ზაზა დოლიძე იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. ის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ოფიციალურად წარადგინა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის ახალი რეგიონული ოფისის საზეიმო გახსნაზე.
დოლიძე ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო. მუშაობდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მრჩევლად, იყო შსს-ს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის კონსულტანტი ორგანიზაციული მართვის საკითხებში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადმოსვლამდე იგი 2013-14 წლებში ხელმძღვანელობდა საფეხბურთო კლუბ რუსთავის „მეტალურგს“. ასე და ამგვარად, იგი ფეხბურთიდან პირდაპირ სურსათის უვნებლობის სამსახურში მოხვდა და, როგორც ამბობენ, დღესდღეობით ისევ სპორტულ საქმიანობას უბრუნდება.
მთავარი არ დაგვავიწყდეს: შინაგან საქმეთა სამინისტროში იგი უშუალოდ ჯანყარაშვილის ხელდასხმით მოხვდა და სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსად დანიშვნისთანავე არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა, რომ ზაზა დოლიძე ღარიბაშვილის კადრი იყო.
„ქრონიკა+“-თან საუბარში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახური ზაზა დოლიძის განთავისუფლების ფაქტს არ ადასტურებს, მაგრამ არც უარყოფს. მეტიც, ხსნებულ უწყებაში ყველა ღიად საუბრობს ყოფილი უფროსის ახალ თანამდებობაზე _ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გადასვლის თაობაზე.
რა გახდა ზაზა დოლიძის გადაყენების მიზეზი? თუ ფაქტებს მივყვებით, ორი კვირის წინათ „ქორნიკა+“-ში დაწყებულ ჟურნალისტურ გამოძიებას საეჭვოდ ემთხვევა ზაზა დოლიძის მიერ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებაც. კიდევ უფრო საეჭვო გახლავთ ის, რომ „ქრონიკა+“-ში დაბეჭდილი ჟურნალისტური გამოძიების ციკლი, სადაც საბაჟოდან მოპოვებული დოკუმენტაცია და სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის დაიდო, რამდენიმე დღის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფინანსური პოლიციის შესვლის მიზეზი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია სასწრაფოდ აიტაცეს ტელევიზიებმა და სხვა მედიასაშუალებმა, რის შემდეგაც 4 იანვარს სააგენტოში გამართულ ტრადიციულ დარბაზობას არც ზაზა დოლიძე და არც მისი მოადგილე დასწრებიან.
როგორც თავად ზაზა დოლიძე აცხადებს (ბუნებრივია, უწყების შიგნით), მან თავად მიიღო გადაწყვეტილება წასვლის შესახებ და აპირებს, თავის ძველ სფეროს, ანუ სპორტს დაუბრუნდეს.
ზაზა დოლიძის წასვლამდე ორიოდე კვირით ადრე, სურსათის უვნებლობის სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა კახა თავბერიძემ თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერა.
როგორც ზაზა დოლიძეს, ისე კახა თავბერიძეს დღემდე მდუმარების აღთქმა აქვთ დადებული და წასვლის შესახებ კომენტარებს არ აკეთებენ. თანამდებობრივი პირების განთავისუფლების სერია, სავარაუდოდ, მათზე არ გაჩერდება.
თამარ როსტიაშვილი