QronikaPlus
რატომ ვერ ჩამოდიან საქართველოში მელიტონ ქანთარიას შვილი და შვილიშვილი?

რატომ ვერ ჩამოდიან საქართველოში მელიტონ ქანთარიას შვილი და შვილიშვილი?

2016-02-09 11:52:04

საბჭოთა კავშირის გმირი მელიტონ ქანთარია, ალბათ, ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა წლები და მის შთამომავლობას საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების უფლება არ ექნებოდა. რაიხსტაგის თავზე ბერლინისთვის ბრძოლისას აღმართული დროშა არც ისეთი წარსულია, თუნდაც საბჭოურ გადმონაშთად მონათლული, რომ დღეს საქართველომ იმ დროის გმირს თავგანწირვა დაუკარგოს. ამ თემაზე „ქრონიკა+“-ს „დევნილთა“ პარტიის თავმჯდომარე, ლელა გულედანი ესაუბრა:   _ ციალა ქანთარია საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას შვილია, მისი შვილი _ თამაზ ოჩიგავა კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა. ქალაბატონი ციალა დღეს საბერძნეთში ცხოვრობს შვილიშვილთან ერთად და თავშესაფრის უქონლობის გამო საკუთარ ქვეყანაში ვერ ჩამოდის. ბატონი ჯუმბერ ანანიძე წლების განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოს. არის ავღანეთის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომის მონაწილე. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. აქვს მიღებული მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ და ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურება აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ პასუხისმგებელი უწყებები ამ ოჯახებს თავშესაფრით დღემდე ვერ აკმაყოფილებდნენ, „დევნილთა პარტიამ“ რამდენიმე თვის წინათ შუამდგომლობით მიმართა პრემიერ-მინისტრს. ჩვენ ვითხოვდით მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის სარეზერვო ფონდიდან ამ ოჯახების ბინით დაკმაყოფილებისთვის თანხის გამოყოფის საკითხის გატანას და გადაწყვეტას. სამწუხაროდ, შუამდგომლობებს რეაგირება არ მოჰყოლია, მეტიც, ეს წერილები გადამისამართდა არაფრის გამკეთებელ უწყებებზე. _ თავის დროზე, რომელ უწყებაზე გადამისამართდა თქვენი განცხადება? _ თავდაპირველად, ქალბატონი ციალა ქანთარია მოვიდა ჩვენთან თხოვნით, რომ შუამდგომლობა დაგვეყენებინა დევნილთა სამინისტროსთან, მაგრამ როგორც გავარკვიეთ, სამინისტროსთან ამის გაკეთებას აზრი არ ჰქონდა, რადგან მანამდე ამ ოჯახს 4 ქულა მიანიჭეს. ფაქტობრივად, ამ ოთხი ქულით ბინით დასაკმაყოფილებელთა სიაში ქალბატონი ციალა და მისი ოჯახი ვერ ხვდებოდა, ამიტომ შუამდგომლობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან გავუწიეთ. დავწერეთ ასეთი შინაარსის განცხადება, _ დევნილთა სამინისტროს 4 ქულა აქვს მინიჭებული და მათი განსახლების კრიტერიუმებით ქალბატონი ციალა კიდევ წლები, ბინას ვერ მიიღებს; 70 წლის ქალბატონი საბერძნეთში ცხოვრობს და თავშესაფრის არქონის გამო აქ ვერ ჩამოდის, თან ინვალიდი შვილიშვილი ჰყავს. პრემიერს გამონაკლისის სახით ვთხოვეთ, რომ, იქნებ, მთავრობის სხდომაზე გაეტანა ეს საკითხი. ჩვენ ეს შუამდგომლობა რამდენიმე თვის წინათ დავაყენეთ, როდესაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, რათა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამონახულიყო შესაბამისი სახსრები. ყველას კარგად მოეხსენება, რამხელა დამსახურება აქვს ამ ოჯახს. იქნებ, კაბინეტის წევრებს ემსჯელათ და უსამართლოდ დაჩაგრული ოჯახებისთვის ბინა შეეძინათ. რადგან ეს განცხადება დევნილთა სამინისტროზე გადაამისამართეს, გამოდის, რომ ის არც კი წაუკითხავთ. ასე მუშობენ, როგორც ჩანს. ჩვენ ხომ ნათლად გვქონდა ჩამოწერილი, თუ რატომ მივმართეთ პირადად პრემიერ-მინისტრს. იქ ჩანდა, რომ დევნილთა სამინისტროსთან აზრი არ აქვს შუამდგომლობის დაყენებას. მანამდე ეს შუამდგომლობა ვეტერანებმაც გააკეთეს, მაგრამ უშედეგოდ. თანაც, ეს ქალბატონი 9 მაისს თვითონ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, ასევე დავით ნარმანიას. როგორც გვითხრა, ყველა დაჰპირდა დახმარებას, მაგრამ მერე უკვე წერილების ერთმანეთზე გადამისამართება დაიწყეს და მოჯადოებული წრეც შეიკრა. ამ პრობლემაზე ვეტერანთა დეპარტამენტში თავმჯდომარის მოადგილეს, ჯანრი უბირიას ვესაუბრე, თავად აფხაზეთიდანაა. ვკითხე, ამ ქალს როგორ დაეხმარებით-მეთქი? _ ერთადერთი გამოსავალი ის იყო, რომ თვითონ სამართლებრივ აქტში, რომელიც დევნილთა განსახლებას არეგულირებს (მინისტრის 320 ბრძანება), მის კრიტერიუმებში კიდევ ჩამატებულიყო სამამულო ომის ვეტრანებიო. საუბარია ქულების კიდევ დამატებაზე, რომ ამ ქალბატონს მამამისის, მელიტონ ქანთარიას დამსახურებით საჭირო ქულები მომატებოდა. ვთქვათ, ორი ან სამი ქულა. ეს დევნილთა სამინისტრომ არ გაითვალისწინა. ფაქტობრივად, ამ ვეტერანებს უარი ეთქვათ, ჩვენ ასეთ მუხლს ვერ დავამატებთო. რადგან ეს ვეტერანები ცოცხლები არიან და ამ კრიტერიუმით ბევრ ოჯახს ქულები მოემატეობდა და კიდევ ბევრი კატეგორია ბინას მიიღებდა, რაც მთავრობას, დევნილთა სამინისტროს არ აწყობს. სამინისტროს დაბალქულიანები უფრო აწყობს, რომ ეს რიგითობა ყველას მოუწიოს. ვერ გეტვით, ეს რიგი როდის დადგება, მაგრამ მაინც. მოგეხსენებათ, უვადოც კი ჩაწერეს და კაციშვილმა არ იცის, ყველას როდის დააკმაყოფილებენ. ამიტომ მათ ინტერესშია, რაც შეიძლება ნელი ტემპით მოხდეს განსახლება. _ ქალბატონი ციალა დევნილობის შემდეგ პირდაპირ საბერძნეთში წავიდა, აქეთ არაფერი არ ჰქონია? _ დიახ, პირდაპირ საბერძნეთში გაემგზავრნენ. როგორც უკვე გითხარით, შვილიშვილი ინვალიდი ჰყავს და ჩამოსვლა უნდა, ვერც ჩამოდის, _ სად ჩამოვიდე, თავშესაფარი არ მაქვსო. ამ მთავრობის იმედი ჰქონდა, მაგრამ გაუცრუვდა. ზოგადად, დევნილთა სამინისტრო ასეთ ადამიანებს დევნილთა სტატუსსაც ვერ აძლევს, თუ ჩვენი მოქალაქეობა არ აქვთ, ხოლო ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტის პრეროგატივაა. მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და განსაკუთრებული ღვაწლისთვის აძლევენ. ბოლო ხანებში პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა ასეთ დევნილ ბავშვებსაც მიანიჭა. კიდევ კარგი, რომ დევნილთა სამინისტრომ ციალა ქანთარიას დევნილის სტატუსი მიანიჭა. კი ბატონო, აფხაზეთიდან, ოჩამჩირიდან არიან და ეკუთვნოდათ, მაგრამ სტატუსი რისთვის კეთდება? ადამიანს სახლი არ აქვს და უნდა დააკმაყოფილონ. _ მეორე შემთხვევაც იდენტურია? _ ბატონ ჯუმბერ ანანიძეს ყველა ომი გამოვლილი აქვს, ბევრი თანამდებობა ეკავა. შევარდნაძის პერიოდში მრჩეველიც იყო. დიდი ღვაწლი აქვს, სადაც კი ქვეყანას გაუჭირდა, ყველგან წინა ხაზზე იდგა. ეს კაციც ბინას ითხოვს, ხელისუფლებისგან იმედგაცრუებულია. როგორც ვიცი, ქართულ ოცნებას გვერდში ედგა, ყველა რაღაცას ჰპირდებოდა და ბოლოს ისე აღმოჩნდა, რომ სრულიად უყურადღებოდ მიატოვეს. თბილისში ნაქირავებში ცხოვრობს სამი შვილით, საკუთარი ფართი არ გააჩნია. ჩვენ ამაზე პრემიერთან ერთად ეკონომიკის სამინისტროსაც მივწერეთ. სამინისტრომ გვიპასუხა, _ თუკი თავისუფალ შენობას გამონახავთ, შესყიდვა შეგვიძლია გავაკეთოთო. ცოტა ორაზროვანი წერილი იყო, მაგრამ მაინც ბოლომდე ჩავებღაუჭეთ. მოკლედ, აუქციონის წესით მოგყიდით, თუკი სახელმწიფო შენობას მონახავთო. ისიც შესაძლებელია, რომ პირდაპირ მიყიდვის წესით პრეზიდენტმა ლარად გადასცეს. მერე ასეთ შენობაზე ჩვენ დავით ნარმანიას მივწერეთ, ჯერჯერობით, უშედეგოდ. ანანიძესაც ყველა ჰპირდება, ლამის ყველა მინისტრთან კარგ ურთიერთობაშია. `ოცნება~ მე მოვიყვანე ხელისუფლებაში, ჩემთან შტაბი ჰქონდათ გახსნილი, ამდენი პატივი ვეცი, გვერდში ვედექი და ვერაფრით დამეხმარნენო, _ ამბობს. ამ პრობლემას იურიდიულად მივყვებით. ბოლოს კიდევ ერთხელ ახალ პრემიერთანაც დავაყენეთ ეს შუამდგომლობა, რომ იქნებ ამ ფორმით ამ კაცსაც შეუსყიდონ ბინა.  

                                                                                                      გელა მამულაშვილი

       

გაზიარება