ავადმყოფს ექიმი არჩენს, უბედურს _ კარგი მეგობარი, _ არის ასეთი გამონათქვამიც. ზენიტში ასულ ქვეყნის უკვე ყოფილ პირველ პირს, რომელსაც ბოლო 10 წელიწადზე მეტია, ეკონომკლასით არ უფრენია და მხოლოდ ბიზნესკლასით დაფრინავდა, ხან იმიტომ, რომ ცნობილი ოლიგარქის პირველი ნდობით აღჭურვილი პირი იყო და ხან კიდევ იმიტომ, რომ ქვეყნის პირველი პირის მთავარი მგმობელი და ამავე ქვეყნის მეორე პირი გახლდათ, დღეს კომფორტული ფრენის მარშრუტი შეეცვალა.
უცნაურია ცხოვრება...
ქიზიყში ხშირად ამბობენ, ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო...
ყოფილი პრემიერი კი იმით გამოირჩეოდა, რომ სანამ გადახტებოდა, მანამდე იძახდა ჰოპლას, შემდეგ კი შუშის სასახლიდან ისეთი ჰოპლა დაუძახეს, სულ გააქრეს რადარებიდან.
როცა ქართული ელიტა ქურქმოსხმული სარკესთან პოზირებდა, რა უნდა ჩაეცვა საღამოს ოპერაში, ღარიბაშვილი ეკონომკლასით თურქეთში მიფრინავდა. ვერ გეტყვით, რამდენად მოეწონა ეს ფრენა, თუმცა ბედნიერს კი არ ჰგავდა. საქართველო პატარაა და, ზოგადად, არც დედამიწაა დიდი... ასე რომ, ეკონომკლასში მარტო მას არ უფრენია _ მასთან ერთად სხვა მისი ბავშვობის მეგობარიც იყო, თუმცა ირაკლიმ თვალი მოარიდა.
ქიზიყში, როგორც იქნა, ტარიელა ძიამაც გამოიხედა გარეთ დაცვის გარეშე. ამბობენ, ჯერ, ზოგადად, სიტყვაძუნწობს, ოჯახის ახლობლებმა კი უკვე იციან, რომ ირაკლის მშობლები, მძახლებზე არაერთხელ გაბრაზებულები, ახლა უკვე გამწარებულებიც არიანო.
ოჯახის ახლობელი:
„ირაკლის დედას ლაპარაკი არ უყვარს, მამა კი ფიცხია და თავს ვერ იკავებს, მძახლებთან ერთხელაც არ ჩასულა, რაც ირაკლი გადადგა. ამბობს, რომ მისი შვილი ცოლეურებმა გადაიყოლეს, ბევრსაც არიგებდა, მაგრამ უშედეგოდ, ადრინდელივით დაბრმავებული და დაყრუებულიაო. ბიძინა არ გამოუშვებდა მაქედან, თამაზაშვილებს რომ ამდენი არ მიექარათ. ოჯახში ამბობენ, რომ ივანიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამზადებდა ირაკლის და ყველამ ასე იცოდა, რომ იგი უცვლელი იყო ამ პოსტზეო. როცა ივანიშვილს ღარიბაშვილისთვის უთხოვია, ძალოვან უწყებაში შენი სანათესავო კადრები გაათავისუფლე, მე ვისაც გეტყვი, ძირითადი აქცენტი მათზე გააკეთე დანიშვნის დროსო, ასე არ მოხდა, ამიტომ ეს იყო მთავარი მიზეზი მამობილ-შვილობილის დაპირისპირებისაო. აცადა, აცადა, აკვირდებოდა, როცა ყოფილი პრემირი ყოფილ პრემიერს არწმუნებდა, რომ ცოლის სანათესავო კადრები იქ აღარ მუშაობდნენ, ამ ცრუ ინფორმაციას ოლიგარქი მშვიდად აგროვებდა.
ნაახალწლევს დედოფლისწყაროში სტუმრად მისულმა ტარიელა ძიამ, როგორც იქნა, თავისი გულის ტკივილი ამოღო და მოყვა:
„მიწა მაგათი იყო (თამაზაშვილებს გულისხმობს), რაიონის თავკაცები მაგათი იყო, პოლიცია მაგათი იყო. ყველა ბიზნესმენი ფეხქვეშ უგორდებოდა, მაგრამ არ ეყოთ, კიდე, არააა! ციხეების კონტროლიც მაგათ უნდოდათ და ხალხის ციხიდან გამოშვებაც მაგათი უნდა ყოფილიყო. ხოდა, მაგათ მოთხოვნებს გადაჰყვა ჩემი შვილი. რად უნდოდათ ნაციხარი ხალხის ფული, რად?! ისე აკლდათ?!
ტრაქტორი მაგათ არ უქირავებიათ და „სალიარკა“ მაგათ არ ჩაუსხამთ, ისე ამუშავებდნენ ნახევარი შირაქის მიწებს და მეტი რაღა უნდოდათო?!
ღარიბაშვილის მამა იმას დარდობს, რომ ცოლისდებისთვის და ცოლის ბიძაშვილ-მამიდაშვილებისთვის სამსახურები სულ მზად ჰქონდა მის შვილს, მაგრამ თავისი ბიძაშვილებისთვის და ღარიბაშვილის ახლო ნათესავებისთვის სკოლის მასწავლებლის ადგილსაც ვერ იმეტებდა, თურმე, ირაკლი.
მამასთან ხშირად მოსდიოდა კამათი და „რასაც ხელი მოვკიდე, ყველაფერზე მეჩხუბაო, მღუპავო? ხოდა, ახლაც ვერ ხვდება, რომ მე კი არა, იმან დაღუპა იმან, ჩემმა მძახალმა!“
ქიზიყს ერთი თვისება აქვს, ძალიან პატრიარქალურია, ოჯახში „კაცის სიტყვა კანონია, აღარ უნდა ლაი-ლაი“.
სწორედ ამ კაცის სიტყვის ფასის დაკარგვაზე ემდურიან დედოფლისწყაროში ღარიბაშვილს.
„ყველაფერი თავის ჭკუით უნდა გადაეწყვიტა, როგორც მამაჩემი წყვეტდა, პაპაჩემი წყვეტდა და ჩვენი წინაპრები, მაგრამ არა! _ მაგან სხვის ჭკუაზე იარა, ხოდა, ახლა კიდე, ბარგს ალაგებენ და მიდიან პარიზში!“
ღარიბაშვილს პრემიერობის შემდეგ სამი რამ დარჩა:
მოგონებები, ბინა საფრანგეთში და ქიზიყელების სამდურავი.
ქიზიყელები კი ასე ამბობენ: მა, ჩვენზე არ უნდა ეფიქრა იმ მამაძაღლსა?!. ახლა ვიღას გავახსენდებით, ვინღა გადმოგვიგდებს ლუკმას?
რაც შეეხება მოახლოებულ არჩევნებს: არჩევნების დროს ლექსო თამაზაშვილი, დიდი ალბათობით, საქართველოში აღარ იქნება და წავა, საითაც გული გაუწევს. ახალი კანონმდებლობით დედოფლისწყაროს სიღნაღი უერთდება და ამ ორ მუნიციპალიტეტს ერთი დეპუტატი ეყოლება. შესაბამისად, დედოფლისწყაროელი კანდიდატი შუშის სასახლეში ერთი მიზეზის გამოა გამორიცხული: ბატონ ბიძინას არ უნდა, თამაზაშვილის რაიონიდან პარლამენტში ვინმე შევიდეს, ასე დაისჯება რაიონი ღარიბაშვილის შეცდომების გამო.
და როგორც თავში ვთქვით: ავადმყოფს ექიმი შველის, უბედურს კი კარგი მეგობარიო. სამწუხაროდ, ირაკლი დღეს უმეგობროდ დარჩა, სოფელში კი, სადაც გაიზარდა და დაიბადა, ხალხი განაწყენებული ჰყავს. მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ოჯახის თავი კაცი უნდა იყოს, მაგრამ...
მაკა მოსიაშვილი