მთელ იმ ორომტრიალში, რაც ქართულ ინტერნეტ და არა მარტო ინტერნეტსივრცეში ბიძინა ივანიშვილის ახირებულმა სიყვარულმა გამოიწვია მაღალკენწეროიანი ხეების მიმართ, ერთი განწყობა გამოიკვეთა: რა გაუჭირეთ საქმე ამ კაცს ამ მაღალი ხეების გადატანის გამო? თავის ეზოში საქმიანობს და აცალეთ მისი მოწესრიგება...
რასაკვირველია, პოსტის ავტორი სარკასტული იყო, მაგრამ ჭეშმარიტების მარცვალი მის მოსაზრებაში მაინც არის: თუ გავრცელებულ შეხედულებას დადასტურებულ ჭეშმარიტებად მივიჩნევთ, რომ საქართველო ბიძინას სახლია, რომელიც მას 2012 წელს ჩვენ თვითონ გადავუფორმეთ და ერთადერთ მეპატრონედაც დავარეგისტრირეთ, აბა, რა ჩვენი საქმეა, რას საქმიანობს კაცი შიდა ტერიტორიაზე და რა გადააქვს ერთი კუთხიდან მეორეში?
ხუმრობა იქით იყოს და ივანიშვილის მადა, რომელიც ჭამა-ჭამაში სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, არ გამოხატულა მხოლოდ უკვე დაბევებული საყდრისით: ბოროტი ენები ამბობენ, რომ ივანიშვილი ცოტა ხნის წინათ კიდევ ორი გეოგრაფიული არეალის _ სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმის ღირსშესანიშნაობებით _ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღითა და ხვამლის მთით დაინტერესდა.
ზუგდიდში ივანიშვილის რამდენიმე იდუმალ სტუმრობაზე, რომელიც ბოტანიკურ ბაღში უჩუმარი გასეირნებით აღინიშნა, „ქრონიკა+“ ადრეც წერდა, მაგრამ მაშინ საუბარი იმაზე იყო, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, საიდანაც ცენტრალური სტადიონი სხვაგან გადაიტანეს, ივანიშვილი მაღალსართულიანი სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრის აშენებას აპირებდა.
ეს ტერიტორია დადიანების საგვარეულო ტერიტორიადაა მიჩნეული და თუ ადრე კომუნისტები დაცული ტერიტორიების ფაქტორს არად დაგიდევდნენ, ამჟამინდელ ხელისუფლებას მაინც უნდა ეზრუნა, რომ ეს ადგილი კომერციული ობიექტებით დატვირთული არ ყოფილიყო, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ წინა ხელისუფლება, რომელიც ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, ლამის, ჯვარს აცვეს და, საბოლოოდ, პროექტი ჩაიშალა.
მაგრამ ის ინფორმაცია, რაც „ქრონიკა+“-მა ამჟამად ზუგდიდში მოიპოვა, ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილების სხვადასხვა ობიექტით გადატვირთვის თემას აშკარად სცდება. საუბარია, არც მეტი, არც ნაკლები, იმაზე, რომ ციხისძირის ხეების შემდეგ სწორედ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გახდება ის ობიექტი, საიდანაც ივანიშვილის ობიექტზე _ შეკვეთილში, იშვიათ მცენარეებს გადაიტანენ.
როგორც ,ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, ამ მიზნის განხორციელება ეტაპობრივად უკვე დაიწყო და გეგმა სწორედ მაშინ შემუშავდა, როცა ზუგდიდში უჩუმრად ჩასულმა ბიძინა ივანიშვილმა გუბერნატორის თანხლებით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა და, როგორც წყარო ამბობს, მცენარეებიც შეარჩია.
ბიძინა იმის ჩიტი არაა, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ასე პირდაპირ დაეტაკოს, ამიტომ, სანამ ეს პროცესი დაიწყებოდა, წყაროს ვერსიის მიხედვით, ცალკე ლეგენდა უნდა შექმნილიყო, რაშიც, მათდაუნებურად, ადგილობრივი და ცენტრალური პრესის ჟურნალისტებიც იქნებოდნენ ჩართული. საბოლოოდ, ასეც მოხდა: ჯერ ადგილობრივ, შემდეგ კი ცენტრალურ პრესაში გაჩნდა სტატიები და სიუჟეტები იმაზე, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი მოუვლელია, რომ იქ საქონელი დასეირნობს უიშვიათეს გაზონებზე, რომ ღობეები მორღვეულია და, მოკლედ, ბევრი რომ...
სწორედ ეს იყო გეგმის შემადგენელი ნაწილი: ლეგენდის შექმნა, რომ ბოტანიკური ბაღის უნიკალურ ნარგავებს საფრთხე ემუქრება და რომ ადგილზე ამის მიხედვა შეუძლებელი თუ არა, ძალიან ძნელია. ამით „გაპრავდებოდა“ შეკვეთილში მცენარეების გადარგვაც _ უარესები არ „გაპრავებულა“?
ჩვენი წყარო, რომელიც საკმაოდ კარგადაა ჩახედული ბოტანიკური ბაღის შიდა ამბებში და ადმინისტრაციის საქმიანობაშიც, ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ბოტანიკურ ბაღში საოცრებები ხდება: მაგალითად, რამდენიმე ადგილას მოირღვა ღობე და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს მოხდა რკინის მაღალი მესრის ყველაზე დაუჟანგავ, დაუზიანებელ მონაკვეთში. ადმინისტრაციის მიერ დაზიანებული მესრის შეკეთების შემდეგ, იმავე ადგილზე, ან ახლოსვე, ახალი მორღვეული ადგილი ჩნდებოდა _ თითქოს ვიღაც საგანგებოდ უდარაჯებდა, როდის შეკეთდებოდა მესერი, რომ იქ ახალი „გასაძრომი“ გაჩენილიყო. წყაროს თქმით, ადმინისტრაციაც კი გაოცებული იყო, რადგან მოსახლეობის მხრიდან ღობეების ასეთი მასობრივი დაზიანება იმ განუკითხაობის დროსაც არ ახსოვდათ, როცა ზუგდიდი ნაირგვარი შეიარაღებული ფორმირების თარეშის ობიექტი გახლდათ.
არანაკლებ საოცარი ის იყო, რომ თუ, უმეტესწილად, ბოტანიკურ ბაღს საძოვრის სახით იყენებდა ახლომდებარე გარეუბნების მოსახლეობა, ვისაც საქონელი ჰყავდა, ღობეების მორღვევის პროცესი ზამთარშიც გაგრძელდა, ანუ იმ დროს, როცა საქონელს გარეთ, თითქმის, არავინ უშვებს... ანუ ავისმქმნელთა მიზანი ნამდვილად ბოტანიკური ბაღის შემოგარენის ვერგაკონტროლების ილუზიის შექმნაა...
ამასთან, ჩვენი წყაროს თქმით, მან ზუსტად არ იცის, რა მცენარეებისა თუ ნარგავების გადატანას გეგმავს ივანიშვილი შეკვეთილში, მაგრამ თუ მოინდომებს, მისი არჩევანი არცთუ ისე შეზღუდული იქნება, თუკი იმ ისტორიას გავითვალისწინებთ, რაც ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთანაა დაკავშირებული.
ბოტანიკური ბაღი, ზუგდიდის შუაგულში, 26 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. ივანიშვილისთვის მადის აღმძვრელად მხოლოდ ისიც კი შეიძლება ჟღერდეს, რომ აქ ზოგიერთი ხე 200-ზე მეტი წლისაა და მთელ ევრაზიის კონტინენტზე ერთადერთ ეგზემპლარს წარმოადგენს. სავარაუდოდ, სწორედ მათ დაადგა თვალი მილიარდერმა.
შეცვლის თუ არა გადაწყვეტილებას ის მას შემდეგ, რაც ციხისძირიდან ხეების გადატანას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და საერთოდ, იყო თუ არა ციხისძირის აქცია ტესტი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დაგეგმილი მოქმედებების წინ? ამაზე პასუხს, ალბათ, გაზაფხულზე მივიღებთ _ გაზაფხულის შემდეგ ხეებისა და მრავალწლოვანი მცენარეების გადარგვა ერთი ადგილიდან მეორეში მიზანშეუწონელია...
დოროთე გითოლენდია