QronikaPlus
კახეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი მოქმედი გუბერნატორის წინააღმდეგ

კახეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი მოქმედი გუბერნატორის წინააღმდეგ

2016-02-20 06:56:09

,,ქრონიკა+“-ის ინტერვიუ გიორგი ბოტკოველთან   _ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თქვენ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იყავით კახეთში. მას მერე, რაც უკვე ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში რწმუნებულად ირაკლი შიოლაშვილი გამოგზავნა, თანამდებობა თქვენივე ნებით დატოვეთ. რა შეიცვალა მას მერე რეგიონში? _ გეთანხმებით, 2013 წელს ნამდვილად ჩემი ნებით დავტოვე პოსტი და ასპარეზი გადავაბარე კახეთში მოსულ ახალ გუბერნატორს. მე მაშინ გუბერნატორის მოვალეობას ვასრულებდი და ნამდვილად მქონდა იმედი, რომ იგი კახეთზე ზრუნვას დაიწყებდა, ბევრ რამეს უკეთესობისკენ შეცვლიდა, მათი მთავარი დაპირებაც ეს იყო... მაგრამ ჩვენ მივიღეთ გუბერნიის სახით უსაქმურობის დიდი ბუდე, რაც ყველაზე ცუდი აღმოჩნდა რეგიონისთვის, იმ ხალხისთვის, რომელთაც ათასობით დაპირება მისცეს. ჩვენს პერიოდზე ვერავინ იტყვის, რომ უსაქმურები ვიყავით. არაერთი გამოწვევა გვქონდა და თამამდ ვიტყვი, რომ ძალიან კარგად ვართმევდით თავს ყველაფერს, _ ჩვენს დროს დაიწყო განახლებული კახეთის მშენებლობა. სამწუხაროდ, 2013 წლის მერე უკვე ყველაფერი გაჩერდა და გაიყინა. _ რატომ ფიქრობთ, რომ გუბერნია უსაქმურობის ბუდედ იქცა? უფრო სწორად, ვისი ბრალია, თუ რაღაც არ კეთდება? კარგი ხელმძღვანელობა აკლია, თუ არის კიდევ რამე, რასაც აღნიშნავდით? _ რა მივიღეთ? უსაქმურობის დიდი ბუდე, მივიღეთ ადამიანი, რომელსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, ვგულისხმობ დღევანდელ მოქმედ გუბერნატორს. კარგად მახსოვს იმ პერიოდში, როცა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი, დღევანდელი გუბერნატორი იყო დედოფლიწყაროს გამგებელი. _ 2013 წელს გულისხმობთ? _ კი, მაგალითისთვის, ერთხელ დავუკავშირდი. ერთ-ერთ პროექტზე იყო საუბარი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკუთვნოდა, სამინისტრომ საინფორმაციო ბროშურები გამოგვიგზავნა, რომელიც გლეხებში უნდა გავრცელებულიყო. დავურეკე დედოფლისწყაროს მაშინდელ გამგებელ შიოლაშვილს და ვუთხარი, რომ მათთვის და სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც უნდა გადაგვეცა საინფორმაციო ბიულეტენები. იცით, რა მიპასუხა? რომ იგი ძალიან ეკონომიურად წვავდა საწვავს და ვერ შეძლებდა, თელავში ჩამოსულიყო და მთხოვა, _ იქნებ, ვინმეს გამოატანო, ჩვენც ასე ვიღაცას გავატანეთო. სამაგიეროდ, ახლა, როცა უკვე გუბერნატორია, `ქრონიკა+~-ის საშუალებით ვიგებ, რამდენ საწვავს მოიხმარს წელიწადში, ხოლო მისი გაკეთებული ჯერ არაფერი მინახავს, თუ არ ჩავთვლით პირად კეთილდღეობას. _ შიოლაშვილი ერთ-ერთ წარმატებულ სახედ მიიჩნეოდა თქვენს პერიოდში, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზეც. _ შიოლაშვილზე რა გითხრათ? საიდან მოვიდა თავად თუ დაავიწყდა, არ ვიცი. მე კარგად მახსოვს მისი ბიოგრაფია. 2012 წლამდე იგი `ნაციონალური მოძრაობის~ სასარგებლოდ მუშაობდა, გვეხმარებოდა ჩვეულებრივ არჩევნებში და როგორც `ნაციონალური მოძრაობის~ რაიონული ორგანიზაციაში ძალიან კარგად ახსოვთ, მას საწვავსაც და აძლევდნენ ელემენტარულ გზის ხარჯსაც. მას ყველა არჩევნებში აქვს მონაწილეობა მიღებული ჩვენს გუნდთან ერთად. შეიძლება მას ეს დაავიწყდა, მაგრამ დედოფლისწყაროელებს და კერძოდ, რომელ სოფელზეც იგი მუშაობდა, ქვემო ქედს ვგულისხმობ, ეს კარგად ახსოვთ. _ იქნებ, ხელისუფლება ავალებდა მას მუშაობას? _ არა, ადამიანები, რომლებიც საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდნენ, მუდამ მოდიოდნენ შტაბში და იხვეწებოდნენ, როგორ დაგვდგომოდნენ არჩევნების დროს გვერდში, ასე იყო შიოლაშვილიც _ მუშობდა ფინანსთა სამინისტროში, მოდიოდა და ამბობდა, რომ ქვემო ქედში თავად იმუშავებდა წინასაარჩევნოდ არა მარტო ის, ასევე მისი ძმაც, რომელიც შემოსავლების სამსახურში მუშაობდა, მისი მშობლებიც და სრულიად ოჯახი. ჩვენ არ ვავალდებულებდით ნამდვილად. _ დღეს რა ხდება რეგიონში? _ რაც გუბერნატორი გახდა, პოპულისტური განცხადებების გაკეთება დაიწყო, რომ სამსახურში უნდა ევლო ფეხით, ყველა მანქანა გუბერნიის წინ დააყენა. მხოლოდ ერთი ავტომობილი იმუშავებდა გუბერნიისთვის. დღეს კი ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც მეც და ხალხსაც კარგად ახსოვს: თელაველებს დაჰპირდა, რომ ერთ წელიწადში 24-საათიანი წყალმომარაგება ექნებოდათ. აგერ უკვე მესამე წელია, ხალხს წყალი არ მიეწოდება. ზაფხულში ხან კვირები გადის და წყალი არ არის. სამაგიეროდ, ვიცით რაც გააკეთა საკუთარი თავის სასარგებლოდ. დიახ, მან, მაგალითად, წინანდალში შეიძინა ვენახები, თავის ოჯახის წევრებს კომფორტი მოუწყო, მშვენივრად გაიმყარა მდგომარეობა, გაორმაგებულ ხელფასსა და პრემიას იღებს, საქმე კი არ კეთდება. მთავარი, რაც მინდა ვთქვა: დღესაც არის გუბერნიაში ბევრი კარგი ადამიანი, რომელთაც კარგი ხელმძღვანელის პირობებში ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ კახეთისთვის, მაგრამ რომ არ გყავს კარგი ხელმძღვანელი, მშვენივრად ჩანს, რაც მივიღეთ. _ ამბობდნენ, რომ მისი შერჩევა ნუნუკა თამაზაშვილის კლასელობას უკავშირდებოდა. _ სხვა არანაირი მოტივი არ იყო მისი შერჩევის, ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება. შიოლაშვილი ბრძანდებოდა პრემიერის მეუღლის კლასელი და ამის გამო გახდა ის გუბერნატორი. _ თქვენ თქვენს კლასელებს არ ასაქმებდით? საკუთარი კლასელები ხომ არ გემდურიან? _ ჩემი და ყველას კლასელი პროფესიული თვალსაზრისით უნდა შეარჩიონ და არა იმიტომ, რომ ჩემი ან მისი კლასელია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ნეპოტიზმის თვალსაჩინო ნიმუში. _ კერძოდ? _ თელავის თემის გამგებელ ალიკა შათირიშვილის შვილი მუშობს მისსავე დაქვემდებარებულ უწყებაში, კეთილმოწყობის სამსახურში, ტრანსპორტის მიმართულებით. უბრალოდ, ამ ადამიანებს არც ერიდებათ, ისე ასაქმებენ ოჯახის წევრებს. მისი წინამორბედი გამგებელი სიგრძე-სიგანედ წოდებულმა ზურა ყურაშვილმა თავადვე დანიშნა თავისი და საბიბლიოთეკო გაერთიანების უფროსად, ხოლო გამგებლის დამ მოადგლედ თავისი მაზლის ცოლი დაინიშნა. აი, მეტი რაღა უნდა ვთქვათ? ამიხსენით, ნეპოტიზმი რამე სხვა არის? _ 2015 წელი ძალიან რთული წელი აღმოჩნდა კახეთისთვის, ყველაზე მეტი გახმაურებული მკვლელობა, ძალადობა, სამწუხაროდ, კახეთზე მოდის. რით ახსნით ასეთ მდგომარეობას? _ უუნარო ხელისუფლებით. ჩვენ გვახსოვს რაფალიანცის უბედური შემთხვევა და გვახსოვს მიზანმიმართული დადანაშაულება ჩვენ მიმართ. ვხედავთ დღემდე გამოუძიებელ საქმეს, ასევეა სხვა ყველა, ძალიან ბევრი საქმეც. თელავზე აღარ ვსაუბრობ, _ ქალაქი, სადაც დღეს ტურიზმი უნდა ყვაოდეს, განგსტერების ქალქს ჰგავს, ადამიანები ქუჩაში თავისუფლად ვეღარ დადიან. _ ადგილობრივი არჩევნების დროს კენჭისყრას აპირებთ? _ ამ საკითხზე გუნდი იმსჯელებს და ვინც არ უნდა იყაროს კენჭი ,,ნაციონალური მოძრაობიდან“, გპირდებით, რომ გაიმარჯვებს. _ დაბოლოს, რამე რჩევა ან რეკომენდაცია ხომ არ გაქვთ გუბერნატორისთვის? _ 2014 წლამდე მივცემდი რეკომენდაციას, როგორ უნდა მიეხედათ რეგიონისთვის, დღეს კი ვეტყვი, რომ ერთი რეკომენდაცია მაქვს: ხალხი მოატყუეთ, გააუბედურეთ და ამიტომ სახლში უნდა წახვიდეთ. _ რას გააკეთებდა გიორგი ბოტკოველი, მის მამულში სამუშაო საათების დროს რომ გარდაცვლილიყო, თუნდაც უბედური შემთხვევით, რომელიმე საჯარო მოხელე? _ პირველი: ჩვემს მამულში ეს არ მოხდებოდა! მეორე: გიორგი ბოტკოველის მამულში არასდროს არ იმუშავებდა საჯარო მოხელე, რადგან მე, შიოლაშვილისგან განსხვავებით, არასდროს ვყოფილვარ მონათმფლობელური სურვილით შეპყრობილი. მე ვამბობ, რომ მოემზადონ წაგებისთვის, და ვამბობ: ჩვენივე დაწყებული საქმე ჩვენი დასასრულებელია!  

                                                                                                             მაკა მოსიაშვილი

   

გაზიარება