ადვოკატი მადონა მილდიანი რუსთავის მერიას კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ადანაშაულებს. მისი თქმით, მერიას თავისი სამართალი აქვს, იქ დასაქმებული მაღალჩინოსნები კი ძალაუფლებას გრძნობენ და სულაც არ აინტერესებთ, თუნდაც სასამართლოში როგორ დამთავრდება მათ მიმართ დაწყებული დავები, რადგან მაინც ისე მოქმედებენ, როგორც უნდათ.
ადვოკატი „ქრონიკა+“-ს კონკრეტულ საქმეების შესახებ ესაუბრება.
მადონა მილდიანი:
_ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რუსთავის მერიაში ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნა წინა წლებში დაწყებულ ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან დაკავშირებით. მერია ყურადღებას ამახვილებს, რომ თითქოს წინა ხელისუფლების დროს არასწორი გადაწყვეტილებები იყო მიღებული, აქედან გამომდინარე, თავს იმართლებენ და აცხადებენ, ახლა ვცდილობთ, ყველაფერი მოვაწესრიგოთო. ამ დროს, მოქალაქემ, რომელმაც ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული უფლების მოსაძიებლად მიმართა, მისგან მიიღო ადმინისტრაციული დაპირება. თუ ეს კანონით არ გაუქმდა, გაბათილდა და ა.შ., სხვაგვარად ის კანონიერ უფლებას იძენს, არც წინა, არც ახალ და არც მომდევნო ხელისუფლებას არ შეუძლია განსაზღვრული ვადის შემდეგ გახადოს სადავოდ. ამდენად, მოქალაქეები ვერ წარმოიდგენენ, ხვალ შეიძლება ახალი ხელისუფლება მოვიდეს და პრეტენზიები ჰქონდეს მის წინამორბედთან, ამიტომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეიძლება მომავალმა მერმა გახადოს სადავო უმიზეზოდ, ისე, რომ წინა ხელისუფლების პოლიტიკური ხედვა არ მოსწონდეს. შეიქმნა გაურკვეველი ვითარება, იქიდან გამომდინარე, რომ მერიაში არიან წინა ხელისუფლების დროინდელი კადრებიც და ახლებიც. როგორც დავასკვენი, მერია ორიენტირებულია, რომ ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები დააკმაყოფილოს, ეს იქნება სამართლიანი თუ უსამართლო მოთხოვნა. რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი პირები ორიენტირებული უნდა იყვნენ აქ მცხოვრები მოქალაქეების ინტერესებზე, მაგრამ სამართლიანი და არა უკანონო ინტერესების დაკმაყოფილებზე. ზუსტად ასეთი სიტუაციაა _ 1-2 ადამიანი შეიკრიბება მერიასთან, პროტესტს გამოთქვამს და ეს პროტესტი მათთვის იგივეა, რაც ფილმში „ვერის უბნის მელოდიები“, _ ნუ იქნება ოღონდ ბუნტი! ზოგადად, მერია მოსახლეობის ხმამაღალ განცხადებებს უფრთხის და ყველანაირ გადაწყვეტილებას იღებს, კანონიერი იქნება თუ უკანონო, რომ შემდგომი გზები მოიჭრას ამ ამბების გახმაურებაზე.
_ კონკრეტული მაგალითების დასახელება თუ შეგიძლიათ?
_ ასეთი სიტუაცია იყო ლია შუბითიძის საქმესთან დაკავშირებით. 2012 წელს მას ბინის ამხანაგობის მესაკუთრეებმა მშენებლობის ნებართვა მისცეს კომერციულ ფართზე, რომელიც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, შარტავას ქუჩაზე მდებარეობს. მომზადდა ძალიან ძვირადღირებული პროექტი, რის საფუძველზეც მიმართა მერიას, რომ მშენებლობის უფლება მიეღო. 2012 წელს ეს ნებართვა მიიღო, მაგრამ ამ კომერციული ფართის ქვემოთ ერთ-ერთ მოქალაქეს აქვს სარდაფი, რომელსაც წლებია, ამუშავებს. მან თავისი ფართის ყიდვა ქალბატონ ლიას შესთავაზა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან სოლიდური თანხა დააფასა, შეთავაზებაზე უარი მიიღო. ამის გამო მეზობლური დავა წარმოიშვა და მერიაში მშენებლობის ნებართვის თითქოსდა უკანონო ნებართვის გაცემის თაობაზე იჩივლეს, მერე საქალაქო სასამართლოს მიმართეს და ამ მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა ითხოვეს. 2012 წელს რუსთავის საქალაქო სასამართლომ ეს საქმე განიხილა და დაადგინა, რომ ნებართვა კანონიერად იყო გაცემული და მერიას მითითება მისცა, პროექტში სარდაფის ჩასასვლელის მოწყობა გათვალიწისნებულიყო. ერთ გარემოებას მინდა გავუსვა ხაზი, რასაც მოსამართლე ლარისა ლიპარტელიანი გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ 2012 წლის 5 მარტის კრების ოქმი, რითაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ ნებართვა მისცა შუბითიძეს, მომზადებული იყო სრულიად კანონიერად. ეს გადაწყვეტილება არავის გაუსაჩივრებია, კანონიერ ძალაში შევიდა და ამ ფაქტობრივმა გარემოებებმა, გადაწყვეტილებასთან ერთად, პრედუციული ძალა შეიძინა - სასამართლოს გადაწყვეტილებით, გადასინჯვას აღარ ექვემდებარება. სასამართლოს მითითებისამებრ, ახალ პროექტში შევიდა ცვლილებები და სარდაფის ჩასასვლელი მოეწყო თანამედროვედ, ისე, რომ მეზობლის კომერციული ინტერესები არ ილახებოდა. მერიის მიერ გაიცა მშენებლობის ახალი ნებართვა, რომელიც ამ ყველაფრის მიუხედავად, სარდაფის პატრონმა სასამართლოში გაასაჩივრა. ამ საქმემ სამივე ინსტანციის სასამართლო მოიარა და დავა მიმდინარეობდა ერთადერთ რამეზე, კრების ოქმზე, რომელზედაც უკვე გამოტანილი იყო გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოში მხარეებად ჩართული გახლდნენ რუსთავის საკრებულო, მერია და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ქალბატონი ლია და მერია იმ დროს წარმოადგენდნენ მოპასუხეს, ანუ მერიის წინააღმდეგ დაობდა სარდაფის პატრონი, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონო იყო. ეს ხდება 2013-დან 2015 წლამდე, მაშინ, როდესაც ქალაქის ძველი ხელისუფლება უკვე აღარ არი და თვითმმართველობის არჩევნები უკვე ჩავლილია. ბატონი ჯიქია გახლდათ ქალაქის მერი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე _ ბატონი მაღლაკელიძე. მათი პოზიცია სასამართლოში იყო ცალმხრივი, რომ აქტი გახლდათ კანონიერი და არ უნდა ყოფლიყო ბათილი. ამ ყველაფრის მიუხედავად, 2015 წელს, მერიამ გადაწყვიტა, რომ თავიდან ემსჯელა. ბოლოს, დაასკვნეს, ვინაიდნ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, კრების ოქმს აქვს უდავო მტკიცებითი ძალაო. რუსთავის მერმა კვლავ გასცა მშენებლობის ნებართვა, რომელიც მხარემ ადმინისტრაციულ ორგანოში ისევ გაასაჩივრა, მაგრამ მერიამ უცვლელად დატოვა თავისი გადაწყვეტილება. დაიწყო მშენებლობა და ზედამხედველობის სამსახურიდან მოვიდნენ წარმომადგენლები, რომელთაც მშენებლობა შეაჩერეს, ვიდრე სამშენებლო მოედანი სტანდარტებით არ მოეწყობოდა. მთელ ქალაქში მშენებლობები შემოღობილია მსგავსი ტიპის ღობეებით და ფოტომასალა გადავიღეთ. დავურთეთ განცხადებას და კითხვით მივმართეთ მერიას, _ რატომ ხდება შერჩევითი მიდგომა კონკრეტულ მშენებლობაზე, როდესაც მთელ ქალაქში მშენებლობები შემოღობილია მსგავსი ტიპის მასალით? მე პირადად მივედი ზედამხედველობის სამსახურში და ვუთხარი, _ თუ თქვენ საფრთხეს შეუქმნით მშენებლობას ნებართვას, რაღაც გაქვთ გეგმაში, ან სადმე მიდის წარმოება და ჯერ ჩვენ არ ვიცით, გვითხარით, რადგან ძალიან ძვირადღირებული მოედნის მოწყობა უწევს, 7000-8000 ლარია საჭირო, ჯერ გავარკვიოთ და მერე დაიწყოს მშენებლობა-მეთქი. სამსახურის უფროსმა მიპასუხა, _ თუკი ღობე ისე მოეწყობა, როგორც სტანდარტით არის გათვალისწინებული, საწინააღმდეგო არაფერი გვექნებაო. მოეწყო სტანდარტების შესაბამისი ღობე და მშენებლობის გაგრძელების უფლება მოგვეცა. შუბითიძემ ამ შენობაში მყოფ მოიჯარეებს ფართი დააცლევინა და დროებით სხვაგან უქირავა. საკმაოდ ძვირადღირებული კონტრაქტები იყო დადებული და ჯამში ამ ფართის გაქირავებიდან თვეში მას 2500 დოლარი ჰქონდა შემოსავალი. დაიწყო შენობის კიბეების დემონტაჟი, გაიტანეს სამშენებლო ნარჩენები, მოეწყო სამშენებლო მოედანი, ამოიჭრა მეტრანახევრის სიღრმის საძირკველი, 28 მ. სიგრძის თხრილი გაკეთდა, ობიექტზე შემოვიდა უამრავი სამშენებლო მასალა, რომლისთვისაც დაიხარჯა უამრავი თანხა, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც გვაქვს, საერთო ჯამში, დაიხარჯა 64 000 ლარი. ამ პერიოდში მერიის ადმინისტრაციისგან არაფერი ისმის, მიუხედავად იმისა, რომ ზედამხედველობის სამსახური ყოველდღე აკონტროლებდა შესრულებულ სამუშაოებს. უცებ გვაბარებენ მერიის ბრძანებას მშენებლობის ნებართვის გაუქმების თაობაზე. წარმოიდგინეთ, ეს ხდება მაშინ, როცა წლები ვდაობდით და სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს! ბოლოს გავიგეთ, რომ მათ მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა, საბოლოოდ, ბათილად ცნეს. საფუძვლად ისევ ის კრების ოქმი დაუდეს, რომელიც სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია. მოვიკვლიეთ ინფორმაცია და გავიგეთ, რომ მერიასთან გარიგებაში შევიდა დაინტერესებული პირი. საბოლოოდ, მივიღეთ ასეთი სიტუაცია _ მერიამ დაანგრევინა 2 ფართის შესასვლელი, არის 28 მ.-ის მიწათხრილი და წარმოშვა უკვე ახალი დავა დასრულებულ საქმეზე, რომელზედაც სასამართლოებმა მრავალგზის იმსჯელეს. ამ ტერიტორიაზე თუ არ დასრულდა მშენებლობა, შესაძლებელია ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდეს, მოქალაქეებისთვის იქმნება საფრთხე, რომ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღონ. შესაძლებელია ზიანი მიადგეს მთლიან კორპუსს და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?! ეს არის ქალაქის განვითარება?! მიყრუებულ სოფლებშიც არ იქნება ასეთი მიწათხრილები, მოშლილი ღობეები, მეორე მხარის სარდაფამდე მისასვლელ თხრილზე გადებულია ფიცრები და ვკითხულობ, _ რამდენად არის ეს უსაფრთხო ადამიანებისთვის? რატომ არ იღებს რაიმე ღონისძიებას ამაზე ზედამხედველობის სამსახური? სწორედ ეს არის ჩვენი გულისტკივილი. როდესაც მივმართეთ მხარის გუბერნატორს, ქალაქის მერიას, მაჟორიტარ დეპუტატს, მიგვითითებენ სასამართლოსკენ. განა, რამდენჯერ უნდა გამოიკვლიოს სასამართლომ ერთი და იგივე საკითხი, ერთი და იგივე სამართლებრივი საფუძვლებით?! ახლა მერიიდან ვიღებთ წერილს, რომ ამ თანხებს, რაც დაიხარჯა, აგინაზღაურებთო, ეს ხომ არის ერთგვარი აღიარება, რომ მათ მიერ დაშვებულ შეცდომას მოჰყვა ეს ყველაფერი?!
_ რატომ იქცევიან ასე, რაიმე კორუფციულ ინტერესებთან ხომ არის კავშირში? მხოლოდ ერთი ადამიანის განაწყენების გამო არ ასრულებენ სასამართლოს გადაწყვეტილებასაც კი?
_ არჩევნები მოდის და ამიტომ! ჩვენ პრეტენზია რომ გვქონდეს მხოლოდ ამ ერთ საქმესთან დაკავშირებით, ვიფიქრებდით, რომ ეს არის პირადი, ინდივიდუალური დავა, მიმაჩნია, რომ ზოგადად, ეს გადაწყვეტილება გამოტანილია ქალაქის საზიანოდ. კერძო საკუთრება ხელყვეს, რომელიც ფუნდამენტური უფლებაა. რამდენი წელი უნდა იყოს ჩემი საკუთრება დანგრეული და რამდენ წელს უნდა ვითმინო სახელმწიფოს მიერ დაშვებული შეცდომის გამო?! ერთი ქმედებაც სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე განვახორციელე და მეორეც, ახლა რა ვქნა, ჩემი საკუთრების ხელყოფა ვითმინო იმიტომ, რომ სახელმწიფო ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებს?! მერია აღიარებს მათ მიერ ჩადენილ დარღვევას და ამბობს, ამ ზიანს ავანაზღაურებო. მე, არა მხოლოდ როგორც ადვოკატს, არამედ, როგორც რუსთაველსაც, მიჩნდება პრეტენზია, რომ მერია ქალაქის ბიუჯეტიდან ანაზღაურებს ამ თანხას, რომელიც კონკრეტული პირის მოქმედებით იქნა გამოწვეული. კითხვას ვსვამ, როგორც იურისტი, _ თუკი ხელმძღვანელი პირების შეცდომით, თუ უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილებით ქალაქს მნიშვნელოვანი ზარალი ადგება, ამ შემთხვევაში, არ დგება ამ ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი?!
_ სხვა, ანალოგიურ საქმეებზე ვისაუბროთ...
_ მე პირადად, წარმოებაში მაქვს რამდენიმე დავა მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და ერთი მეტად მნიშვნელოვანი საქმეა, სადაც წლებია, დავის პროცესში ვართ. 2012 წელს მერიამ საჯარო აუქციონზე გამოიტანა მიწის ნაკვეთი პირობადადებული ვალდებულებით ქალაქის ცენტრალურ უბანში, თოდრიას მოედანთან. პირობა ის იყო, რომ ამ მიწის ნაკვეთს, სახელმწიფო აუქციონზე, კონკრეტულ პიროვნებას მიჰყიდდა, თუ ის ვალდებულებას იტვირთავდა, რომ მიწის შესყიდვიდან 2 წლის მანძილზე განახორციელებდა მშენებლობას. მოქალაქემ საჯარო აუქციონის წესით შეიძინა ეს ქონება, გადაიხადა საკმაოდ სოლიდური თანხა და საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ვალდებულების შესაბამისად, მერიას მიმართა მშენებლობის ნებართვის მისაღებად. მიწა ცალსახად არის ერთი პიროვნების საკუთრება, მისი მომიჯნავე მიწის ნაკვეთები არის სახელმწიფო საკუთრებაში და წესით, პრეტენზიორი არ უნდა ჰყავდეს. არც მეტი, არც ნაკლები, მერიამ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი უთხრა. მიზეზი რომ ვიკითხეთ, პასუხი მივიღეთ, რომ თურმე ამ მშენებლობის წინააღმდეგი არიან მიწის ნაკვეთიდან 6 მეტრის მოშორებით მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეზობლები და მათი ინტერესები გაითვალისწინეს. ისმის კითხვა, _ თუ მერიამ არ მომცა მშენებლობის ნებართვა, ვალდებულებას როგორ შევასრულებ?! თუ ვალდებულებას ვერ შევასრულებ, მერია ამ მიწის ნაკვეთს უკან მართმევს, რა გამოდის, _ ერთი ხელით უფლებას მაძლევს, მეორით მართმევს?! ვინმე ფიზიკურ პირს ეს ქმედება რომ განეხორციელებინა, თქვენთვის მოეყიდა რამე და მერე წაერთმია, ეს თაღლითობა იქნებოდა. 3 წლის მანძილზე მიმდინარეობდა დავა სასამართლოს სამივე ინსტანციაში და ბათილად ცნო მერიის უარი, მაგრამ ვინაიდან მშენებლობის ნებართვის გაცემა არქიტექტურის სამსახურის დისკრეციას წარმოადგენს, სასამართლომ დაავალა, ადმინისტრაციული წარმოებით განეხილათ და მიეღოთ გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით, მერიამ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა, როგორც ზეპირსიტყვიერად გვაცნობეს, უარი განაცხადეს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე და ისევ კორპუსის მოსახლეობის წინააღმდეგობაზე აპელირებენ. თითქოს 2012 წელს რუსთავის საკრებულომ უკანანო გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს მიწა აუქციონზე გასაყიდად გასულიყო, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თითქოს არ იყვნენ ორიენტირებულები ქალაქის კეთილდღეობისთვის და რას აკეთებდნენ, თვითონაც არ იცოდნენ. ამ დროს, ისევ ის ხალხი ზის საკრებულოში. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მერიაში საკითხიც კი არ დაყენებულა ამ აქტის ბათილად ცნობის შესახებ. მეტსაც გეტყვით: მოვიძიეთ ინფორმაცია მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე, იმ კორპუსზე, რომლის მოსახლეობის ინტერესებიც არის გათვალისწინებული. მოვიწვიეთ სპეციალსიტები და დავადგინეთ, რომ კორპუსიდან მიწის საზღვრამდე არის 6 მ., მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ კორპუსის პირველი სართულის მცხოვრებლებზე გაცემულია მშენებლობის ნებართვა, რომლითაც ისინი მიშენებით მოუახლოვდნენ ამ მიწის ნაკვეთს. ასევე მოვიძიეთ ინფორმაცია და მაქვს დოკუმენტები, რომ ეს მიშენება განხორციელებულია არა ამხანაგობის კუთვნილ, არამედ, სახელმწიფოს მიწაზე და შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტი არ აქვს გაცემული. ეს არ არის ყოფილი ხელისუფლების პერიოდი! იმისათვის, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურს 2013 წელს გაეცა მშენებლობის ნებართვა, გასცემს ნებართვას იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც არ არის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრება. იმ დოკუმენტებს შორის, რომელიც მხარემ უნდა წარადგინოს ამ მიშენების ნებართვის მისაღებად, არის მხოლოდ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. მშენებლობის ნებართვა გაცემულია დაუდგენელ მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი თანხმობის გარეშე და მესაკუთრეს მშენებლობის ნებართვას არ აძლევენ იმიტომ, რომ არა კორპუსის მცხოვრებლებს, არამედ, კომერციული ობიექტების მფლობელებს ექმნებათ ინტერესი, რომ აქ მსგავსი ტიპის ობიექტი არ აშენდეს. ე. ი. ამ მშენებლობას კომერციული ობიექტის მფლობელმა შეუშალა ხელი, რომელსაც შენობა აშენებული აქვს სახელმწიფოს თანხმობის გარეშე და მერია, ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის წინა ხელისუფლების დროს გაცემული ნებართვები, რომ ფარად აიფაროს მათი უკანონო ქმედებები, ის მესაკუთრე რომ არ შეედავოს ამ ხელისუფლებას, ამიტომ კბილებით იცავს მათ ინტერესებს; ხოლო და ადამიანს, რომელსაც კანონიერი მშენებლობის უფლებები აქვს იმ ვალდებულების შესაბამისად, რაც ისევ მერიამ დააკისრა, ვერ იღებს ნებართვას.
მსგავსი ტიპის დავები რუსთავის მერიაში ძალიან ბევრია, მიმდებარე ტერიტორიაზე, დავით ნოზაძის კუთვნილ ფართზე, იგივე დავაა, მათ მომიჯნავედ სხვა მიწის ნაკვეთიც გაყიდულია და მერიას იგივე ვალდებულება აქვს ამ კონკრეტული პირების მიმართ. სასამართლოს სამივე ინსტანცია მოვიარეთ და მერიის აქტი ბათილად ცნეს. ახლა თუ კიდევ უარს მივიღებთ, ისევ სასამართლოში უნდა წავიდეთ და წრეზე ვიტრიალოთ?! ვინაიდან სასამართლო მშენებლობის ნებართვას ვერ გასცემს, მერია მოქალაქეებს მუდმივ წრეზე ატრიალებს სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის! იმაზე, რაზედაც მერია სარგებელს იღებს, მხარეებს უხდის იმ მოტივით, რომ ოდესღაც მხარე დაიღლება და დავა შეწყდება. ეს დავები ამ დროს ძალიან ძვირადღირებულია, რადგან წლების მანძილზე გრძელდება. წარმოიდგინეთ, მოქალაქე, რომელიც სამართლებრივად გაცნობიერებული არ არის თავის უფლებებში, რამდენად დაცული იქნება იურისტებისა და ადვოკატების გარეშე?! მოკლედ, რუსთავის მერიას თავისი სამართალი და ერთი პოზიცია აქვს, _ ძალა აღმართს ხნავს. გრძნობენ ამ ძალას და ძალაუფლებას, მათ ხელშია ყველა ბერკეტი და მექანიზმი იმისა, რომ მოქალაქეების მიმართ გადაწყვეტილებები გამოიტანონ, მნიშვნელობა არ აქვს, სასამართლოში როგორ დამთავრდება ეს დავები, მერიის საწინააღმდეგოდ იქნება თუ სასარგებლოდ! ისინი მაინც ისე მოქმედებენ, როგორც უნდათ!
თამარ ბატიაშვილი