წინა ხელისუფლების დროს ჩადებული ნაღმების გასაუვნებელყოფად ეს ხელისუფლებაც არაფერს აკეთებს. რიგითი მოქალაქეების მიმართ ,,ნაციონალების“ პოლიტიკა გრძელდება. თუ ბიზნესმენს ქონებას არ ართმევენ და წილებს არ აფორმებინებენ, ეს არ ნიშნავს, რომ რიგითი მოქალაქე დაცულია. პირიქით, ისინი უფრო დაუცველები არიან, ვიდრე წინა ხელისუფლების პერიოდში, განსაკუთრებით, თუ საქმე ქონებას ეხება.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 15 თებერვლის განკარგულებით, სახელმწიფო შპს ,,აგრომეტის“ 100%-იანი წილი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს გადაეცა. ,,აგრომეტში“ გაერთინებული 14 აგრარული მიმართულების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი მათი უძრავ-მოძრავი ქონებით (მათ შორის, მიწის ნაკვეთების საბალანსო ღირებულება 65 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო საბაზრო _ 300 მილიონ ლარს) კახა ბენდუქიძეს პირდაპირი მიყიდვის წესით 4 მილიონ დოლარად გადაეცა და თან განვადებით.
ამ სიაში მოხვდა ანასეულის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და მისი ჩაქვის ფილიალი, რომლის მფლობელობაში იყო 17 ჰა მიწის ნაკვეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში.
როცა აზიის განვითარების ბანკის მიერ ავტობანის მშენებლობა დაფინანსდა, დღის წესრიგში დადგა, ავტობანის გზაზე მფლობელობაში არსებული მიწები მაქსიმალურად ერთი უწყების, ან ერთი კაცის ხელში მოხვედრილიყო, რადგან კომპენსაციის შემთხვევაში გარიგებაში შესვლა ბევრთან არასასურველი და არასაიმედოა.
ასე მოხდა ჩაქვშიც. იმ ტერიტორიაზე, სადაც ავტობანი უნდა გავიდეს, 19 ოჯახს, თავის დროზე, თვითნებურად ჰქონდა მიწა დაკავებული, ეს ტერიტორია კი საქართველოს ქონების მართვის სააგენტოს ბალანსზე იყო. ამათგან 5 მათგანს ქობულეთის მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ 2008 წელს დაკავებული ტერიტორია საკუთრებაში გადასცა და საჯარო რეესტრში გაატარა, დანარჩენს კი განუცხადა, რომ ისინი ავტობანის გავლის შემდეგ შესაბამის კომპენსაციას მიიღებდნენ. 2009 წელს იმავე კომისიამ თავისივე აღიარებული საკუთრება იმ მიზეზით გააუქმა, რომ მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტები არ ვლინდება(?!). დაზარალებულმა ოჯახებმა იჩივლეს და ყველა სასამართლო დავა მოიგეს, მათ შორის, 2015 წელს ბოლო პროცესი _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც.
რეალურად კი ამ ხალხს უარი ეთქვა იმიტომ, რომ მათ კომპენსაციები არ მიეღო.
2012 წლის 6 სექტემბერს პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის ბრძანებით, აღნიშნული ტერიტორია ქონების მართვის სააგენტოს ბალანსიდან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა. არჩევნების წაგების შემდეგ, ხელისუფლების გადაბარებამდე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ 16 ოქტომბერს ,,აგრომეტს“ 17 ჰა მიწის ტერიტორია, რომელიც ავტობანიდან 4-5 კილომეტრში მდებარეობდა, შესაბამისი ფართობი იმ ტერიტორიაზე გადაუცვალა, რომელზედაც ავტობანი გადიოდა. მიწები, რომელიც მოსახლეობას ჰქონდა დაკავებული, ,,აგრომეტის“ საკუთრებაში აღმოჩნდა. ე. ი. კომპენსაციას, რომელიც ავტობანის მშენებარე ჩინურ კომპანია ,,სინოჰიდროს“ მოსახლეობისთვის უნდა გაეცა, ,,აგრომეტი“ მიიღებს.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სამართლიანობის აღდგენის იმედით, მოსახლეობამ ახალ ხელისუფლებას მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. ის ხელისუფლება გადაწყვეტილებას მაინც იღებდა, ამათ კი ამის უნარიც არ გააჩნიათ.
საგულისხმოა, რომ აწგანსვენებულ კახა ბენდუქიძეს სწორედ ამ ქონების გადაცემას ედავებოდა სახელმწიფო და პროკურატურამ საქმეც კი აღძრა. თუმცა მასზე მიწის ადგილმონაცვლეობა, რომელიც აჭარის მთავრობის განკარგულებით უნდა გაებათილებინა, შეგნებულად არ გააკეთა. უკეთესი პარადოქსი რაღა გინდათ?! ის კი არა, ამ ადამიანების ინტერესების დამცველებს _ მერაბ ბლადაძეს და ჯეირან ფალავანდიშვილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილმა ურჩია, _ აქეთ დაგვეხმარეთ, დაარწმუნეთ მოსახლეობა, რომ ის ტერიტორია დატოვონო.
ჯეირან ფალავანდიშვილი, უფლებადამცველი:
_ ვის არ მივმართეთ სამართლიანობის აღსადგენად _ პრემიერიდან დაწყებული, პროკურატურით დამთავრებული, მაგრამ ნორმალური პასუხი ვერსაიდან მივიღეთ.
2014 წელს აჭარის მთავრობას მივმართეთ, შევხვდით მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს, რომელიც დაგვპირდა, რომ სამართალს აღადგენდა, ვარშალომიძის განკარგულებას გააუქმებდა და იქ მცხოვრებ 20 ოჯახს შანსს მისცემდა, კომპენსაცია მიეღო, მაგრამ სიტყვა არ შეასრულა _ ადმინისტრაციულ წარმოებაში მიღებული საჩივარი განიხილეს და ლევან ვარშალომიძის მიერ 2012 წლის 17 ოქტომბრის #456 ბრძანების გაუქმებაზე უარი თქვეს.
ამ ტერიტორიაზე ტარიფიკაციით `სინეჰიდრომ~ კომპენსაციის სახით 5 მილიონ ლარამდე უნდა გადაიხადოს, მოსახლეობისთვის კი 800 ათასიდან 1 მილიონ ლარამდე საკმარისი იქნებოდა. ე. ი. `სინეჰიდრო~ 5 მილონს უხდის კახა ბენდუქიძის სამართალმემკვიდრეს. არა მგონია, ეს ისე, უანგაროდ ხდებოდეს.
ვფიქრობთ, ამით საქართველოს ახალი მთავრობა უნდა დაინტერესდეს და მსგავს კორუფციულ გარიგებებს თავიდანვე გამოაცალოს საფუძველი.
რაც შეეხება არჩილ ხაბაძეს, ის არის აჭარის სირცხვილი. ასეთ უუნარო მმართველს ჩვენი კუთხე არ იმსახურებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი, მათ არაფერი შეუძლიათ, ამაში მათთან შეხვედრის მერე დავრწმუნდი.
,,ქრონიკა+“ დაუკავშირდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, მამია ჟორდანიას:
_ ბატონო მამია, რატომ არ ასრულებთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ აღუდგინეთ საკუთრების უფლება მოქალაქე ჯუმუშიძეს?
_ ჩვენ სასამართლო გადაწყვეტილებით საკითხის ხელახლა შესწავლა დაგვევალა. შევისწავლეთ და მოქალაქეს უარი განვუცხადეთ საკუთრების უფლების აღდგენაზე.
ბადრი ღაღაიშვილი, ,,სინეჰიდროს“ იურისტი:
_ კომპენსაციის გაცემა ჩვენ არ გვეხება, ეს არის საქართველოს გზების დეპარტამენტის პრეროგატივა. სწორედ ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ადგენენ ტარიფიკაციას.
ზურაბ სიხარულიძე _ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის სამსახურის უფროსი:
_ ბატონო ზურაბ, საქმის კურსში ხართ ჩაქვში ,,აგრომეტსა“ და მოსახლეობის დავის თაობაზე? თქვენ გასცემთ კომპენსაციას?
_ ეს ,,აგრომეტის“ მიწები არ არის, ის ჩვენმა დეპარტამენტმა შეისყიდა.
_ როდის?
_ 2015 წელს.
_ რა თანხა გადაიხადეთ?
_ არ ვიცი.
_ ვის მივმართო, ვინ იცის?
_ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.
_ გვაქვს ინფორმაცია, რომ 5 მილიონი ლარია გადახდილი.
აქ კი ბატონ ზურაბ სიხარულიძეს ნერვებმა უმტყუნა, გვიყვირა, _ თავად გაარკვიეთ, მე რა შუაში ვარო?! და ყურმილი დაგვიკიდა.
ბატონ ზურაბს და მის ზემდგომებს კი შევახსენებთ, რომ ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა არ შეიძლება, კონფიდენციალური იყოს _ ის ჩვენიცაა და საზოგადოებას უფლება აქვს გაიგოს, სად და რამდენი იხარჯება.
ნატო ქათამაძე