,,ქრონიკა+“-ის გამოქვეყნებულ მასალას (#3, 2016) ,,რას ვერ იყოფს შემოსავლების სამსახური და სურსათის ეროვნული სააგენტო?“ შესაბამისი რეაქცია მოჰყვა.
სახელმწიფო უწყების ე. წ. განმარტებას უცვლელი სახით გთავაზობთ:
შემოსავლების სამსახური საჭიროდ მიიჩნევს, ყველა იმ საკითხს უპასუხოს, რომელიც სტატიაშია წამოჭრილი. უწინარეს ყოვლისა, განვმარტავთ, რომ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის თანახმად, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას _ სსიპ შემოსავლების სამსახური, აღნიშნული კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის #429 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ თანახმად, საქართველოში ვეტერინარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის პირობებს განსაზღვრავს სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო შემოსავლების სამსახური სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებში ახორციელებს საქონლის: ა) დოკუმენტურ შემოწმებას; ბ) იდენტურობის შემოწმებას; გ) ფიზიკურ შემოწმებას (ეჭვის საფუძველზე, ან მონიტორინგის გეგმის თანახმად), ხოლო ცოცხალი ცხოველების შემთხვევაში _ ცოცხალი ცხოველების კლინიკურ შემოწმებას.
ფიზიკური შემოწმების რაოდენობის სიხშირის განსაზღვრის მიზნით, ევროკავშირის ექსპერტების რეკომენდაციებითა და შესაბამისი ევრორეგულაციების გათვალისწინებით, ყოველი წლის დასაწყისში გამოიცემა რისკზე დაფუძნებული, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებული მონიტორინგის გეგმა შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
სტატიაში მოყვანილია მაგალითი, რომლის თანახმადაც გერმანიიდან იმპორტირებული საქონლის გაყინული მჭლე ხორცის ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დაბინძურება _ პათოგენები, მათ შორის, შალმონელლა. განვმარტავთ, რომ კონკრეტული საქონლის მიმართ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში (სიპ) განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი ვეტერინარიული სასაზღვრო კონტროლის პროცედურები და იგი, მონიტორინგის გეგმის თანახმად (ელექტრონული სისტემის მიერ შერჩევით), დაექვემდებარა ლაბორატორიული შემოწმებისთვის ნიმუშების აღებას. ვინაიდან საქონელი არ იწვევდა ეჭვს დაბინძურებაზე, ასევე, არ იკვეთებოდა მყისიერი საფრთხე საზოგადოებრივი, ან ცხოველთა ჯანმრთელობისთვის, ტვირთი, ასევე მონიტორინგის გეგმის თანახმად, თავისუფალ მიმოქცევაში გავიდა. იმ შემთხვევაში, როდესაც მონიტორინგის გეგმის თანახმად აღებულია ნიმუში და საქონელი გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში, ხოლო ლაბორატორიულად დადასტურდება შეუსაბამობა, ინფორმაცია შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით დაუყოვნებლივ ეგზავნება სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც განხორციელდა (წერილი #21-10/128699 10/12/2015წ).
რაც შეეხება სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში უკრაინიდან იმპორტისთვის განკუთვნილი ქათმის გაყინული, მექანიკურად განცალკევებული ხორცის ვეტერინარიული კონტროლის პროცედურებს, განვმარტავთ, რომ აღნიშნულ შემთხვევაში რისკის შეფასების საფუძველზე საქონლიდან ლაბორატორიული შემოწმებისათვის ნიმუშები აიღეს და იგი დასკვნის მიღებამდე დაექვემდებარა შეჩერებას. მიღებული დასკვნის თანახმად, იგი დასნებოვნებული იყო მიკროორგანიზმებით და არ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს, რის გამოც დაექვემდებარა განადგურებას.
ვინაიდან ვეტერინარიული კონტროლის მონიტორინგის გეგმა, კონტროლის შედეგების საფუძველზე, რეგულარულად ახლდება, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით პერიოდულად ხორციელდება ბრძანებაში ცვლილებები. მაგალითად:
„ვეტერინარიული კონტროლის მონიტორინგის გეგმის“ დანართი #1-ის (შემცირებული სიხშირის ნიმუშის აღების გეგმა საქონლის კატეგორიების მიხედვით) ძველი რედაქციის თანახმად, ნებისმიერი ქვეყნიდან იმპორტირებული, თურქული წარმოშობის ქათმის ფარში და ქათმის გაყინული, მექანიკურად განცალკევებული ხორცი 100%-იანი სიხშირით ექვემდებარებოდა ნიმუშის აღებას და დასკვნის მიღებამდე სიპ-ში შეჩერებას, ხოლო ნებისმიერ სხვა ქვეყანაში წარმოშობილი, იმავე დასახელების საქონლიდან სინჯების აღება ხორციელდებოდა 5%-იანი (ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, შვეიცარიიდან, ლიხტენშტაინიდან, ნორვეგიიდან იმპორტირებული) და 20%-იანი (სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული) სიხშირით და საქონელი გაიშვებოდა თავისუფალ მიმოქცევაში.
2015 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და შემოსავლების სამსახურმა, რისკის შეფასების საფუძველზე, ცვლილებები განახორციელეს მონიტორინგის გეგმაში. ერთ-ერთი ასეთი ცვლილება შეეხო ქათმის ფარშს და ქათმის გაყინულ, მექანიკურად განცალკევებულ ხორცს. კერძოდ, ყველა ქვეყნიდან იმპორტისთვის განკუთვნილი ამ პროდუქციიდან ლაბორატორიული შემოწმებისთვის ნიმუშის აღების სიხშირე განისაზღვრა 100%-ით და საქონელი დასკვნის მიღებამდე დაექვემდებარა სიპ-ში შეჩერებას.
ვფიქრობთ, მოყვანილი მაგალითები ადასტურებს, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს შორის დაპირისპირება კი არა, სანიმუშო თანამშრომლობაა. ორ უწყებას შორის ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის ელექტრონული გაცვლა, საინფორმაციო ბაზის ხელმისაწვდომობა, თანამშრომლების ერთობლივი ტრენინგები, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში, საკანონმდებლო აქტებზე ერთობლივი მუშაობა, საერთაშორისო პროექტებში ერთობლივი მონაწილეობა (ჩIB) და ა. შ. ყოველივე ეს ქმნის სახელმწიფო კონტროლის ერთიან სისტემას, რომელსაც ორი სახელმწიფო უწყება შეთანხმებულად, კანონის ფარგლებში, ეფექტიანად ახორციელებს.
ამგვარად, სტატიაში გაკეთებული დასკვნები, რომ ორი სახელმწიფო უწყება დაპირისპირებულია ერთმანეთთან, „ერთი ღიად „ურტყამს“ მეორეს და არც მეორე რჩება ვალში“, სრულიად აცდენილია სიმართლეს და ჩნდება ეჭვი, რომ წარმოდგენილი სტატია მიზანმიმართულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
***
თანმიმდევრულები და ლაკონიურები ვიქნებით და პუნქტობრივად გავცემთ პასუხს „შემოსავლების სამსახურის“ არათანმიმდევრულ და არაპუნქტობრივ (იმედია, ხსენებული უწყება არ გვიწყენს) წერილს. შესავალს გამოვტოვებთ და პირდაპირ ჩვენი მისამართით გამოთქმულ „პრეტენზიებზე“ გადავალთ.
„ვინაიდან საქონელი არ იწვევდა ეჭვს დაბინძურებაზე, ასევე, არ იკვეთებოდა მყისიერი საფრთხე საზოგადოებრივი, ან ცხოველთა ჯანმრთელობისათვის, ტვირთი, ასევე მონიტორინგის გეგმის თანახმად, გავიდა თავისუფალ მიმოქცევაში“, _ წერს შემოსავლების სამსახური.
იცით, რაზეა აქ საუბარი? _ გერმანიიდან იმპორტირებულ ხორცზე, რომელზედაც „შემოსავლების სამსახურმა“ ორი კვირით ადრე მოგვწერა, რომ (გავიმეორებთ, არ გვეზარება):
„გერმანიიდან იმპორტირებული საქონლის გაყინული მჭლე ხორცის ერთი სასაქონლო პარტიის ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დაბინძურება (პათოგენები, მ.შ. შალმონელლა). ინფორმაცია სათანადო რეაგირებისთვის გაეგზავნა სურსათის ეროვნულ სააგენტოს.
პატივისცემით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი, ვლადიმერ ხუნდაძე“.
ორი კვირის შემდეგ კი იგივე უწყება გვწერს, ეჭვს არ იწვევდაო. რას ნიშნავს, ეჭვს არ იწვევდა? ანდა არ იკვეთება მყისიერი საფრთხე საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის. ვლადიმერ ხუნდაძის მიერ გადმოგზავნილი წერილის შინაარსი დაგავიწყდათ, თუ მიზანმიმართულად დაივიწყეთ? სამაგიეროდ, „ქრონიკა+“-მა და სრულიად ქართულმა საზოგადოებამ მიიღო ახალი ინფორმაცია, რომ სალმონელოზით დაავადებული ხორცი თავისუფალ მიმოქცევაშია გაშვებული.
ამის შემდეგ წერილში მოდის დადგენილებებით და მონიტორინგის შედეგებით საუბარი, რაც, უბრალოდ, ვერ გავიგეთ, სტატიასთან რა კავშირშია? საერთოდ არ იკვეთება შეხების წერტილები. სამაგიეროდ, ნიშანდობლივია წერილის ბოლო ფრაზა:
„ვფიქრობთ, მოყვანილი მაგალითები ადასტურებს, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს შორის დაპირისპირება კი არა, სანიმუშო თანამშრომლობაა. ორ უწყებას შორის ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის ელექტრონული გაცვლა, საინფორმაციო ბაზის ხელმისაწვდომობა, თანამშრომლების ერთობლივი ტრენინგები და ა. შ.“
„შემოსავლების სამსახურს“ ეს სიტყვები მოაქვს მაგალითად, „ქრონიკა+“ კი ფაქტებს მოიყვანს:
ფაქტი #1 _ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 17 აგვისტოს წერილით აცნობა შემოსავლების სამსახურს, რომ ნიდერლანდის სამეფოდან ქათმის გაყინული, მექანიკურად განცალკევებული ხორცის ერთ-ერთი პარტია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს და აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი _ შალმონელლა. ამ წერილის საფუძველზე საბაჟო დეპარტამენტის ვეტერინარებმა ნიდერლანდის სამეფოდან შემოსული ქათმის გაყინული, მექანიკურად განცალკევებული ხორცის ყველა შემდგომი სასაქონლო პარტიიდან აიღეს ნიმუში (სულ ასეთი იყო 8 შემთხვევა). უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლების სამსახურმა 5 შემთხვევაში პათოგენური მიკროორგანიზმი შალმონელლა არ დაადასტურა.
ფაქტი #2 _ სალმონელოზით დაავადებული ხორცი სურსათის უვნებლობის სამსახურმა ქუთაისში სასაწყობო მეურნეობა შპს „ხაკანიში“ აღმოაჩინა. ოფიციალური ინფორმაციით, იმერეთის რაიონში სადისტრიბუციო კომპანიამ 6 ტონამდე გაყინული ქათმის ფარში შეიტანა, რომლის რეალიზაციაც საკვებ ობიექტებში ნახევარფაბრიკატების სახით ხდებოდა. მავნე სურსათის ბაზარზე განთავსების გამო სადისტრიბუციო კომპანია ათასი ლარით დაჯარიმდა, დაილუქა საწყობიც. სალმონელას ჩხირი შემოწმების შედეგად მხოლოდ ქუთაისში გაყიდულ პარტიაში აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურმა უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ საბაჟო საზღვარზე შემოტანილი ხორცი სალმონელოზით დაბინძურებული არ იყო.
თუ ეს მოყვანილი მაგალითები იმას ადასტურებს, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს შორის სანიმუშო თანამშრომლობაა, მაშინ... იყოს ბატონო, ასე. ამ ლოგიკით, „ქრონიკა+“ მედიაგამოცემა კი არა, თერმობირთვული ფიზიკის ალმანახია.
დაბოლოს, მხოლოდ ერთი აბზაცი სახელმწიფო აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშიდან, რომელიც შემოსავლების სამსახურისა და სურსათის უვნებლობის სააგენტოზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დაიდო:
„საბაჟო დეპარტამენტი ლაბორატორიის შეზღუდულ შესაძლებლობებს ასახელებს. თუმცა ერთსა და იმავე ლაბორატორიაში ნიმუშების შესამოწმებლად გაგზავნა ხან ყველა პარამეტრზე ხდება, ხან მხოლოდ გარკვეულ მათგანზე. ზემოთ აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, რისკის შეფასების საფუძველზე განსაზღვრული გეგმის შეუსრულებლობა ზრდის ქვეყანაში მავნე სურსათის შემოღწევის რისკს, ხოლო აღებული ნიმუშების არასრულ პარამეტრებზე შემოწმება ვერ უზრუნველყოფს პროდუქტის უვნებლობას“, _ წერია დოკუმენტში.
დანარჩენი, ვრცლად, ჟურნალისტური გამოძიების მეორე ნაწილში, რომელსაც იხილავთ ამავე საიტზე სათაურით: „ქართული ოცნება“ შემოსავლების სამსახურის და სურსათის უვნებლობის სააგენტოს წინააღმდეგ!“
თამარ როსტიაშვილი