არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ ხელმძღვანელმა, ბესო შენგელიამ, სამინისტროებში დაწყებული სატენდერო კამპანიის ირგვლივ საინტერესო ინფორმაციები მოგვაწოდა. მისი თქმით, დოკუმენტაციის გაცნობის შემდგომ ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: ტენდერების საშუალებით ბიუჯეტის თანხებიდან „ატკატები“ კეთდება, რომელიც, ალბათ, გარკვეული თანამდებობის პირთა ჯიბეებისკენ მიედინებაო.
ბესო შენგელია:
_ ტენდერების თემა საქართველოში უმნიშვნელოვანესია. ხელისუფლებამ შეგვაჩვია, რომ ტენდერებს აკეთებენ იმისთვის, რათა მერე „ატკატები“ დარჩეთ. თქვენი გაზეთის საშუალებით ასეთ ფაქტებზე არაერთხელ გვისაუბრია და მკითხველისთვის ეს საკითხი უცხო არ არის. ტენდერების 80%-ის ჩატარებისა თუ მიმდინარეობის პროცესები ბუნდოვანი და ბურუსით მოცულია. ტენდერებს სამინისტროები თუ სხვა ორგანიზაციები აცხადებენ წლის დასაწყისში და ახლაც ასე მოხდა. წელიწადი დაიწყო და ტენდერებზე უკვე გაცხოველებული მუშაობაა ყველა სამინისტროში, სამსახურში, ააიპ-ში. ასევე ყველა სამინისტრომ ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა და მასზე გამოყოფილი თანხები კოლოსალურ ციფრებამდე ავიდა.
_ კონკრეტული ფაქტები დაგვისახელეთ?
_ შს სამინისტროში ასეთ ტენდერებზე განაცხადების მიღება ჯერ არ დასრულებულა. ეს ტენდერი არ ეხება სამინისტროს ხელმძღვანელების ახალ ავტომანქანებს, არც საპატრულოს ავტოპარკსა და 112-ის მანქანებს, თუმცა ტენდერებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა, საერთო ჯამში, 14 მილიონი ლარია. დოკუმენტებში ტერდერში შეტანილი ავტომანქანების მხოლოდ სახელმწიფო ნომრებია დაფიქსირებული. კონკრეტული ავტომანქანა ვის ბალანსზეა, ანუ კონკრეტულად ვისთვის გადაცემულ ავტომანქანას უკეთებენ ასეთ ძვირადღირებულ სახელოსნო სამუშაოებს, არ ასაჯაროებენ.
_ როგორც ვიცი, შს სამინისტრო ავტოპარკს ხშირად აახლებს და ასეთი ძველი ავტომანქანებიც ჰყავს?
_ ჩემი ინფორმაციით, როცა თბილისში საპატრულო ავტომანქანების ბაზა განახლდა, ძველი საპატრულო მანქანები _ „შკოდები“ _ რაიონებში გადაანაწილეს. სულ პირველი პატრულის მანქანებიც რაიონებშია გადასროლილი. ისინი გადაღებეს და სხვადასხვა დეპარტამენტსა და სამსახურს ჩამოურიგეს. შესაბამისად, ამ ავტომანქანების ცვეთა მართლაც ძალიან მაღალია.
გახსოვთ, ალბათ, დევნილთა სამინისტრომ ძველი ავტომანქანები რომ გაყიდა, ფული დაამატა და ახლები იყიდა. ამ სამინისტრომ ახლა ძველი ავტომანქანების შეკეთებაზე ტენდერი გამოაცხადა, მაგრამ როცა ჩამონათვალი ვნახეთ, აღმოჩნდა, რომ სიაში 17 ავტომანქანაა, სატენდერო თანხა კი 500 ათასი ლარია. ამ თანხაში არ შედის მხოლოდ ბენზინი. იმ ავტომანქანებზე, რომელსაც 8 ლიტრი ზეთი სჭირდება, 10 ათასი კოლომეტრის გარბენის შემდგომ მთლიანადაც რომ გამოუცვალონ ყველაზე ძვირადღირებულ ავტოსერვისებში, 100-დან 200 ლარამდე მერყეობს. არ დაგავიწყდეთ, რომ საუბარია ნახევარმილიონიან ტენდერზე. სატენდერო პირობებს თან ერთვის პრეისკურანტი, სადაც ყველაფერზეა გაწერილი ფასები. ჩვენ ეს დოკუმენტი შევისწავლეთ და იქ ისეთი რამეები წერია, გაგიჟდებით.
_ რა წერია ასეთი?
_ თუ ეს მანქანები ისეთ მდგომარეობაშია, როგორი მომსახურების საჭიროებაც ამათ ჩაუწერეს, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე! მაგალითად, უწერიათ, რომ სჭირდება შუშის ელექტროამწევის მოტორი, ღილაკი, კარის „ჩიხოლი“ და მანქანის აბსოლუტურად ყველა დეტალი. ცხადია, ჩნდება კითხვა, _ მანქანის კარის „ჩიხოლი“ რამ უნდა დააზიანოს ყოველ წელს? თუ ის სიგარეტით ამოწვი, ან ავტოავარიაში მოყევი, გასაგებია, მაგრამ ყველა ავტომანქანა ავტოავარიაში ხომ არ მოყვა? აქ ისეთი ნაწილების გამოცვლაზეც წერია, რომლის განახლებაც მანქანას ხშირად საერთოდ არასდროს სჭირდება, სანამ ის არსებობს. გასაგებია, რომ ხუნდებს, საბურავებს ხშირი ცვლა უნდა, მაგრამ მანქანის ყველა ნაწილის გამოცვლაზე საუბრობენ. „ბრიზგავიკი“ ყველა მძღოლმა იცის და ისიც კი გაწერილია ტენდერში. მაშინ, ადგნენ და ახალი იყიდონ, არ სჯობია, უფრო ნაკლები დაუჯდებათ. დევნილთა სამინისტრომ 19 000 ლარი ავტომობილების რეცხვაზე გამოყო.
ახლა ჩამოგითვლით, ვინ გამოაცხადა მანქანების შეკეთების ტენდერები:
აჭარის მთავრობამ 9 მანქანაზე გამოაცხადა 50-ათასლარიანი ტენდერი; ფინანსთა სამინისტრომ მსგავსი ტენდერი გამოაცხადა; ასევე „თბილსერვის ჯგუფმა“ 300-ათასიანი ტენდერი გამოაცხადა. ამ ეტაპზე, ყველა ასეთი ტენდერის ჯამური თანხა 20 მილიონს სცდება. მათ თავისუფლად შეუძლიათ, ამ სიას წლის განმავლობაში კიდევ დაამატონ მანქანებიც და თანხებიც.
ყველა ეს ტენდერი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, კოლოსალური ჩამონათვლებია, რაც, თითქოს, ავტომანქანებს გარემონტების დროს უნდა გამოუცვალონ. ამას კაპიტალური რემონტიც აღარ ჰქვია, ფაქტობრივად, ტენდერებით მანქანებს ახლიდან აწყობენ. სინამდვილეში ეს ყველაფერი ბლეფია.
_ შეგიძლიათ, კიდევ გვითხრათ მაგალითები და დაგვიმტკიცოთ, რომ ის, რაც ტენდერის დოკუმენტაციაში წერია, მისი გაკეთება სინამდვილეში საჭირო არ არის?
_ ყველა სამსახურის პრეისკურანტი, რომელიც, დაახლოებით, 50-ფურცლიანია, ერთმანეთს ტყუპისცალივით ჰგავს, შეუმჩნეველი მეტნაკლებობით. მაგალითად: ყველას უწერია, რომ ამ მანქანებს სჭირდება გადაცემათა კოლოფების დამცავები, გადაცემათა კოლოფების გამაგრილებელი რადიატორები, ბალიშები, უკანა სვლის მაჩვენებლის გადამწოდი, კონდიცირების სისტემები, გაბარიტის ნათურა და ა. შ. ავტომანქანის ყველა ნაწილი წერია, არ გჯერათ?
_ სხვა გზა არ მაქვს, დოკუმენტები მომიტანეთ და უნდა დავიჯერო...
_ მაგალითად, წერია, წინა საქარე მინის საწმენდი ღერძი უნდა გამოიცვალოსო. თქვენც ხომ გაქვთ ავტომანქანა და „დვორნიკებს“ რამდენ წელიწადში ერთხელ ცვლით ხოლმე?
_ რაც მანქანა ვიყიდე, 5-6 წელია, არ გამომიცვლია.
_ მეც მაგას ვამბობ, შეიძლება მანქანა ისე გაცვდეს, რომ ამ ნაწილის გამოცვლა არ დასჭირდეს და ყველა სატენდერო მანქანას ეს ნაწილი რამ დაუზიანა?! ასევე წერია სარკის გამათბობელი, ფარის კერხერი, შუშის ამწევი ელექტრო მექანიზმი, შუშის ამწევი მექანიზმის ღილაკი, დაფა, ძრავი, შიდა საბარგულის საკეტი, სავარძლის „ჩიხოლი“, ფეხსაგების რეზინა, კარის შიგნითა გაღების სახელური და საჭეც კი. აღარაფერს ვამბობ, „პალიროვკაზე“ და ა. შ. ორი აზრი არ არსებობს, რომ აქედან დიდი ფული იჭრება. სატენდერო დუკუმენტაციაში, სადაც ეს მანქანები წერია, მათი წლებიც არის მითითებული, სადაც 2004-05 წლებში გამოშვებულებიც გვხვდება. ამდენი თუ ღირს ამ მანქანების შეკეთება, არ ურჩევნიათ, სამხარაულის ექსპერტებს შეაფასებინონ, გაყიდონ და ამ თანხით სხვა შეიძინონ? შს სამინისტროს რომ ბევრი ავტომანქანა სჭირდება, კიდევ გასაგებია, მაგრამ აჭარის მთავრობას თუ 9 ავტომანქანის შენახვა 50 ათასი ლარი უჯდება, ცხადია, სჯობს, 200 ათასი ერთბაშად გაიღოს, სამი ახალი მანქანა იყიდოს და სამი წელი მაინც მოაცილებს ბიუჯეტს ამ უაზრო თანხებს.
_ მხოლოდ ავტომანქანებზეა ტენდერები გამოცხადებული?
_ ამჯერად ავტომანქანების სარემონტო სამუშაოებს იმიტომ შევეხე, რომ აქ სასაცილო მდგომარეობაა. თუმცა ყველაფერზეა წლის დასაწყისში გამოცხადებული ტენდერები: დასუფთავებაზე, დაცვაზე და ა. შ. შს სამინისტროს მასტიკის ყიდვა რომ უნდა, იმაზეც კი.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ტენდერი: ზაფხულში ისნის სამხედრო ჰოსპიტალში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით თქვენი მეშვეობით ერთი ამბავი ავტეხეთ. ეს შენობა დევნილთა სამინისტროს ეკუთვნის, რომელსაც დაცვის სამსახური „გრიფინი+“ იცავს. ახლაც ტენდერში გამარჯვებული ეს კომპანიაა. მაშინ ჩვენ სააშკარაოზე გამოვიტანეთ ის დარღვევები, რაც „გრიფინი+“-ს ჰქონდა. მას დაცვის კონკრეტულ ადგილზე ტენდერით გაფორმებული ჰყავდა 18 თანამშრომელი, ანუ 24-საათიან ცვლაში 6-8 ადამიანს უნდა ემორიგევა, თუმცა არაერთხელ შევამოწმეთ ობიექტი და მიცემულ მომენტში 2 ადამიანზე მეტი არ გვინახავს. იქ მცხოვრებლები ამას ამტკიცებდნენ და აცხადებდნენ, რომ სულ მუშაობს სამი ცვლა, თითო ცვლაში არის 2 ადამიანი, ანუ ამ ობიექტს ჯამში 6 ადამიანზე მეტი არ იცავს, თუმცა ხელფასს 16 კაცი იღებს. სად მიდის ზედმეტი თანხა, არავინ უწყის. ამჯერადაც მხოლოდ ეს კომპანია მონაწილეობდა დევნილთა სამინისტროს ობიექტების დაცვის ტენდერში და, რა თქმა უნდა, გაიმარჯვა კიდევაც. ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით ამ სამინისტროს ობიექტებს ეს სამსახური დაიცავს. პრობლემა კიდევ ის არის, რომ აღნიშნულ ობიექტზე, ისნის ტერიტორიაზე, კომპანიას დაცვის თანამშრომლების იგივე რაოდენობა ჰყავს გაწერილი, ანუ კიდევ აპირებს ამ სამინისტროს ხარჯზე ფულის კეთებას. ცხადია, დევნილთა სამინისტრო ვერ იტყვის, რომ ეს ამბავი არ იცის, თუმცა დუმს და რატომაც, ალბათ, მიხვდებით.
_ რატომ, იქნებ, დაგვიკონკრეტოთ?
_ ამ დანაშაულის შესახებ თუ მანამდე არაფერი იცოდნენ, თქვენი გაზეთით ხომ გაიგეს, მაგრამ მისი აღკვეთა არც უცდიათ. ახლა კი იგივე კომპანიას იგივე სახის ტენდერი მოაგებინეს. ან დაცვის ეს სამსახური და სამინისტრო ერთმანეთთან გარიგებულები არიან და დაცვის დანარჩენი თანამშრომლების ხელფასებს ორივე მხარე იღებს, ანდაც ეს სამსახური სამინისტროს ატყუებს და ზედმეტ თანხას ართმევს. ნებისმიერ დროს რომ მივიდეთ აღნიშნულ ობიექტზე, ან იქ მცხოვრებლებს ჰკითხოთ, ცვლაში რამდენი ადამიანი მორიგეობსო, დარწმუნდებით, რომ 12 ადამიანის ხელფასი ჰაერში მიდის და ამ თანხას ან ერთად სძალავენ სახელმწიფოს, ანდაც, უბრალოდ, სახელმწიფო ტყუვდება, რაც ნაკლებად სარწმუნოა. ისიც საგულისხმოა, რომ ამ ბაზარზე აღნიშნულ კომპანიას ისეთი შეთავაზებები აქვს, რომ სხვა კომპანიას არც კი გასჩენია სურვილი, შეთავაზება მიეღო და წლებია, ეს ასე ხდება.
ამ აფერის მექანიზმი ამგვარია: სატენდერო პირობებში შეიძლება ერთი ისეთი მუხლი ჩაწერონ, რომელიც მხოლოდ ერთ კონკრეტულ კომპანიას მოერგება. ამას უფრო მარტივად აგიხსნით ერთი მეტად სასაცილო მაგალითით: თბილისის მერიამ წინა წლებში საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოცხადებულ ტენდეში, რა დროსაც ქირაობდნენ ადამიანის ჩასაცმელ საახალწლო ფორმებს, მოითხოვა კონკრეტულად ვარდისფერი დათვის ფორმა. ანუ იმ კომპანიას, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა ამ ღონისძიებაში, უნდა ჰქონოდა ვარდისფერი დათვი. აღმოჩნდა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ასეთი ფორმა მხოლოდ ერთ კომპანიას ჰქონდა და ასე გაამარჯვებინეს მას („ქრონიკა+“ ამ თემაზე გასულ წელს წერდა, _ რედ.). ეს პროექტი ვითომ სოციალურად შეჭირვებულ ბავშვებს მოარგეს, სინამდვილეში კი ამ ფორმებით მოწყობილ ღონისძიებებზე მათი შვილები გაერთნენ. წინასწარ რომ არ შეთანხმებოდა მერია კომპანიას, ვარდისფერ დათვს როგორ მოითხოვდა? რომ ეთქვათ, თეთრი ან შავი დათვიო, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ ვარდისფერი დათვი ვის უნახავს?.. ასეთი მოთხოვნა პირდაპირ მიანიშნებდა, რომ ტენდერი ამ კომპანიას უნდა მოეგო და ასეც მოხდა. აქედან გამომდინარე, მას შეუძლია, ტენდერის პირობებში ჩაწეროს, რომ მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კომპანია, რომელიც დევნილთა სამინისტროს ობიექტებს 3 წელია იცავს და ასეთი აღმოჩნდება მხოლოდ „გრიფინი+“, რადგან ისინი 2013 წლის მერე ერთად გადაჯაჭვულნი მოდიან.
_ ერთმანეთს ასე რამ დააკავშირა?
_ ვერ გეტყვით, პირველად როგორ დაუკავშირდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს კომპანია სატენდერო პირობებს რომ არ ასრულებს და მაინც უპრობლემოდ განაგრძობს სამინისტრო მის დაფინანსებას, ფაქტია. ეს ფული სად მიდის, კაცმა არ იცის და აქ რომ ისეთი პირის ინტერესები იკვეთება, რომელიც თანამდებობრივად წყვეტს, ვის მიანიჭოს სატენდერო პირობებში უპირატესობა და ვის _ არა, ცალსახაა. რა თქმა უნდა, ამ საკითხის გორგალი მაღალი თანამდებობის პირებთან მიდის. წელს 614 571 ლარს იღებს „გრიფინი+“ დევნილთა სამინისტროს ობიექტების დაცვაში. ამას უკეთებენ კომპანიას, რომელიც გასულ წელს ვამხილეთ და ვთქვით, რომ მას დარღვევები აქვს. ვაზიანში, დევნილთა დასახლების დაცვის ტენდერში წერია, რომ ცვლაში 7 ადამიანი მუშაობს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ ობიექტს 21 ადამიანი ნამდვილად არ იცავს. თანაც, ეს კონტრაქტები 1-წლიანი არ არის. მაგალითად ბაღდათის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ჰოსპიტლის დასაცავად 6-თვიანი კონტრაქტი დადეს, ანუ 6 თვის შემდეგ კიდევ გამოცხადდება ტენდერი და იგივე მოხდება. ზოგან ტენდერი 3-2 და ერთთვიანიც კი არის. ერთწლიანი დაცვის კონტრაქტი მხოლოდ სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაზეა გამოცხადებული და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, აპლიკაციების შესავსებ ცენტრზე და ჰუმანიტარული სტატუსის თავშესაფრებზე, რომლებიც გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფშია.
ასევე ტენდერებია გამოცხადებული დასუფთავებებზე, საკანცელარიო ნივთებზე, ჰიგიენურ საშუალებებზე და ა. შ. საარჩევნო წელია და ხომ წარმოგიდგენიათ, ამ ტენდერების „ატკატები“ საითაც წავა?! სატენდერო კომისიებიც ძველი შემადგენლობით არის წარმოდგენილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ზემოთქმულს.
ყველას ვპირდებით: თითოეული სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერს ბოლომდე მივყვებით, ამიტომ უმჯობესია, ეს ადამიანები მოერიდონ ზედმეტი მაქინაციების კეთებას.
ნელი ვარდიაშვილი