დემოკრატიულ ქვეყანაში კანონზე მაღლა არავინ დგას, საქართველოში კი სამწუხარო რეალობაა. ახალი ხელისუფლების ,,კარგმა“ მეოთხე წელიწადმა, სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, სასამართლო ინსტანციებში სარჩელების კატასტროფული ზრდა მოიტანა. ,,ქართული ოცნების“ დაპირება არჩევნების დასრულებისთანავე გაქრა, სამაგიეროდ, დარჩა ამ დრომდე მოლოდინის რეჟიმში მყოფი ელექტორატი, რომელიც სამართლიან გადაწყვეტილებებსა და ობიექტურ გამოძიებას ამაოდ ელოდება.
,,ქრონიკა+“ თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ასევე ერთ-ერთ დაზარალებულს, შალვა ოგბაიძეს ესაუბრება:
_ ბატონო შალვა, როდის დაიწყო თქვენი შევიწროება?
_ მე ზურაბ ჟვანიას გუნდს წარმოვადგენდი, ჯერ კიდევ ,,მწვანეების“ პერიოდიდან მოვდიოდით. აღმასვლაც და რთული პერიოდიც გვქონდა, მაგრამ, ავად თუ კარგად, მაინც დაცული ვიყავი. მარტო იმის გამო, რომ, ვთქვათ, ჩემი ბიზნესი მოეწონათ, ან ჩემს არასამთავრობო ორგანიზაცია „საავტომობილო ფედერაციას“ გარკვეული მიზიდულობა გაუჩნდა, ამის გამო ვერ ვგრძნობდი თავს შევიწროებულად, მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვალა ,,ვარდების რევოლუციის“ მერე. მე დავინიშნე საგზაო პოლიციის უფროსად. პირველი სამი დღე შემიძლია ქრონოლოგიურად აღვიდგინო, როდესაც მაშინვე გავაუქმე „რეიდები“, ავყარეთ პიკეტები, რაც იმ პერიოდის ანაქრონიზმი იყო; ამას დავუმატოთ გაუცემელი ხელფასები, სახელმწიფოს მიერ ლეგალიზებული ფულის აკრეფის სტრუქტურა: რიგით ინსპექტორებს ხელფასს ვერ უხდიდნენ და სახელმწიფომ ისინი ძალაუფლებით, იარაღით აღჭურვა და უთხრა, რომ ქუჩაში თავად იშოვეთ სარჩო-საბადებელიო. აი, ეს ყველაფერი სამ დღეში დავასრულე.
მახსოვს, პირველივე დღეს გავაუქმე ავტომობილების განბაჟება საგზაო პოლიციის შენობაში და ამ პიროვნების დატოვებას ბევრი ცნობილი სახე მთხოვდა. სხვათა შორის, პირადად მოვიდა ჩემთან კაბინეტში აკაკი ბობოხიძე, გოჩა ჯოჯუა და ,,ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი.
_ ის პიროვნება ვინ იყო?
_ ვინც საგზაო პოლიციის შენობაში ფულს კრეფდა, ვინმე ბარბაქაძე და მე ის პირველივე დღეებში გავათავისუფლე. გაინტერესებთ, რა სქემით მუშაობდა? _ იყიდდა ჩვენი თანამოქალაქე მანქანას, მიდიოდა ვიღაც „შუსტრიაკი“ და შესთავაზებდა, რომ საქმეს მოუგვარებდა, მანქანას საგზაო პოლიციის შენობაში განუბაჟებდა. მაგალითად, განბაჟება ჯდებოდა 700 აშშ დოლარი და ეს პიროვნება ეუბნებოდა, რომ 500 აშშ დოლარს გადაახდევინებდა. რა თქმა უნდა, მოქალაქე 200 აშშ დოლარის შეღავათის გამო მსგავს შეთავაზებას თანხმდებოდა. ის პიროვნება შედიოდა, გამოჰქონდა ავტომობილის სახელმწიფო ნომრები, არც ერთი თეთრი ბიუჯეტში არ შეჰქონდა და ასეთი წესით, ლამის, რამდენიმე ათეულ ათასობით მანქანა იყო განბაჟებული. ეს საამქრო პირველივე დღეს დავკეტე.
ამ პერიოდშივე სააკაშვილს წინადადება მოვუმზდე ტექდათვალიერების შეჩერების შესახებ, რადგან არავითარი მსგავსი შემოწმება არ კეთდებოდა, მხოლოდ ფულის კუპიურას ათვალიერებდნენ. ამის შემდეგ ინციდენტი მოხდა, როდესაც პროკურატურამ 14.000 ავტომოვილის ამოღება მომთხოვა, რაზედაც უარი ვთქვი: მაგალითად, გიორგი ლაფერაშვილი რაღაც ჟანგიანი ,,ოპელ ვექტრას“ მესამე პატრონია, წარმოიდგინეთ, თქვენთვის უნდა წამერთმია მანქანა და საჯარიმო მოედანზე გადამეყვანა იმის გამო, რომ მანქანის პირველი პატრონი (პირველი გამყიდველი) მაქინაციებში იყო გახვეული, ხოლო მე მიმაჩნდა, რომ მაშინდელი შემძენი გიორგი ლაფერაშვილი კეთილსინდისიერი მყიდველი იყო და ასეთ კანონს არ უნდა გადაევლო მის ზურგზე. სწორედ ამ უკანონო დავალების შესრულებაზე ვთქვი უარი. სანაცვლოდ, დონაძის ორგანიზებით პროკურატურაში დამიბარეს ოქრუაშვილთან, თითქოს კითხვები ჰქონდათ ჩემთან. როგორც თქვენ გკითხეს პროკურატურაში რამე, ისე _ მე.
ამის შემდეგ მუშაობა გავაგრძელე და მეორე ინციდენტიც მოხდა, რამაც შავ სიაში ჩემს მოხვედრას შეუწყო ხელი. ეს მოხდა სრულიად შემთხვევით, როდესაც რატი ალექსიძის მანქანით გიგი უგულავა დადიოდა. მანქანა მის ოჯახს ემსახურებოდა. თვითონ რატი ალექსიძემ დაიჭირა საკუთარი მანქანა, რომელიც საჯარიმოზე უნდა მდგარიყო, როგორც განუბაჟებელი. მან თავისი მანქანა მშრალ ხიდზე აღმოაჩინა.
ამ დროს გია ბარამიძემ ჩემზე თქვა (სატელევიზიო ჩანაწერიც არსებობს), რომ მე, თურმე, ვარ არაკონსტრუქციული, ზედმეტად ხისტი პოზიცია დავიკავე და არაგუნდური თამაში ვაწარმოე. ამის შემდეგ დამთავრდა ჩემი კარიერა. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ამით დასრულდა ჩემი შეხება `ნაციონალურ მოძრაობასთან~. ამ მოვლენებს მოყვა ჟვანიას გარდაცვალება და საერთოდ გამოვერიდე პოლიტიკას, ჩემს სამოქალაქო, საყვარელ საქმიანობას მივხედე _ საავტომობილო ფედერაციას, მაგრამ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო.
2007 წლის ბოლოს პირველად შევხვდი გოკა გაბაშვილს, ხოლო 2008 წელს დავით ნამგალაურმა დამიბარა სპორტის სამინისტროში. იქ კახა გეწაძეც იყო, მაგრამ ხმა არ ამოუღია და კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭი. მათ მითხრეს, _ კარგი იქნება, თუ გადადგებით და ახალგაზრდა ბიჭს ავირჩევთო. თქვენი _ გამოცდილება და ახალგაზრდა ბიჭის _ ფინანსებიო. ყველანაირად ცდილობდნენ, ზეწოლა მოეხდინათ ჩემზე. მე ვუთხარი, _ ბატონო დავით, ბიუჯეტიდან ვფინანსდები, საჭეს ვერ ვატრიალებ, ჩემპიონატს ვერ ვატარებ, თუ მაყურებელს ვერ ვკრიბავ-მეთქი? მან მითხრა, _ იქნებ, ვიფიქროთ, ამ ახალგაზრდა ბიჭზეო. მე მისი გაცნობა მოვისურვე და ხელი გავუწოდე, _ შალვა ოგბაიძე. მან მიპასუხა, _ ნიკუშა ალასანია, თემურ ალასანიას შვილი. თემურს ვუთხარი, _ ჩემო კარგო, ავტოსპორტის სამყაროში ასე არ მოდიან, ხვალ მოდი შეჯიბრზე, როგორც სტუმარი (სხვათა შორის, დაგვესწრო) და მერე მოდი, როგორც მეგობარი, რამდენიმე თვეში პროგრამას მოგიმზადებ. ახლა რომ გარეთ გავიდე, მიკროფონები დამხვდება და რა ვუპასუხო, რატომ გადავდექი-მეთქი? ამ ბიჭს ხმა არ ამოუღია, მაგრამ გახსნილი ტექსტით მითხრეს, რომ ჩემივე სიჯიუტისთვის დამებრალებინა, რაც მომივიდოდა.
ერთ-ერთი სადილერო კომპანიის დამფუძნებელი გალხდით, სულ ოთხნი ვიყავით. ფინანსური პოლიცია შემოვიდა და „ხუთი ტონა აღურიცხავი ანტიფრიზი“ „აღმოაჩინა“. საანგარიშოს გაკრეს-გამოკრეს და 500.000 ლარი ჯარიმა დამიწესეს. მე რისი გადამხდელი ვიყავი?.. იმავე დღეს საავტომობილო ფედერაციაშიც შემოვიდა საგადასახადო და იქაც აღმოაჩინეს 500.000 ლარის დარღვევა! არადა, ეს არის ფედერაცია, რომლის ანგარიშზეც სულ 5000 ლარს ჰქონდა გავლილი. 5000 ლარში როგორ დავარღვიე მილიონნახევარი, დღესაც მიკვირს, გულწრფელად გეუბნებით. იმავე დღეს ჩემთან საგადასახადო შემოვიდა. მე მქონდა „შალვა ოგბაიძის საავტორო ავტოსკოლა“, ჩემი და ჩემს კოლეგასთან ერთად დაწერილი წიგნები აღურიცხავ პროდუქციად ჩამითვალეს. გარდა ამისა, კოდუა მესაუბრა, იმიტომ რომ კოდუას შვილები ავტომრბოლელები არიან. მან მითხრა, რომ ჩემი ტელეფონი ისმინდებოდა, მას გული წყდებოდა, რომ შავ სიაში მოვხვდი და მაჩვენა. აქამდე გაგონილი მქონდა ე. წ. შავი სიის შესახებ, მაგრამ იმ დღეს პირველად ვნახე, სადაც საკუთარი თავი აღმოვაჩინე. ,,ჯი-თი-ეს ლადა-ვაზის“ ქონება აუქციონზე გაიყიდა, რასაც ბანკში ჩადებული ჩემი ბინა მიჰყვა, ხოლო ჩემი რძლის ბინა, პოლიციელს, პრაქტიკულად, უფასოდ დაუთმეს (როგორც 1937 წელს ხდებოდა)! რაც შეეხება საავტომობილო ფედერაციას, ახლა რასაც გეტყვით, კარგი იქნება, თუ მონაცემებს რეესტრიდან ამოიღებთ _ ჩამოაყალიბეს ახალი საავტომობილო ფედერაცია, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ დავით წირქვაძე (ცესკოს მაშინდელი მოქმედი თავმჯდომარის პირველი მოადგილე), დამფუძნებლები: ლევან თარხნიშვილი (სად ერეკლე და სად იმის „კარდანი“), მეორე თამფუძნებელი თუ ვიცეპრეზიდენტი ლევან გახელაძე (სააზოგადოებრივი მაუწყებელი), მესამე დამფუძნებელი მიხეილ ქავთარაძე (მაშინდელი `ნაციონალური მოძრაობის~ წევრი საკრებულოდან), გიორგი ჯავახიშვილი (ფინანსთა მინისტრის მოადგილე), გოგა გრიგალაშვილი. ფედერაციას დაარქვეს „ნაციონალური მოძრაობის“ ფედერაცია. აი, ეს იყო, რის გამოც მოვხვდი შავ სიაში და რის შემდგომაც დაიწყო ჩემი შევიწროება, რომელმაც 2009 წლის 6 მაისს კულმინაციას მიაღწია, როდესაც პოლიციის სამმართველოს წინ დამხვრიტეს! _ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ხოლო 2011 წლის 26 მაისს ჩემი ოჯახის ოთხივე წევრი: მე, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები. მე უგონოდ შემიტანეს „ემერჯენსში“ და საოპერაციო მაგიდაზე დამაპატიმრეს, სადაც პირდაპირ დამადგა თავზე საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ჩინოვნიკი კოტე დიღმელაშვილი და მითხრა, _ შენი შვილების სისხლს დავლევო. სწორედ მან გასცა ჩემი დაპატიმრების ბრძანება, ხოლო ჩემი შვილები _ გიორგი, მარნეულის „კაპეზეში“ ვიპოვეთ, ლევანი კი თბილისის პოლიციის მთავარ შენობაში. ძვალი ცალკე გამოვიტანეთ და ტყავი ცალკე! იმის გამო აწამებდნენ, რომ შალვა ოგბაიძის შვილები იყვნენ! აი, ეს კოშმარი გავიარეთ! 2012 წელს ჩვენც იმედით შევყურებდით, მაგრამ გარდა იმისა, რომ გარეთ აღარავინ მითვალთვალებს, სხვა რა შეიცვალა?! აქ ქონების დაბრუნებაზე არაა საუბარი, იმაზე უკეთეს პროფილაქტიკას თუ ბინას შვიძენ, ცოცხალი ადამიანი ვარ... აქ საუბარია ჩემს შვილებზე, _ რატომ დაკითხვაზე არ ეძახიან?! „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოასწრეს პოლიტდევნილების სტატუსის „მიკერება“ და ჩემს ბიჭებს (გიორგის და ლევანს), რომელთაც „დუბინკებით“ ძვალი და ტყავი გაუერთიანეს, რატომღაც, არავინ ეძახის დაკითხვაზე, თუნდაც ზრდილობის გამო, _ 26 მაისს რა გინდოდა რუსთაველზე, საჯარო ბიბლიოთეკაში იყავი თუ კინოში, იქიდან რატომ მოხვდი „კაპეზეში“, რა დააშავეო?
პირველად თქვენს გაზეთს ვეუბნები: კბილაშვილი პირადად 2012 წლის არჩევნების შემდგომ, მისი დანიშვნიდან ერთ კვირაში, შემხვდა და მითხრა, რომ მას უკვე იდენტიფიცირებული აქვს ის დაწესებულება, სადაც 26 მაისს მიცვალებულები გადაასვენეს. მან ასევე მითხრა, რომ დამნაშავეები და შემხებლობაში მყოფი ადამიანები იდენტიფიცირებულები არიან და ყველაფერი ძალიან მალე გაცხადდებაო. იმის შემდეგ რამდენი წელი გავიდა?! რატომ არავინ იძიებს?! ახლა ხომ შეიცვალა ვითარება, ვინ უკრძალავს?!
_ ძალიან სამწუხაროა, მაგრამ თემა მინდა სხვა კუთხით განვიხილოთ: ხომ არ სჯობდა, პატარა საქართველოს პატარა საჭადრაკო დაფაზე მათთვის სასურველი თამაში გეთამაშათ, არ ყოფილიყავით რეფორმების წამომწყები ინიციატორი და იქნებ, თავიდან აგეცილებინათ „რეპრესიები“?
_ ადამიანი ერთხელ ცხოვრობს ამ ქვეყანაზე და ღმერთმა არჩევანის საშუალება მისცა. 55 წლის ასაკში თამამად, გაბედულად შემიძლია გითხრათ, რომ უბედნიერესი კაცი ვარ, რომ იმ სისტემის ნაწილი არ გავხდი. მათთან მუშაობით მე თანაზიარი ვიქნებოდი ყველა მათ მიერ ჩადენილი მკვლელობისა. ნებსით თუ უნებლიეთ უნდა გავმხდარიყავი 2009 წლის 6 მაისის, 2009 წლის 15 ივნისის, 2009 წლის აპრილის, 2011 წლის 26 მაისის მოვლენების თანამონაწილე.
_ 2012 წელს ამ ქვეყანაში პირველად არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება. `ქართული ოცნების~ მთავარი დაპირება გახლდათ სამართლიანობის აღდგენა. თქვენ, როგორც რიგითი მოქალაქე, რიგითი ამომრჩეველი შალვა ოგბაიძე, როგორ შეაფასებდით ამ ცვლილებებს, აღდგა თუ არა სამართლიანობა?
_ სანახევრო საქმე ყველაზე ცუდად გაკეთებული საქმეა. თუ წამოიწყებ, ბოლომდე უნდა მიიყვანო სამართლიანობის აღდგენა. მაგალითად, ჩემს მეგობარ პარლამენტარ სოსო ჯაჭვლიანს მივმართე: სოსო, ჩემ მაგივრად ნუ ლაპარაკობ-მეთქი. მან თქვა, რომ მზად ვარ, ყველას ვაპატიო ეს სისხლი და თეთრი ფურცლიდან დავიწყოთო. ეს იგივეა, თქვენ რომ ვიღაცამ ქუჩაში დაგჩაგროთ და მე რომ გადავეფარო იმ ტიპს, _ მე გაპატიე გიორგის სისხლი და დაჩაგვრა-მეთქი. არ მეტყვით, _ შალვა, მოდი, შენ შენი წილი აპატიე და ჩემსას მე ვაპატიებ, თუ საპატიებელია... ხოლო თუ ადამიანი ბოდიშსაც არ იხდის?! ბიბლიაში წერია, „ნუ დაუყრით მარგალიტს ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ“. შენ მიუტევებ, ის ვერ გაიგებს მანამ, სანამ მოძალადეი სულში რაიმე გარდატეხა არ მოხდება, რომ მან რაღაც დააშავა. ბოდიში ისეთი რამეა, მზად ვარ, ძალიან ბევრი რამე ვაპატიო ადამიანს, რომელსაც სინდისი შეაწუხებს. მიპატიებია კიდეც, სახელისა და გვარის დასახელებას მოვერიდები. ხოლო ადამიანი, რომელიც მეუბნება, შენი შვილების სისხლს დავლევო, მე არ ვიცი, იმ მომენტში რა დამემართება?! რატომ არ ატარებენ საგამოძიებო მოქმედებას, ობამამ ხელები გადაუგრიხა ვინმეს, თუ მერკელი გადმოხტა ბუნდესტაგის მესამე სართულიდან? ეს ამოცანა ვერ ამოვხსენი, რა ხდება `ოცნების~ შიგნით? ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებებს?
გასულ წელს დამიბარეს, ახალი დეპარტამენტი შიქმნა, მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ დამთავრდა, იმის შემდეგ გაჩერებულია და არავითარი საგამოძიებო მოქმედება არ მიდის, ფაქტია, 6 თვე გავიდა. სასცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ჩემი ფირმის უძრავი ქონება ხომ გაყიდეს აუქციონზე და მოძრავი ქონება, მარაგი ნაწილები, სერვისის დანადგარები, 150.000- 200.000 ლარის ღირებულების ორხევის საწყობში დევს აღსრულების ბიუროს მიერ დაყადაღებული, 2-3 თვეში ერთხელ გადის აუქციონზე, პერიოდულად თხოვნა სჭირდება, რომ გასაყიდად არ გაიტანონ. ამას წინ რა უდგას?! წარმოიდგინეთ, რა აბსურდია! ჩვენ დაბრუნებას ველოდებით და ამ დროს ჩემს ნარჩენ ქონებას ყიდიან! ეს რომ შეჩერდეს, ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება. ადამიანები, რომლებმაც ჩვენ ასეთ დღეში ჩაგვაგდო, ,,ოცნებამ“ თავზე წამოგვასვა. ეს არის თემა, რომელზედაც ვერასოდეს შევთანხმდებით.
_ თქვენ 2012 წლის 5 ნოემბერს განცხადება შეიტანეთ კბილაშვილის სახელზე...
_ დაახლოებით 45 წუთი მელაპარაკა, ჩემ თვალწინ სელექტორშიც ჩასძახა, მაგრამ როგორც თქვენ დაუბარებიხართ, ისე მე. არ მეგონა, თუ კბილაშვილი მომატყუებდა. მას მარნეულის `კაპეზეში~ პირადად ჰყავს ნანახი ჩემი შვილი გიორგი, თუ როგორ დღეში იყო. ძალიან ძნელია ასე ცხოვრება. მე რომ ახლა ამ ტიპებს დავერიო, მაშინვე დამიჭერენ. ამიხსენით, რატომაა ასეთი შერჩევითი სამართალი?
_ თქვენ სტრასბურგის სასამართლოშიც განაცხადეთ. სამწუხაროდ, უარი მიიღეთ და რამ განაპირობა, მიზეზი რა იყო?
_ ძალიან გული მწყდება. ზაქარია ქუცნაშვილის ბიუროს და ქალბატონ ევა გოცირიძეს საკმაოდ სოლიდური, ნასესხები თანხა გადაუხადა ჩვენმა ფირმამ სარჩელის მომზადებისთვის.
_ თუ საიუდმლო არაა, თანხის ოდენობა?
_ ლეგალურად გადავუხადეთ 5.500 ევრო. ეს არ არის დაფარული, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ სარჩელის მომზადების იქით საქმე აღარ წასულა.
_ რამ შეუშალა ხელი?
_ ეს უნდა ჰკითხოთ ზაქარია ქუცნაშვილს და ევა გოცირიძეს. მითხრეს, რომ არ მიიღეს, არადა, ეს სარჩელი მათ შეადგინეს. მე რაც მოგიყევით, მეტი იქ რა უნდა ჩამეწერა?
_ ოფიციალური დოკუმენტაცია თუ არსებობს, სადაც სარჩელი უარყოფილია?
_ როგორ არა. მოსამართლის გვარს ვერ ვიხსენებ, სომხური წარმოშობის არის, რომელმაც ყველას უარი განუცხადა საქართველოდან შეტანილ ამდაგვარი ტიპის განცხადებაზე. სამწუხაროდ, ის სიმწრით ნაშოვნი თანხა გადაყრილი აღმოჩნდა. ერთადერთი იმედი მართლმსაჯულება იყო. განიხილონ ჩემი განცხადება, იქნებ, ჩემ მიერ მოყოლილი არ შეესაბამება სიმართლეს და თუ შეესაბამება, ის ადამიანები უნდა დაისაჯონ. მცნონ დაზარალებულად. რიგითი მოქალაქე და სახელმწიფო მოვახერხებთ ურთიერთობის გაგრძელებას. უბრალო ბოდიშმაც კი დამნაშავეების მხრიდან შეიძლება გადაწონოს მთელი ეს წლები.
_ ბოლოს დამაიმედებელს რას გვეტყოდით?
_ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ჩემს მეგობრებს „ქართულ ოცნებაში“ კი შევახსენებ: „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“!
გიორგი ლაფერაშვილი