახლა იქ ამერიკელები შევლენ, ააშენებენ და ამაში ინვესტორი 11 მილიონს ითხოვსო. მაგრამ ამ 11 მილიონის კალკულაციის ძალიან სასაცილო დასაბუთება მოაქვთ, როცა, რეალურად, სტუდია „მონიტორის“ გაკეთებულ საგამოძიებო ფილმში აშკარად ჩანს, რომ მხოლოდ 150 ათასი დოლარი გადაიხადეს. ამ ეტაპზე მოლოდინის რეჟიმში ვართ. მერიას სტუდია „მონიტორის“ ფილმიც მივაწოდეთ. სტუდია „მონიტორის“ თანამშრომლებს მთელი რიგი საბუთები აქვთ, რასაც ასევე მივაწოდებთ, რათა მერიამ სწორი კალკულაცია გააკეთოს, რომ ბიუჯეტიდან ინვესტორის დასაკმაყოფილებლად მეტი თანხა არ გავიდეს. მორიგი სასამართლო პროცესი გადატანილია, თუ არ ვცდები, 2 მარტს ჩატარდება. _ ვაკის პარკში ამ ადგილთან დაკავშირებით საუკეთესო გამოსავალი რა შეიძლება იყოს? _ ამ ეტაპზე ამოღებულია ქვაბული, რისი გაკეთებაც აქამდე მოასწრეს. იდეალურ ვარიანტში ეს, რასაკვირველია, პარკის ტერიტორიას უნდა დაუბრუნდეს და კონკურსი გამოცხადდეს, თუ რისი გაკეთება აჯობებს იმ ადგილას. როგორც პარკმშენებლობის ანბანია, თვითონ ადგილი მიგვანიშნებს, თუ რა უნდა იყოს იქ. სანამ ამ ტერიტორიას ღობეს შემოარტყამდნენ, იქ ველოსიპედისტები ჩადიოდნენ და სპორტულ ილეთებს ასრულებდნენ, ამიტომ ერთ-ერთი ჩვენი ვერსიაა, რომ ეს ადგილი თინეიჯერებისთვის გამოვიყენოთ _ გაკეთდეს საუკეთესო ადგილი ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისთვის, კარგი მოედანი ველოსიპედისტებისთვის. მოზარდები ზუსტად ის სეგმენტია, რომელიც ყველაზე ნაკლებად დადის პარკში. თუმცა, ალბათ, ბევრი ალტერნატივა არსებობს და ამისთვის მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა გამოიკითხოს, გახსნილი კონკურსის და საერთო-საჯარო განხილვის მომხრე ვართ. _ დღეს ამ ტერიტორიის კუთვნილების საკითხი როგორ დგას? _ ამჟამად ტერიტორია კომპანია „ტიფლის დეველოპმენტის“ საკუთრებაა. ზუსტად ამაზეა სტუდია „მონიტორის“ ფილმი, რომ იგი არასწორად გასხვისდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდში; შემდეგ ნათესავებზე გადაიყიდა და სხვ. ფილმი ნებისმიერს შეუძლია ნახოს იუთუბზე, _ სტუდია მონიტორი, ვაკის პარკი. _ ასევე შეუძლებელია ვაკის პარკში, კუს ტბის ფერდობზე, გამხმარი ხეების პრობლემას არ შევეხოთ, მათი გატანის პროცესი დღესაც არ დაწყებულა... _ ეს პრობლემა ერთ-ერთი უმძიმესია. ახლა თითქოს რაღაც ქმედება დაიწყეს, _ მონიშვნის პროცესი, პროფესიონალების გუნდის შეკვრა და ა. შ. ბოლო სხდომა ზუსტად იმ დღეს იყო, როდესაც სასამართლოზე ვიყავით და მერიაში შეკრებას ვერ დავესწარით. იქ უკვე დააანონსეს, თუ რამდენ ხეს ჭრიან. მერე როგორც ფეისბუქზე ვნახე ინფორმაცია, თითქოს ახლა აპირებენ პროცესის დაწყებას. ეს, რასაკვირველია, დაგვიანებულია. უკვე თებერვალია და ის პარაზიტები ნელ-ნელა გაღვიძებას იწყებენ. არის საუბარი ზეხმელი ხეების მოჭრაზე. ახლა ვნახე სპეციალისტი, რომელმაც თქვა, რომ ეს ზეხმელი ხეები იმდენად პარაზიტების მატარებელი აღარ არის და, რეალურად, პარაზიტების სხვა კერებია საპოვნელი. _ ამ მიმართულებით მერიის გამწვანების სამსახურის მუშაობა რამდენად დამაკმაყოფილებელია? _ ახალი უფროსის, ნინო სულხანიშვილის პირობებში რაღაც უფრო კარგი ტენდენციები შეინიშნება _ მოქმედების სტრატეგია უფრო გათვლილი, უკეთესად გააზრებული აქვთ. მაგრამ პრობლემებია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს უკვე არსებული ხეების დაცვა; თუნდაც უკვე დიდ ხნის დარგული ხეების მოვლა-პატრონობა, რომელსაც აზიანებს თელასი, ზედამხედველობა და ა.შ.  

                                                                                                              გელა მამულაშვილი

 

გაზიარება