QronikaPlus
რას მალავს კახეთის გუბერნატორი?

რას მალავს კახეთის გუბერნატორი?

2016-02-14 07:28:25

2013 წლის 23 იანვარს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, კახეთის ახალი გუბერნატორი და დედოფლისწყაროს ყოფილი გამგებელი, ირაკლი შიოლაშვილი, შემდეგი ქონების მფლობელია: საცხოვრებელი სახლი ქალაქ თბილისში, ვაზისუბნის მიკრორაიონში. სახლის ფართობი _ 120 კვ.მ. ირაკლი შიოლაშვილის მფლობელობაშია დუშეთის რაიონის სოფელ ჩანადირებში 1000 კვ.მ. მიწის ფართობი. დეკლარაციის შევსების დროს ირაკლი შიოლაშვილი მიუთითებს, რომ ჰყავს მსუბუქი ავტომობილი ,,მერსედეს-ბენცი“, სახელმწიფო ნომრით: ISH _ 001. დეკლარაციის მიხედვითვე, კახეთის ახლად დანიშნული გუბერნატორი „რესპუბლიკა ბანკში“ სახელფასო ანგარიშზე 4179 ლარის მფლობელია. ირაკლი შიოლაშვილს ცალკე ანგარიშზე აქვს, აგრეთვე, 5400 ლარი. ამავე დეკლარაციაში წერია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მუშაობის დროს მან მიიღო 25 979 ლარი. ორი წლის შემდეგ, 2015 წელს, კახეთის გუბერნატორის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა „ Mercedes benz “. დეკლარაციის შევსების მომენტში მის სახელფასო ანგარიშზე 0 ლარი ირიცხებოდა, თუმცა ნაღდი ფულის სახით შიოლაშვილს 12 800.00 ლარი აქვს, ხოლო მის მეუღლეს _ 4 500.00. აღნიშნულ პოსტზე სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მას მიღებული აქვს 64 900.00 ლარი. მის მეუღლეს, თამარ შაფათავას კი, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საბიუჯეტო დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულების სამმართველოს სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს, სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 12 066.00 ლარი აქვს მიღებული. 2016 წლის დეკლარაციიდან კი ვიგებთ: საცხოვრებელი სახლი ქალაქ თბილისში, ვაზისუბნის მიკრორაიონში. სახლის ფართობი _ 120 კვ.მ.; ირაკლი შიოლაშვილის მფლობელობაშია დუშეთის რაიონის სოფელ ჩანადირებში 1000 კვ.მ. მიწის ფართობი. ასევე თელავის რაიონში სოფ. წინანდალში _ 20000.00 კვ.მ ფართობი. დეკლარაციის შევსების დროს ირაკლი შიოლაშვილი მიუთითებს, რომ ჰყავს მსუბუქი ავტომობილი „მერსედეს-ბენცი“, სახელმწიფო ნომრით: IშH _001; მის მეუღლეს, თამარ შაფათავას კი, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიცერია, უძრავი ქონების სახით აქვს: ბინა, საქართველო, ქ. თბილისი, ვარკეთილი 3. I მკრ., კორპ. 6, ბ. 16, ფართობი _ 17.00 კვ.მ. არ აქვთ ბანკში არანაირი თანხა, არც კრედიტის სახით და არც ანაბრის სახით. თუმცა ხელზე აქვთ: ირაკლი შიოლაშვილს 12500.00 ლარი, ხოლო მის მეუღლეს _  7300.00 ლარი. არ მიუღიათ არანაირი ფასიანი საჩუქრები. ეს კახეთის გუბერნატორის ოფიციალური დეკლარაციიდან ამონაწერთა საერთო ჯამია. სანამდე აღნიშნულ თემას მოვუბრუნდებით, მანამდე ლირიკული გადახვევისთვის გავიხსენოთ ერთი დეტალი: თელავის მუნიციპალიტეტმა  საკუთრებაში არსებული ქონება საპრივატიზაციო ნუსხაში წარმოადგინა გასული წლის ოქტომბერში, კერძოდ კი გასაყიდად საჯარო აუქციონზე და არა ელექტონულზე გამოიტანა: თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ გულგულაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო სახნავი მიწის ნაკვეთი: ს/კ 53.09.34.116. 148065 კვ.მ.; ასევე: თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ გულგულაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო სახნავი მიწის ნაკვეთი: ს/კ 53.06.37.155,3361 კვ.მ. აღნიშნული მიწიდან მხოლოდ პირველი გაიყიდა. საჯარო რეესტრის ამონაწერიდან კი ვგებულობთ, რომ მიწა თელავში მცხოვრებმა დავით ბერიაშვილმა იყიდა. მოგვიანებით, მიწა სხვის საკუთრებაში გადავიდა (თამაზ მამულაშვილი), რომლის საცხოვრებელი მისამართია: ქალაქი თბილისი, გლდანის IV მკრ.; კორპუსი 109ა. ეს ერთობ ჩვეულებრივი პრივატიზაცია კითხვებს არ გააჩენდა, რომ არა ერთი მთავარი საკითხი: საკრებულოს სხდომამ რამდენიმე კვირის წინათ დაუყოვნებლივ მიიღო გუბერნიიდან ქირავნობით აღებული ტრაქტორ „კამაცუს“ გაქირავების დადგენილება. ანუ კერძო პირს, ვისაც სურვილი ექნება, მილიონად შეფასებული „კამაცუ“ იქირაოს, ერთი საათით მისი გატანა 100 ლარი დაუჯდება. შესაბამისად, აქვე აღვნიშნავ, რომ ნებისმიერი სამუშაოს ჩატარებას, საშუალოდ, ყველაზე მცირე, 6 საათი მაინც სჭირდება. მიღებული გადაწყვეტილება დღის წესრიგში მას მერე წამოიჭრა, რაც მუნიციპალური ქონება უგზო-უკვლოდ გაქრა. ახლა კი, როგორც საკრებულოს წევრები კულისებიდან საუბრობენ, დადგენილება ფასის შესახებ მხოლოდ ფურცელზე მიიღეს, ვინაიდან გუბერნატორის მოთხოვნით, თოვლის დადნობასთან ერთად, ტრაქტორმა უნდა იმუშაოს თელავის რაიონის სოფელ გულგულაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო სახნავი მიწის გასასუფთავებლად. აი, აქ უკვე კვანძი იხნება: ვის ეკუთვნის საკადასტრო კოდით 53.09.34.116. 148065 კვ.მ. მიწის ნაკვეთი? თვითმმართველ თელავის თემის მუნიციპალიტეტში უკვე იციან, რომ მიწის მეპატრონე არის არა ბერიაშვილი და არც მოქმედი მფლობელი ვინმე მამულაშვილი, არამედ მიწა გუბერნატორმა იყიდა, თუმცა საკუთარ თავზე არ გააფორმა. ჩნდება კითხვა: თუ თავად იყიდა გუბერნატორმა, რატომ დამალა, მაშინ როცა მისი და მისი ოჯახის შემოსავალი ძალიან მსუყედ გამოიყურება? და თუ მისი არ არის, მაშინ რატომ ითხოვს ამ მიწაზე „კამაცუს“ მუშაობას ისე, რომ ქირავნობის გადახდა არ უნდა?! რას მალავს გუბერნატორი? თუ გავიხსენებთ გასულ წელს მის მიერ შეძენილ წინანდლის მიწებს, არანაირი აჟიოტაჟი ამას არ მოჰყოლია, უბრალოდ, პირველმა რადიომ საზოგადოებას აცნობა, რომ კახეთის გუბერნატორმა მიწის ნაკვეთები იყიდა, რაზედაც გუბერნატორმა განმარტა: „როგორც ყველა კახელმა დაიწყო ვენახების მასობრივი მშენებლობა, მე, როგორც მხარის გუბერნატორმა, გადავწყვიტე, კახელებს შევუერთდე. მართალია, ძალიან მცირეოდენია ეს მიწის ნაკვეთი, სულ 2 ჰექტარია, ეს ცარიელი მიწის ნაკვეთია, აქ არ არის ვენახი გაშენებული, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 6-7 ათასი ლარის ფარგლებშია, ჩვეულებრივად ვიყიდე ჩვეულებრივი გლეხისგან, ეს არ ყოფილა სახელმწიფო მიწა, ან რაიმე მსგავსი და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ რადგან ჩემს ოჯახს და პირადად მე ვენახი საერთოდ არ გაგვაჩნია, შევუერთდე კახეთში აღმავლობის გზას, კახელი გლეხის მიერ დაბრუნებულ ტრადიციას და მათ შორის მეც მქონდეს მცირეოდენი ვენახი, რომლითაც საკუთარი ღვინო მექნება და ჩემს ოჯახსაც და მეგობრებსაც დავაგემოვნებინებ რამდენიმე წელიწადში. წელიწადზე მეტია, უკვე გუბერნატორად ვმუშაობ, მანამდე გამგებლად ვმუშაობდი და ეს არის აბსოლუტურად საკუთარი დანაზოგიდან შეძენილი მიწის ნაკვეთი“. გუბერნატორს მაინც არ ესიამოვნა მის ქონებაზე საუბარი. გუბერნატორი თავისი განცხადებების დროს მიიჩნევს, რომ: „მე დასამალი არაფერი მაქვს, არ ვერევი თვითმმართველობების მუშაობაში. ჩემი დეკლარაცია გამჭვირვალეა... სუფთა ხელებით მოვედი და სუფთა ხელებით წავალ“. თემის საკრებულოში კი დეპუტატები ხმამაღლა ვერ საუბრობენ: მას მერე, რაც სხდომაზე ჭიკაიძის მამულებში წაღებულ „კამაცუს“ ტრაქტორზე იდავეს, ხმამაღლა ფიქრიც კი ეკრძალებათ. შესაბამისად, მხოლოდ შეკეტილ კაბინეტებში სვამენ კითხვებს: თუ მიწა სხვისია, რად უნდა „კამაცუ“? ამ დროს ხომ ვიცით, რომ ეს მიწები მისია? ნეტა, კვირიკაშვილი როდის გაუშვებს, ჩვენც რომ დავისვენოთ და მუნიციპალურმა ქონებამაც?..   P.S. აქვე საზოგადოებისთვის უცნობ დეტალებზე: კახეთის სამხარეო გუბერნიამ 2015 წელს ბენზინისა და დიზელის სახით 75360 ლარის საწვავი სრულად აითვისა, რაც, საშუალოდ, 45 ტონაა. 13104 ლარის აირის საწვავის სრულად მოხმარებაც შეძლო, ავტომობილების შეკეთება კი 13 000 ლარი დაუჯდა; რაც შეეხება ავტომობილების რეცხვას, ბიუჯეტმა 2015 წელს დასვრილი მანქანების გასარეცხად 506 ლარი დახარჯა.  

                                                                                                                          მაკა მოსიაშვილი

   

გაზიარება