ქალთა ციხე, მოლოდინი, ანასტასია ზაუტაშვილისა და ალეკო ელისაშვილის ე. წ. რანდევუ. რატომ იტყუება სამინისტრო და რატომ არ აღიარებს, რომ მათი შეხვედრა ჩაიწერეს?! ვინ დაუკომენტარა, ელისაშვილს, _ არჩილმა თუ მანანამ?! დიდი ალბათობით, არჩილმა, ანუ მანანას მეუღლემ... გაბედული ნაბიჯი კი გადადგა.
მე შიმიძლია მოვყვე, ელისაშვილს შეუძლია წაიკითხოს და, ჯამში, დასკვნები საზოგადოებამ გააკეთოს. მე არ ვიცი, რომელ ოთახში შეხვდა იგი, თუმცა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ყველაფერი მომიყვა... და რატომ, მაინცდამაინც, იქ?!
ასე რომ, ჩვენ მოგითხრობთ, ელისაშვილს კი შეუძლია, გააანალიზოს, იყო თუ არა ასე.
ქალთა მეხუთე დაწესებულება რუსთავის ტერიტორიაზეა განთავსებული, მე-6 საპყრობილის გვერდით. მას ორი ძირითადი ცენტრალური შესასვლელი აქვს: 1. ე. წ. ვახტა, დიდი კარი, რომლითაც მსუბუქი და მძიმე ტექნიკა შედის; 2. მეორე სართულზე ასასვლელი კიბით ჩვეულებრივი კარი, საიდანაც, ძირითადად, ან თანამშრომელები დადიან, ან სტუმრები.
სწორედ ამ კარით შევიდა ქალთა ციხეში შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე. ფოიეში მას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და დაწესებულების დირექტორი დახვდა. რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ ელისაშვილი ხელმარჯვნივ, აღმოსავლეთის მხარეს მიმავალ დერეფანში გაიყვანეს. დირექტორის კაბინეტის გავლის შემდეგ ტალანის ბოლოში უკვე ხელმარცხნივ არსებული კარი შეაღეს და იმ ოთახში დააბინავეს. საუბარი კი სწორედ სალათისფრად შეღებილ პატარა კაბინეტში შედგა. საუბარს ადმინისტრაციის უსაფრთხოების სამსახური იწერდა, აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლები კი სწორედ ამ ოთახის მოპირდაპირე ე. წ. პულტის ოთახში იყვნენ მოთავსებულები. საუბრის ჩაწერა არც ისეთი რთული პროცესი აღმოჩნდა, _ ოთახი, სადაც ეს ორი ადამიანი შეხვდა ერთმანეთს, ყველა ტექნიკითაა მოწყობილ შეიარაღებული, რომ ნებისმიერი ჩურჩული, მიმიკა, ან ჟესტი გადაიღოს და ჩაიწეროს.
შესაბამისად, ეს ინფორმაცია კანონმდებლობით კონფიდენციალურია, თუმცა არჩილ-მანანამ მოვლენებს დაასწრო და როგორც ადრე, ახლაც კანონს აჯობა და ალეკო ელისაშვილს საჯაროდ ნიშნის მოგებით მოახსენა.
რეალურად, ანასტასია ზაუტაშვილს ელისაშვილთან შეხვედრაზე ჰკითხეს, სურდა თუ არა მას აღნიშნული შეხვედრის ჩაწერა? მან უპასუხა, _ არა. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა არ არეგულირებს, მსჯავრდადებულს ჰკითხო, ან მოელაპარაკო, სურს თუ არა მისი ჩაწერა?!
რაც შეეხება აღნიშნული შეხვედრის ჩანაწერს, პენიტენციურ სისტემაში არსებული კანონმდებლობა და შიდა რეგულაცია დაწესებულებების უსაფრთხოებისა და რეჟიმის სამსახურის უფროსებს ავალდებულებს, იქონიონ ვიდეო მეთვალყურეობა სწორედ პატიმართა უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ახლა რატომ?! იმისათვის, რომ პატიმარმა თვითდაზიანება არ მიიყენოს, არ მოხდეს სუიციდი, კონფლიქტი პატიმართა შორის, დაკითხვაზე მისულ ბრალმდებელს არ დაესხას თავს ფიზიკურად და ა. შ. მრავალი არგუმენტი არსებობს იმისა, თუ რად სჭირდებათ ეს ჩანაწერი და თვალთვალი. რაც შეეხება უშუალოდ ასეთი ტიპის შეხვედრების ჩაწერას, აქ არის ორი ფაქტორი:
1. პატიმარს არ გადასცეს რამე აკრძალული ნივთი; თუმცა ეს თავშივე გამორიცხულია, რადგან შემოსასვლელში დაცვასთან ყველა ტოვებს აკრძალულ ნივთს...
2. წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ასე იყო ადრეც და ასეა ახლაც.
მაგალითად, სახალხო დამცველის წარმომადგენლის სპეციალურ ვიზიტს, ან როცა ის მხოლოდ ერთ პერსონასთან მიდის, ცდილობენ, რომ შეხვედრა ჩაწერონ. სახალხო დამცველს შესაძლებლობა აქვს, რომ უპრობლემოდ შევიდეს და გადაადგილდეს დაწესებულების ნებისმიერ ტერიტორიაზე, თუმცა ამ დროს უსაფრთხოების სამსახური სხვა ტექნიკას მიმართავს ყავის გამასპინძლებით და `აქ მოგიყვანთ პატიმარს~. მერე სხვა პატიმრებიც დაგესევიან და მათთან შეხვედრას მოგთხოვენ. ამ დროს ომბუდსმენს თუ გამოცდილება აქვს, ზუსტად იცის, რომ სურათი მართლა ასეა _ ერთ პერსონასთან შეხვედრა ზონის ტერიტორიაზე შეუძლებელია. ყველას თავისი ჭირი აქვს იქ მოსაყოლი.
შესაბამისად, ყველაფერი იწერება, თუმცა იმ ყველაფერშიც არის პრობლემა. ოთახი, სადაც ელისაშვილისა და ზაუტაშვილის შეხვედრა შედგა, ყველაზე მაღალი ტექნიკითაა აღჭურვილი. ასე რომ, მოსულმა ფურცელზე დაწერილი და მიწოდებული რომ უხმაუროდ წაიკითხოს და გაიგოს, სიმართლე ასეც იშიფრება.
რაც შეხება, დაირღვა თუ არა კანონი მათი შეხვედრის დროს?!
დიახ! _ ამ შეხვედრის ჩაწერა დაუშვებელია, რადგან შეხვედრის ჩაწერის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ელისაშვილმა მინისტრს მიმართა და მსჯავრდებულის ნახვა სთხოვა მსაჯვრდადებულის თხოვნიდან გამომდინარე. თუ მინისტრი მიიჩნევდა, რომ მათი შეხვედრა რამე მწვავე ექსცესს გამოიწვევდა, მაშინ იგი არ უნდა შემდგარიყო, მაგრამ მინისტრმა შეხვედრა დაუშვა. შესაბამისად, აქ კითხვის ნიშნებიც მოხსნილია.
დაბოლოს, მთავარი _
მათ შეხვედრას ან ჩაიწერდნენ, ან _ არა...
მაგრამ ჩაიწერეს. და თუ ჩაიწერეს, ეს ინფორმაცია მხოლოდ დაწესებულებისა და დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურებისთვის უნდა ყოფილიყო ცნობილი და არა პარლამენტის ნებისმიერი დეპუტატისთვის. შესაბამისად, როცა ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონავს, იქ სრული რეორგანიზაციაა ჩასატარებელი. რეორგანიზაციაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ თავად კანონმდებელი კობახიძე უბიძგებს და მოუწოდებს, ფარული ჩაწერა განხორციელდეს, შემდეგ კი ჩანაწერი მასთან მოხვდეს დასაშანტაჟებლად.
მადლობა ჩემს წყაროს ასეთი დეტალური ინფორმაციისთვის.
მაკა მოსიაშვილი