\
ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან არათუ ასობით ან ათასობით, არამედ მილიონობით თანხა იხარჯება საწვავში და მხოლოდ ერთეული ადამიანებისთვის. ჩვენივე ფულით ნაყიდი ავტომობილები მაღალი ხარისხის საწვავს მოითხოვს... ეპოქა ცხენისა და თივისა შორს დარჩა.
ახლა კი ის, რაც არ ვიცით:
რა რაოდენობის საწვავი დაიხარჯა კახეთის რეგიონში თვითმმართველობებში 2015 წელს?
გურჯაანი _ 146330 ლარი;
ყვარელი _ 218000 ლარი;
ლაგოდეხი _ 242387 ლარი;
სიღანღი _ 117180 ლარი;
დედოფლისწყარო _ 72400 ლარი;
ახმეტა _ 132000 ლარი;
საგარეჯო _ 132000 ლარი;
ქალაქი თელავი _ 53200 ლარი;
თელავის თემის მუნიციპალიტეტი _ 106023 ლარი;
ჯამი _ მხოლოდ მუნიციპალიტეტებმა _
1166492 _ ტექსტობრივად რომ ვთქვათ:
მილიონ ას სამოცდაექვსი ათას ოთხას ოთხმოცდათორმეტი ლარი, მხოლოდ საჯარო მოხელეებისთვის კახეთის რეგიონში და, რა თქმა უნდა, ყველა საჯარო მოხელისთვის არა. ძირითადად, ხელმძღვანელ პირებზე. როგორც არ უნდა მივუმატოთ და გამოვაკლოთ, 100 ადამიანზე მეტი ხომ არ იქნება ხელმძღვანელი ამ ერთ რეგიონში? ე. ი. თითო ადამიანმა საშუალოდ 11 664 ლარი და 92 თეთრი გამოიყენა საწვავისთვის.
ჯამში კი ვიღებთ სურათს, რომ ჩვენს საჯარო მოხელეებსა და ხელმძღვანელ პირებს იმდენი საწვავი გაუხარჯავთ, რომ შესაბამისად მთელი წლის მანძილზე ძალიან ცოტა დრო გაუტარებიათ საკუთარ სამუშაო ოთახებში. მე თქვენ გეტყვით, ფაბრიკა-ქარხნები გუგუნებდა და იქ დადიოდნენ რევიზიაზე, თუ 2012 წელივით რეაბილიტაციის წელი იყო და სამუშაო თავზე ეყარათ?!
ახლა კი ის, რაც უნდა ვიცოდეთ და აუცილებლად უნდა შევადაროთ
კახეთის რეგიონში სოციალური მომსახურების სააგენტო ვებგვერდიდან როგორც ვიგებთ, 13.658 ადამიანი იღებს სახელმწიფოსგან დახმარებას სხვადასხვა სოციალური პაკეტით. სწორედ ეს დახმარება სახელმწიფოს 1.476.169 ლარი უჯდება. ტექსტით რომ ვთქვათ: მილიონ ოთხას სამოცდათექვსმეტი ათას ას სამოცდაცხრა ლარი ცამეტი ათას ექვსას ორმოცდათვრამეტი ადამიანისთვის.
შესაბამისად:
1.166.492 ლარს საშუალოდ სახელმწიფო მხოლოდ საწვავისთვის უყოფს, მაქსიმუმ, 100 ადამიანს, ხოლო 1.476.169 ლარს კი აძლევს 13.658 ბენეფიციარს.
როცა ვამბობთ, სად დავუშვით ან ადრე, ან ახლა შეცდომა, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენი შეცდომა იყო, არის და იქნება ბიუჯეტის ერთეული ადამიანების კომფორტზე მორგება.
აღმაშენებლისა და მერე ერეკლეს სადღეგრძელო ასე გულიანად რომ გიყვართ სუფრაზე და როცა ამბობთ, რომ ეს მეფეები თქვენი იდეალები არიან, მათ მილიონობით თანხა არც ცხენებისთვის დაუხარჯავთ და არც თივა უყიდიათ ამდენი, მათ არც ჯიპი ჰყოლიათ და არც ბენზინი იცოდნენ, რა იყო. მათ ეკონომია იცოდნენ და ასე ეკონომიურად ცხოვრობდნენ, თქვენსავით რესტორან-რესტორან და დუქან-დუქან არ უვლიათ, მარხვაში შინდის შეჭამანდით გაჰქონდათ თავი და გლახაკებთან ერთად იკვებებოდნენ... არც პოპულისტები ყოფილან, რომ მიშასავით სათნოების სახლში ბორში ეჭამათ, არც ციხეებს ხსნიდნენ, მაგრამ არც კარგს აკეთებდნენ, როცა ძელზე აკრავდნენ ადამიანებს. მთავარი კი ის იყო, მაშინ რომ სახელმწიფო ღალატად მარტო მტერთან გარიგება არ ითვლებოდა, თუ სახელმწიფო ხაზინას საშენოდ გამოიყენებდი, არც ერის დანდობა იცოდნენ და არც _ ბერის....
ის მეფე ერეკლე რომ წამოახედა, რომელმაც ყვარლიდან 16 წლის ასაკში გაყარა ლეკები, ალბათ, ყვარლისკენ აღარც მოიხედავდა.
ბევრი ვიანგარიშე, ძალიან ბევრი და მაინც ვერ დავადგინე, რისთვის შეიძლებოდა გამოეყენებინათ ყვარელსა და ლაგოდეხს თითქმის ნახევარი მილიონი ლარის საწვავი ჯამურად ერთად?!
პრესსამსახურს რომ დავურეკო, მეტყვის, მუშაობის პროცესში იყო საჭიროო, ამ დროს რამდენი ხანია, კახეთში აყვავებულ რაიონს ვეძებ და ვერ მიპოვია!
მაკა მოსიაშვილი