„ქრონიკა+“ აგრძელებს წინა ნომერში დაწყებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანეს ასპექტს ეხება. ამჯერად გვინდოდა, ხელმძღვანელი პირების კომენტარები შემოგვეთავაზებინა (როგორც წინა ნომერში), მაგრამ იმდენად სკანდალური დოკუმენტი ჩაგვივარდა ხელთ, რომ ქრონოლოგიურად ამ ნომერში სწორედ მას წარმოგიდგენთ.
გამოძიების დასაწყისშივე საკითხი ასე დაისვა: რამდენად არის ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობა დაცული სასიცოცხლო მნიშვნელობის ისეთ პროდუქტთან მიმართებით, როგორიც ხორცია?
საზღვარზე ხორცპროდუქტებს ამოწმებს საბაჟო, რომელიც შემოსავლების სამსახურს ექვემდებარება, ქვეყნის შიგნით კი სურსათის უვნებლობის სააგენტო. მიუხედავად საზღვარზე დაწესებული მკაცრი კონტროლისა, სხვადასხვა მიკრობიოლოგიური დაბინძურების მქონე ხორცი ქვეყნის შიგნით რატომ აღწევს და სავაჭრო დახლებზე ხვდება?
მაგალითად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით შპს "რაჭის", შპს "გიოს", შპს "პროგრესი ალვანისა" და შპს "პინოს" წარმოებულ გაყინულ ხინკალში და პელმენში პათოგენური მიკროორგანიზმი "ლისტერია მონოციტოგენეზი" აღმოჩნდა. სააგენტოს ინფორმაციით შპს "პინოს" მიერ წარმოებულ პელმენში ასევე აღმოჩენილია სალმონელა, რომელიც საკვებისმიერი ინფექციური დაავადების _ სალმონელოზის გამომწვევია და ადამიანს სურსათითა და წყლით გადაეცემა. აღნიშნული ბაქტერია ხასიათდება მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინებით და მიმდინარეობს უპირატესად საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაზიანებით. შპს "რაჭას", შპს "გიოს", შპს "პროგრესი ალვანსა" და შპს "პინოს" არაგეგმური ინსპექტირების შედეგად საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ. კანონმდებლობის შესაბამისად, მათ დაევალათ, უმოკლეს ვადაში გამოითხოვონ ბაზრიდან ყველა დასახელებისა და პარტიის სურსათი. სურსათის ბაზრიდან გამოთხოვასა და განადგურებაზე ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ ჩამოთვლილი კომპანიები არ არიან იმპორტიორები, ადგილობრივი მეწარმეები არიან, რომლებიც, ძირითადად, იმპორტირებული ხორცისგან ამზადებენ ნედლეულს. ე. ი. მიკრობიოლოგიურად დაბინძურებულმა ხორცმა გადმოკვეთა საზღვარი და ქართველი მეწარმეების მიერ წარმოებულ ნახევარფაბრიკატებში მოხვდა. კი მაგრამ, როგორ? დაბინძურებული ხორცის პარტიამ ხომ გამოიარა საბაჟო და გაიარა საზღვარზე მოქმედი შემოსავლების სამსახურის ლაბორატორიული კვლევა?
ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების პირველ ნაწილში მოყვანილი ფაქტობრივი მასალის შემდეგ შემოსავლების სამსახური გამოგვეხმაურა და პასუხს მათ წერილზე ამავე ნომერში გთავაზობთ. თუ პირველ სტატიაში ძალიან მცირე ნაწილი დავიტოვეთ ანალიზისთვის და ჟურნალისტური შეფასებისთვის, მეორე სტატიაში ამისგანაც თავს ვიკავებთ და მხოლოდ დოკუმენტებს წარმოგიდგენთ.
დოკუმენტები კი „ქრონიკა+“-ს ამჯერად კიდევ უფრო სკანდალური აქვს. საქმე ეხება 2015 წლის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს, რომელსაც ხელს აწერს ეკონომიკის საქმიანობის სფეროს დეპარტამენტის უფროსი თორნიკე შერმადინი. ხსენებულ დოკუმენტს ჰქვია „სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები“.
მკითხველს განვუმარტავთ, რას ნიშნავს აღნიშნული ანგარიში? ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ამოწმებს ორ სახელმწიფო სტრუქტურას _ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახურს. ანუ ამჯერად არა „ქრონიკა+“, არამედ „ქართული ოცნების“ მმართველი გუნდი დებს დასკვნას (ეს ყოველი შემთხვევისთვის, მერე რომ კითხვები არ გაჩნდეს და კიდევ ისეთ წერილები, რომელთა წერა და შემდეგ გავრცელება შემოსავლების სამსახურს არ ეზარება).
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის ვრცელი შესავლით თავს არ შეგაწყენთ და პირდაპირ დოკუმენტში მოყვანილი ფაქტებით დავიწყებთ, რომელიც შემოსავლების სამსახურს ეხება.
„ნიმუშები შესამოწმებლად იგზავნება სხვადასხვა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. თუმცა აქტების დოკუმენტური შემოწმებიდან აღმოჩნდა, რომ ერთი და იგივე სახეობის პროდუქტები ზოგ შემთხვევაში ყველა პარამეტრზე მოწმდება, ზოგ შემთხვევაში _ ნაწილზე. მაგალითად, სსიპ ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში ერთი და იგივე სახეობის 33 ნიმუშიდან 13 არ არის გაგზავნილი ყველა პარამეტრზე შესამოწმებლად. 19 ჩატარებული ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ: აღებული ნიმუშები არ არის სრულად შემოწმებული ყველა იმ პარამეტრზე, რომელიც მონიტორინგის გეგმით არის განსაზღვრული. აღნიშნულის გამომწვევ მიზეზად საბაჟო დეპარტამენტი ლაბორატორიის შეზღუდულ შესაძლებლობებს ასახელებს. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ერთსა და იმავე ლაბორატორიაში ნიმუშები შესამოწმებლად ხან ყველა პარამეტრზე იგზავნება, ხან მხოლოდ გარკვეულ მათგანზე, მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიას მოთხოვნილ პარამეტრზე შემოწმების რესურსი აქვს“, _ წერია სახელმწიფო ანგარიშში.
აქ განმარტება არ არის საჭირო. ერთადერთი სიტყვით შეიძლება შემოვიფარგლოთ: უკომენტაროდ!
ახლა კი თანხებზე გადავიდეთ:
2013-2015 წლებში განსაზღვრული თანხა _ 863,371 ლარი სრულად არ ათვისებულა. მაგალითად, ლაბორატორიული მომსახურების სახელშეკრულებო თანხისა და ფაქტობრივად ათვისებული მონაცემების შედარებით 2015 წელს (ბოლო 6 თვე) სახელშეკრულებო თანხაში აუთვისებელია 61%.
„ზემოთ აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, რისკის შეფასების საფუძველზე განსაზღვრული გეგმის შეუსრულებლობა ზრდის ქვეყანაში მავნე სურსათის შემოღწევის რისკს, ხოლო აღებული ნიმუშების არასრულ პარამეტრებზე შემოწმება ვერ უზრუნველყოფს პროდუქტის უვნებლობას“, _ ვკითხულობთ დოკუმენტში.
„თუ 2014 წლის ოქტომბრამდე ვეტერინარი ნიმუშების ინდივიდუალურად იღებდა, ოქტომბრიდან ამოქმედდა პროგრამა, რომლის მიხედვითაც შერჩევა იყო უწყვეტი და 2015 წლიდან უკვე დროში თანაბრად გადანაწილებული. მიუხედავად ამისა, ელექტრონული პროგრამის მოქმედების პერიოდში 2015 წლის 6 თვეში 17%-იანი სხვაობა დაფიქსირდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნიმუშების აღება მონიტორინგის გეგმით განსაზღვრული რაოდენობის მიხედვით არ მიმდინარეობს, შესაბამისად, აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზი, პირველ შემთხვევაში, ასაღები ნიმუშების რაოდენობის ვეტერინარის მიერ დროში არასწორი გადანაწილებაა; ხოლო მეორე შემთხვევაში (ელექტრონული პროგრამის პერიოდი) მიზეზად პროგრამული ხარვეზი უნდა დასახელდეს, რომლის მუშაობის ხარისხზე პერიოდული მონიტორინგი არ მიმდინარეობს და დროულად არ ხდება პრობლემის იდენტიფიცირება, ნიმუშების არასრულ პარამეტრებზე შემოწმება“.
„ქრონიკა+“-ის მკითხველს განვუმარტავთ, თუ რას ნიშნავს „ნიმუშების არასწორ პარამეტრებზე შემოწმება“? ეს იმას ნიშნავს, რომ ადვილი შესაძლებელია, ისეთი დაავადებები გამორჩეთ, როგორიც არის გლისტერია, სალმონელოზა, პროტეუსის ბაქტერია და ა. შ.
ეს რაც შეეხება შემოსავლების სამსახურს და საბაჟოს. ახლა გადავიდეთ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლზე 2015 წელს.
„აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ოპერატიულად არ იღებს ინფორმაციას ბიზნესოპერატორის დაკეტვისა და პროფილის შეცვლის შესახებ, რის გამოც მას წლის მიმდინარე პერიოდში არ გააჩნია ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენი მოქმედი ბიზნესოპერატორია ბაზარზე.
აღნიშნულმა გამოიწვია ის, რომ წინა წელს სამმართველოს მიერ შერჩეული 2,602 ოპერატორიდან 432 (17%) დაკეტილი აღმოჩნდა, ან პროფილი ჰქონდა შეცვლილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო სრულად არ ფლობს რისკის დონის განსაზღვრისათვის საჭირო ინფორმაციას ყველა ბიზნესოპერატორზე, ხოლო სააგენტოს მიერ ბიზნესოპერატორთა პირველ და მეორე კომპონენტში რისკის დონის განსაზღვრისთვის გამოყენებული ინფორმაცია არაზუსტი და არასაიმედოა. რისკის დონის განსაზღვრისთვის გამოყენებული ინფორმაციის დაბალი ხარისხი იწვევს იმას, რომ არსებული მეთოდით განსაზღვრული რისკის დონეები ხშირად რეალობას არ ასახავს და, შესაბამისად, რისკის მართვის ღონისძიებების ეფექტიანობა მცირდება“.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადებული ანგარიში არც ისე კეთილსაიმედო პროგნოზია. ტერმინები „არაზუსტი და არასაიმედოა“ ეხება სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს ბიზნესოპერატორებთან, ანუ კომპანიებთან მიმართებით. „ქრონიკა+“-ს ეს ანგარიში რომ დაედო, ორივე უწყების გაშანშალებული საპასუხო წერილი მზად გვექნებოდა რედაქციაში (ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი გვაქვს). როგორც ჩანს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამას ვერ უბედავენ. არც არის გასაკვირი, ანგარიშში პირდაპირ ციფრებია მოყვანილი.
„იქიდან გამომდინარე, რომ სააგენტოს არ განუხორციელებია ბაზარზე მოქმედი ყველა ბიზნესოპერატორის რისკის შეფასება, იგი არ ფლობდა ბაზარზე შექმნილი საფრთხეების შესახებ სრულ ინფორმაციას. შესაბამისად, არ განუსაზღვრავს საფრთხის შემცველი ბიზნესოპერატორების კონტროლის პერიოდულობა. იმის გათვალისწინებით, რომ 2013 წელს რეგისტრირებული იყო 28,035 ბიზნესოპერატორი, ორწლიანი პერიოდის განმავლობაში ინსპექტირება არ ჩატარებულა 5,919-ზე მეტ ბიზნესოპერატორთან, მაშინ, როდესაც დადგენილების მიხედვით, ყველა ბიზნესოპერატორი ინსპექტირებას ექვემდებარება ორ წელიწადში ერთხელ მაინც. კანონმდებლობით განსაზღვრული ბიზნესოპერატორთა ინსპექტირების პერიოდულობა აუდიტის პერიოდში არ ყოფილა დაცული“.
და აი, დასკვნაც:
„არსებული მდგომარეობის ანალიზი გვიჩვენებს, რომ რისკის შეფასებისა და ობიექტების პროპორციული შერჩევის გარეშე, სააგენტო ვერ უზრუნველყოფს მონიტორინგის წლიური გეგმის ეფექტიანად შედგენასა და განხორციელებას.
აღნიშნული საკითხის შესწავლისას განხორციელდა როგორც ქვეყნის საზღვარზე, ასევე ქვეყნის შიგნით სასურსათო ბაზარზე არსებული სიტუაციის ანალიზი.
აუდიტით გამოვლინდა, რომ არსებული ლაბორატორიული კონტროლის ღონისძიებები სრულყოფილად არ ხორციელდება, რაც სასურსათო რისკების არასათანადო სასაზღვრო კონტროლს განაპირობებს. კონტროლის ღონისძიებების პერიოდული მონიტორინგის გარეშე შესაძლებელია, რომ აღნიშნული ხარვეზები მომავალშიც გაგრძელდეს“, _ წერია დასკვნაში.
„ქრონიკა+“ საბიუჯეტო ხარჯვების ნაწილით დაინტერესდა და შესაბამისი დოკუმენტაცია გამოითხოვა. ჩვენთვის მოწოდებული სიები კიდევ უფრო სკანდალურია იმ კუთხით, რომ მასში ლაბორატორიული კვლევისთვის და სურსათის უვნებლობის მონიტორინგისთვის გამოყოფილი თანხები სრულად არ არის ათვისებული. ეს რას შეიძლება ნიშნავდეს, თუ არა იმას, რომ გარკვეული დასახელების პროდუქტები და პარტიები (ლაბორატორიული კვლევა), უბრალოდ, არ მოწმდებოდა.
სიებს „ქრონიკა+“ ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ.
ე. ი. „ქართული ოცნებისა“ და „ქრონიკა+“-ის დადებული დასკვნები ერთმანეთს ემთხვევა?!
(გაგრძელება მომდევნი ნომერში)
თამარ როსტიაშვილი