QronikaPlus
„_ ...თქვენ რა, გგონიათ, ეს ქვეყანა ჩალითაა დახურული? _ კრამიტით, მამაო, მარსელის კრამიტით!..“

„_ ...თქვენ რა, გგონიათ, ეს ქვეყანა ჩალითაა დახურული? _ კრამიტით, მამაო, მარსელის კრამიტით!..“

2016-02-13 11:12:32

ალბათ, ყველას გახსოვთ ჩვენი ბავშვობის ქართულ მულტფილმში ექოდ დარხეული ხმა: „ბატონი ავად გამხდარა!“ _ სწორედ ასე, ექოდ დაირხა 2010 წელს ქართულ პოლიტიკაში ქართველი, იდუმალებით მოცული მილიარდერის გამოჩენის ამბები. მაშინ ბევრს არ სჯეროდა და ეგონა, რომ ივანიშვილზე მორიგი ლეგენდა გავრცელდა, თუმცა სოლოლაკში ერთმა კაცმა კი ნამდვილად დაკარგა მოსვენება: ვინ-ვინ და მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცოდა, რასაც მოასწავებდა ეს ხმები _ მისი დაზვერვა არ ტყუოდა. სააკაშვილმა ისიც იცოდა, რატომ გადაწყვიტა ივანიშვილმა პოლიტიკაში თავით გადაშვებულიყო, მაგრამ ამაზე, როგორმე, სხვა დროს. ამ წერილში ჩვენ იმას მიმოვიხილავთ, რას დაეფუძნა ბიძინა ივანიშვილი, როცა მის პარტიას „ქართული ოცნება“ დაარქვა და რა შესთავაზა ამ ოცნების ნამდვილქართულობის სახისმეტყველებად ამომრჩეველს ისეთი, რომ ამ უკანასკნელმა ერთბაშად იხუვლა და 2012 წლის პირველ ოქტომბერს საარჩევნო ურნებს მიაშურა, რათა „ცხრაწლიანი, სისხლიანი რეჟიმი“ დაესრულებინა და აბსოლუტურად აბსურდული, უძრაობის ხანის რეჟიმი დაეწყო?.. როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ყველა პარტიისა თუ პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდებაში, ემბლემასა და ჰიმნში ძევს რაღაც ისეთი სიგნალი, რომელიც მოქმედებს ამომრჩევლის როგორც ცნობიერზე, ასევე ქვეცნობიერზე და, შესაბამისად, დადებითად ან უარყოფითად განაწყობს მას. ეს განწყობა განაპირობებს შედეგს, შედეგი კი რაც უფრო მაღალია, მით მეტია ხელისუფლებაში მოსვლისა და დიდხანს დარჩენის შანსი. სახელწოდებასთან ერთად მნიშვნელობა აქვს ბევრ რამეს: პარტიის ლიდერის ქარიზმას, მის გარშემო შექმნილ ლეგენდას, პარტიის სლოგანს და ასე შემდეგ, მაგრამ ფსიქოლოგებისვე დასკვნით, ყველა ბოლოს ჩამოთვლილი უკანა პლანზე გადადის, თუკი პარტიის სახელწოდება სწორადაა შერჩეული. მაგალითად, სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოპულარობა, თავის დროზე, მის ქარიზმატულ ლიდერთან ერთად, მისმა სახელწოდებამაც განაპირობა _ სახელწოდება ძალაუნებურად ასოცირდებოდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან, რომელმაც, როგორც ცნიბილია, გასული საუკუნის 80-იან წლებში დაუჯერებლად ბევრი ადამიანი გააერთიანა და, საბოლოოდ, ისეთი მონსტრი დაამარცხა, როგორიც საქართველოს კომპარტია იყო. და რახან ედუარდ შევარდნაძის მმართველობა ბევრისთვის არანაკლებ მონსტრული იყო, ვიდრე კომპარტიის მმართველობა, რადგანაც ენმ-მ თავიდანვე ქუჩა აირჩია ასპარეზად და მის ზეობაში დიდი როლი ითამაშა მუშტების მოღერებამ, „ჯოს! ჯოს!“ ძახილმა, „ჩავუხტეთ მუხრან-ბატონსა“ პოლიტიკამ, ხელისუფლებისკენ სვლის ენმ-სეული სცენარიც თითქმის ზუსტად იმეორებდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გეზს, რომელიც ამ უკანასკნელმა 1989 წლის 9 აპრილამდე განვლო, მხოლოდ 1989 წლისგან განსხვავებით, შევარდნაძემ 9 აპრილის მოწყობა ვერ გაბედა, ან ბედავდა, მაგრამ გადააფიქრებინეს _ ამას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ასე რომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახისმეტყველება, მისი ლიდერებისა და შემდეგში პრეზიდენტის სახით, ენმ-ს პროგრამის, ფრაზების, სლოგანების სახით, სწორედ ის აღმოჩნდა, რამაც წარმატება მოუტანა ამ პარტიასაც და, ბევრის აზრით, ქვეყანასაც, თუმცა ბევრი დღესაც ფიქრობს, რომ სწორედ ამ სახისმეტყველებამ დაღუპა ქვეყანა და გადაატანინა ცხრაწლიანი ჯოჯოხეთი _ ვინ როგორ... ალბათ, ბევრს ისიც გეხსომებათ, პრესა 2011 წელს წერდა, ბიძინა ივანიშვილი მისტიკურ სწავლებებს უკავშირდება და ოკულტისტებთან აქვს შეხებაო. რუსეთიდან გამოგზავნილი ქვებიც კი გამოფინა მაშინდელმა შსს-მ ივანიშვილის ბარგიდან _ აი, რითაა მილიარდერი დაკავებულიო. ამით ენმ ხავსს ეჭიდებოდა, რათა სარწმუნოებით მანიპულაციის მოყვარულ ადამიანებში ივანიშვილის სიძულვილი თუ არა, მის მიმართ გაუცხოება მაინც დაენერგა. ივანიშვილის ერთი ინტერვიუს ფრაგმენტიც ტრიალებდა ხშირად, _ მატერიალისტი ვარ და არ მჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობსო. იმის მიუხედავად, რომ იმასთან დისონანსი, რასაც მართლმადიდებლობა და ზოგადად, ქრისტიანობა ქადაგებს, სახეზე იყო, ამ მესიჯებმა მაშინ ვერ იმუშავა. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ სამების აშენებაში შეტანილი უდიდესი წვლილით გამოხატულ ივანიშვილის სახისმეტყველებას ვერაფერი დააკლო მის წინააღმდეგ აგორებულმა სიმართლის შემცველმა, მაგრამ აგრესიულმა მესიჯებმა _ ივანიშვილის სახისმეტყველების შეცვლა უარესობისკენ დისკრედიტებულმა ენმ-მ მაშინ ვერ მოახერხა. რა იყო ამის მიზეზი, ეგ უკვე ცალკე კვლევისა და ფსიქოლოგთა დაკვირვების თემაა, ჩვენ კი აღებულ კურსს არ გადავუხვიოთ და იმაზე საუბარი გავაგრძელოთ, რა და როგორ დაუპირისპირა ბიძინა ივანიშვილმა ენმ-ს მიერ უკვე დამკვიდრებულ სახისმეტყველებას? ჩვენი ინფორმაციით, პარტიის შექმნის დროს ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი იფიქრა მის სახელწოდებაზე. მისი გარემოცვიდან გამოსული ხმებით, სახელწოდების სხვადასხვა ვარიანტის განხილვაში, ფსიქოლოგების ჯგუფთან ერთად, თავად ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა. საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ შერჩევისას პრიორიტეტი სწორედ ამ დასახელების ასოციაციურობას მიენიჭა: ბიძინა ივანიშვილმა ნამდვილად იცოდა, წლების გამოცდილებით, რასთან შეიძლება ასოცირდეს ქართველისთვის ქართული ოცნება: ფუქსავატობასთან, კანონის სიმკაცრის არტახების მოშვებასთან და... ბევრ, უშრომელად მოსულ ფულთან. იმისთვის, რომ საფუძვლიანად განვიხილოთ, რატომ და როგორ მივიდა ბიძინა ამ დასკვნამდე, მისი მილიარდერობის გამოცდილებიდან „ჭორვილური მაგალითები“ უნდა მოვიყვანოთ: ცნობილი ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჭორვილა ერთი უფერული, უსახური სოფლიდან თანამედროვე, ევროპული ყაიდის სოფლად აქცია. ამაზე ბევრს არ გავაგრძელებთ, ოღონდ ის მაგალითები აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რაზედაც ზემოთ ვწერდით: მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა საჩხერიდან ჭორვილამდე სარკესავით ასფალტი დააგო, მადლიერებთან ერთად, მომდურავებიც გამოუჩნდა: ისინი ჩიოდნენ, რომ კარგი და ხარისხიანი ასფალტის გამო ახალგაზრდები ამ გზაზე გადაჭარბებული სიჩაქრით მოძრაობდნენ და ხშირი იყო ავარიები, შესაბამისად, სიკვდილიაონობის შემთხვევებიც... ჭორვილაში, ყველა მოსახლის სახლში, ივანიშვილმა ბუნებრივი აირის შეყვანაც დააფინანსა. ამასაც არ დასჯერდა და მოხმარებული აირის საფასურს თავად ფარავდა. ფონდმა „ქართუმ“, რომელიც ამ პროცესს უზრუნველყოფდა, საქველმოქმედო აქციის მეორე წელს აღმოაჩინა, რომ სოფლის მიერ მოხმარებული აირის საფასური სამჯერ მეტი იყო წინა წელთან შედარებით. სულაც რომ მთელი ზამთარი ყველა სახლში გამოურთავად ეგუგუნა გაზს, ამდენი ხარჯი მაინც არ უნდა ყოფილიყო და „ქართუმ“ მილიარდერი საქმის კურსში ჩააყენა. ბიძინამ სიტუაციის შესასწავლად ჯგუფი გამოყო და მალევე გაირკვა, რომ ჭორვილაში, ბევრ ოჯახში, ბუნებრივ აირს არა მარტო იმ ოთხების გასათბობად იყენებდნენ, სადაც ცხოვრობდნენ, არამედ გომურებსა და სათბურებშიც კი... ივანიშვილის ბრძანებით, დახარჯული ბუნებრივი აირის გადახდის პროგრამა შეაჩერეს... კიდევ ერთი პროექტი პედაგოგებს უკავშირდება. ჭორვილის სკოლის ყველა პედაგოგს ყოველ ახალ წელს, ივანიშვილის სახელით, საჩუქარს უგზავნიდნენ. შეფუთვაში მისალოცი ბარათი, ბარათში კი ასდოლარიანიც იდო, მაგრამ ეს უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ადრესატამდე ვერ აღწევდა _ კურატორი, რომელსაც ამ პროცედურის აღსრულება ევალებოდა, მისალოცი ბარათებიდან ფულს, უბრალოდ, თავის ჯიბეში გადააადგილებდა ხოლმე. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში და ბოლოს, ეს ამბავი, სრულიად შემთხვევით გასკდა. ივანიშვილმა ეს პროგრამაც შეაჩერა... ასე რომ, პოლიტიკაში მოსვლის წინ ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცოდა ქართველი ადამიანის ხარბი და მრავალმხრივი ბუნების შესახებ: ჭორვილა, ისევე როგორც ცალკე აღებული ნებისმიერი დასახლებული პუნქტი, ფართო მასშტაბში აღებული, სრულიად საქართველოა... სწორედ აქედან გამომდინარე შეირჩა სახელწოდება „ქართული ოცნება“ და კარუსელიც დატრიალდა: უფასო ფული, საწვავის გაიაფება, გრძელვადიანი კრედიტები, სოფლის მეურნეობაში ჩადებული მილიონები, 100 ქარხანა, ყურძნის ფასი, გადასახადების აწევა და სხვა მსგავსი დაპირებები „ქართული ოცნების“ სახისმეტყველებად იქცა, რაც „ოცნების ბარათებმა“ დააგვირგვინა: აქტივისტები მიტინგებზე, ალბათ, გახსოვთ: როგორ დადიოდნენ და იწერდნენ ოცნებებს, მერე კი ბარათებს იბარებდნენ, თავად პირველი მილიარდერი კი საჯაროდ დებდა პირობას, რომ თითოეულ ბარათს წაიკითხავდა და მათ დაკმაყოფილებას შეეცდებოდა, თუმცა, მოგვიანებით, როცა ამ ბარათებზე შეკითხვა დაუსვეს, მან გულწრფელად განაცხადა, რომ ბარათებში ჩამოწერილი ოცნების შესრულება, პრაქტიკულად, მის შესაძლებლობებს აღემატებოდა და შეუძლებელი იყო... ფსიქოლოგი დავით ამირეჯიბი ერთი მათგანია, ვინც „ქართული ოცნების“ აქტივობას მისი გამოჩენის პირველი დღეებიდანვე აკვირდებოდა: „როცა შენს ოცნებას ასრულებ შენ თვითონ, ეს ნორმალურია და ასე უნდა ხდებოდეს, მაგრამ როცა შენ ოცნების ასრულებას ცდილობ სხვისი ხელით, სხვა ჩნდება, ვინც გპირდება, რომ შენს ოცნებას აასრულებს, ეს არის ტიპური საბჭოთა მოვლენა“, _ მიიჩნევს ის. დავით ამირეჯიბის მსგავსად, სხვა ბევრი ფსიქოლოგიც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველში მიძინებული საბჭოთა ოცნების გაღვიძებას შეეცადა მცირეოდენი სახეცვლილებით და ეს მოახერხა კიდეც. ფულისადმი ქართველი ამომრჩევლის მაგიური ლტოლვის მაგალითი ამ ოლიგარქს წინა ოლიგარქისგან ჰქონდა: გავიხსენოთ უზარმაზარი რიგი ბადრი პატარკაციშვილის სახლთან, როცა ხმები გავრცელდა, რომ ის თითო ადამიანზე 300 ლარის გაცემას აპირებდა: ხალხი იქ ათენ-აღამებდა, იყო გულყრები და სასწრაფოს გამოძახებები, სიტუაციას ისიც კი ვერ ამშვიდებდა, რომ საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები წამდაუწუმ აცხადებდნენ მეგაფონში, არანაირი ფულის დარიგება არ იგეგმება და ადგილი გაათავისუფლეთო... სწორედ „ოცნების“ სახისმეტყველების მოქმედების შედეგი იყო ის მოლოდინიც, რომელიც 2011 წლის მიწურულს გაჩნდა და რომლის გაბათილება, სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის გუნდს არც უცდია: ახალ წელს ბიძინა ყველას 500 ლარს ურიგებსო... მოკლედ, ივანიშვილმა კარგად იცოდა, რას ელოდნენ მისგან და მოლოდინის გასაღვივებლად არათუ ცდილობდა ამ იმედის გაქარწყლებას, არამედ პირიქით, ხელსაც კი უწყობდა მასებში მისი ფესვების გადგმას... ფსიქოლოგები ცალსახად თანხმდებიან, რომ, ზოგადად, ყველა ერის ყოფაში, ფასეულობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი აქვს ზღაპრებს, ლეგენდებს, მითებს და ხალხურ თქმულებებს. ამასთან, ცნობილი ფაქტია, რომ ზღაპარი იმის ზღაპარია, რომ იქ, უმრავლეს შემთხვევაში, სიკეთემ ბოროტება უნდა დაამარცხოს და კეთილმა პერსონაჟმა უნდა გაიმარჯვოს. მართვის აკადემიის წარმომადგენელი სანდრო ჯეჯელავა ერთ საჯარო ლექციაში ამბობს: ზღაპრები მთელ მსოფლიოში არის იმისთვის, რომ ფასეულობები, მორალის ნორმები ჩაუნერგოს პატარებს და ის არ არის მხოლოდ ადვილად დაძინების საშუალება. ქართულ ზღაპრებში ცნობილი პერსონაჟებიდან („ხუთკუნჭულა“, „ნახევარქათამა“, „ცისკარა“, „ნაცარქექია“, „კომბლე“, „წიქარა“, „ასფურცელა“...) თითქმის ყველასთვის დამახასიათებელი თვისებაა ტყუილი, ანუ ხრიკი და ეშმაკობა; ძალა, ანუ ძალადობა და ჯადოსნობა, ან ჯადოს გამოყენება. ე. ი. ქართულ ზღაპრებში დაცულია ზღაპრის მთავარი პრინციპი: ბოროტება იმარჯვებს სიკეთეზე, მაგრამ ეს ხდება ტყუილით (ეშმაკობით), ძალადობითა და ჯადოს მოშველიებით. „ახლა გავიხედოთ გარეთ, რა ხდება? რა მეთოდებით ცდილობენ სიმართლის გატანას ირგვლივ მყოფი ადამიანები იმის მიუხედავად, რომელ სფეროში არიან?“ _ სვამს შეკითხვას ალექსანდრე ჯეჯელავა და თავადვე პასუხობს: „აი, ამ მეთოდებით: ტყუილით, ძალადობით და ჯადოს მოშველიებით. ან ჩვენი გაკვეთილი კარგად ვისწავლეთ: გვეუბნებოდნენ, რომ თუ გინდა სამართლიანობის აღდგენა, იძალადე, თუ ძალადობა არ შეგიძლია, მოიშველიე ტყუილი და ეშმაკობა და თუ არც ერთი არ შეგიძლია, დაჯექი და დაელოდე ჯადოს. იცნობთ ხალხს, ვინც ჯადოს ელოდება? _ არა? ევროკავშირი რომ გვიშველის, ჯადო არ არის? „ის რომ მოვა, გვეშველება“, ან „ის რომ დაბრუნდება, გვეშველება“ არ არის ჯადო? ანუ მე კი არ უნდა ვიმუშაო, მე უნდა დაველოდო... _ სამსახურს ველოდებიო, _ მითხრა ერთმა ჩემმა მეზობელმა და მე შევეცადე წარმომედგინა, როგორ მოვა ერთ დღეს ჩვენს ეზოში წარმომადგენლობითი დელეგაცია და როგორ მიართმევენ ამ ჩემს მეზობელს ოქროს ხონჩით სამსახურს“. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ეს „ის რომ მოვა, გვეშველება“ განწყობის დათესვა და ამის მასობრივად განვრცობა შეძლო, სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ 2012 წელს ქართველების ცნობიერებაში ჯინივით გაშვებულმა „ქართული ოცნების“ სახისმეტყველებამ, ანუ ძველი ფასეულობებისადმი ლტოლვამ დაამარცხა შედარებით ახალფეხადგმული და საკმარისად ვერგამჯდარი ახალი ფასეულობების დაფასების გრძნობა, ანუ უფრო ნათლად თუ ჩამოვაყალიბებთ, „ოცნების“ სახისმეტყველებამ სძლია „ნაციონალურ“ სახისმეტყველებას... რამდენიმე თვეში ისევ არჩევნებია. ქართველი ამომრჩეველი ახლა უკვე დილემის წინაშე დგას. „ნაციონალური“ სახისმეტყველება ერთხელ უკვე უარყოფილი და დისკრედიტებულია, მაგრამ უსაშინელესი კრახი განიცადა „ოცნების“ სახისმეტყველებამაც. სრულიად საქართველოს ამომრჩეველი დაბნეულიცაა: სადაა საშველი? ვინ გვიშველის? რა გვეშველება? ფსიქოლოგები და არა მხოლოდ ფსიქოლოგები, უბრალოდ, დაკვირვებული ადამიანებიც ცალსახად ასკვნიან, რომ არჩევნებს 2016 წელს სწორედ ის მოიგებს, ვინც ახალი სახისმეტყველების დამკვიდრებას, ან ძველის სრულყოფილად რესტავრირებას შეძლებს. პოლიტიკური ბრძოლის ველს თუ გადავხედავთ, ამისთვის რამდენიმე პოლიტიკური ძალა იბრძვის. რა იქნება საბოლოოდ, ძნელი წარმოსადგენია, ხოლო დაპირებების არშესრულებით გამოწვეული, რიგითი ამომრჩეველის პრეტენზიისადმი პასუხი დღეს მოქმედი მთავრობის მხრიდან სწორედ ისეთია, როგორიც ქვესათაურად გამოტანილი, ერთი რომანის ეპიზოდში: „_ ...თქვენ რა, გგონიათ, ეს ქვეყანა ჩალითაა დახურული? _ კრამიტით, მამაო, მარსელის კრამიტით!..“ ჰო, მართლა, კინაღამ დამავიწყდა: ბიძინა ივანიშვილის მითითებით, ჭორვილაში სახლები, თავის დროზე, სწორედ მარსელის კრამიტით გადახურეს...  

                                                                                                    დოროთე გითოლენდია

   

გაზიარება