„მემარცხენე ალიანსი“ კატეგორიულად მოითხოვს მაღალპროცენტიანი სასესხო ვალდებულებების რეგულაციას და გონივრული ზღვრული საპროცენტო განაკვეთის დაწესებას. პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანია აცხადებს, რომ „კატასტროფულად გაძვირებული დოლარის კურსის ფონზე კიდევ უფრო უიმედოდ გამოიყურება ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე, რომელსაც მძიმე სოციალური პირობების გამო ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინ სესხების მეშვეობით უნამუსოდ, კაბალურ პირობებში, მაღალგანაკვეთიან საკრედიტო-საპროცენტო მარყუჟში აქვთ თავი გაყოფილი:
„ამ ორგანიზაციებიდან სესხის აღება, პრაქტიკულად, დაუბრკოლებლად და უპრობლემოდ არის შესაძლებელი, ხოლო ბანდიტურად გაასმაგებული პროცენტების გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელი მარტივად კარგავს ყველაფერს _ თავისასაც და მამაპაპისეულისასაც. ამ ყაჩაღი ორგანიზაციების თავხედობა იქამდე მივიდა, რომ სესხის გარანტიად პენსიონერების გასაწყლებულ პენსიას იდებენ და შემდეგ ამ პენსიიდან წლიურ 35 პროცენტს ატოვებინებენ. უფრო მძიმე მდგომარეობაა ონლაინ სესხებზე, როდესაც ზოგიერთ შემთხვევაში წლიური საპროცენტო განაკვეთი 1000 პროცენტს აღემატება“, _ ამბობს ძაგანია.
მისივე თქმით, პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ მოითხოვს, ხელისუფლებამ საკანონმდებლო დონეზე დააწესოს რეგულაციები საპროცენტო განაკვეთებზე, განსაზღვროს გონივრული ზღვრული საპროცენტო განაკვეთები, მონიტორინგი დაევალოს ეროვნულ ბანკს: „ამავე დროს, ჩვენ გვაინტერესებს, აღნიშნულ ურთულეს პრობლემასთან დაკავშირებით, რა მოსაზრებები აქვთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს?“
თავის მხრივ, „ლეიბორისტული პარტია“ იწყებს „მამხილებელ აქციებს ყაჩაღი ბანკირების წინააღმდეგ“. პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ლარის გაუფასურებას ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში:
„საახალწლოდ ლარის კვლავ გაუფასურებით ახალი დარტყმა მიაყენეს მათგან ისედაც არაერთხელ გაწირულ მოსახლეობას. მთელი ამ საბანკო შეთქმულების სათავეში დგას ქვეყნის მთავარი ბანკირ-დიქტატორი ივანიშვილი თავის თანამზრახველ საბანკო კრიმინალიტეტთან ერთად. რაიმე ობიექტური მიზეზი ვალუტის ასეთ კატასტროფულ ვარდნას არ გააჩნია, გარდა ამ დანაშაულებრივი სინდიკატის განზრახვისა, ხალხის ხარჯზე იშოვოს მუქთა მილიარდები.
მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტისაგან მოვითხოვთ საკანონმდებლო პაკეტის სასწრაფოდ მიღებას, რომელიც ლარის კურსის დასტაბილურებამდე საერთოდ შეაჩერებს პროცენტების გადახდას; ხოლო შემდგომ უზრუნველყოფს ანგარიშსწორებას იმ კურსით, რაც არსებობდა ვალის აღებისას.
ამასთან, დაუყოვნებლივ დასაყადაღებელია და მევალეთა ფონდებშია გადასარიცხი ის 1 მილიარდ 980 მილიონი, რომელიც ბანკებმა ამ უმძიმეს პერიოდში უსამართლოდ გამოსძალეს მოსახლეობას.
„ლეიბორისტული პარტია“ ამ კვირიდან მამხილებელ აქციებს იწყებს ყაჩაღი ბანკირების წინააღმდეგ.
იცოდეს ყველამ! ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება!“ _ აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
გიორგი გუგავა, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერი:
_ სახეზეა საბანკო შეთქმულება მოსახლეობის წინააღმდეგ. ლარის გაუფასურებისა და მოსახლეობის ტოტალური გაღარიბების ფონზე ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება ასტრონომიულ ციფრებს აღწევს, რაც სახელმწიფოში დამყარებული ოლიგარქიული საბანკო-საფინანსო დიქტატურით არის განპირობებული.
დრაკონული კანონმდებლობითა თუ კრიმინალური გზით, სავალუტო მაქინაციების გამოყენებით ბანკებს სრული უფლებამოსილებები აქვთ მინიჭებული, მაქსიმალურად გაძარცვონ მოქალაქეები, მიითვისონ არა მხოლოდ მათი ფინანსური რესურსი, არამედ უძრავი ქონებაც.
ამ მაფიოზურ-კრიმინალური პირამიდის სათავეში დგას მთავარი ბანკირი და ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი.
ემზარ ჯგერენაია _ ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში:
_ თუ საუბარია ბანკების კრედიტზე, ეს აბსოლუტურად ჩამოყალიბებული და დერეგულირებული სფეროა. ეროვნული ბანკის მხრიდან მრავალმხრივად კონტროლდება და ხარვეზები გარანტირებულად აღმოიფხვრება. ამიტომ მათი პროცენტების რეგულირება წარმოუდგენელი თემაა და უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება სოციალიზმისკენ, რაც რეალურად დაანგრევს საბანკო სისტემას.
მაგრამ თუ აქცენტია გაურკვეველი წარმოშობის ე. წ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, მათი რეგულირება, სათანადო ჩარჩოებში მოქცევა ბაზარზე წესრიგის დამყარებას ნიშნავს, რადგან ამ ორგანიზაციებს არაფერი საერთო არ აქვთ ნორმალურ ფინანსურ ინსტიტუტთან.
რეალურად, ისინი არიან სუპერსპეკულაციური ორგანოები, რომელთა მოგების პროცენტი ხანდახან 800 პროცენტს, ასტრონომიურ ციფრებს აჭარბებს. ამიტომ მათი „მოღვაწეობის“ რეგულაციაში მოქცევა, უბრალოდ, აუცილებელია.
საბოლოო ჯამში, ასეთ უკონტროლო პროცესს ეკონომიკის დაშლა მოჰყვება. ჩვენ თუ ამ მიუღებელი გზით ვივლით, გამორიცხული არაფერია.
_ რამდენად შესაძლებელია ამ პრობლემის საკანონმდებლო რეგულირება?
_ ბევრმა ქვეყანამ სწორედ ეს გზა აირჩია რეგულაციისთვის. ხაზს ვუსვამ, საუბარია მეორე ტიპის ორგანიზაციებზე და არა საბანკო სფეროზე. ასეთი ნაბიჯებით საეჭვო წარმომავლობის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მაქსიმალურად შეზღუდეს პროცენტის თვალსაზრისით და ეს მიღებული პრაქტიკაა. შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი სწორედ ეს არის. ვიმეორებ: ასეთი ტიპის ორგანიზაციები ანგრევენ ქვეყნის ეკონომიკას, მისი განვითარების პერსპექტივას.
_ სხვაგან რამდენად მწვავედ დგას ეს საკითხი?
_ სხვადასხვანაირი სიტუაციაა. არ დავასახელებ მათ, ვინც საქართველოში ძალიან აგრესიული ნაბიჯებით შემოვიდა. ამ დროს, 200-300 ლარიანი სესხის გაცემით, ქვეყნის ეკონომიკისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვთ, გარდა იმისა, რომ ეს, უბრალოდ, ანგრევს საფინანსო ბაზარს.
ევროპის რამდენიმე ქვეყანამ მიიღო მსგავსი რეგულაცია. ეს გადაწყვეტილება საქართველომაც დროულად უნდა მიიღოს.
გელა მამულაშვილი